კუჭ-ნაწლავის საახალწლო პრობლემები
გააზიარე:
როგორ ფიქრობთ, ახალ წელს პირველი რომელი ორგანო გრძნობს? რა თქმა უნდა, თვალს არ გამოეპარება, როდის მიუახლოვდება საათის ორივე ისარი თორმეტს, პაწია გულებიც საახალწლო საჩუქრის მოლოდინში განსაკუთრებით ფრთხიალებენ... მაგრამ ყველაზე ღრმა კვალს ახალი წელი მაინც კუჭ-ნაწლავს აჩნევს.
მაინც რატომ ზარალდება საჭმლის მომნელებელი ორგანოები ყველაზე მეტად? მოდი, გავარკვიოთ.
რატომ გვეშინია ცხიმების
გასტრიტი, ქოლეცისტიტი, კოლიტი, წყლულოვანი დაავადება – ეს იმ სნეულებათა არასრული ჩამონათვალია, რომელთა გამწვავებაც სადღესასწაულო ტრაპეზს ჩაროზად მოსდევს. საკმარისია, ცხიმიან კერძს გავკრათ კბილი, რომ ან ნაღვლის ბუშტი გააპროტესტებს, ან კუჭი. და იწყება ქოლესტეროლისმისამართით უხამსი გამოთქმების მოშველიება (თუმცა ამ ცხიმს ჩვენში ჯერ კიდევ “ქოლესტერინის” სახელით იხსენიებენ)…
მოდი, გავარკვიოთ, საერთოდ ღირს თუ არა ცხიმის მიღება.
ქოლესტეროლს, ამქვეყნად ყველაზე პოპულარულ ცხიმოვან ნაერთს, ორგანიზმი ორი წყაროდან იღებს: ნაწილი საკვებში (კვერცხში, რძის ნაწარმში, ხორცში) მოიპოვება, ნაწილს კი ჩვენივე ღვიძლი წარმოქმნის.
ქოლესტეროლის დონე სასურველია 150 მგ/დლ (3.9 მმოლ/ლ)-ზე ქვემოთ შევინარჩუნოთ. 200 მგ/დლ (5.2 მმოლ/ლ) უკვე საშიში ზონაა, შემდგომი მატება კი ლამის კატასტროფის ტოლფასია.
სტატისტიკოსებმა გამოთვალეს, რომ ქოლესტეროლის დონის 50 მგ/დლ (1.3 მმოლ/ლ)-ით აწევისას ინფარქტის საფრთხე ორჯერ იმატებს.
თუმცა ქოლესტეროლიც არის და ქოლესტეროლიც. ჩვენს ჯანმრთელობას ყოველგვარი ქოლესტეროლი არ ემტერება.
“ცუდი” და “კარგი” ქოლესტეროლის ერთმანეთისგან გასარჩევად კლასიფიკაცია მოიშველიეს, რომელსაც მხოლოდ ერთი ფიზიკური პარამეტრი – სიმკვრივე დაედო საფუძვლად.
აქედან გამომდინარე, გამოყოფენ ლიპოპროტეინების სამ კლასს: მაღალი სიმკვრივისას, დაბალი სიმკვრივისას და ძალიან დაბალი სიმკვრივისას. დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების 55% ქოლესტეროლია, ამიტომაც არ ენანებათ და უხვად გასცემენ. რომელიმე უჯრედს საქმისთვის თუ დასჭირდა, უარს ნამდვილად არ ეტყვიან, ანომალიურ ვითარებაში კი ქოლესტეროლის მარაგს არტერიებში გლუვი კუნთების ბოჭკოებს შორის ალაგებენ. რაღა გასაკვირია, რომ ასეთ ქოლესტეროლს “ცუდი” უწოდეს.
მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების ნახევარი ცილაა, ქოლესტეროლის წილად კი სულ 13% მოდის. ლიპოპროტეინებს ზედმეტი ქოლესტეროლი უჯრედებიდან გამოაქვთ და ღვიძლში მიაქვთ. ასეთ ქოლესტეროლს დამსახურებულად უწოდებენ “კარგს”.
იმისდა მიხედვით, რას მივირთმევთ, ივსება როგორც “კარგი”, ისე “ცუდი” ქოლესტეროლის მარაგი. იმისთვის, რომ “ბალანსზე” შეძლებისდაგვარად სასარგებლო ცხიმი დავაგროვოთ, კვების რაციონის გონივრულად შერჩევა მოგვიწევს.
უსაფრთხო ტრაპეზი
ახალი წლის დღეებში გემრიელი და ამავე დროს ნოყიერი საკვებით ყელი თუ არ ჩავიკოკლოზინეთ, რაღა გამოვა? მოდი, პატარ-პატარა ხრიკები მოვიშველიოთ და სადღესასწაულო განწყობა არ გავიფუჭოთ.
მოკლედ, ვიქცევით ასე:
. თუ სადღესასწაულო სუფრა შემწვარი თევზისა და ქათმის გარეშე ვერ წარმოგიდგენიათ, ვიდრე სუფრასთან მიიტანდეთ და გარნირს შემოუწყობდეთ, გაფქცვენით ― სწორედ კანია გაჯერებული ცხიმით.
. კერძს ცხიმით უხვად ნუ შეაზავებთ. ერიდეთ ხორცის (მათ შორის – ფრინველისა და თევზის) მოხრაკვას. უმჯობესია, საკუთარ ცხიმში მოშუშოთ ან ღუმელში უცხიმოდ შეწვათ. თევზი, ჯობს, ძალიან ცოტა წყალში მოხარშოთ და ლიმონის წვენი მოასხათ.
. ვინეგრეტის მოსამზადებლად სამარხვო მაიონეზი ან უცხიმო იოგურტი ( წარწერით “Без Сливок”) გამოიყენეთ.
. ყველა კერძს შეძლებისდაგვარად დააკელით მარილი. სანაცვლოდ უხვად შეაზავეთ სუნელებითა და მწვანილით.
. თუ თქვენს საახალწლო სუფრას ხიზილალა ამშვენებს, ის უკარაქოდ, პურის პატარა ნაჭერთან ერთად მიირთვით, წითელ თევზს კი პურს საერთოდ ნუ მიატანთ.
. ხილის წვენი, მით უმეტეს – თუ კუჭ-ნაწლავი გაწუხებთ, გირჩევთ, მინერალური წყლით გაზავებული მიირთვათ.
. უპირატესობა მშრალ ღვინოებს მიანიჭეთ, შამპანური კი უმჯობესია ბრუტი შეიძინოთ – ის გაცილებით დაბალკალორიულია, ოღონდ გახსოვდეთ, რომ ნებისმიერი ალკოჰოლური სასმელი მადას აღძრავს.
. ეცადეთ, ნაკლებცხიმიანი ნამცხვარი გამოაცხოთ. საუკეთესო ჩაროზია გოზინაყი, ხილი, ჩურჩხელა, თხილი. ისინი მალე დაგანაყრებთ და კალორიული კრემით გაჯერებული ნამცხვრის ჭამის სურვილსაც დაგიკარგავთ.
საღამოს სტუმრად მიდიხართ? ეჭვგარეშეა, დიასახლისი უხვი და ნოყიერი სუფრით მოიწონებს თავს. თქვენ კი ისღა დაგრჩენიათ, გამოძღომით განცდილი დისკომფორტი აიცილოთ თავიდან:
. დღის განმავლობაში, როგორი დაკავებულიც არ უნდა იყოთ, აიძულეთ თავი, თითო-ოროლა ლუკმა მაინც გადაყლაპოთ.
. ვიდრე სუფრას მიუსხდებოდეთ, ნახევარი საათით ადრე რაიმე ტკბილი მიირთვით, თუნდაც ერთი ცალი კანფეტი. ასე მადას იოლად დაიცხრობთ.
. თეფშზე კერძი მცირე ულუფებად გადაიღეთ, დანაყრებაზე ნუ იფიქრებთ, უბრალოდ, გემო გაუსინჯეთ.
. უპირატესობა იმ კერძებს მიანიჭეთ, რომლებიც საჭმლის მონელებას უწყობს ხელს. თუ სულმა წაგძლიათ და ცხიმიანი კერძი ჭარბად მიირთვით, უთუოდ დააყოლეთ ლიმონი, ანანასი ან პაპაია. ისინი მდიდარია ფერმენტებით, რომლებიც ცხიმის დაშლაში მონაწილეობს.
დაბოლოს: სუფრასთან რაც შეიძლება მეტი ისაუბრეთ, ეგებ საჭმელად ნაკლები დრო დაგრჩეთ :)
ჩასაფრებული ბახუსი
საახალწლო სუფრა ალკოჰოლიანი სასმელების გარეშე წარმოუდგენელია. სწორედ სმით გართულებს ახსენდებათ ხოლმე, რომ ღვინო, შამპანური თუ კონიაკი (კიდევ სხვებიც!) ჯანმრთელობისთვის ძალიან სასარგებლოა, ხოლო ზომიერება ავიწყდებათ.
ალკოჰოლიანი სასმელი, უმთავრესად – ღვინო, მართლაც შეიცავს კომპონენტებს, რომლებსაც სამკურნალო თვისებები აქვს. ისინი ანთების საწინააღმდეგო ეფექტს ავლენენ და შესანიშნავად მოქმედებენ ასთმასა და ფილტვის ზოგიერთ ქრონიკულ დაავადებაზე, გვიცავენ ზედმეტი წონისგან, ააქტიურებენ ნაღვლის ბუშტის ფერმენტების მოქმედებას, ანელებენ დაბერების პროცესს. თქვენ წარმოიდგინეთ, ვირუსებსაც შესანიშნავად ებრძვიან. ღვინის შემადგენლობაში არსებული ფენოლური ნაერთები კი ნამდვილ სასწაულს ახდენენ: ისინი ათეროსკლეროზის დროს სისხლძარღვებში უხერხულად გაჭედილ ფოლაქებს შლიან. ეს იმიტომ, რომ ღვინო მაღლა სწევს სისხლში “კარგი” ქოლესტეროლის დონეს, ამცირებს “ცუდის” შემცველობას, არეგულირებს არტერიულ წნევას.
ღვინის მოყვარულებმა კი დაიხსომეთ: იმისთვის, რომ ვაზის ნაჟური წამლად შეგერგოთ, ზომიერად სმაა საჭირო – დღეში არა უმეტეს 300-400 მლ-ისა, რაც დაახლოებით 2 ჭიქას უდრის.
ორიოდე ყლუპმა ალკოჰოლმა საახალწლო განწყობა რომ არ გაგიფუჭოთ, რამდენიმე რჩევა გაითვალისწინეთ:
. ეცადეთ, სასმელს ცხიმიანი საკვები (ოღონდ ძალიან ცოტა) მიაყოლოთ – ცხიმი ორგანიზმში დამცავ ფენას ქმნის და ალკოჰოლის შეწოვას უშლის ხელს.
. არ დალიოთ სასმელი მშიერ კუჭზე.
. შეარჩიეთ სუფთა და სანდო სასმელი.
. ნუ აურევთ ერთმანეთში სხვადასხვა სასმელს, ეცადეთ, დღის განმავლობაში მხოლოდ ერთი ტიპისა მიირთვათ.
. შეგიძლიათ, ალკოჰოლიანი სასმელი ხილის წვენით ან კომპოტით განაზაოთ, ოღონდ არამც და არამც – გაზიანით.
. ოთახი, სადაც სუფრაა გაშლილი, ხშირად გაანიავეთ, თუ სტუმრად ხართ – მასპინძელს სთხოვეთ. ჩახუთული ჰაერი და თამბაქოს კვამლი, მით უმეტეს – ალკოჰოლთან ერთად, ჯანმრთელობას ნამდვილად არ წაადგება.
რაც მთავარია, ნუ უღალატებთ ქართულ ტრადიციებს. ეცადეთ, სუფრაზე სმას მოლხენა, სიმღერა და ცეკვა შეუნაცვლოთ. ასე კარგ განწყობასაც შეინარჩუნებთ და ვერც ალკოჰოლი მოგერევათ.
დასასრულ მეორე დღის განსაცდელზეც ვთქვათ ორიოდე სიტყვა.
ცნობილია, რომ ნაბახუსევის გასანეიტრალებლად ისევ და ისევ ალკოჰოლს იღებენ. მართალია, თვითშეგრძნებას აუმჯობესებს, მაგრამ, როგორც სპეციალისტები გვარწმუნებენ, ნელ-ნელა შეჩვევას იწვევს. ამას სჯობია, უალკოჰოლო სითხე (ბორჯომი, ნაბეღლავი, ჩაი, ხილის წვენი) მიიღოთ. განსაკუთრებით კარგია ტკბილი სითხეები, მაგალითად, კომპოტი, რომელიც ორგანიზმს მჟავატუტოვანი ბალანსის აღდგენაში ეხმარება. შესაძლოა, წყალში ხსნადმა ასპირინმა და მაწონმაც გიშველოთ.
მხსნელი უჯრედისი
ყველაზე “ნოყიერი” დღესასწაულების (ახალ წელსა და შობას ვგულისხმობთ) შემდეგ კუჭ-ნაწლავს განტვირთვა ნამდვილად სჭირდება. როგორც სპეციალისტები გვარწმუნებენ, მცენარეული საკვები მალამოდ ედება საჭმლის მომნელებელი სისტემის ლორწოვანს. ეს კი უჯრედისის დამსახურება ყოფილა.
იოლი დასაჯერებელია, რომ უჯრედისს (მას საკვებ ბოჭკოებსაც უწოდებენ) საჭმლის მომნელებელი სისტემისთვის სარგებლობა მოაქვს, მაგრამ ბოლო ხანს სულ უფრო ხშირად აპიარებენ ამ ნახშირწყლოვანი საოცრების კიდევ ერთ თვისებას: თურმე უჯრედისით მდიდარი საკვები საგრძნობლად ამცირებს გულის დაავადებებისა და შაქრიანი დიაბეტის ჩამოყალიბების რისკს.
ამერიკის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის რეკომენდაციით, 50 წლამდე ასაკის ქალბატონებმა – დღეში 25 გ, მამაკაცებმა კი 38 გრამი უჯრედისი უნდა აითვისონ. 50 წლის შემდეგ ცელულოზაზე მოთხოვნილება უმნიშვნელოდ იკლებს: ქალებისთვის დღიური ნორმა 21 გ-ია, ხოლო მამაკაცებისთვის – 30 გ.
თუ მენიუს უჯრედისით გამდიდრება განიზრახეთ, გირჩევთ, სტარტი ფრთხილად აიღოთ – შესაძლოა, თქვენი კუჭ-ნაწლავი ცვლილებას ერთბაშად ვერ შეეგუოს და მუცლის ყურყურმა, ნაწლავთა ჭვალმა და მეტეორიზმმა (აირების დაგროვებამ) შეგაწუხოთ.
გირჩევთ, უჯრედისით მდიდარ საკვებს თანდათანობით შეეჩვიოთ, ულუფა დღიდან დღემდე გაზარდოთ. თუ რომელიმე პროდუქტის, მაგალითად, შვრიის ან ჭარხლის მიღებიდან მცირე ხნის შემდეგ დისკომფორტი იჩენს თავს და ასე უკვე რამდენი დღეა (ან კვირაა) გრძელდება, თავს ნუ გაიტანჯავთ, უჯრედისის შემცველ სხვა საკვებს გაუსინჯეთ გემო.
გაითვალისწინეთ: თუ თქვენი მენიუ მდიდარია უჯრედისით, რაც შეიძლება მეტი (დღეში 8 ჭიქამდე) სითხე უნდა სვათ. წყალი და სხვა, უმთავრესად დაუტკბობელი სითხეები ორგანიზმს უჯრედისის შემცველი საკვების მონელებაში დაეხმარება.
ასე რომ, თუ განიზრახეთ, რაციონი უჯრედისით გაიმდიდროთ, ასე მოიქეცით:
. ყოველდღიურად ორი ჭიქა ხილი და 2,5 ჭიქა ბოსტნეული მიირთვით. გაითვალისწინეთ, რომ ნახევარი ჭიქა რაჭული ლობიო – 8,5 გ, ხოლო მინდვრის ლობიო 6,2 გ უჯრედისს შეიცავს. მცირე ზომის მსხალში საკვები ბოჭკო 4,4 გ-ია, ნახევარ ჭიქა ბარდაში – 4,4 გ, ნახევარ ჭიქა ჟოლოში – 4 გ, მეოთხედ ჭიქა ლეღვში – 3,6 გ, ნახევარ ჭიქა ისპანახში – 3,5 გ, საშუალო ზომის ვაშლში – 3,3 გ, საშუალო ზომის ფორთოხალში – 3,1 გ.
. წმინდად დაფქული ხორბლის ნაცვლად დაცეხვილი მიირთვით. უპირატესობა მიანიჭეთ არა თეთრ, არამედ მუქ ბრინჯს, უხვად ჩართეთ მენიუში ქატო, შვრია, ბურღული, ბატიბუტი.
. კვირაში ერთხელ მიირთვით ლობიო და სხვა პარკოსნები.