დინების საწინააღმდეგოდ - რა იწვევს ღებინებას და გულისრევას?
გააზიარე:
ჩვენს ორგანიზმში ყველაფერი საათის მექანიზმივითაა აწყობილი – ფიზიოლოგიური პროცესები განსაზღვრული სცენარით მიმდინარეობს, ყველა ორგანოს, მეტიც – უჯრედს თავისი მოვალეობა აკისრია, ყველა პროცესი თავისი გზით მიედინება. მაგრამ ზოგჯერ ამ ფიზიოლოგიურ იდილიაში პრობლემა ჩნდება – ზოგს საკუთარი ფუნქცია ავიწყდება, ზოგი სხვის კომპეტენციაში იჭრება, ზოგს გზა ერევა... გზააბნეული საკვები ალბათ ბევრისთვის ქცეულა უსიამოვნების წყაროდ. რა მოხდება, თუ მიღებულმა საკვებმა კუჭიდან ნაწლავებისკენ კი არა, უკუმიმართულებით – საყლაპავი მილისკენ დაიწყო სვლა? რა იწვევს გულისრევასა და ღებინებას? რამდენად საშიშია? რომელ ექიმს ვანდოთ მათი მართვა და თავად როგორ მოვიქცეთ ამ დროს? მთავარ თემაში ამ კითხვებზე პასუხის გაცემას შევეცდებით.
გულისრევა თუ ღებინება?
გულისრევა არაასიამოვნო, ზოგჯერ მტკივნეული შეგრძნებაა, რომელიც ღებინებას მოასწავებს. ღებინება კი რთული რეფლექტორული აქტია, რომლის დროსაც კუჭის ან ნაწლავების შიგთავსი უკუმიმართულებით იწყებს დენას. თუმცა გულისრევა და ღებინება ყოველთვის ერთად არ გვხვდება – ძლიერ გულისრევას ყოველთვის არ მოსდევს ღებინება და არც ის არის გამორიცხული, ადამიანმა სპონტანურად, გულისრევის შეგრძნების გარეშე აღებინოს. საზოგადოდ, გულისრევა გავრცელებული ჩივილია და გაცილებით მეტხანს გრძელდება, ვიდრე ღებინება. ის, როგორც ცალკე სიმპტომი, ბოლო ხანს რამდენადმე მივიწყებულია. მკურნალობის მეთოდებიც საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მოტორიკის გაუმჯობესებისა და ღებინების შემსუბუქებისკენაა მიმართული. არადა, არაერთ მეცნიერს მიაჩნია, რომ გულისრევის პათოფიზიოლოგიის უკეთესი შესწავლა მკურნალობის ახალი მეთოდების შემუშავების საშუალებას მოგვცემს. მანამდე, ტრადიციულად, ორივე სიმპტომს ერთიან კონტექსტში განვიხილავთ.
გავრცელებული პრობლემა
ალბათ, არ არსებობს ადამიანი, გულისრევას ერთხელ მაინც რომ არ შეეწუხებინოს. სტატისტიკური მონაცემებიც მოწმობს, რომ ჩვენი საუბრის თემა მეტად აქტუალურია. მაგალითად, აშშ-ში ჩატარებულმა ერთ-ერთმა კვლევამ აჩვენა, რომ მოსახლეობის ნახევარზე მეტს უკანასკნელი 12 თვის განმავლობაში – გულისრევის, დაახლოებით მესამედს კი ღებინების ერთი ეპიზოდი მაინც ჰქონდა. საინტერესოა, რომ, სხვადასხვა მონაცემებით, ქალებში ეს ჩივილები სამჯერ უფრო ხშირია.
რატომ?
გულისრევა/ღებინება ერთგვარი თავდაცვითი მექანიზმია, რომელიც მოსალოდნელი ტოქსიკური შეტევის პრევენციას ეწევა. არც ის არის გამორიცხული, ახალ, უჩვევ პირობებთან ადაპტაციის სირთულის შედეგი იყოს, მაგალითად, ქიმიოთერაპის შემდეგ, მგზავრობის დროს (მოძრაობის დაავადების შესახებ მომდევნო გვერდებზე უფრო დაწვრილებით ვისაუბრებთ)... ამ პროცესებს თავის ტვინში მდებარე ღებინების ცენტრი არეგულირებს. რა აღაგზნებს ცენტრს? – კუჭიდან ან ნაწლავებიდან წამოსული ნერვული სიგნალები, სისხლში არსებული ქიმიური ნივთიერებები, შფოთვის ან მძაფრი სუნის საპასუხო ფსიქოლოგიური სტიმულები, შუა ყურიდან წამოსული სიგნალები, ნებისმიერი ლოკალიზაციის ძლიერი ტკივილი... ამრიგად, გულისრევითა და ღებინებით უამრავი დაავადება თუ პათოლოგიური მდგომარეობა ამჟღავნებს თავს – ინფექციური გასტროენტერიტი, საკვებისმიერი ალერგია, საკვებისმიერი მოწამვლა, გასტროეზოფაგური რეფლუქსი, წყლულოვანი დაავადება, აპენდიციტი, გაუვალობა, შაკიკი, მოძრაობის დაავადება, ნეიროინფექცია, სიმსივნე, ნებისმიერი სახის ინტოქსიკაცია. გარდა ამისა, გულისრევა და ღებინება შესაძლოა ზოგადმა ნარკოზმა, რომელიმე სამედიცინო პრეპარატმა, ძლიერმა შფოთვამ და სტრესმაც გამოიწვიოს. არცთუ იშვიათად კი ის ორსულობის პირველი ნიშანია.
გულისრევის შეგრძნებასთან ერთად ღებინებას, წესისამებრ, წინ უძღვის გაძლიერებული ნერწყვდენა, სიფითრე, სუნთქვის გახშირება, სუნთქვის რიტმის დარღვევა.
რამდენად საშიშია?
გულისრევა/ღებინება ის შემთხვევაა, როდესაც სიმპტომის სიმწვავე დაავადების სიმძიმის პირდაპირპროპორციული არ არის. უმეტესად ის იოლად აღმოსაფხვრელი პრობლემის ნიშანია და განსაკუთრებულ ჩარევას არ მოითხოვს, მაგრამ არ არის გამორიცხული, საშიში დაავადების გამოხატულებაც იყოს. ხდება ისეც, რომ მიზეზი არც ისე საშიშია, მაგრამ თავად ღებინება მიმდინარეობს ძალზე მძიმედ. სამედიცინო დახმარება ამ დროსაც აუცილებელია.
ერთი სიტყვით, მთავარია ვიცოდეთ ორი რამ – ნიშნები, რომლებიც სასწრაფო დახმარებას მოითხოვს და როგორ მოვიქცეთ, რომ საქმე აქამდე არ მივიდეს.
მაშ, როდის მივმართოთ ექიმს?
დაუყოვნებლივ მიმართეთ სამედიცინო დაწესებულებას ან გამოიძახეთ საასწრაფო, თუ გულისრევასა და ღებინებას თან ახლავს:
- გულის ტკივილი;
- მუცლის ძლიერი ტკივილი;
- მხედველობის დაქვეითება ან დაბინდვა;
- ცნობიერების დაბინდვა;
- ძლიერი თავის ტკივილი;
- მაღალი ტემპერატურა და კისრის კუნთების რიგიდულობა;
- სწორი ნაწლავიდან სისხლდენა;
- ღებინება ფეკალური მასებით ან განავლისსუნიანი ამონაღები;
- სისხლიანი, ყავის ნახარშის მსგავსი ან მწვანე ამონაღები;
- გაუწყლოების ნიშნები (მათ ქვემოთ გაგაცნობთ).
სასწრაფო ჩარევას არ მოითხოვს, მაგრამ ექიმთან ვიზიტის დაგეგმვა აუცილებელია, თუ:
- ღებინება გრძელდება: მოზრდილებთან – ორ დღეზე მეტხანს, ბავშვებთან – ერთ დღეზე მეტხანს, ჩვილებთან – 12 საათზე მეტხანს;
- გულისრევის ან ღებინების პერიოდული შეტევები (თუნდაც ძალზე ხანმოკლე) გრძელდება თვეზე მეტხანს;
- ღებინებასა და გულისრევასთან ერთად კარგავთ წონას.
ვინც არ უნდა იყო შენ
გულისრევა/ღებინება, განურჩევლად მიზეზისა, უმეტესად ერთნაირად იმართება. ცხადია, გამომწვევი ფაქტორის მიხედვით შესაძლოა დაინიშნოს სპეციფიკური მკურნალობაც, ხოლო განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში პაციენტის ჰოსპიტალიზება გახდეს საჭირო, მაგრამ შედარებით მსუბუქ შემთხვევებში მართვის პრინციპები ერთნაირია და მოიცავს:
- ძალ-ღონის დაზოგვას (მეტისმეტი აქტიურობა ღებინებას ამძიმებს);
- ტრიგერებისთვის თავის არიდებას (ტრიგერია ნებისმიერი ფაქტორი, რომელიც გულისრევა/ღებინების რეფლექსს აღძრავს, მათ შორის – მძაფრი სუნი) და გაუწყლოების პრევენციას.
რატომ გვეშინია გაუწყლოების?
მთავარი საფრთხე, რომელსაც ღებინება გვიქადის, გაუწყლოებაა, იგივე დეჰიდრატაცია. ის შეიძლება ნებისმიერი ფაქტორით ღებინების შედეგად განვითარდეს. გაუწყლოებაზე მიუთითებს: ძლიერი წყურვილი, სისუსტე, თავბრუხვევა, ადინამია, შრომის უუნარობა, პირის სიმშრალე, შარდვის შემცირება, მუქი შარდი, კანის სიმშრალე. ამ დროს უმნიშვნელოვანესია სითხის მიღება. სითხე, სითხე და კვლავ სითხე – ასეთია დეჰიდრატაციის მართვის მთავარი პრინციპი. უმადობა საგანგაშო ნიშანი არ არის, მაგრამ თუ სითხესაც ვერ იღებთ, სერიოზულ პრობლემასთან გვქონია საქმე.
დაიხსომეთ: სითხე გულისხმობს წყალს და ნებისმიერ ჩაის. არამც და არამც არ შეიძლება გაზიანი სასმელების ან ქარხნული წარმოების წვენების მიღება – ეს პროცესს უფრო მეტად გაამწვავებს.
რეჰიდრატაციის წესები
ღებინების ან დიარეის შედეგად დაკარგული სითხის ასანაზღაურებლად რეკომენდებულია პერორალური რეჰიდრატაცია. ამისთვის არსებობს სპეციალური ფხვნილები, რომლებიც აფთიაქში იყიდება. სუფთა წყალში უნდა გახსნათ და მთელი დღის განმავლობაში პატარ-პატარა ყლუპებით სვათ.
შეგიძლიათ, ასეთი ხსნარი თავადაც მოამზადოთ. დაგჭირდებათ 1/2 ჩაის კოვზი მარილი, 1/2 ჩაის კოვზი საჭმელი სოდა, 4 კოვზი ჩაის კოვზი შაქარი და 1 ლ წყალი. თუ ღებინება ისეთი ძლიერია, რომ ორგანიზმში სითხე ვერ კავდება, ინტრავენურ რეჰიდრატაციას (გადასხმას) მიმართავენ.
თუ რეჰიდრატაციული თერაპიის პარალელურად რომელიმე დაავადების სამკურნალოდ დიურეტიკებს იღებთ, გაესაუბრეთ მკურნალ ექიმს – შესაძლოა, სიმპტომების მოხსნამდე წამლის შეწყვეტა გირჩიოთ. მკურნალობის თვითნებური შეწყვეტა არ შეიძლება!
გასტრონომიული რჩევები
გამოფიტვის პრევენციისთვის მნიშვნელოვანია კვების ხასიათიც. აქ BRAT დიეტა დაგეხმარებათ: B (bananas) – ბანანი, R (rice) – ბრინჯი, A (apple souce) – ვაშლის სოუსი, T (toast) – ტოსტი. ის რეკომენდებულია როგორც მოზრდილებისთვის, ისე ბავშვებისთვისაც. ჩამოთვლილი პროდუქტები ერთმანეთს კარგად ეწყობა – ღარიბია უჯრედისით (მართალია, უჯრედისის შემცველი საკვები ჯანსაღი კვების ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია, მაგრამ დიარეისა და ღებინების დროს ვითარებას ამძიმებს, ამიტომ ჯობს, მწვავე პერიოდში უჯრედისს მოერიდოთ), არ შეიცავს ცხიმს, ადვილად ასათვისებელი და მოსანელებელია. ერთი სიტყვით, BRAT დიეტა დაგეხმარებათ, შეივსოთ იმ საკვები ნივთიერებების მარაგი, რომლებიც ორგანიზმისთვის აუცილებელია და რომლებიც ღებინებისა თუ დიარეის დროს დაკარგეთ, ამასთან, არ აღიზიანებს კუჭ-ნაწლავს, რაც ამ დროს ერთიორად დასაფასებელია. ამბობენ, რომ BRAT დიეტა განსაზღვრულ შემთხვევებში ორსულთა ტოქსიკოზსაც კი ამსუბუქებს.
დაიწყეთ სითხით. სვით ყლუპ-ყლუპად. დაელოდეთ, სანამ ღებინების გარეშე შეგეძლებათ მაგარი საკვების მიღება. შემდეგ მიიღეთ BRAT დიეტის პროდუქტები. გახსოვდეთ, ეს დიეტა ყველა საჭირო ელემენტით ვერ მოგამარაგებთ! ღებინებიდან 24-48 საათი რომ გავა, რაციონში ხილი და ბოსტნეული უნდა ჩართოთ.
დიარეისა და ღებინების დროს კარგია ელექტროლიტების შემცველი ხსნარიც. არ არის რეკომენდებული რძის ნაწარმი, ტკბილი და ცხიმიანი საკვები.
BRAT დიეტა არ არის რეკომენდებული შეუჩერებელი ღებინების დროს.
ჯინჯეროთერაპია
ჯანჯაფილს (ჯინჯერს, კოჭას) ფართოდ იყენებენ კულინარიაში, სასმელების, საპნებისა და კოსმეტიკის წარმოებაში. სამედიცინო მიზნით მისი გამოყენების შესახებ ჩანაწერები ჯერ კიდევ ძველ ჩინურ, ბერძნულ, რომაულ და არაბულ წყაროებში გვხვდება. მაგალითად, ათასი წელია, რაც აზიის მოსახლეობა ამ მცენარეს ტკივილის, დიარეისა თუ ღებინების საწინააღმდეგოდ იყენებს. როგორც ირკვევა, სწორადაც იქცევა – ჯინჯერი მართლაც ამსუბუქებს გულისრევას. განსაკუთრებით ეფექტურია ორსულთა ტოქსიკოზის დროს. კარგია ქიმიოთერაპიის შედეგად განვითარებული ღებინების დროსაც – შედეგი ერთიორად უკეთესი იქნება, თუ მას ღებინების საწინააღმდეგო ტრადიციულ პრეპარატებთან ერთად მიიღებთ.
შეიძლება როგორც ცოცხალი ჯანჯაფილის, ისე მისი გამომშრალი ფესვის, ტაბლეტების, კაფსულების, ჩაის, ექსტრაქტის გამოყენება.
სუსტი გვერდითი ეფფექტები ჯანჯაფილსაც ახასიათებს: მუცლის არეში დისკომფორტი, გულძმარვა, მეტეორიზმი.
ჯანჯაფილის გამოყენებისგან თავის შეკავებას ურჩევენ მათ, ვისაც ნაღველკენჭოვანი დაავადება აქვს, რადგან მცენარე ნაღვლის დენას აძლიერებს.
ჯანჯაფილისა და მედიკამენტების ურთიერთქმედების შესახებ სარწმუნო მონაცემები არ არსებობს, მაგრამ ვარაუდობენ, რომ ის ურთიერთქმედებს ანტიკოაგულანტებთან, ამიტომ ამ ჯგუფის პრეპარატებთან ერთად ჯინჯეროთერაპიის ჩატარებას არ გვირჩევენ.
საშიშია თუ არა ბავშვისთვის ღებინება? ეს ღებინების მიზეზზეა დამოკიდებული. მიზეზი კი არაერთია, თანაც სხვადასხვა ასაკში – სხვადასხვა.
დავიწყოთ ჩვილებით
უპირველეს ყოვლისა, ერთმანეთისგან უნდა განვასხვაოთ ღებინება და წამოქაფება. ეს უკანასკნელი კუჭის შიგთავსის მსუბუქი უკუდენაა. სიცოცხლის პირველ თვეებში კვებიდან რამდენიმე წუთის შემდეგ პატარები მიღებულ საკვებს ხშირად ამოაქაფებენ ხოლმე. ეს საკვების შემთხვევითი გადაადგილების შედეგია. წამოქაფების ალბათობა შემცირდება, თუ კვებიდან ერთი საათი მაინც ბავშვს აქტიური მოძრაობისა და თამაშის საშუალებას შეუზღუდავთ. ასაკთან ერთად ეპიზოდები გაიშვიათდება, მაგრამ იოლ ფორმებში შესაძლოა 11-12 თვემდეც შენარჩუნდეს.
წამოქაფება საშიში არ არის და ხელს არ უშლის ბავშვის წონის მატებას, ზრდასა და განვითარებას.
რეფლუქსი თუ ავადმყოფობა?
ზოგჯერ წამოქაფების ეპიზოდები ბავშვის ზრდის კვალდაკვალ არათუ არ იშვიათდება, პირიქით, ხშირდება კიდეც და საბოლოოდ მუდმივი ხდება. ამის მიზეზი საყლაპავი მილის ქვედა ნაწილის კუნთების მოდუნებაა – იმ კუნთებისა, რომლებიც კუჭის შიგთავსს საყლაპავისკენ სავალ გზას უხსნის. ამ მდგომარეობას გასტროეზოფაგური რეფლუქსი ეწოდება.
ბავშვის საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ანატომიური თავისებურებები გასტროეზოფაგური რეფლუქსისთვის ხელსაყრელ პირობებს ქმნის. მის განვითარებას ზოგჯერ ჩვენც ვუწყობთ ხელს, როცა პატარას ბევრს ვაჭმევთ, სწრაფად ვაჭმევთ, არასწორად ვურჩევთ საკვებს, არასწორად გვიჭირავს კვების დროს, კვების შემდეგ ვაწვენთ... პრევენციის გასაღებიც ამ შეცდომების გამოსწორებაა: უნდა ვერიდოთ პატარას კუჭის გადავსებას - ვკვებოთ მცირე ულუფებით და ხშირად; კვებიდან 30 წუთი მაინც გვეჭიროს ვერტიკალურად; კვების დროს ისე დავიჭიროთ, რომ ჰაერი არ ჩაეყლაპოს – ჰაერის ყლაპვა აირების დაგროვებას უწყობს ხელს.
გასტროეზოფაგური რეფლუქსი ასაკთან ერთად, წესისამებრ, უკვალოდ ქრება. 6 თვიდან 2 წლამდე პერიოდში მან უნდა გაიაროს. თუ ასე არ მოხდა, ე.ი. საქმე სხვა სამედიცინო პრობლემასთან გვქონია. ამის დადგენა კი, ცხადია, ექიმის პრეროგატივაა.
მუდმივი ღებინება
ჩვილ ასაკში მუდმივი ძლიერი ღებინება კუჭის პილორული ნაწილის შევიწროებას ახასიათებს. ამ მდგომარეობას პილოროსტენოზი ეწოდება. კუჭი ამ დროს ქვიშის საათს ემსგავსება. შევიწროება საკვების ნაწლავში გადასვლას უშლის ხელს. ყოველი კვების შემდეგ, 15-30 წუთში ან უფრო მალეც, იწყება ძლიერი ღებინება.
ჩვილ ასაკში ხშირი ღებინება შესაძლოა პილოროსპაზმის შედეგიც იყოს. როცა პატარა ხშირად აღებინებს, ექიმის მთავარი ამოცანაა მიხვდეს, პილოროსპაზმთან აქვს საქმე თუ პილოროსტენოზთან. პირველ შემთხვევაში ღებინება ეპიზოდური ხასიათისაა - ყოველი ჭამის შემდეგ არ ვითარდება; ამონაღები მასა საკვების მიღებულ ულუფაზე ნაკლებია და შეუცვლელია; ბავშვი წონას იმატებს. პილოროსტენოზის დროს კი ღებინება ყოველ კვებას მოჰყვება; ძლიერია, შადრევანისებური; საკვების ამონაღები მასა მიღებულ ულუფაზე დიდი მოცულობისაა და აქვს მჟავე სუნი; ბავშვი ვერ იმატებს წონას.
პილოროსტენოზი დაუყოვნებლივ სამედიცინო ჩარევას მოითხოვს, შევიწროების მოსახსნელად ხშირად ოპერაციაც ხდება საჭირო, მაშინ როდესაც პილოროსპაზმის სიმპტომები ზემოთ აღწერილი რჩევების დაცვით უმეტესად ალაგდება ხოლმე.
გავიზარდეთ
მომდევნო წლებში ღებინების ყველაზე გავრცელებული მიზეზი ნაწლავური ინფექციაა. დაავადებაა. ის ყოველწლიურად მილიონობით ადამიანს ხვდება და ფართოდაა გავრცელებული არა მხოლოდ ბავშვებთან, არამედ მოზრდილებთანაც. ყველაზე ხშირად მას ვირუსი იწვევს, შედარებით იშვიათად - ბაქტერიები და პარაზიტები. ინფექციაა სავარაუდო, თუ ღებინებას ცხელება და დიარეა დაერთო. დაავადება, წესისამებრ, გადამდებია. შესაბამისად, გასათვალისწინებელია ეპიდემიოლოგიური ვითარებაც. დაავადებული ინფექციას ადვილად ავრცელებს, განსაკუთრებით მაშინ, როცა ხშირად არ იბანს ხელებს.
მთავარი "ეჭვმიტალინი" როტავირუსია. ის ძალზე ადვილად ვრცელდება, მაგრამ მის საწინააღმდეგო ვაქცინის დანერგვის პარალელურად ინფექციის გავრცელება იკლებს. უფრო იშვიათად გასტროენტერიტი შეიძლება გამოიწვიოს ნოროვირუსმა, ენტეროვირუსმა, ადენოვირუსმა...
ვირუსული გასტროენტერიტი შესაძლოა ნებისმიერ ადამიანს დაემართოს. დაავადება რამდენიმე დღეში, წესისამებრ, თავისთავად გაივლის და ჯანმრთელობაზე კვალს არ ტოვებს, თუ ინფექციის დროს გაუწყლოება არ განვითარდა.
დეჰიდრატაციის რისკი მაღალი აქვთ ჩვილებს, მცირეწლოვან ბავშვებს, ხანდაზმულებს, იმუნიტეტდაქვეითებულ პირებს.
ღებინებას და დიარეას შესაძლოა თან ახლდეს შეშუპება და მუცლის ტკივილი. ბავშვებთან ამ სიმპტომებს ემატება პირის სიმშრალე, უცრემლოდ ტირილი, საფენის სიმშრალე სამ საათსა და მეტხანს, უჩვეულო აგზნება ან მივარდნილობა, ჩაცვენილი თვალები, ლოყები ან ყიფლიბანდი. სიმპტომები ვირუსთან კონტაქტიდან 12-48 საათის შემდეგ ვლინდება და ერთიდან სამ დღემდე გასტანს, იშვიათად – უფრო მეტხანსაც.
ღებინებას მხოლოდ საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ინფექცია არ იწვევს – ზოგჯერ ის სასუნთქი, საშარდე, ნერვული თუ სხვა სისტემის ინფექციური დაავადების ნიშანია. არ არის გამორიცხული, საქმე მეტად საშიშ ინფექციასთანაც გვქონდეს, ამიტომ დაუყონებლივ მიმართეთ ექიმს, თუ შეამჩნიეთ:
- სისხლი ან ნაღველი ამონაღებ მასაში;
- მუცლის ძლიერი ტკივილი;
- ძლიერი შეუჩერებელი ღებინება;
- მუცლის შესივება;
- ლეთარგია ან ძლიერი აღგზნება;
- კრუნჩხვები;
- გაუწყლოების ნიშნები.
თუ მგზავრობისას ან კარუსელზე ჯდომისას ოდესმე გულისრევის შეგრძნება გაგჩენიათ, შესაძლოა, მოძრაობის დაავადება გქონდეთ.
მოძრაობის დაავადება საშიში არ არის, სიცოცხლეს ის არასოდეს შეუქმნის საფრთხეს, მაგრამ შეუძლია, გვარიანად გაგიმწაროთ ცხოვრება, განსაკუთრებით მაშინ, თუ ბევრს მოგზაურობთ.
მოძრაობის დაავადება თავს იჩენს მოძრავ ტრანსპორტში – ავტომობილში, მატარებელში, თვითმფრინავში, გემზე, ასევე – კარუსელზე. ის მოულოდნელად იწყება და ტრანსპორტისა თუ კარუსელის გაჩერებისთანავე წყდება.
მოძრაობის დაავადებით უმთავრესად 5-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვები, ორსულები და ხანში შესულები იტანჯებიან.
სიმპტომები
მოძრაობის დაავადება უმთავრესად გულისრევის შეგრძნებითა და ღებინებით გამოვლინდება. შესაძლოა, ამ სიმპტომებს დაერთოს ცივი ოფლი, სიფითრე, თავის ტკივილი, წონასწორობის დარღვევა.
რა იწვევს
მოძრაობის დაავადებისთვის დამახასიათებელი სიმპტომები მაშინ იჩენს თავს, როდესაც ადამიანის ვესტიბულური აპარატი (შიგნითა ყურში მდებარე წონასწორობის ორგანო) აღიქვამს მოძრაობას, რომელსაც ვერ აღიქვამენ გრძნობის სხვა ორგანოები ან პირიქით. ამ დროს ორგანოთა შორის წონასწორობა ირღვევა. მაგალითად, გემის კაიუტაში შიგნითა ყურის ვესტიბულური აპარატი გრძნობს ტალღების რწევას, მაგრამ ამ უკანასკნელს ვერ აღიქვამს თვალი; თუ თვითმფრინავით ტურბულენტურ ზონაში მოხვდით, ამას ვერ დაინახავთ, მაგრამ იგრძნობს წონასწორობის ორგანო. შესაძლოა, მოხდეს პირიქითაც: თვალი აღიქვამდეს მოძრაობას, ხოლო სხეული – ვერა. ასეთი რამ მოსალოდნელია ვიდეოთამაშის, ფრენის სიმულატორში ყოფნის, მატარებლით ან ავტომობილით მგზავრობის დროს. შეგრძნებებს შორის არსებული კონფლიქტი იწვევს მოძრაობის დაავადებას.
დიაგნოზი
მოძრაობის დაავადება პროფესიულ დიაგნოსტიკას არ მოითხოვს, ის თავად იჩენს თავს მგზავრობისას ან რაიმე სპეციფიკური აქტივობისას.
როგორ ავიცილოთ თავიდან
მოძრაობის დაავადების თავიდან აცილების საუკეთესო გზა მისი პრევენციაა, ვინაიდან სიმპტომების განვითარების შემდეგ მათი აღკვეთა უკვე ძნელია – მხოლოდ მას შემდეგ ვიგრძნობთ შვებას, რაც ტრანსპორტი გაჩერდება და მოძრაობას შევწყვეტთ.
მოძრაობის დაავადების თავიდან აცილებაში შესაძლოა შემდეგი რეკომენდაციები დაგვეხმაროს:
- ეცადეთ, რაც შეიძლება ნაკლებად ამოძრაოთ თავი.
- მგზავრობის წინ არ მიიღოთ ალკოჰოლი და მძიმე ან მძაფრი სანელებლებით შეკაზმული საკვები.
- არაფერი ჭამოთ და დალიოთ მგზავრობის დროს.
- თუ ტრანსპორტით ხანგრძლივი მგზავრობა გელით, ეცადეთ, არ იპკუროთ მძაფრი სუნამო.
- გზაში ერიდეთ მოწევას და მწეველის ახლოს ჯდომას.
- უცქირეთ ჰორიზონტს ან რომელიმე შორეულ უძრავ საგანს.
- თავი არიდეთ მგზავრობისას წიგნის კითხვას, მობილური ტელეფონის ან სხვა ელექტრონული მოწყობილობის ეკრანში ყურებას.
- თავი არიდეთ კარუსელებსა და სხვა მოძრავ ატრაქციონებს. რაც უფრო სწრაფად მოძრაობს კარუსელი, მით უფრო მაღალია მოძრაობის დაავადების სიმპტომების აღმოცენების ალბათობა.
ავტომობილით მგზავრობისას:
- დაჯექით წინა სავარძელზე. ეცადეთ, ბავშვები ჩასვათ ასაკის შესაბამის სპეციალურ სავარძელში. აუცილებლად გადაუჭირეთ ღვედი.
- მგზავრობისას არ იკითხოთ და არ უყუროთ ტელევიზორს ან ვიდეოს.
- ოდნავ ჩაუწიეთ ფანჯარას და შემოუშვით ჰაერი.
ფრენისას
- მოითხოვეთ ადგილი ფრთების ახლოს.
- ხანგრძლივი ფრენისას მიირთვით მხოლოდ ადვილად მოსანელებელი და მსუბუქი საკვები.
გემზე
- დაჯავშნეთ გემის შუა ნაწილში მდებარე კაიუტა.
- უყურეთ ჰორიზონტის უძრავ ხაზს.
მატარებელში
- აირჩიეთ ისეთი ადგილი, რომ ჯდომისას მატარებლის მოძრაობის მიმართულებით იყურებოდეთ.
- დაჯექით ფანჯარასთან.
სინჯეთ ჯანჯაფილის (იმავე კოჭას, ჯინჯერის) კანფეტები ან კაფსულები. ზოგიერთი სპეციალისტი აკუპრესურის (რეფლექსოთერაპიის ერთ-ერთი სახეობა, ორგანიზმის ბიოლოგიურად აქტიურ წერტილებზე ზეწოლა) სამაჯურების გამოყენებასაც გვირჩევს. მართალია, მათი ეფექტურობის უტყუარი მტკიცებულება არ არსებობს, მაგრამ ნამდვილად უსაფრთხოა, ასე რომ, ცდით არაფერს დაკარგავთ.
მზის დაკვრა, იგივე სითბური დაკვრა, საშიშია. დროული სამედიცინო ჩარევის გარეშე მან შესაძლოა ტვინის, გულის, თირკმელებისა და კუნთების შეუქცევადი დაზიანება და ადამიანის სიკვდილი გამოიწვიოს. სითბური დაკვრა ძლიერი სიცხის ჭარბი, გახანგრძლივებული ზემოქმედების შედეგია და უმეტესად ზაფხულობით აღირიცხება.
მზის დაკვრის ნიშნებია:
- სხეულის მაღალი ტემპერატურა – მაჩვენებელი ზოგჯერ 40 ჩ-საც (104 F) კი აჭარბებს;
- მენტალური სტატუსის ცვლილებები – დაბნეულობა, გაღიზიანება, აგზნება, მეტყველების შეფერხება, დელირიუმი, კრუნჩხვა, გულის წასვლა და კომაც კი;
- ოფლის არარსებობა – მიუხედავად სიცხისა, სხეული სოფლს არ გამოყოფს, კანი ცხელი და მშრალია;
- გულისრევა და ღებინება;
- კანის გაწითლება;
- სუნთქვის გახშირება;
- ტაქიკარდია – პულსის გახშირება (პულსი ამ დროს ძლიერიც შეიძლება იყოს და სუსტიც);
- თავის ტკივილი (შესაძლოა იყოს მფეთქავი და მოპულსირე ხასიათისა).
პირველი დახმარება
თუ ეჭვობთ, რომ თქვენს სიახლოვეს მყოფ ადამიანს მზემ დაჰკრა, უპირველეს ყოვლისა, სასწრაფო დახმარება გამოიძახეთ ან თქვენ თვითონ გადაიყვანეთ უახლოეს სამედიცინო პუნქტში. გახსოვდეთ, ხანმოკლე დაყოვნებაც კი შესაძლოა ფატალური აღმოჩნდეს.
სასწრაფო დახმარების მოსვლამდე:
- გადაიყვანეთ ავადმყოფი ჩრდილში;
- გახადეთ ზედმეტი ტანსაცმელი;
- ჩააწვინეთ ცივ წყალში, გადაავლეთ ცივი შხაპი ან დაუსველეთ კანი ცივი წყლით და გაუნიავეთ;
- თავზე, კისერზე, იღლიებში და საზარდულზე დააწყვეთ ყინულის ნატეხები ან სველი პირსახოცები. ეს მიდამოები მდიდარია ზედაპირული სისხლძარღვებით, ამიტომ მათი გაგრილება შესაძლოა სხეულის ტემპერატურის დაკლებაში დაგეხმაროთ.
- არ გამოიყენოთ ყინული ასაკოვანთათვის, პატარა ბავშვებისა და რომელიმე ქრონიკული დაავადების მქონე პირებისთვის – შესაძლოა, საფრთხე შეუქმნათ მათ ჯანმრთელობას.
რისკფაქტორები
მზის დაკვრა შესაძლოა ნებისმიერს დაემართოს, მაგრამ არსებობს ფაქტორები, რომლებიც ზრდის მისი განვითარების რისკს. ესენია:
- ასაკი. ორგანიზმის უნარი, გაუმკლავდეს ექსტრემალურ სიცხეს, ცენტრალური ნერვული სისტემის გამძლეობაზეა დამოკიდებული. მცირეწლოვან ბავშვებს ცენტრალური ნერვული სისტემა სრულყოფილად ჯერ არ აქვთ განვითარებული, 65 წლიდან კი ის უკვე ცვეთას იწყებს, რაც ართულებს სხეულის ტემპერატურის კონტროლს. ორივე ასაკობრივი კატეგორია რისკჯგუფს მიეკუთვნება.
- ფიზიკური დატვირთვა. ძლიერ სიცხეში სამხედრო წვრთნამ ან სპორტულმა აქტივობამ, მაგალითად, ფეხბურთის თამაშმა, დიდ მანძილზე სირბილმა, შესაძლოა სითბურ დაკვრამდე მიგვიყვანოს.
- მკვეთრი კლიმატური ცვლილება. როდესაც გარემოს ტემპერატურა მოულოდნელად და მკვეთრად იმატებს, მზის დაკვრის რისკი უფრო მაღალია. ასეთ დროს ეცადეთ, რამდენიმე დღე მაინც ერიდოთ ფიზიკურ აქტივობას, სანამ აკლიმატიზაციას გაივლიდეთ.
- ზოგიერთი მედიკამენტი. არსებობს სამკურნალო პრეპარატები, რომელთა მიღებაც აქვეითებს ორგანიზმში საჭირო რაოდენობის სითხის შენარჩუნებისა და გარემოს მაღალ ტემპერატურაზე ადეკვატური რეაგირების უნარს. სიცხეში სიფრთხილე გამოიჩინეთ ვაზოკონსტრიქტორების (სისხლძარღვების შემავიწროებელი საშუალებების), წნევის მარეგულირებელი პრეპარატების ზოგიერთი ჯგუფის (ბეტა ბლოკერების), შარდმდენების, ანტიდეპრესანტებისა და ფსიქოტროპული მედიკამენტების გამოყენებისას. სითბური დაკვრის ალბათობას ასევე ზრდის არალეგალური სტიმულატორები, მაგალითად, ამფეტამინები და კოკაინი.
- ჯანმრთელობის ზოგიერთი მდგომარეობა – გულის ან ფილტვების ქრონიკული დაავადება, სიმსუქნე, მჯდომარე ცხოვრების წესი.
გართულებები
მზის დაკვრას შესაძლოა საკმაოდ მძიმე გართულებები მოჰყვეს. მათი ხარისხი იმაზეა დამოკიდებული, რამდენ ხანს იყო მომატებული სხეულის ტემპერატურა. ეს გართულებებია:
- სასიცოცხლო ორგანოების დაზიანება. თუ სხეულის ტემპერატურამ მალევე არ დაიწია, ვითარდება ტვინისა და სხვა სასიცოცხლო ორგანოების შეშუპება და შეუქცევადი დაზიანება;
- სიკვდილი. სასწრაფო და ადეკვატური სამედიცინო ჩარევის გარეშე მზის დაკვრა შესაძლოა სასიკვდილო აღმოჩნდეს.
მზის დაკვრის თავიდან ასაცილებლად:
- ატარეთ თავისუფალი და მსუბუქი ტანსაცმელი.
- იხმარეთ მზისგან დამცავი საშუალებები – ფართოფარფლებიანი ქუდი, სათვალე, დამცავი კრემი, სულ მცირე, შPF 15 ფილტრით. ღია აუზში ცურვისას და პლაჟზე ყოფნისას დამცავი კრემის ფენა 2 საათში ერთხელ გაიახლეთ.
- სვით ბევრი სითხე. ორგანიზმისთვის საჭირო სითხის მიწოდებას არსებითი მნიშვნელობა აქვს სხეულის ტემპერატურული კონტროლისთვის.
- არასოდეს არავინ დატოვოთ ჩაკეტილ მანქანაში, განსაკუთრებით – ბავშვები. ეს სითბურ დაკვრასთან დაკავშირებული სიკვდილის ერთ-ერთი გავრცელებული მიზეზია. როდესაც მანქანა მზეზე გყავთ გაჩერებული, მის შიგნით ტემპერატურამ 10 წუთში შესაძლოა თითქმის 7 გრადუსით მოიმატოს.
- სიცხეში თავი არიდეთ ფიზიკურ აქტივობას, არ იაროთ მზეზე, აუცილებელი საქმე გააკეთეთ დილით ადრე ან საღამოს.
ამრიგად, გულისრევასა და ღებინებას არაერთი მიზეზი აქვს (ზოგიერთ მათგანზე უკვე ვისაუბრეთ “მთავარი თემის” პირველ გვერდებზე, ზოგიერთზე კი ქვემოთ ვისაუბრებთ), მაგრამ პირველი, რაც ამ სიმპტომების აღწერისას მოგვდის აზრად, საჭმლის მომნელებელი სისტემის ფუნქციის დარღვევაა. მართლაც, გულისრევასა თუ ღებინებას მრავალი გასტროენტერეოლოგიური ავადმყოფობა იწვევს.
ყველაზე გავრცელებულ გასტროენტეროლოგიურ მიზეზთაგან, უპირველეს ყოვლისა, ალბათ, ვირუსული გასტროენტერიტი უნდა ვახსენოთ. ბავშვებთან მისი მიმდინარეობა, პროგნოზი თუ სამოქმედო გეგმა უკვე აღვწერეთ. ისინი ზრდასრულებთანაც იდენტურია, ამიტომ ამ დაავადებაზე აღარ შევჩერდებით.
საკვებში მიმალული საფრთხე
გულისრევისა და ღებინების კიდევ ერთი გავრცელებული მიზეზი საკვებისმიერი ინტოქსიკაციაა. ის მაშინ ვითარდება, როცა მიღებულ საკვებში ან სასმელში ბაქტერია, ვირუსი ან მიკრობების მიერ წარმოქმნილი ტოქსინებია. საკვებისმიერი ინტოქსიკაცია უმეტესად სტაფილოკით ან ნაწლავის ჩხირით ინფიცირების შედეგია.
საკვებისმიერი ინტოქსიკაციის სიმპტომები ჭამიდან საშუალოდ 2-6 საათის შემდეგ იჩენს თავს, ზოგჯერ კი, გამომწვევის ბუნებიდან გამომდინარე, უფრო ადრე ან გვიან.
ისევე როგორც ყოველგვარი მოწამვლისას, წამყვანი სიპმტომი ამჯერადაც გულისრევა და ღებინებაა, რასაც ერთვის ფაღარათი, ცხელება, თავის ტკივილი, საერთო სისუსტე.
დიაგნოზისთვის, უპირველეს ყოვლისა, მნიშვნელობა ენიჭება ანამნეზს – რა მიიღო პაციენტმა, სხვასაც აქვს თუ არა მსგავსი სიმპტომები, რამდენადაა კავშირში სიმპტომების გამოვლენა საკვების მიღებასთან და ა.შ. შესაძლოა, საჭირო გახდეს რამდენიმე კვლევის ჩატარებაც. უმთავრესად იკვლევენ განავალს ან მიღებულ საკვებს, თუმცა ამ გზით მიზეზის დადგენა ყოველთვის ვერ ხერხდება.
როგორია პროგნოზი?
რამდენიმე დღეში გამოკეთდებით. მკურნალობის მიზანია, ეს რამდენიმე დღე სიმპტომები შეგიმსუბუქოთ და თქვენს ორგანიზმს გაუწყლოების საშუალება არ მისცეს. არც ის არის გამორიცხული, საკვებისმიერმა მოწამვლამ მძიმე გართულებებიც დაგიტოვოთ, მაგრამ, საბედნიეროდ, ასე იშვიათად ხდება.
ახლა კი გულისრევისა და ღებინების გამომწვევ არაინფექციურ დაავადებებს გადავავლოთ თვალი.
ზედა სართულის პრობლემები
დისპეფსია, იგივე საკვების მოუნელებლობა, კრებითი ტერმინია, რომლითაც მუცლის ზედა ნაწილში აღმოცენებულ დისკომფორტს აღნიშნავენ. ეს არ არის დამოუკიდებელი დაავადება – სიმპტომთა ნაკრებია, რომლის მიღმაც ნამდვილი მიზეზი უნდა ვეძებოთ.
საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებები საკმაოდ ხშირია, შესაბამისად, დისპეფსია ლამის ყოველ მეორე ადამიანს აღენიშნება. სიმპტომები ზოგჯერ ხანგამოშვებით იჩენს თავს, ზოგჯერ კი ყოველდღიურობის ნაწილია.
დისპეპსიაა სავარაუდო, თუ გულისრევისა და ღებინების გარდა ვლინდება:
- ადრეული სისავსის შეგრძნება – ულუფის ნახევარიც არ შეგიჭამიათ, მაგრამ ისეთი სისავსის შეგრძნება გაქვთ, თითქოს კარგად დანაყრდით. ზოგჯერ სიმპტომი იმდენად შემაწუხებელია, რომ ულუფის დასრულება შეუძლებელი ხდება. სისავსის პათოლოგიური შეგრძნება, გარდა იმისა, რომ ადრევე აღმოცენდება, ჩვეულებრივზე მეტხანსაც გრძელდება, წვის, ღრღნის შეგრძნება ჭიპისა და მკერდის ძვლის ქვედა მიდამოში; შებერილობა.
მსუბუქი დისპეპსია საგანგაშო არ არის, მაგრამ ექიმთან დაუყოვნებლივ მისვლა გმართებთ, თუ საკუთარ თავს ამჩნევთ:
- წონის უმიზეზო კლებას ან მადის დაქვეითებას;
- განმეორებით ღებინებას ან სისხლიან ღებინებას;
- კუპრისფერ განავალს;
- ყლაპვის გაძნელებას, რომელიც დროთა განმავლობაში უფრო და უფრო მძიმდება;
- ძლიერ გამოხატულ დაღლილობასა და სისუსტეს;
- სულხუთვას, ოფლიანობას, გულის არეში ტკივილს.
ყოველთვის დაავადება იწვევს?
არცთუ იშვიათად დისპეფსია ცხოვრების არაჯანსაღი წესის შედეგია. საჭმლის მონელების დარღვევის რისკი მაღალია, თუ:
- ჭამთ მეტისმეტად სწრაფად და ბევრს;
- ხშირად და უხვად მიირთმევთ ცხიმიან ან ცხარე პროდუქტებს;
- ბევრს სვამთ კოფეინიან, ალკოჰოლიან ან გაზიან სასმელებს, ეტანებით შოკოლადს;
- შფოთავთ – ნერვული სისტემის მდგომარეობა საჭმლის მომნელებელ სისტემაზე, მოგეხსენებათ, სერიოზულ გავლენას ახდენს;
- იღებთ ანტიბიოტიკებს, ტკივილგამაყუჩებლებს, რკინის დანამატებს.
დაავადებათაგან დისპეფსია შეიძლება გამოიწვიოს გასტრიტმა, პეპტიკურმა წყლულმა, ცელიაკიამ, ნაღველკენჭოვანმა დაავადებამ, პანკრეატიტმა, კუჭის კიბომ და სხვ. მიზეზზეა დამოკიდებული დისპეფსიის მართვაც. ღებინებასა და გულისრევას სტანდარტული მეთოდებით უნდა ებრძოლოთ, მაგრამ გახსოვდეთ: თუ მიზეზი არ აღმოიფხვრა, პრობლემები აუცილებლად შეგახსენებთ თავს. და კიდევ ერთი: რომელი ავადმყოფობის ბრალიც არ უნდა იყოს დისპეფსია, ცხოვრების ჯანსაღი წესის დაცვა ნებისმიერ შემთხვევაში სასარგებლო, მეტიც, აუცილებელია.
დინების საწინააღმდეგოდ
საჭმლის მომნელებელი სისტემის ზედა სართულში პრობლემებს არა მარტო მონელების დარღვევა, არამედ საკვების მიმართულების არევაც იწვევს. საქმე ეხება გასტროეზოფაგურ რეფლუქსს – პათოლოგიურ მდგომარეობას, რომლის დროსაც კუჭის შიგთავსი საყლაპავში ამოდის. გერდი გულისრევისა და ღებინების ერთ-ერთი ხშირი მიზეზია. ბავშვებთან დაკავშირებით ეს მდგომარეობა უკვე განვიხილეთ; არცთუ იშვიათია მოზრდილებთანაც.
ჭამის დროს საკვები პირიდან საყლაპავი მილის გავლით კუჭში ხვდება. საყლაპავის ქვედა ნაწილში განლაგებულია კუნთოვანი ბოჭკოები, რომლებიც ლუკმის გატარების შემდეგ იკუმშება და მას უკან ამოსვლის საშუალებას აღარ აძლევს. ამ კუნთოვან ბოჭკოებს სფინქტერი ეწოდება. გერდის დროს სფინქტერი ბოლომდე ვერ იხურება და ამის შედეგად კუჭის შიგთავსი დინების საპირისპიროდ მოძრაობს.
რა უწყობს ხელს სფინქტერის ფუნქციის მოშლას?
- დიაფრაგმის საყლაპავის ხვრელის თიაქარი;
- შებერილობა;
- ორსულობა;
- სკლეროდერმია;
- ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება;
ზოგიერთი წამალი – ანტიქოლინერგიული პრეპარატები, ბრინქოდილატატორები, კალციუმის არხის ბლოკატორები, დოფამინის პრეპარატები, პროგესტერონი, სედაციური საშუალებები, ტრიციკლური ანტიდეპრესანტები.
სიმპტომები
თუ ღებინება ან გულისრევა საკვების მიღების შემდეგ იჩენს თავს, თან ერთვის საყლაპავში საკვების გაჭედვის შეგრძნება, გულძმარვა, ხველა ან მსტვენი სუნთქვა, ყლაპვის გაძნელება, ხმის ცვლილება, ხვრინვა, ყელის ტკივილი – დიდი ალბათობით, გასტროეზოფაგური რეფლუქსი გაქვთ. სიმპტომები მძიმდება ღამით, ასევე – ჭამის შემდეგ წამოწოლისას.
ნებაზე მიშვებულმა გერდმა შესაძლოა გამოიწვიოს საყლაპავის ლორწოვანის დაზიანება და ე.წ. ბარეტის საყლაპავის ჩამოყალიბება (ეს უკანასკნელი კიბოსწინარე მდგომარეობად განიხილება), ბრონქოსპაზმი, ასთმის დამძიმება, ქრონიკული ხველა, სტომატოლოგიური პრობლემები, საყლაპავის წყლული, სტრიქტურა (საყლაპავის შევიწროება).
დიაგნოსტიკა და მკურნალობა
თუ მდგომარეობა მსუბუქია, ტესტების ჩატარება აუცილებელი არ არის. მძიმე სიმპტომების დროს დაგჭირდებათ ენდოსკოპია, რენტგენოლოგიური კვლევა და სხვა. მკურნალობის მთავარი პრინციპი ცხოვრების წესის შეცვლაა – სიმპტომების აღსაკვეთად ხშირად ესეც კმარა.
როგორ მოვიქცეთ:
- თუ ჭარბი წონა გაქვთ, დაიკელით;
- ეცადეთ, არ გამოიყენოთ ტკივილის გასაყუჩებლად ასპირინი, იბუპროფენი ან ნაპროქსენი – აირჩიეთ აცეტამინოფენი;
- ყველა წამალს უხვად დააყოლეთ წყალი;
- ნუ შეჭამთ ძილის წინ;
- ჭამის შემდეგ გაისეირნეთ;
- თავი მაღალ სასთუმალზე გედოთ.
შესაძლოა, ექიმმა ანტაციდები დაგინიშნოთ. ისინი სიმპტომებს მალევე მოხსნიან, მაგრამ შვება დიდხანს არ გასტანს. უფრო ხანგრძლივი ეფექტი აქვს პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორებს და ჰისტამინური H2 რეცეპტორების ბლოკატორებს, მაგრამ შედარებით გვიან მოქმედებს. თუ ცხოვრების წესის ცვლილებამ და წამლებმა შედეგი ვერ გამოიღო, რეკომენდებულია ანტირეფლუქსური ქირურგიული ოპერაცია.
რა ხდება ქვედა სართულზე?
გულისრევის კიდევ ერთი მიზეზი აპენდიქსის ანთებაა – ყველაზე გავრცელებული ქირურგიული დაავადება. პრობლემა უმეტესად მაშინ იჩენს თავს, როდესაც ჭიაყელა დანამატის სანათური ფეკალიებით, უცხო სხეულით ან, იშვიათად, სიმსივნით იბლოკება.
აპენდიციტის დიაგნოსტიკა რამდენადმე რთულია მცირეწლოვან ბავშვებთან, ხანდაზმულებსა და რეპროდუქციული ასაკის ქალებთან. მისი პირველი სიმპტომი ტკივილია, რომელიც უმეტესად ჭიპის გარშემო ან მუცლის შუა ზედა ნაწილშია ლოკალიზებული. თავდაპირველად შესაძლოა უმნიშვნელო იყოს, მაგრამ თანდათან ძლიერდება და მძიმდება, მუცლის მარჯვენა ქვედა ნაწილში გადაინაცვლებს და ბოლოს, შეტევის დაწყებიდან 12-24 საათის შემდეგ, აპენდიქსის საპროექციო მიდამოში ფოკუსირდება. დაერთვის გულისრევა, ღებინება, უმადობა, ზოგჯერ – დაბალი სიცხეც.
დიაგნოსტიკა კლინიკურ სურათს ეფუძნება, თუმცა მეტი სანდოობისთვის ატარებენ ულტრაბგერით კვლევას. შესაძლოა, მუცლის კომპიუტერული ტომოგრაფიაც მიიჩნიონ საჭიროდ. წესისამებრ, პაციენტს დიაგნოზის დასმისთანავე საოპერაციოდ ამზადებენ, მაგრამ თუ გამოკვლევებმა აბსცესი გამოავლინა, არ არის გამორიცხული, თავდაპირველად ანტიბიოტიკოთერაპია დაინიშნოს და მერეღა დაიგეგმოს ოპერაცია.
პროგნოზი კეთილსაიმედოა, თუ ოპერაცია აპენდიქსის მთლიანობის დარღვევამდე ჩატარდა. წინააღმდეგ შემთხვევაში ოპერაციაც უფრო მძიმეა და შემდგომი რეაბილიტაციაც მეტ დროს მოითხოვს.
დაბრკოლება გზაზე
გულისრევასა და ღებინებას ნაწლავის ობსტრუქციაც იწვევს. ეს პათოლოგიური მდგომარეობაა, რომლის დროსაც ნაწლავის სანათური შიგნიდან ან გარედან იხშობა, როგორც ექიმები ამბობენ – იბლოკება. ბლოკი ხელს უშლის შიგთავსის გადაადგილებას, რაც პრობლემათა მთელ წყებას წარმოშობს.
ნაწლავის ობსტრუქცია შეიძლება იყოს ნაწილობრივი ან სრული, მექანიკური ან ფუნქციური. უკანასკნელ შემთხვევაში ნაწლავი არასწორად მუშაობს, თუმცა მორფოლოგიური დარღვევა არ შეინიშნება.
ნაწლავის ობსტრუქცია შეიძლება გამოიწვიოს:
- ადჰეზიებმა – ოპერაციის შემდგომ განვითარებული შემაერთებელი ქსოვილის ჭიმებმა;
- უცხო სხეულმა;
- ნაღვლის ბუშტის ქვებმა;
- თიაქარმა;
- სიმსივნემ.
ფუნქციურ გაუვალობას კი იწვევს ნაწლავური ინფექციები, ელექტროლიტური ან მინერალური დისბალანსი (მაგალითად, კალიუმის კონცენტრაციის დაქვეითება), ნაწლავის სისხლმომარაგების შემცირება, მუცლის ღრუზე ჩატარებული ქირურგიული ოპერაცია, თირკმელების ან ფილტვების დაავადება, ზოგიერთი მედიკამენტი, ნარკოტიკი.
სიმპტომები
გაუვალობის ნიშნებია მუცლის შებერილობა, შეშუპება, ტკივილი, ღებინება, ნაწლავის დაცლის, აირებზე გასვლის შეუძლებლობა. მეტისმეტად შორს წასულ შემთხვევებში ამონაღები შეიცავს ფეკალურ მასებს.
გაუვალობა საკმაოდ სერიოზული მდგომარეობაა, რომელიც სასწრაფო ჩარევას და ზედმიწევნით კონტროლს მოითხოვს. ის შესაძლოა გართულდეს სიყვითლით, ინფექციით, ელექტროლიტური დისბალანსით, დეჰიდრატაციით, ნაწლავის პერფორაციით, განგრენით. სამწუხაროდ, შესაძლოა, ვითარება ფატალურად დასრულდეს. მკურნალობა, გამოსავალი და პროგნოზი გამომწვევ მიზეზზეა დამოკიდებული.
ალკოჰოლით მოწამვლა ალკოჰოლის ჭარბი მოხმარების შედეგია. ის გავლენას ახდენს სუნთქვაზე, გულის მუშაობაზე, სხეულის ტემპერატურაზე, რეფლექსებზე. შესაძლოა, გამოიწვიოს კომა და სიკვდილიც კი. ალკოჰოლური ინტოქსიკაცია სასწრაფო, გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას მოითხოვს. როგორ ამოვიცნოთ ის და როგორ მოვიქცეთ, თუ ვინმემ ჩვენ გვერდით ალკოჰოლის დოზას გადააჭარბა?
რა იწვევს მოწამვლას?
უმთავრესად, რა თქმა უნდა, ალკოჰოლიანი სასმელი, უკეთ, მისი ჭარბი მიღება დროის მცირე მონაკვეთში, მაგრამ ალკოჰოლს შეიცავს პირის ღრუს სავლები ექსტრაქტები, კულინარიული ესენციები, სხეულის მოვლის საშუალებებიც. განსაზღვრული დოზით მიღებისას ინტოქსიკაცია მათაც შეიძლება გამოიწვიონ. ზრდასრული ადამიანი ზემოთ ჩამოთვლილ სითხეებს, ცხადია, არ დალევს, პატარებმა კი შესაძლოა გემოს გასინჯვა მოინდომონ, ასე რომ, ფრთხილად იყავით.
როდის ველოდოთ ალკოჰოლურ ინტოქსიკაციას?
ეს სასმლის ტიპს და ადამიანის ორგანიზმის ინდივიდუალურ თავისებურებებზეა დამოკიდებული. საშუალოდ კი მამაკაცისთვის საშიშია 5 ან მეტი ულუფის მიღება ორი საათის განმავლობაში, ქალისთვის – 4 ან მეტი ულუფისა.
ერთ სტანდარტულ ულუფად მიიჩნევა:
- 355 მლ ჩვეულებრივი ლუდი (ალკოჰოლის შემცველობა – 5%);
- 148 მლ ღვინო (12%);
- 44 მლ მაგარი სასმელი (40%).
ინტოქსიკაციის ნიშნებია:
- უგონო ან ნახევრად უგონო მდგომარეობა;
- ღებინება;
- გულყრა;
- სუნთქვის შენელება;
- სუნთქვის რიტმის დარღვევა;
- სხეულის ტემპერატურის დაქვეითება.
ზოგჯერ ამონაღები სისხლს შეიცავს. საქმე ის არის, რომ ქრონიკული ალკოჰოლიზმით დაავადებულებთან ხშირი ღებინება საყლაპავი მილის ლორწოვანს აღიზიანებს, აზიანებს და სისხლმდენი ნახეთქების გაჩენას უწყობს ხელს. ამ ფენომენს მედიცინაში მელორი-ვეისის სინდრომი ეწოდება.
ამ სიმპტომებთან ერთად, როგორც წესი, პაციენტს ალკოჰოლის მძაფრი სუნი აქვს.
რას ველოდოთ?
კარგს არაფერს. გართულებათა ჩამონათვალი ვრცელი და შემაშფოთებელია:
- დარხჩობა. მიზეზი ღებინებაა. ალკოჰოლის ზემოქმედებით ითრგუნება რეფლექსები, ადამიანი უგონოდაა და შესაძლოა, საკუთარი ამონაღები მასით გაიგუდოს.
- სუნთქვის შეწყვეტა. ამონაღები მასა ზოგჯერ ფილტვებში ხვდება, რამაც შესაძლოა ასფიქსია გამოიწვიოს.
- დეჰიდრატაცია. ამ გართულების მიზეზიც ძლიერი ღებინებაა. სითხის კარგვა გაუწყლოებას და წნევის დაქვეითებას იწვევს.
- გადაცივება. სხეულის ტემპერატურა ზოგჯერ ისე ეცემა, რომ გული მუშაობას წყვეტს.
- არითმია. არარეგულარული რიტმი ზოგჯერ ასევე იწვევს გულის მუშაობის შეწყვეტას.
- ტვინის დაზიანება. ალკოჰოლის დიდი რაოდენობით მიღება თავის ტვინის შეუქცევად დაზიანებას უწყობს ხელს.
ფატალური შედეგი შესაძლოა ნებისმიერმა ზემოთ მოყვანილმა მიზეზმა გამოიწვიოს.
რა ვიღონოთ?
- გამოიძახეთ სასწრაფო. არ არის აუცილებელი, ყველა ზემოთ ჩამოთვლილმა სიმპტომმა ერთად იჩინოს თავი – თუ ადამიანმა ალკოჰოლიანი სასმელი დალია და გონება დაკარგა ან სძინავს და ვერ აღვიძებთ, დარეკეთ 112-ზე. მეტიც – თუნდაც კლასიკურ ნიშნებს ვერ ამჩნევდეთ, თუ ალკოჰოლით მოწამვლას ეჭვობთ, ჯობს, დახმარება გამოიძახოთ.
სასწრაფოს მოსვლამდე:
- არ დატოვოთ მოწამლული მარტო!
- ნუ ეცდებით ღებინების რეფლექსის გამოწვევას.
- თუ მწოლიარეს აღებინებს, წამოსვით.
- თუ დაწოლა აუცილებელია, დააწვინეთ გვერდზე, არავითარ შემთხვევაში გულაღმა ან მუცელზე.
- ეცადეთ, არ დაიძინოს, რომ ცნობიერება არ დაკარგოს.
პროფილაქტიკა
- დაიცავით ზომიერება. ქალებისა და 65 წელზე უფროსი ასაკის მამაკაცებისთვის ნორმაა დღეში ერთი ულუფა. ორი ულუფის მიღების უფლება აქვთ 65 წელზე ახალგაზრდა მამაკაცებს. სვით ნელ-ნელა. ინტოქსიკაციის რისკი ერთიორად იმატებს, როცა დიდი რაოდენობის სასმელს დროის მცირე მონაკვეთში იღებთ.
- ნუ დალევთ მშიერზე – კუჭში არსებული საკვები ალკოჰოლის შეწოვას ანელებს.
- შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას არა მარტო ალკოჰოლური სასმელები, არამედ სპირტის შემცველი ყველა სხვა სითხეც.
ინტოქსიკაცია თუ?..
ალკოჰოლზე მწვავე რეაქცია, მათ შორის – ღებინება, წნევის დაცემა, დიარეა, დოზის გადაჭარბებით შესაძლოა სულაც არ იყოს გამოწვეული – ზოგჯერ მას ერთი ყლუპი სპირტიანი სასმელიც ყოფნის. ამ შემთხვევაში საქმე არა ალკოჰოლურ ინტოქსიკაციასთან, არამედ ალკოჰოლის აუტანლობასთან გვაქვს.
მიზეზი გენებია – გაკლიათ ფერმენტი, რომელიც ალკოჰოლის მოსანელებლად არის საჭირო. ალკოჰოლის აუტანლობისას არასასურველი რეაქცია სასმლის მიღებისთანავე იწყება. თუ ნიშნები მძიმეა, აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს. უპირველესად, უნდა გაირკვეს, მართლა აუტანლობის შედეგია თუ არა ეს სიმპტომები. დიაგნოზის დადასტურების შემთხვევაში მთელი სიცოცხლე ერთადერთი რეკომენდაციის შესრულება მოგიწევთ: არ დალიოთ!
ღებინება როგორც ცალკეული სიმპტომი მრავალი დაავადებისა თუ პათოლოგიური მდგომარეობისთვის არის დამახასიათებელი. ამ დროს ღებინების აქტი ორგანიზმში მიმდინარე ფიზიოლოგიური პროცესების შედეგად თავისთავად, ჩვენი ნება-სურვილისგან დამოუკიდებლად სრულდება. მაგრამ არსებობს მდგომარეობები, როდესაც ადამიანები ნებით, საკუთარ ორგანიზმზე ძალდატანებით, ხელოვნურად ახდენენ ღებინების პროვოცირებას. ასეთი მდგომარეობაა ბულიმია. მოდი, გავიგოთ, რა არის ეს და რამდენად საშიშია ჯანმრთელობისთვის.
ბულიმია
ბულიმია კვებითი აშლილობის ფორმაა, რომელსაც შეუძლია, საფრთხე შეუქმნას ადამიანის სიცოცხლეს. ბულიმიით დაავადებულებს ახასიათებთ საკვების უკონტროლოდ, დიდი ულუფებით მიღება, მერე კი ზედმეტი კალორიების მოშორება ხელოვნურად გამოწვეული ღებინების გზით (ღებინებითი ბულიმია). ზოგჯერ ისინი სხვა საშუალებებსაც იყენებენ, მაგალითად, საფაღარათო მედიკამენტებს, შარდმდენებს, ოყნას ან მათ კომბინაციას. მიზანი ნებისმიერ შემთხვევაში წონის მატების თავიდან აცილებაა. ბევრი უმკაცრეს დიეტას, შიმშილობას ან გადაჭარბებულ ვარჯიშსაც მიმართავს (არაღებინებითი ბულიმია).
ბულიმიით დაავადებულებს ახასიათებთ საკუთარ წონაზე გადაჭარბებული შფოთვა და სხეულის ფორმით მუდმივი უკმაყოფილება. ბულიმია ქალებსაც შეიძლება დაემართოთ და კაცებსაც ნებისმიერ ასაკში, თუმცა უფრო ხშირად ქალებთან გვხვდება და უმეტესად თინეიჯერობის პერიოდში იწყება.
სიმპტომები
ბულიმიისთვის დამახასიათებელია:
- საკვების უზარმაზარი ულუფების ძალიან სწრაფად მიღება, ხშირად – სრულიად უკონტროლოდ;
- ღებინების ხელოვნურად გამოწვევა საკვების მიღების შემდეგ; ასევე – საფაღარათო საშუალებების, შარდმდენების, ოყნის გამოყენება; გადაჭარბებული ვარჯიში წონის მატების თავიდან ასაცილებლად;
- წონის მატების მუდმივი შიში;
- საკუთარი წონისა და სხეულის ფორმის მიმართ ზედმეტად კრიტიკული დამოკიდებულება;
- განწყობის ხშირი ცვლილება, ზედმეტი დაძაბულობა და შფოთვა;
- ჭამა იქამდე, სანამ ტკივილი ან სხვა სახის დისკომფორტი არ იჩენს თავს;
- საკვები დანამატებისა და სხვადასხვა მცენარეული პრეპარატის ჭარბი გამოყენება წონის დასაკლებად.
რა იწვევს
ბულიმიის, ისევე როგორც სხვა კვებითი აშლილობების ზუსტი მიზეზი, სამწუხაროდ, დღემდე უცნობია. თუმცა არსებობს ფაქტორები, რომლებიც მისი განვითარების ალბათობას ზრდის. ესენია:
- მდედრობითი სქესი. სტატისტიკა გვამცნობს, რომ გოგონებსა და ქალებს უფრო ხშირად ემართებათ ბულიმია, ვიდრე ბიჭებსა და მამაკაცებს.
- ასაკი. ბულიმია ხშირად თინეიჯერობისა და ადრეული მოწიფულობის ხანაში იწყება.
- გენეტიკა. ბულიმიის განვითარების მაღალი რისკი აქვთ იმ ადამიანებს, ვისი პირველი რიგის ნათესავიც (და-ძმა, დედა, მამა ან შვილი) ოდესმე კვებითი აშლილობით იყო დაავადებული.
- ბიოლოგია. ზოგიერთი მკვლევარი ვარაუდობს, რომ ბულიმიის განვითარებაში განსაზღვრულ როლს ასრულებს ტვინში არსებული ნივთიერების – სეროტონინის ნაკლებობა.
- წონა. თუ ბავშვობაში ან თინეიჯერობის ასაკში ადამიანს ზედმეტი წონა აწუხებდა, მას შესაძლოა მომატებული ქონდეს ბულიმიის რისკი.
- ფსიქოლოგიური და ემოციური პრობლემები. სტრესმა, შფოთვამ, დაბალმა თვითშეფასებამ შესაძლოა კვებითი აშლილობას გაუწიოს პროვოცირება. ბულიმიის რისკი ემუქრებათ მათაც, ვისაც კვებითი ჩვევების, სხეულის ფორმისა თუ წონის გამო ხშირად აკრიტიკებენ თუნდაც ოჯახის წევრები.
- მედიისა და სოციალური წნეხი. ტელევიზია და მოდის ჟურნალები ხშირად ეწევიან ზედმეტად გამხდარი მოდელებისა და მსახიობების პროპაგანდას, ზოგიერთი ადამიანის თვალში კი ეს სიგამხდრე წარმატებასა და პოპულარობასთან ასოცირდება და მათი მიბაძვის სურვილს უღვივებს.
- სპორტული და სამსახურებრივი წნეხი. ათლეტებს, მსახიობებს, მოცეკვავეებს და მოდელებს კვებითი აშლილობის მომატებული რისკი აქვთ, ვინაიდან მწვრთნელები და მშობლები მათგან მკაცრად მოითხოვენ წონის დაკლებას და ფორმის შენარჩუნებას.
გართულებები
ბულიმიამ შესაძლოა სიცოცხლისთვის საშიშ უამრავ პრობლემამდე მიგვიყვანოს, რომლებიც განპირობებულია ორგანიზმისთვის საჭირო ვიტამინებისა და მინერალების უკმარისობით, ხშირი ღებინებით და ფაღარათით. მისი შესაძლო გართულებებია:
- დეჰიდრატაცია, რომელსაც, თავის მხრივ, შეუძლია, ორგანიზმის სრული კრახი გამოიწვიოს, მაგალითად, თირკმლის უკმარისობა;
- გულის პრობლემები, მათ შორის – საშიში არითმიები და გულის უკმარისობა;
- კბილების დაზიანება – მუდმივი ღებინების შედეგად პირის ღრუში ჭარბად ხვდება კუჭის წვენი, რომელსაც კბილის მინანქრისა და ღრძილების დაზიანება შეუძლია;
- მენსტრუალური ციკლის დარღვევა;
- თმისა და კანის სიმშრალე, ფრჩხილების სიმყიფე;
- კუჭ-ნაწლავის პრობლემები;
- შფოთვა და დეპრესია;
- ოსტეოპოროზის განვითარების მომატებული რისკი;
- სუიციდი.
როდის მივმართოთ ექიმს
ბულიმიისთვის დამახასიათებელი ნებისმიერი სიმპტომის გამოვლენის შემთხვევაში რაც შეიძლება სწრაფად მიმართეთ ექიმს, რადგან თუ მკურნალობა დაგვიანდა, თქვენს სიცოცხლეს შესაძლოა სერიოზული საფრთხე დაემუქროს.
ექიმი დაგისვამთ კითხვებს თქვენი კვებითი ჩვევების შესახებ, შეამოწმებს თქვენს საერთო ჯანმრთელობას და წონას. უდავოდ ძნელია ასეთი პრობლემის აღიარება და შესაბამისი დახმარების თხოვნა, მაგრამ ეს ბულიმიისგან თავის დასაღწევად გადასადგმელი აუცილებელი ნაბიჯია. შესაძლოა, ამ ეტაპის გავლა შედარებით გაგიადვილდეთ, თუ ექიმთან მეგობარს ან საყვარელ ადამიანს წაიყოლებთ.
თუ ფიქრობთ, რომ მსგავსი პრობლემა აქვს თქვენს ოჯახის წევრს ან თქვენთვის მნიშვნელოვან სხვა ადამიანს, ეცადეთ, გაუზიაროთ მას თქვენი ეჭვი და დაიყოლიოთ, რომ პროფესიონალს მიმართოს.
ვინაიდან ბულიმიით დაავადებულთა უმეტესობას ნორმალური ან ოდნავ ჭარბი წონა აქვს, ერთი შეხედვით პრობლემა შესაძლოა არც ისე ადვილი შესამჩნევი იყოს. ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა შესაძლოა ყურადღება მიაქციონ შემდეგ საეჭვო ნიშნებს:
- მუდმივ შფოთვას და წუწუნს სიმსუქნეზე;
- ზედმეტად კრიტიკულ დამოკიდებულებას სხეულის ფორმის მიმართ;
- საკვების უჩვეულოდ დიდი ულუფების მიღებას;
- საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში და სხვების თანდასწრებით ჭამისთვის თავის არიდებას;
- ჭამის დამთავრებისთანავე ან ჭამის დროს საპირფარეშოში გასვლას;
- გადაჭარბებულ ვარჯიშს;
- დაზიანებულ და ფერშეცვლილ კბილებს და ღრძილებს;
- ხელებზე არსებულ წყლულებს და ნაწიბურებს, რომლებიც ღებინების რეფლექსის გამოსაწვევად ყელში თითების ღრმად ჩაყოფის შედეგად ჩნდება.
პრევენცია
ბულიმიის თავიდან აცილების სარწმუნო მეთოდი არ არსებობს, თუმცა პრობლემისადმი სწორი მიდგომით და საჭიროების შემთხვევაში დროული ჩარევით შეგვიძლია სიტუაცია შევცვალოთ. აი, რა შეგვიძლია გავაკეთოთ:
- სწორად ჩამოაყალიბეთ და განამტკიცეთ ჯანმრთელი სხეულის ხატი თქვენი შვილების ცნობიერებაში, განურჩევლად იმისა, სხეულის როგორი ფორმა და ზომა აქვთ მათ;
- გაესაუბრეთ თქვენს პედიატრს. კვებითი დარღვევების ადრეულ გამოვლინებათა შემჩნევაში, მათ დიაგნოსტიკასა და პროგრესირების შეჩერებაში პედიატრებს საკმაოდ მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლიათ.
- თუ შეამჩნიეთ, რომ თქვენს მეგობარს ან ახლო ნათესავს აქვს კვებასთან დაკავშირებული ისეთი პრობლემები, რომლებიც შემდგომში შესაძლოა კვებით აშლილობაში გადაიზარდოს, სცადეთ, წყნარად დაელაპარაკოთ მოსალოდნელ გართულებაზე და მხარდაჭერა დაანახოთ.
- ეცადეთ, თავად მისცეთ შვილებს სწორი კვების, ვარჯიშისა და ცხოვრების ჯანსაღი წესის მაგალითი.
- თავი არიდეთ წონისა და სხეულის ფორმების თაობაზე შენიშვნების მიცემას.
მკურნალობა
ბულიმია მენტალური პრობლემაა და მისგან განკურნება შესაძლებელია, თუმცა მკურნალობა შესაძლოა ხანგრძლივი აღმოჩნდეს.
თითოეული ადამიანისთვის დგება მკურნალობის ინდივიდუალური სქემა, რომელიც დამოკიდებულია მათ პიროვნულ თავისებურებებზე, ფსიქიკურ მდგომარეობაზე, დეპრესიისა და შფოთვის ხარისხზე, პრობლემის სიმძიმეზე და სხვა. შესაძლოა, საჭირო გახდეს კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპია (ფსიქოთერაპიის ერთ-ერთი სახეობა) და მედიკამენტური ჩარევაც.
მკურნალობის პარალელურად აუცილებელია სხვა ფაქტორების გათვალისწინებაც. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ხშირი ღებინებისას პირის ღრუში მოხვედრილი კუჭის მჟავა შიგთავსი საგრძნობლად აზიანებს კბილებსა და ღრძილებს. დაზიანების ხარისხის შესამცირებლად:
- არ გამოიხეხოთ კბილები ღებინებისთანავე – ამით მინანქრის მოცილებას შეუწყობთ ხელს;
- პირის ღრუს გამოსარეცხად გამოიყენეთ სავლები, რომელიც არ შეიცავს მჟავას;
- რეგულარულად მიაკითხეთ სტომატოლოგს და შეიმოწმეთ კბილების მდგომარეობა;
- თავი არიდეთ მოწევას.
ღებინებისას მაღალია ორგანიზმის დეჰიდრატაციის რისკი. ამიტომ ეცადეთ, დანაკარგის შესავსებად რაც შეიძლება მეტი სითხე მიიღოთ.
არსებობს მდგომარეობები, როდესაც ძლიერ თავის ტკივილს თან ახლავს ღებინება ან პირიქით. თავის ტკივილის დროს ღებინება ზოგჯერ შვების მომგვრელია, მაგრამ არსებობენ ისეთი ადამიანებიც, რომლებსაც ღებინება უფრო მეტად აწუხებთ, ვიდრე თუნდაც ძლიერი თავის ტკივილი. ამჯერად გვინდა, თქვენი ყურადღება შაკიკსა და ციკლური ღებინების სინდრომზე გავამახვილოთ. ამ პათოლოგიების დროს ღებინების მართვა არცთუ ადვილია. მოდი, გავეცნოთ მათ სპეციფიკას და გავიგოთ, როგორ შეიძლება მდგომარეობის შემსუბუქება.
შაკიკი
შაკიკისთვის დამახასიათებელია ინტენსიური ტკივილი ან პულსაციის შეგრძნება თავის ერთ ან ორივე მხარეს. ტკივილს ხშირად ერთვის გულისრევა და ღებინება, სინათლისა და ხმაურისადმი მომატებული მგრძნობელობა. შაკიკის შეტევის დროს ტკივილმა შესაძლოა რამდენიმე საათიდან რამოდენიმე დღემდე გასტანოს და ზოგჯერ იმდენად ძლიერია, რომ ადამიანი სრულ უუნარობამდე მიჰყავს. შეტევას შესაძლოა წინ უძღვოდეს აურა, რომელიც მხედველობითი, სენსორული, მოტორული და ვერბალური დარღვევებით – მხედველობის არეში ბრმა ლაქების გაჩენით, სინათლის წამიერი გაელვებით, ტალღოვანი მხედველობით, კიდურებში ჩხვლეტის შეგრძნებით, სისუსტით, მეტყველების შეფერხებით გამოვლინდება, თუმცა უმეტესად შაკიკი აურის გარეშე მიმდინარეობს.
როგორ შევიმსუბუქოთ
როგორც უკვე აღვნიშნეთ, გულისრევა და ღებინება შაკიკის თანმხლები გავრცელებული სიმპტომებია. კვლევები მოწმობს, რომ შაკიკის შეტევის მქონე პაციენტების 60-95% უჩივის გულისრევის შეგრძნებას, ხოლო 50-60% – ღებინებას. შაკიკით პროვოცირებული გულისრევა და ღებინება ისეთივე შემაწუხებელია ადამიანისთვის, როგორც თვითონ თავის ტკივილი, ზოგჯერ კი – უფრო მეტადაც. გთავაზობთ რამდენიმე მეთოდს, რომელთა საშუალებითაც შედარებით ადვილად გაუმკლავდებით აღნიშნულ მდგომარეობას.
ჯინჯერის ფესვები ნაცადი საშუალებაა გულისრევის შეგრძნების მოსახსნელად და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დასამშვიდებლად. მისი მიღება შეიძლება ჩაის, საკვები დანამატის, ლუდის ან ტკბილეულის სახით. ზოგიერთი კვლევა იმაზეც მიუთითებს, რომ თუ ჯინჯერს შაკიკის შეტევის დასაწყისში, მისი პირველი ნიშნების შეგრძნებისთანავე მივიღებთ, მან შესაძლოა სრულიად შეაჩეროს შეტევა.
პიტნა კიდევ ერთი ბუნებრივი საშუალებაა, რომლითაც შეგვიძლია აღნიშნულ პრობლემას გავუმკლავდეთ. პიტნის ჩაი, ცხელი თუ ცივი, იმ ადამიანებს ერთ-ერთი ფავორიტია, ვინც შაკიკის ხშირი შეტევებით იტანჯება.
აკუპუნქტურა და აკუპრესურა ტრადიციულ ჩინურ მედიცინაზეა დაფუძნებული და ზოგჯერ შესამჩნევ უკეთესობას იწვევს. ერთ-ერთი კვლევის თანახმად, შაკიკის მქონე იმ პაციენტებს, რომლებიც აკუპრესურას იტარებდნენ, გაცილებით მსუბუქი გულისრევა ჰქონდათ. ამ მეთოდებს გვერდითი ეფექტი თითქმის არ გააჩნია, მაგრამ უნდა ითქვას, რომ მათი გამოყენება არცთუ მცირე ხარჯებთანაა დაკავშირებული.
მედიკამენტური თერაპია კიდევ ერთი ფართოდ გამოყენებული მეთოდია გულისრევის მოსახსნელად. ამ პრობლემის მოსაგვარებლად მედიკანმეტების არაერთი ჯგუფი არსებობს. თქვენთვის ყველაზე შესაფერისი ინდივიდუალურად უნდა შეარჩიოს ექიმმა პაციენტის საერთო მდგომარეობისა და ჯანმრთელობის თავისებურებების გათვალისწინებით.
ნაკლები შაკიკი, ნაკლები გულისრევა
მიუხედავად მკურნალობის მრავალი მეთოდის არსებობისა, შაკიკის დროს გულისრევა მაინც ძალზე რთულ პრობლემად რჩება. შაკიკით განპირობებული გულისრევის თავიდან აცილების საუკეთესო გზა თავად შაკიკის პრევენცია და მისი წარმატებული მართვაა. შაკიკი წარმატებით რომ ვმართოთ, უნდა ვიცოდეთ, რა უწევს მას პროვოცირებას და როგორ შეიძლება ავიცილოთ თავიდან შეტევის განვითარება.
პროვოკატორები
არსებობს არაერთი ფაქტორი, რომლებმაც შესაძლოა პროვოცირება გაუწიოს შაკიკს, მათ შორის:
- ჰორმონული ცვლილებები ქალებში – ესტროგენის დონის ცვლილება ხშირად თავის ტკივილთანაა ასოცირებული. შაკიკით დაავადებულ ქალებთან შეტევა ხშირად უკავშირდება მენსტრუაციის დაწყებას, როდესაც ორგანიზმში ესტროგენის დონე მკვეთრად ეცემა;
- საკვები – შაკიკის შეტევა შესაძლოა გამოიწვიოს შედარებით დიდი ხნის ყველმა და მარილიანმა საკვებმა, ასევე – კვების გამოტოვებამ და მკაცრმა დიეტამ;
- სასმელები – ალკოჰოლიანი და კოფეინით მდიდარი სასმელები შაკიკის მაპროვოცირებელ ფაქტორებად მიიჩნევა;
- სტრესი – შაკიკის შეტევა შესაძლოა გამოიწვიოს სამსახურებრივმა და ოჯახურმა სტრესმა;
- სენსორული გამღიზიანებლები – მკვეთრმა განათებამ, ძლიერმა ხმაურმა, მკვეთრმა სუნებმა (სუნამოები, საღებავის გამხსნელები, სიგარეტის კვამლი) ასევე შესაძლოა შაკიკის შეტევამდე მიგვიყვანოს;
- ძილ-ღვიძილის რეჟიმის დარღვევა – ძილის ნაკლებობა და ზედმეტი ძილიც რისკის ფაქტორებად მიიჩნევა;
- ფიზიკური გადაძაბვა, მათ შორის – ზედმეტი სქესობრივი აქტივობა;
- ამინდისა და ატმოსფერული წნევის ცვლილება;
- მედიკამენტები – ორალური კონტრაცეპტივები და სისხლძარღვების გამაფართოებელი საშუალებები.
პრევენცია
ექსპერტების დიდი ნაწილი შაკიკის პრევენციის საუკეთესო საშუალებად მისი მაპროვოცირებელი ფაქტორების თავიდან აცილებას მიიჩნევს, მაგრამ არსებობს სიტუაციები, როდესაც ეს შეუძლებელი ან უეფექტოა, ამიტომ უნივერსალური სტრატეგია, რომელმაც შეიძლება შეტევების სიხშირე და ინტენსივობა შეამციროს, ცხოვრების ჯანსაღი წესია:
- ივარჯიშეთ რეგულარულად. რეგულარული აერობიკა ხსნის დაძაბულობას და შეუძლია, თავიდან აგვაცილოს შაკიკის შეტევა. ექიმთან შეთანხმებით აირჩიეთ აერობული ვარჯიშის ის სახეობა, რომელიც უფრო მოგწონთ. ეს შეიძლება იყოს სიარული, ცურვა, ველოსიპედით სეირნობა. ეცადეთ, ზედმეტად არ გადაიტვირთოთ, რადგან ინტენსიურმა ვარჯიშმა შესაძლოა, პირიქით, გააუარესოს მდგომარეობა.
- ეცადეთ შეინარჩუნოთ ჯანსაღი წონა.
- შეიმუშავეთ დღის რეჟიმი. ეცადეთ, დაიძინოთ და გაიღვიძოთ ერთსა და იმავე დროს და თანაბარი შუალედებით მიიღოთ საკვები.
ციკლური ღებინების სინდრომი
ციკლური ღებინების სინდრომი უცნობი ეტიოლოგიის ქრონიკული ფუნქციური დარღვევაა, რომელსაც ძლიერი ღებინების შეტევები ახასიათებს. ღებინებამ შესაძლოა რამდენიმე საათიდან რამდენიმე დღემდე გასტანოს. საინტერესო ის არის, რომ ყოველი შეტევა დღის ერთსა და იმავე მონაკვეთში იწყება და ერთნაირი ხანგრძლივობისა და ინტენსივობისაა.
ციკლური ღებინების სინდრომი უმეტესად 3-დან 7 წლამდე ასაკის ბავშვებს აღენიშნებათ, თუმცა შესაძლოა, ნებისმიერ სხვა ასაკობრივ ჯგუფშიც შეგვხვდეს. ზოგი მკვლევარი ვარაუდობს, რომ ციკლური ღებინების სინდრომი შაკიკთან არის დაკავშირებული, რადგან, ერთ-ერთი კვლევის თანახმად, ის უფრო ხშირად გვხვდება შაკიკით დაავადებულთა ოჯახის წევრებს შორის. გარდა ამისა, ციკლური ღებინების სინდრომის მქონეთა ნაწილს ღებინების შეტევების დროს შაკიკის მსგავსი თავის ტკივილი უვითარდება. აღსანიშნავია ისიც, რომ შაკიკის სამკურნალო მედიკამენტები ხშირად ციკლური ღებინების სინდრომსაც ამსუბუქებს.
სიმპტომები
ციკლური ღებინების სინდრომი ხშირად დილაობით იწყება და ახასიათებს:
- ძლიერი გულისრევა;
- ინტენსიური ოფლიანობა;
- თავის ტკივილი;
- სინათლისადმი მგრძნობელობის მომატება;
- მუცლის ტკივილი და დიარეა;
- სისუსტე და თავბრუხვევა.
შეტევის ეპიზოდებს შორის შუალედები ხშირად სრულიად უსიმპტომოა. ციკლური ღებინების სინდრომს ეჭვობენ, თუ ექვსი თვის განმავლობაში აღირიცხა უმიზეზო ღებინების სამი ან მეტი შეტევა და თითოეული რამდენიმე საათიდან რამოდენიმე დღემდე გაგრძელდა, მაგრამ არა უმეტეს ერთი კვირისა.
გართულებები
ციკლური ღებინების სინდრომმა შესაძლოა გამოიწვიოს:
- დეჰიდრატაცია – ჭარბი ღებინების გამო სითხის დიდი რაოდენობით დაკარგვა და ორგანიზმის გაუწყლოება;
- საყლაპავი მილის დაზიანება – ღებინების დროს კუჭიდან ამოსულმა მჟავამ შესაძლოა საყლაპავი მილის კედლები დააზიანოს და სისხლდენაც კი გამოიწვიოს;
- კბილების დაზიანება – პირის ღრუში კუჭის წვენის ხშირი მოხვედრა კბილების მინანქრის კოროზიას იწვევს და ხშირად კარიესის მიზეზად იქცევა.
როდის მივმართოთ ექიმს
დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ ამონაღებ მასაში სისხლი შეამჩნიეთ.
ხანგრძლივი ღებინებით გამოწვეული დეჰიდრატაცია შესაძლოა სიცოცხლისთვის საშიში აღმოჩნდეს, ამიტომ დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს მაშნაც, თუ ღებინების შეტევას დაერთო:
- ძლიერი წყურვილი;
- შარდვის გაიშვიათება;
- კანის სიმშრალე;
- გამოფიტვა და მოთენთილობა.
ღებინების შემდეგ აუცილებელია დაკარგული სითხისა და ელექტროლიტების მარაგის აღდგენა.
როგორ ავიცილოთ თავიდან
ისევე როგორც შაკიკის შემთხვევაში, აქაც პრევენციის უნივერსალური მეთოდი ცხოვრების ჯანსაღი წესია, ასე რომ:
- ეცადეთ, საკმარისი გეძინოთ;
- აკონტროლეთ ემოციები, რადგან ზედმეტმა მღელვარებამ შესაძლოა ციკლური ღებინების სინდრომის პროვოცირება მოახდინოს;
- ერიდეთ კოფეინს, ყველს და შოკოლადს;
- საკვები მიიღეთ მცირე ულუფებად, რეგულარული ინტერვალებით და ძირითად ულუფებს შორის მსუბუქად წაიხემსეთ.
მენინგიტი თავისა და ზურგის ტვინის გარსების ანთებაა, რომელიც შეიძლება ვირუსულმა, ბაქტერიულმა ან სოკოვანმა ინფექციამ გამოიწვიოს. არსებობს, თუმცა ძალზე იშვიათია, მენინგიტის არაინფექციური ფორმებიც, მაგალითად, ქიმიური რეაქციის, მედიკამენტური ალერგიის, ზოგიერთი სიმსივნის ფონზე განვითარებული. მენინგიტის ზოგიერთი ფორმა რამდენიმე კვირაში თავისთავად ალაგდება, ზოგიერთი კი სიცოცხლისთვის საშიშია და გადაუდებელ ანტიბიოტიკოთერაპიას მოითხოვს.
რა ახასიათებს
მენინგიტის ადრეული სიმპტომები ძალიან ჰგავს ჩვეულებრივი გრიპის კლინიკურ ნიშნებს, თუმცა რამდენიმე საათის ან დღის შემდეგ მდგომარეობა მძიმდება. ორ წელს გადაცილებულ ბავშვებსა და მოზრდილებთან მენინგიტისთვის დამახასიათებელია:
- მოულოდნელი მაღალი სიცხე;
- კეფის კუნთების რიგიდულობა (დაჭიმულობა);
- ძლიერი თავის ტკივილი;
- გულისრევა და ღებინება;
- გონების დაბინდვა და კონცენტრირების უნარის დაკარგვა;
- კრუნჩხვა;
- ძილიანობა ან სიარულის გაძნელება;
- სინათლისადმი მგრძნობელობის მომატება;
- უმადობა ან წყურვილი;
- ზოგჯერ – სისხლჩაქცევების გაჩენა (მაგალითად, მენინგოკოქცემიის დროს).
ახალშობილებსა და ჩვილებთან კი მენინგიტი შესაძლოა გამოვლინდეს:
- მაღალი სიცხით;
- გაბმული ტირილით;
- ძილად მივარდნით ან მუდმივი გაღიზიანებით;
- ინერტულობით და პასიურობით;
- უმადობით;
- ყიფლიბანდის ამოზნექითა და შეშუპებით;
- სხეულისა და კეფის დაჭიმულობით.
- მენინგიტიანი ჩვილისთვის ძალიან ძნელია კომფორტული მდგომარეობის შექმნა – ხელში აყვანისას შესაძლოა უარესად ატირდნენ.
რისკფაქტორები
მენინგიტის რისკფაქტორებს მიეკუთვნება:
- აცრების გამოტოვება. პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდრით გათვალისწინებული ვაქცინაციის გამოტოვება როგორც ბავშვებისთვის, ისე მოზრდილებისთვისაც ზრდის მენინგიტის რისკს.
- ასაკი. ვირუსული მენინგიტის შემთხვევათა უმეტესობა 5 წლამდე ასაკის ბავშვებთან აღირიცხება, ხოლო ბაქტერიული უფრო მეტად 20 წლამდე ასაკის მოზარდებთან გვხვდება.
- საერთო საცხოვრებელში ცხოვრება. უნივერსიტეტებისა და კოლეჯების საერთო საცხოვრებლებში მცხოვრები სტუდენტები, სკოლა-ინტერნატებში მცხოვრები მოსწავლეები, სამხედრო ნაწილებში მცხოვრები ჯარისკაცები მენინგოკოკური მენინგიტის განვითარების მაღალი რისკის ჯგუფს მიეკუთვნებიან.
- ორსულობა. ორსულობის დროს მომატებულია ლისტერიოზით დაავადების ალბათობა. ლისტერიოზი ინფექციაა, რომელსაც ბაქტერია ლისტერია იწვევს. ამ ბაქტერიას მენინგიტის გამოწვევაც შეუძლია. ლისტერიოზის დროს იზრდება მუცლის მოშლის, მკვდარი ნაყოფის დაბადებისა და ნაადრევი მშობიარობის რისკი.
- სუსტი იმუნიტეტი. შიდსი, ალკოჰოლიზმი, დიაბეტი, იმუნოსუპრესორული მედიკამენტების გამოყენება და სხვა ფაქტორები თრგუნავს იმუნიტეტს და ამით ზრდის მენინგიტის განვითარების რისკს.
გართულებები
მენინგიტმა შესაძლოა ძალიან საშიშ გართულებამდე მიგვიყვანოს. რაც უფრო მეტხანს გაჭიანურდება მკურნალობის დაწყება, მით უფრო მოიმატებს:
- სმენის დაკარგვის;
- მეხსიერების დაქვეითების;
- სწავლის უნარის დაქვეითების;
- ტვინის დაზიანების;
- კრუნჩხვის;
- თირკმლის უკმარისობის;
- შოკის;
- სიკვდილის ალბათობა.
როგორ მოვიქცეთ
ბაქტერიული მენინგიტი უაღრესად საშიში დაავადებაა, რომელიც დაუყოვნებელი ანტიბიოტიკოთერაპიის გარეშე შესაძლოა ფატალურად დასრულდეს. დაგვიანებული მკურნალობა ზრდის ტვინის პერმანენტული დაზიანებისა და სიკვდილის რისკს. დროული ჩარევით კი მენინგიტის შედარებით რთული ფორმებიც შეიძლება უდანაკარგოდ გადავლახოთ, ამიტომ მაშინვე მიმართეთ ექიმს, თუ თქვენ ან თქვენი ოჯახის წევრს გამოგაჩნდათ სიმპტომების შემდეგი კომპლექსი:
- სიცხე;
- ძლიერი, შეუჩერებელი თავის ტკივილი;
- ღებინება;
- გონების დაბინდვა;
- კეფის კუნთების რიგიდულობა.
მენინგიტის გამომწვევი ბაქტერია ან ვირუსი შესაძლოა გავრცელდეს ხველების, ცემინების, კოცნის, საერთო ჭურჭლის, სხვისი კბილის ჯაგრისის ან სიგარეტის მეშვეობით. ამ პრობლემის თავიდან აცილებაში შემდეგი წესების დაცვა დაგვეხმარება:
- იბანეთ ხელები. ეს მიკროორგანიზმებისგან დაგიცავთ. ასწავლეთ ბავშვებს ხელების ბანა, განსაკუთრებით – ჭამის წინ, საპირფარეშოთი სარგებლობის, ხალხმრავალ ადგილას ყოფნის და ცხოველებთან თამაშის შემდეგ.
- დაიცავით ჰიგიენა. ეცადეთ, არ დალიოთ სასმელი სხვისი ბოთლიდან, არ ჭამოთ სხვისი თეფშიდან, არ გამოიყენოთ არავის ტუჩსაცხი ან კბილის ჯაგრისი. ამ წესების დაცვა ასევე ასწავლეთ ბავშვებს.
- იცხოვრეთ ჯანსაღად. ეცადეთ, შეინარჩუნოთ ძლიერი იმუნიტეტი. ამისთვის საკმარისი უნდა გეძინოთ და დაისვენოთ, ივარჯიშოთ რეგულარულად, იკვებოთ სწორად, მიიღოთ ცოცხალი ხილი და ბოსტნეული.
- დაიფარეთ პირი. ხველების ან ცემინების დროს ეცადეთ, პირისა და ცხვირის არე (ცხვირსახოცით, ხელსახოცით, უკიდურეს შემთხვევაში – სახელოთი) დაიფაროთ.
- თუ ორსულად ხართ, ყურადღებით შეამოწმეთ საკვების სისუფთავე. ლისტერიოზის რისკის შესამცირებლად მიიღეთ მხოლოდ თერმულად კარგად დამუშავებული ხორცი, ერიდეთ ქუჩაში ჰოთ-დოგის, სოსისის, ძეხვეულის შეძენას. ნუ შეჭამთ არაპასტერიზებული რძისგან დამზადებულ ყველს. აირჩიეთ მხოლოდ ისეთი ნაწარმი, რომლის ეტიკეტზეც გარკვევით იქნება მითითებული, რომ დამზადებულია პასტერიზებული რძისგან.
ორსულობა ჩვენს ცნობიერებაში ყველაზე ბედნიერ ცხრა თვესთან ასოცირდება. მართლაც ასეა, უფრო სწორად, ასე უნდა იყოს, მაგრამ არცთუ იშვიათად მოვლენები სულ სხვა სცენარით ვითარდება. საბავშვო ოთახის მოწყობის, პაწაწინა ტანსაცმლის შერჩევის, სეირნობის და, საერთოდ, სიცოცხლით ტკბობის ნაცვლად საწოლს მიეჯაჭვეთ, საჭმლის გახსენებაზეც კი გული გერევათ, აღარც სეირნობთ, აღარც ნაყოფის მოფერება გინდათ... ერთადერთ რამეზე ოცნებობთ: რაც შეიძლება მალე გავიდეს ცხრა თვე.
რით დაგამშვიდოთ? უპირველესად – იმით, რომ, გარდა განსაკუთრებული შემთხვევებისა, ორსულთა ტოქსიკოზი საშიში არ არის, და მეორე – 12-16 კვირის შემდეგ, დიდი ალბათობით, ყველაფერი თავისთავად გაივლის. თუმცა დავიწყოთ თავიდან.
აუცილებლად დამემართება?
სტატისტიკა ასეთია: გულისრევას ორსულთა 50-90% უჩივის, ღებინებას კი 25-55%. მაშასადამე, ეს საკმაოდ გავრცელებული ჩივილია. რა იწვევს მას? სამწუხაროდ, ამ კითხვაზე ერთმნიშვნელოვანი პასუხი მეცნიერებს ჯერაც არ აქვთ. მათი ნაწილი ვარაუდობს, რომ მიზეზი ორგანიზმის ერთგვარი ინტოქსიკაციაა – ემბრიონი, რა უცნაურადაც უნდა ჟღერდეს, უცხო სხეულია ქალის ორგანიზმისთვის და ამ უკანასკნელსაც ისეთივე რეაქცია აქვს მასზე, როგორიც სხვა უცხო სხეულებზე ექნებოდა. თავიანთი წვლილი შეაქვთ ჰორმონულ ცვლილებებს, ალერგიულ თუ იმუნურ ფაქტორებს...
წინასწარ ვერავინ იტყვის, განვითარდება თუ არა ორსულობის დროს ტოქსიკოზი. მითია ისიც, რომ ტოქსიკოზი მხოლოდ პირველი ორსულობის დროს არის მოსალოდნელი ან ნაყოფის სქესზეა დამოკიდებული – ხალხში გავრცელებულ ამ წარმოდგენებს მეცნიერული საფუძველი არ გააჩნია.
როგორ ვლინდება
გულისრევასა და ღებინებასთან ერთად ორსულთა ტოქსიკოზს ახასიათებს განწყობის გაუარესება, გაძლიერებული ნერწყვდენა, თავბრუხვევა, სისუსტე, ადინამია. სიმპტომები დილის საათებშია ყველაზე მწვავე, თუმცა ისიც შესაძლოა, მთელი დღე გაგყვეთ. მე-12-16 კვირიდან ტოქსიკოზი, როგორც წესი, თავისთავად გაივლის.
რამდენად მძიმეა
მსუბუქი ტოქსიკოზის დროს ღებინება დღეში 2-3-ჯერადია. ზოგჯერ ქალს არც კი აღებინებს – მხოლოდ გულისრევა აწუხებს. შეგრძნებას აძლიერებს მძაფრი სუნი.
როცა ღებინების ეპიზოდები დღეში 6-10-ს აღწევს, ორსულს უჭირს ყოველდღიური საქმიანობა, აქვს გაუწყლოების ნიშნები.
უფრო მძიმე ტოქსიკოზის დროს ღებინებათა რაოდენობამ შესაძლოა 15-საც გადააჭარბოს. ორსული ფაქტობრივად ვერ იღებს საკვებს, იკლებს წონას, მივარდნილია, სითხისგან დაცლილი. შეტევები თავს იჩენს დღის ნებისმიერ მონაკვეთში. სისხლში იკლებს გლუკოზის დონე, შარდში ჩნდება ცილა, ირღვევა ნივთიერებათა ცვლა, მცირდება შარდვა, კანი შრება, ჩნდება აცეტონის სუნი. ამ დროს ჰოსპიტალიზაციაა საჭირო, რადგან არც დედას, არც ნაყოფს საჭირო ელემენტები აღარ მიეწოდება. ფერხდება ნაყოფის ზრდა და განვითარება, ვითარდება ჰიპოქსია და სხვა დარღვევები.
ერთი სიტყვით, მძიმე ტოქსიკოზი დედა-შვილს შესაძლოა ძვირად დაუჯდეს. საბედნიეროდ, ასეთი ფორმები იშვიათია, მსუბუქი ტოქსიკოზი კი ნაყოფზე უარყოფით გავლენას არ ახდენს.
როდის მივმართოთ ექიმს
ექიმთან ნებისმიერ შემთხვევაში უნდა მიხვიდეთ – ორსულობა ის მდგომარეობა არ არის, როდესაც შეიძლება, ვითარების სიმძიმე თავად შეაფასოთ. არსებობს ისეთი ნიშნებიც, რომელთა გაჩენის შემთხვევაში ექიმთან ვიზიტი სასიცოცხლოდ აუცილებელია.
ესენია:
- ღებინება დღეში 5-10-ჯერ და მეტჯერ;
- შეუჩერებელი ღებინება;
- წონის კლება;
- აცეტონის სუნი;
- წნევის მნიშვნელოვანი დაქვეითება;
- ძლიერი მივარდნილობა, სისუსტე;
- შრომის უნარის დაქვეითება;
- მადის გაქრობა;
- შარდვის გაძნელება;
- სუნთქვის გაძნელება ან ქოშინი;
- გულის რიტმის დარღვევა.
თუ არ გაიარა
12 კვირა როგორღაც გადააგორეთ და ახლა საათებს ითვლით, რომ, დაპირებისამებრ, გულისრევამ ერთხელ და სამუდამოდ დაგანებოთ თავი. გათენდა მე-13 კვირის პირველი დღეც; იმედით სცდით საკუთარ თავს და მთელი გულით გინდათ დაიჯეროთ, რომ სამყაროს უწინდებური აღქმა დაგიბრუნდათ, მაგრამ ამაოდ – ნაცნობი რეფლექსი კვლავ საპირფარეშოსკენ გაქცევას გაიძულებთ. ასეა მეორე დღესაც... რა ხდება? დიდი ალბათობით, ეს იმაზე მიუთითებს, რომ ორსულთა ტოქსიკოზი კი არ გქონდათ, არამედ ორსულობამ გულისრევითა და ღებინებით მიმდინარე ფარული დაავადების გამოვლენას შეუწყო ხელი. სანამ მიზეზს არ დაადგენთ და არ უმკურნალებთ, ვითარება არ გამოსწორდება.
მაინც რომელი დაავადება იმალებოდა ორსულთა ტოქსიკოზის მიღმა? ეჭვმიტანილთა სია საკმაოდ ვრცელია, საჭმლის მომნელებელი სისტემის პათოლოგიებით დაწყებული, თირკმლის დაავადებებით დამთავრებული. ამ დროს ექიმი დამატებით კვლევებს დაგინიშნავთ (ცხადია, ისეთებს, რომლებიც ორსულისთვის უსაფრთხოა). მკურნალობა და შემდგომი ტაქტიკა სწორედ მათ შედეგებზე იქნება დამოკიდებული.
რა ვიღონოთ
მდგომარეობას რამდენადმე შეამსუბუქებს, ზოგიერთ შემთხვევაში კი პრობლემას სრულიად აღმოფხვრის შემდეგი რეკომენდაციების დაცვა:
- იკვებეთ ხშირად, მაგრამ მცირე ულუფებით;
- მიიღეთ ცივი საკვები – მას არ აქვს მძაფრი სუნი და ტოქსიკოზის პროვოცირებას არ მოახდენს;
- წაიხემსეთ, სანამ საწოლიდან ადგებით – კრეკერი ან სხვა მსუბუქი საკვები ღამით სასთუმალთან დაიდეთ და გაღვიძებისთანავე მიირთვით;
- მიიღეთ კოჭა (ჯანჯაფილი);
- ერიდეთ ფასტფუდს, ცხიმიანს, შემწვარს, კონსერვებს, გაზიან სასმელებს – ყველაფერს, რაც საჭმლის მომნელებელ სისტემას აღიზიანებს;
- სვით ბევრი სითხე, მაგრამ არა ერთბაშად, არამედ ყლუპებად;
- დაძინებამდე 2 საათის განმავლობაში ნურაფერს შეჭამთ. უკიდურეს შემთხვევაში, ეცადეთ, ვახშამი ძალიან მსუბუქი იყოს.
როდესაც ქალი სითხეს ვერ იღებს, ძალიან სუსტადაა და მაღალია რისკი, ელემენტების დეფიციტი ნაყოფსაც განუვითარდეს, ატარებენ ინფუზიურ თერაპიას (ე.წ. გადასხმებს). ის, ორსულის საერთო მდგომარეობიდან გამომდინარე, სტაციონარშიც შეიძლება ჩატარდეს და ბინაზეც. არსებობს ტოქსიკოზის სამკურნალო მედიკამენტებიც. ისინი მხოლოდ ექიმის დანიშნულებით უნდა მიიღოთ. მაგრამ მანამდე ზემოთ მოყვანილი რეკომენდაციების შესრულება მოგიწევთ. თუ ისინი უეფექტო აღმოჩნდა და ტოქსიკოზმა მეტისმეტად შეგაწუხათ, მერეღა შემოგთავაზებენ ანტიჰისტამინებს (დოქსილამინს) და ვიტამინ B6-ს.გახსოვდეთ, თვითნებური მკურნალობა დაუშვებელია!!! ტოქსიკოზი დაავადება არ არის, ის, შეიძლება ითქვას, ორსულობის ფიზიოლოგიური მხარეა, ამიტომ უნდა ეცადოთ, ასევე ფიზიოლოგიურად, უწამლოდ მოაგვაროთ.
საშიში ტოქსიკოზი
როგორც აღვნიშნეთ, ორსულთა ტოქსიკოზი პირველ ტრემესტრში იწყება. თუ ჩივილებმა 24-36-ე კვირას იჩინა თავი, ეს უკვე აღარ არის ადრეული ტოქსიკოზივით უწყინარი მდგომარეობა – პირიქით, გართულების და, შესაძლოა, სიკვდილის მიზეზადაც კი იქცეს. საქმე ეხება პრეეკლამფსია-ეკლამფსიას (ე.წ. გვიან ტოქსიკოზს), რომელიც მთელ მსოფლიოში დედათა სიკვდილიანობის ერთ-ერთ წამყვან მიზეზად მიიჩნევა. ღებინება ამ დროს შესაძლოა საერთოდ არ იყოს. პრეეკლამფსია-ეკლამფსიის მთავარი ნიშნები არტერიული ჰიპერტენზია, შარდში ცილა, შეშუპება და გულყრებია. მკურნალობაც, შესაბამისად, წნევის კონტროლს და გულყრების პრევენციას გულისხმობს. შეიძლება ითქვას, რომ პრეეკლამფსია-ეკლამფსიის დროს ორსულობას საფრთხეს თავად ორსულობა უქმნის, ამიტომ ერთადერთი გამოსავალი მისი შეწყვეტა – მშობიარობის ხელოვნურად გამოწვევაა. ეს იმ დროს და იმგვარად უნდა მოხდეს, რომ ნაყოფის ჯანრმთელობას საფრთხე არ დაემუქროს. მთავარი სირთულე სწორედ მშობიარობის ოპტიმალური ვადის განსაზღვრაა. თუ ორსულმა პრეეკლამფსია-ეკლამფსიის პირველი ნიშნების გამოვლენისთანავე მიმართა სამედიცინო დახმარებას, დიაგნოზი დროულად დაისვა და მდგომარეობას კვალიფიციური ექიმი მართავს, გართულების ალბათობა ერთიორად შემცირდება.
გვანცა გოგოლაძე, ელენე ზურაბიშვილი