საშიშია თუ არა ცოფის ვაქცინა?

გააზიარე:

“იმუნიზაციის პროგრამით საქართველოში 29 222 დოზა ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი ვაქცინა გაიხარჯა, რომელიც, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო რეკომენდაციით, მოხმარებიდან უნდა ამოღებულიყო”. მიმდინარე წლის დასაწყისში სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ამ დასკვნამ საზოგადოების დიდი ვნებათა ღელვა გამოიწვია. მოგვიანებით გაირკვა, რომ ინფორმაცია არა  იმუნიზაციის პროგრამას, არამედ ცოფის ვაქცინას ეხებოდა. გზადაგზა პუბლიკაციაში არსებული კიდევ არაერთი “უზუსტობა” გამოვლინდა... მართლა იყო თუ არა საშიში ვაქცინა, რომელიც 2015 წელს გამოიყენეს, რა ბედი ეწევათ მათ, ვინც ეს ვაქცინა გაიკეთა და რა გარანტია გვაქვს, რომ იგივე მომავალშიც არ გამეორდება? ამ კითხვებით დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელს ხათუნა ზახაშვილს მივმართეთ.

  • – სანამ აუდიტის სამსახურის ანგარიშსა და მასში მოყვანილ ინფორმაციაზე გადავიდოდეთ, შევახსენოთ მოსახლეობას, რატომ არის ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ასეთი მნიშვნელოვანი.

– ცოფი ერთ-ერთი ყველაზე საშიში დაავადებაა – ასიდან ას შემთხვევაში სიკვდილს იწვევს. თუ ადამიანის ორგანიზმში ცოფის ვირუსი მოხვდა, ის განწირულია. გარდაცვალებამდე კი დაავადებულს საშინელი გზის გავლა მოუწევს. საბედნიეროდ, არსებობს ვაქცინაცია – ცოფის თავიდან აცილების ეფექტიანი და, ამასთან, ერთადერთი საშუალება. თქვენს მკითხველებს ვთხოვ, ახსოვდეთ, რომ საქართველო ცოფის ენდემური კერაა. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენს ქვეყანაში ცოფი ბუნებაში ფართოდ არის გავრცელებული და მაღალია ადამიანის დასნებოვნების ალბათობა. ამ ვითარებაში ერთადერთი გონივრული გზაა, ცოფზე საეჭვო ცხოველის მიერ დაკბენის, დაკაწვრის ან დადორბვლის შემთხვევაში ადამიანმა აუცილებლად ჩაიტაროს ვაქცინაცია.

  • – თუმცა პუბლიკაციამ, რომელზეც ვაპირებთ საუბარს, სწორედ ვაქცინის უსაფრთხოება და ეფექტურობა დააყენა ეჭვქვეშ...

– დავიწყოთ იმით, რომ ცოფის ვაქცინა ერთ-ერთი უძველესი ვაქცინაა. მისი ეფექტურობაც და უსაფრთხოებაც დრომ გამოსცადა და დაადასტურა.

ლუი პასტერს, ცოფის ვაქცინის გამომგონებელს, ერთ დღეს ერთმა ქალმა ცოფიანი ძაღლისგან დაკბენილი ბავშვი მიუყვანა და მუდარა დაუწყო, შვილი გადამირჩინეო. იმ დროს ვაქცინა ადამიანებზე ჯერ კიდევ არ იყო გამოცდილი – მეცნიერი ცდებს ცხოველებზე ატარებდა, მაგრამ დედა, რომელმაც კარგად იცოდა, რაც ემუქრებოდა მის შვილს, მზად იყო, გადარჩენის თუნდაც მცირე შანსს ჩაბღაუჭებოდა. ბევრი თხოვნის შემდეგ პასტერი მუდარას დაჰყვა და ვაქცინა, რომლის არც ეფექტურობა, არც უსაფრთხოება დადასტურებული არ იყო, პატარა პაციენტს გაუკეთა. ასე გადაურჩა ბავშვი საშინელ სიკვდილს. ეს ნიშნავდა, რომ გამოჩნდა ხსნის გზა – კაცობრიობას უმძიმეს სენთან გამკლავების საშუალება მიეცა.

თანამედროვე ვაქცინები, რა თქმა უნდა, გაცილებით ეფექტიანი და დახვეწილია. მაღალია მათი  დაწმენდის ხარისხი, რაც ნიშნავს, რომ მაღალ ეფექტურობასთან ერთად ნაკლებია გვერდითი მოვლენების გამოვლენის ალბათობა. ასეთი ვაქცინები სრულიად უსაფრთხოა.

  • – საქართველოშიც მხოლოდ მაღალი ხარისხის ნაწარმი შემოდის?

– როგორც მოგახსენეთ, საქართველო ცოფის ენდემური კერაა, ამიტომ ერთ-ერთი იმ ქვეყანათაგანია, რომლებიც ყველაზე მეტ ცოფის ვაქცინას მოიხმარენ. ჯანდაცვის ორგანიზატორების მთავარი პრინციპია, გამოყენებულ იქნეს მხოლოდ ხარისხიანი ვაქცინა. ისეთი ვაქცინის შემოტანა, რომელსაც გვერდითი მოვლენების დასაშვებზე მაღალი ალბათობა აქვს ან რომელთა ეფექტურობაც საეჭვოა, არავის ინტერესებში არ შედის – პროფესიონალიზმს და კეთილსინდისიერებას რომ თავი დავანებოთ, ამავე ვაქცინებით იცრებიან გადაწყვეტილების მიმღებთა ოჯახის წევრები, ნათესავები,  მეგობრები...

  • – მიუხედავად ამისა, აღმოჩნდა, რომ ქვეყანაში ერთხანს მაინც იყენებდნენ ვაქცინას, რომელსაც ჯანმომ პრეკვალიფიკაცია მოუხსნა.

– მართალი ბრძანდებით, თუმცა საკითხი ასე მარტივად არ დგას. ვითარების არსს კარგად რომ ჩავწვდეთ, უპირველეს ყოვლისა, განვმარტოთ, რას ნიშნავს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის პრეკვალიფიკაცია. საქართველო არ არის ის ქვეყანა, რომელიც თვითონ ქმნის და აწარმოებს ვაქცინებს. ჩვენნაირ ქვეყნებს არც ვაქცინის ხარისხის შემსწავლელი ლაბორატორიები აქვთ, მაგრამ ეს არც არის საჭირო – ასეთი შემთხვევებისთვის არსებობს საერთაშორისო გარანტორები. სწორედ მათზე დაყრდნობით იღებს ქვეყანა გადაწყვეტილებას, რომელი ვაქცინა შეისყიდოს და რომელი – არა. ერთ-ერთი ასეთი გარანტორია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ხარისხის სერტიფიკატი – პრეკვალიფიკაცია. დღეს მსოფლიოში ამ სერტიფიკატის ფლობა არის ვაქცინის ხარისხის ყველზე მაღალი შეფასება. საქართველო ცდილობს, შეისყიდოს მხოლოდ პრეკვალიფიცირებული ვაქცინები. თუმცა პრეკვალიფიკაცია ყველა ვაქცინას არ აქვს. არსებობენ მწარმოებლები, რომლებიც ვაქცინებით მხოლოდ თავიანთ ქვეყნებს ამარაგებენ. შესაბამისად, მათთვის სავსებით დამაკმაყოფილებელია ნაწარმის აღიარება, ხარისხის მინიჭება ქვეყნის შიდა ორგანოს მიერ და სულაც არ სჭირდებათ ჯანმოს ან სხვა საერთაშორისო ორგანიზაციის პრეკვალიფიკაცია. ასეთი ნაწარმია, მაგალითად, ცოფის ინდური ვაქცინა (ინდოეთში ცოფის გავრცელება საკმაოდ მაღალია და ბევრი კომპანია აწარმოებს ვაქცინას), ჩინური, რუსული ვაქცინები... ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის სერტიფიკატი მწარმოებლისთვის გარანტია იმისა, რომ შეძლებს თავისი ნაწარმის საერთაშორისო ბაზარზე გატანას და კონკრენტუნარიან ფასად გაყიდვას. შესაბამისად, ის მხოლოდ იმ მწარმოებლებს სჭირდებათ, რომლებიც ვაქცინების სხვა ქვეყნებში რეალიზაციას აპირებენ.

  • – მაგრამ თუ საერთაშორისო ბაზარზე გასაყიდ ვაქცინას პრეკვალიფიკაცია არ აქვს, ეს რაზე მეტყველებს? ნიშნავს თუ არა იმას, რომ ნაწარმი უხარისხო, უეფექტო ან საფრთხის შემცველია?

– ხარისხი ფართო ცნებაა და მრავალ კომპონენტს მოიცავს: ანტიგენურ სტრუქტურას, ვაქცინის პასუხად იმუნიტეტის გამომუშავების ხარისხს, ვაქცინის გაწმენდის დონეს (რამდენად შეიცავს ის მინარევებს), სტაბილიზატორების არსებობას (რამაც ვაქცინის ხაგრძლივი შენახვა და ვარგისობა უნდა უზრუნველყოს), საწარმოში მიმდინარე ტექნოლოგიურ პროცესებს, ჰიგიენურ პირობებს... პრეკვალიფიკაცია ნაწარმმა შესაძლოა ვერ მიიღოს ნებისმიერი ამ კრიტერიუმის დარღვევის გამო, თუმცა ზოგიერთი მათგანი აისახება ვაქცინის ეფექტურობასა და უსაფრთხოებაზე, ზოგიერთი კი არა. ამის ერთმნიშვნელოვნად განსაზღვრა ძნელია, მაგრამ დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ პრეკვალიფიკაციის უქონლობა აუცილებლად სახიფათოობას არ გულისხმობს.

  • – ჩვენს შემთხვევაში ცნობილი იყო, რატომ შეუჩერდა ვაქცინას პრეკვალიფიკაცია?

– ცნობილია, რომ ამის მიზეზად იქცა საწარმოში ჰიგიენური პირობების დაუცველობა. ვაქცინის ეფექტურობასა და უსაფრთხოებაზე ამას არავითარი გავლენა არ ჰქონია, ამიტომ საწარმო ოქტომბერში შემოწმდა, პრეკვალიფიკაციის შეჩერების თაობაზე გადაწყვეტილება კი ჯანმომ მხოლოდ იანვარში მიიღო. არადა, როდესაც ეს ორგანიზაცია რაიმე სერიოზულ დარღვევას აღმოაჩენს ხოლმე, რომელიც ადამიანების სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას უქმნის საფრთხეს, მყისიერად რეაგირებს – ცხადდება წარმოების სრული შეწყვეტა და ბაზრიდან პრეპარატის სრული ამოღება. ჩვენს შემთხვევაში კი ამოღებაც არ ყოფილა მანდატორული ხასიათის, – თავად მწარმოებელმა გამოიჩინა კეთილი ნება და ვაქცინები ბაზრიდან გაიტანა.

  • – ამრიგად, ჯანმომ პრეკვალიფიკაცია მოუხსნა ვაქცინას, რომელსაც საქართველოს ჯანდაცვის სისტემაში იყენებდნენ. მოქმედების რა ალტერნატიული ვარიანტები გქონდათ და როგორ მიიღეთ გადაწყვეტილება?

– პროცესები შეიძლებოდა სამი სცენარით განვითარებულიყო. პირველი – ვაქცინა სრულიად ამოგვეღო ხმარებიდან. მაგრამ ალტერნატიული ვაქცინა არც კომერციულ და არც სახელმწიფო სექტორში არ არსებობდა, ე.ი. მოსახლეობა ვაქცინის გარეშე დარჩებოდა. მოგეხსენებათ, ცოფის საწინააღმდეგო იმუნიზაცია მაშინ არის ეფექტური, როცა ცხოველთან კონტაქტისთანავე იწყება. დაგვიანება დაუშვებელია. გამოდიოდა, რომ ახალი ვაქცინის შემოტანამდე (ამას კი, საუკეთესო შემთხვევაში, თვე ან თვენახევარი დასჭირდებოდა) მოსახლეობას უდიდესი საფრთხის წინაშე დავაყენებდით, ამიტომ ეს გზა თავიდანვე გამოირიცხა. მეორე ვარიანტი იყო, დაუყოვნებლივ მოგვეძიებინა ახალი ვაქცინა და შესყიდვის შემდეგ ამოგვეღო ბაზრიდან ძველი პარტიის დარჩენილი ნაწილი, მანამდე კი არსებული ვაქცინა გამოგვეყენებინა. შეგვეძლო სხვაგვარადაც მოვქცეულიყავით: საერთოდ არ ამოგვეღო ვაქცინა მოხმარებიდან და ბოლომდე გაგვეხარჯა, ვინაიდან ჯანმოსგან შეტყობინება მისი გამოყენების შეწყვეტის შესახებ არ მიგვიღია (სწორედ იმიტომ, რომ ვაქცინის ეფექტურობა და უსაფრთხოება ეჭვქვეშ არ იდგა). საბოლოოდ ყველაზე ოპტიმალურად მეორე ვარიანტი მივიჩნიეთ. მოვიძიეთ სხვა მწარმოებელი და ძველი პარტია ახალი ვაქცინის შემოსვლისთანავე ჩავანაცვლეთ. ამას დაახლოებით ერთი თვე დაჭირდა, რაც, ჩვენი შესყიდვების მექანიზმების გათვალისწინებით, საკმაოდ მოკლე დროა.

  • – ამავე მწარმოებლის ვაქცინას ალბათ სხვა ქვეყნებიც იყენებდნენ. საინტერესოა, ისინი როგორ მოიქცნენ ამ ვითარებაში.

– ზოგმა ჩვეულებრივ განაგრძო პრეპარატის გამოყენება მარაგის სრულ ამოწურვამდე, ზოგი კი ჩვენსავით მოიქცა, მაგრამ პირველი სცენარის განხორციელება არც ერთს არ უფიქრია – ყველა კარგად ხვდება, რომ ცოფის ვაქცინის გარეშე მოსახლეობის დატოვება ქვეყნის ღალატია.

  • – საზოგადოდ, რა ვითარებაა ქვეყანაში ცოფის გავრცელების მხრივ?

– ცოფზე ზედამხედველობა 1930 წლიდან დაიწყო. იმ პერიოდში თითქმის ყოველწლიურად ხდებოდა ადამიანებში დაავადების შემთხვევათა რეგისტრაცია. 70-იანებიდან, ვაქცინაციის დანერგვის პარალელურად, გვხვდება წლებიც, როდესაც ადამიანებში ცოფის არც ერთი შემთხვევა არ აღრიცხულა. ბოლო ასეთი წელი 1990 იყო. 90-იანი წლების ცნობილი მოვლენების შემდეგ ქვეყანაში ვაქცინების დეფიციტი წარმოიშვა. შედეგად ადამიანების ცოფით ავადობამაც იმატა. ზოგიერთ წელს 20-21 შემთხვევაც კია აღრიცხული, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. შემდგომ, ვაქცინებით ქვეყნის უზრუნველყოფის პარალელურად, ავადობამაც იკლო. ცოფი აღირიცხებოდა მხოლოდ მათთან, ვინც არ მიმართავდა სამედიცინო დაწესებულებას, არ იტარებდა ვაქცინაციას. 2015 წლისთვის, პირველად ამ 25 წლის განმავლობაში, ავადობის მაჩვენებელი ნულს გაუტოლდა. უკვე სამი წელია, ამ შედეგს ვინარჩუნებთ.

  • – გამოდის, რომ ეპიდემიოლოგიური ვითარება არც არაპრეკვალიფიცირებული ვაქცინების გამოყენების დროს შეცვლილა.

– დიახ, ასეა, მიუხედავად იმისა, რომ ცხოველებში ეს დაავადება უწიდებურად აღირიცხება. და ეს ყველაზე მკაფიო დასტურია იმისა, რომ ვაქცინები უსაფრთხო და, ამასთან, ეფექტური იყო.

  • – არც დასაშვებზე მეტი გვერდითი ეფექტი გამოვლენილა?

– ვაქცინირებულთა რაოდენობასთან ერთად ჩვენ აღვრიცხავთ იმ გვერდით მოვლენებსა და არასასურველ რეაქციებსაც, რომლებიც შესაძლოა აცრის შედეგი იყოს. ცოფის ვაქცინაციასთან დაკავშირებული სერიოზული გართულება ან გვერდითი ეფექტი არ გამოვლენილა.

 

დაფიქრდი და იმოქმედე

– მოსახლეობაზე ბევრი რამ არის დამოკიდებული. ცოფის საწინააღმდეგო აცრას წელიწადში 50 000 ადამიანი იტარებს. მათ ნაწილს – სამი, ნაწილს კი ხუთი დოზა უკეთდება. თავად გამოთვალეთ, რამდენ პროცედურაზეა საუბარი. რა თქმა უნდა, შეუძლებელია, სახელმწიფომ ყველას მიადევნოს თვალი, თუ დაზარალებულმა თვითონ არ მიმართა ანტირაბიულ კაბინეტს.

მეტად მნიშვნელოვანია, მოსახლეობას სათანადო ინფორმაცია ჰქონდეს ცოფის შესახებ და იცოდეს, როდის უნდა ჩაიტაროს ვაქცინაცია. თუ საზოგადოება ჩვენი მოკავშირე არ გახდა, რაც უნდა ხარისხიანი ვაქცინები გვქონდეს, შედეგს ვერ მივირებთ. საბედნიეროდ, ბოლო წლებში ინფორმირებულობის დონემ საკმაოდ იმატა. ისიც, რომ სამი წელია, საქართველოში ადამიანის ცოფით დაავადების შემთხვევა არ აღრიცხულა, მოწმობს, რომ მოსახლეობას კარგად აქვს გათვიცნობიერებული რისკი და სწორად იქცევა. ახლა თუ ამ პროცესს საფრთხე შეექმნა, ეს ძალიან დიდი უკან გადადგმული ნაბიჯი იქნება.

  • – ხომ არ შეფერხებულა ვაქცინაციის პროცესი პუბლიკაციის გამოქვეყნების შემდეგ?

– პირველ დღეებში იყო შეშფოთება, ღელვა. ბევრი დაგვიკავშირდა. მშობლებმა ბავშვთა გეგმური იმუნიზაციის პროგრამაც კი დააყენეს ეჭვქვეშ, რომელსაც ცოფის ვაქცინასთან საერთო არაფერი აქვს. იყო საფრთხე, არა მხოლოდ ცოფის, არამედ სხვა დაავადებების საწინააღმდეგო იმუნიზაციის პროცესიც შეფერხებულიყო. ვეცადეთ, საზოგადოებისთვის მაქსიმალურად გაგვეცნო საქმის ნამდვილი ვითარება. საბედნიეროდ, ამან გაჭრა – მოსახლეობა სწორად მიუდგა საკითხს და ჯერჯერობით აცრებს შორის წყვეტა არ ყოფილა.

მინდა, საზოგადოებას თქვენი ჟურნალიდანაც მივმართო: არ მიაქციონ ყურადღება ამ დეზინფორმაციას, მოიძიონ კვალიფიციური ინფორმაცია და ამის შემდეგ მიიღონ ცნობიერი გადაწყვეტილება. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ცოფი განაჩენია, ვაქცინა კი – მისგან თავის დაცვის ერთადერთი საშუალება.

 

საზეპირო

* ცოფის ვირუსი შინაურ და გარეულ ცხოველებს აინფიცირებს და ადამიანს ინფიცირებული ცხოველისგან გადაეცემა ნერწყვთან კონტაქტის, კბენის ან დაკაწვრის დროს. დასნებოვნება შესაძლოა მოხდეს ლორწოვან გარსზე ან ღია ჭრილობაში ნერწყვის პირდაპირი მოხვედრის შედეგადაც.

* საინკუბაციო პერიოდი, ჩვეულებრივ, ერთიდან სამ თვემდეა (არა უმეტეს ერთი წლისა).

* ცოფის პირველი ნიშნებია ცხელება, ნაკბენის ტკივილი, ჩხვლეტა ან წვა. შემდეგ იწყება ნერწყვის უხვი გამოყოფა, ჰალუცინაციები, ბოდვა, აგრესია, გაუგებარი მეტყველება, წყლისა და სინათლის შიში.

* ცოფზე საეჭვო ცხოველთან კონტაქტის შემთხვევაში დაუყოვნებლივ მოიბანეთ ჭრილობა. იბანეთ, სულ მცირე, 15 წუთის განმავლობაში საპნიანი წყლით და დაუყოვნებლივ მიმართეთ რაბიოლოგს.

* მსოფლიოში ცოფით ყოველწლიურად 55 000 ადამიანი კვდება.

* ცოფზე საეჭვო ცხოველთან კონტაქტის მქონე პირთა 40% თხუთმეტ წლამდე ასაკის ბავშვია.

გვანცა გოგოლაძე

გააზიარე: