გასეირნება ძველ თბილისში
გააზიარე:
არქიტექტურული მემკვიდრეობა ერის ისტორიას, მის ტემპერამენტს ასახავს. ცხოვრების წესსა და რიტმთან ერთად იცვლება ქალაქების იერსახეც. დღეს, როდესაც საქართველოში მრავალსართულიანი კომერციული ნაგებობების ბუმია, კულტურული მემკვიდრეობის დაცვა, კოლორიტის შენარჩუნება განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს.
არქიტექტორ-რესტავრატორ ლია ბოკუჩავასთვის ძვირფასია თბილისის ყოველი ეზო, სარდაფი, აივანი თუ შუშაბანდი. ძველი თბილისის რეაბილიტაციის პროგრამაშიც აქტიურად არის ჩართული და ლამის ყველა სახლის ისტორია იცის. ქალბატონი ლია ICOMOS ძეგლებისა და ღირსშესანიშნავი ადგილების საკითხთა საქართველოს ეროვნული კავშირის აღმასრულებელი დირექტორია. სწორედ ამ ორგანიზაციამ წარმოადგინა 1999 წელს ძველი თბილისის შენარჩუნების პროგრამა და დაიწყო ბეთლემის უბნის რევიტალიზაციის საცდელი პროექტის განხორციელება UNESCO-ს კულტურული მემკვიდრეობის დივიზიის, ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და კულტურული მემკვიდრეობის დირექტორატის თანადგომით.
წინათ და ახლა
– ისტორიული წყაროების ცნობით, V საუკუნეში თბილისის ცენტრად ითვლებოდა კლდისუბანი, გორგასლის მოედანი და მუხრანთუბანი, – გვითხრა ქალბატონმა ლიამ, – ასევე – კალა, რომლის რეაბილიტაცია მცირე ხნის წინ ჩატარდა. გალავნით შემოსაზღვრულ ქალაქის ამ ნაწილში მდებარეობდა სამეფო რეზიდენცია, სასახლეები, ეკლესიები, საღვთისმეტყველო სკოლები და აბანოები. ხის უნიკალური აივნებით შემკული ფასადები გამორჩეულ სტილს ქმნიდა.
XVIII-XIX საუკუნეებისთვის ქალაქი ახლანდელი სოლოლაკის მიმართულებით განვითარდა. იქ უფრო აქტიურად შეიჭრა ევროპული სტილის არქიტექტურა და თბილისურმა აივნებმა ფასადებიდან შიდა ეზოების მხარეს გადაინაცვლა.
ისტორიულმა თბილისმა, რომლის არქიტექტურული სახე საბოლოოდ XIX საუკუნეში ჩამოყალიბდა, დიდი დანაკარგებით მოაღწია ჩვენამდე. საბჭოეთის სამოცდაათწლიანი გარინდების, XX საუკუნის მიწურულის სამოქალაქო ომის, 2002 წლის ძლიერი მიწისძვრის, ხანგრძლივი მოუვლელობისა და, დასასრულ, ისტორიულ ურბანულ ქსოვილში შეჭრილი უხეში ახალმშენებლობის წყალობით ქალაქი გაპარტახდა. თუმცა ძველი თბილისის ულამაზეს უბნებს ბზარებით დაღარულს, მოუვლელსა და გაფერმკრთალებულსაც კი არ დაუკარგავს მომხიბვლელობა. გაისეირნეთ ბეთლემის მიხვეულ-მოხვეულ ქუჩებში და დარწმუნდებით. მთის ფერდობზე შეფენილი სახლების ტერასოვანი განლაგება, ქუჩების, შუკებისა და ქუჩა-კიბეების ულამაზესი ქსელი, ეკლესიები, საცხოვრებელი სახლები, სამრეკლოები და ათეშგა – ცეცხლთაყვანისმცემელთა ტაძარი – უნიკალურ სისტემას ქმნის და ხელოსანთა დაოსტატების მრავალსაუკუნოვანი პროფესიული ინსტიტუტის, ამქრობის, ცოცხალ მაგალითებს გვიჩვენებს.
ამ ყველაფრის მოვლა-პატრონობა არა მხოლოდ თბილისისთვის, ქვეყნისთვისაა მნიშვნელოვანი. სპეციალისტები ხშირად ჩივიან, რომ რესტავრაციის დროს უმეტესად ფასადებზე მუშაობენ და იყენებენ მეთოდს, რომელიც არა ავთენტური არქიტექტურული ელემენტების გადარჩენაზე, არამედ სწრაფ რემონტზეა გათვლილი – კედელზე ბადეს აკრავენ და ცემენტით ლესავენ, მერე კი ახლად ჩამოსხმულ დეკორს აწებებენ. არადა პროექტის მთავარი მიზანი ხომ სწორედ ძეგლის ისტორიული ფასეულობის შენარჩუნებაა.
გუდიაშვილის მოედანი
– გეხსომებათ, რა საპროტესტო ტალღა მოჰყვა გუდიაშვილის მოედნის რეკონსტრუქციის პირველი პროექტის გამოქვეყნებას. საქმე ის არის, რომ იქ ისტორიული შენობების დანგრევა და მათ ნაცვლად ახალი, თანამედროვე სტილის სახლების აშენება, ხოლო სკვერის ადგილას პარკინგის მოწყობა იგეგმებოდა. მიტინგების სერიის შემდეგ, მერიის დავალებითა და თბილისის განვითარების ფონდის დაკვეთით, შემუშავდა ამ არეალის კონსერვაციისა და 11 ისტორიული ნაგებობის სრული რესტავრაციის გეგმა. პროექტი ძეგლებისა და ღირსშესანიშნავი ადგილების საკითხთა საქართველოს ეროვნულმა კავშირმა შეასრულა.
უკვე მესამე წელია, გუდიაშვილის მოედანზე სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს. ახალი კომუნიკაციების დასამონტაჟებლად სახლებს შორის გზები 6-7 მეტრ სიღრმეზე გაითხარა, უსაფრთხოებისთვის შენობების გარშემო რკინის კონსტრუქციები აიგო. ამჟამად ყველა პირობაა შექმნილი ამ არეალის მოსაწესრიგებლად, თუმცა ის წრე, რომელიც გუდიაშვილის გარშემო გაკეთდა, არ არის საკმარისი – პრობლემა ვერ მოგვარდება, სანამ კონსერვაციის გეგმის მთელ არეალში ყველა კომუნიკაცია არ მოწესრიგდება.
მერიის პრესსამსახურის ცნობით, გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაციისთვის 50 მილიონი ლარია გამოყოფილი. საკმაოდ ძვირად ღირებული სამუშაოები ჩატარდა აღმაშენებლის გამზირზეც. მიმდინარეობს ორბელიანის ქუჩის რეაბილიტაციაც.
აღმაშენებლის გამზირის მარგალიტი
– აღმაშენებლის გამზირზე თითოეულ სახლს მაქსიმალურად შევუნარჩუნეთ ისტორიული ღირებულება და დავუბრუნეთ თავდაპირველი სახე. ამ საგანძურის გამორჩეული მარგალიტია ცნობილი ქართველი მეცენატის ერასტი ჭავჭანიძის 1903 წელს აშენებული სახლი. ის დეკორის სიუხვით გამოირჩევა, ტალღოვანი კარნიზებიც მრავლადაა და ნაძერწი ფერადი გირლანდებიც. უჩვეულო კრონშტეინები ყვავილოვან ორნამენტებშია ჩართული. საოცრად დახვეწილია შეკიდული აივნების რკინის მოაჯირები. სადარბაზო მთლიანად შემკულია იმ დროისთვის დამახასიათებელი მოხატულობით. ამბობენ, რომ ის ფლორენციელ მხატვრებს მოუხატავთ. კედლებს ულამაზესი პეიზაჟები ამშვენებს. აქვე ნახავთ სცენებს “ვეფხისტყაოსნიდან”, რომლებიც მიხაი ზიჩის ილუსტრაციების მიხედვითაა შექმნილი. ეზოს მხრიდან სახლს თბილისური ხის აივნები აკრავს.
ერასტი ჭავჭანიძე ცოლშვილითურთ სწორედ ამ სახლში ცხოვრობდა. გასაბჭოების შემდეგ, 1927 წელს, მას ქონება ჩამოართვეს და ერთი ოთახიღა დაუტოვეს. ამჟამად იქ მისი შვილიშვილი, ქალბატონი თამარ ჭავჭანიძე ცხოვრობს.
სახლი დადიანზე
– შალვა დადიანის 36 ნომერში მდებარე აივნიანი სახლი, შეიძლება ითქვას, თბილისის ულამაზესი სახლების ათეულში შედის. ის თბილისის შესახებ გამოცემულ თითქმის ყველა წიგნში ფიგურირებს. მისი ფოტო, ფაქტობრივად, ქალაქის სავიზიტო ბარათად იქცა.
ამ სახლსაც დიდი ისტორია აქვს. რესტავრაციის პირველი პროექტი, რომელიც ძეგლთა დაცვის სამმართველომ დაგვიკვეთა, 2005 წელს შესრულდა. იყო ვარაუდი, რომ სახლი ძველი ქალაქის გალავნის ბურჯზე იდგა. რესტავრაციის დროს, საძირკვლის გამაგრებისა და კედლებიდან ნალესობის ჩამოხსნის შემდეგ, მართლაც გამოვლინდა რამდენიმე ისტორიული ფენა, მშენებლობათა კვალი. სამწუხაროა, რომ მათი შენარჩუნება ვერ მოხერხდა – შეიძლებოდა, ისინი მუზეუმად ან ქალაქის ღირშესანიშნაობად ქცეულიყო.
რესტავრაციის პროცესი დიდ სიფაქიზეს მოითხოვს. სპეციალისტი განუწყვეტლივ უნდა აკვირდებოდეს მიმდინარე სამუშაოებს, რადგან ყოველ წუთს შეიძლება გამოვლინდეს ახალი, მეტად ფასეული დეტალი ან სამშენებლო ფენა და პროექტის ნაწილობრივ შეცვლაც კი გახდეს საჭირო. მაგალითად, ღვინის აღმართზე მდებარე სახლში გაჯის ფენის ქვეშ მხატვრობა აღმოვაჩინეთ, რომელსაც რესტავრაცია ჩაუტარდა. სრულიად შემთხვევით ასეთივე ნამუშევარს მივაგენით ლადო ასათიანის ქუჩის ერთ-ერთ სადარბაზოშიც.
რკინა-ბეტონში ჩაჭედილი კალა
– ამ უბანში თითქმის ყველა სახლი თავიდან აშენდა. თუ ნაგებობა რესტავრაციას აღარ ემორჩილება, ბუნებრივია, უნდა დაიშალოს (თუმცა განსაკუთრებულ შემთხვევაში, მისი ფასეულობიდან გამომდინარე, ასეთი სახლის რესტავრაციაც შეიძლება). ისტორიულ არეალში რესტავრაციის დროს სასურველია იმავე მასალისა და მეთოდის გამოყენება, რომლითაც ძველი სახლი იყო ნაგები. ახალი სახლის მასალა და სტილი შესაძლოა თანამედროვე იყოს, მაგრამ ის ჰარმონიულად უნდა ერწყმოდეს გარემოს – არქიტექტურასა და ლანდშაფტს, აქ კი უმრავლეს შემთხვევაში ბლოკის შენობები ჩაიდგა, რომლებიც გარედან დაჭრილი აგურით არის მოპირკეთებული, მომატებული აქვს სართულიანობაც და მოცულობაც. კიდევ ერთი დიდი პრობლემაა ამ უბანში მრავალსართულიანი სახლების მშენებლობა, რასაც ვერ ვუმკლავდებით.
სიძველისა და მოუვლელობის გამო ბევრი სახლი ავარიულ მდგომარეობაშია. მრავალი მათგანი მიტოვებულია და მათი მდგომარეობა დღითი დღე მძიმდება. ბევრი დანგრევის პირასაა მისული. მფლობელები ელოდებიან დეველოპერებს, რომლებიც ძალიან ძვირად ყიდულობენ არა სახლს, არამედ მიწის ნაკვეთს და აშენებენ მრავალსართულიან კორპუსებს, რაც მათთვისაც და სახლების მეპატრონეებისთვისაც მოგებიანია. ხშირად დეველოპერი სამსართულიანი სახლის მშენებლობის ნებართვას იღებს, მაგრამ საძირკველს ისე ჭრის, რომ ხუთსართულიანიც აშენდება... მჭიდრო განაშენიანების შედეგად ზიანდება მიმდებარე სახლები. თუ მოსახლეობამ პროტესტი გამოთქვა, ან კომპენსაციით აჩუმებენ, ან ჰპირდებიან, რომ მათი სახლების ადგილზეც ახალს ააშენებენ... დეველოპერი, გარდა იმისა, რომ ისტორიულ გარემოს სპობს, მეზობელ სახლებსაც აზიანებს და ეს პროცესი უკვე შეუქცევადი ხდება. თუ კალაში ახალი მშენებლობები სასწრაფოდ არ აიკრძალა, ეს საამაყო “ტურისტული” უბანი სულ მალე საბურთალოზე, სპორტის სასახლის უკან ამოზრდილ ბეტონის ტყეს დაემსგავსება.
მოყვარე მტერი
– სამწუხაროდ, მოსახლეობა თავადაც აზიანებს ძეგლებს – თვითნებურად აშენებს სათავსებს, სველ წერტილებს... გაუმართავი კომუნიკაციებიდან წლების განმავლობაში ჟონავს წყალი და აფუჭებს კედლებს, საძირკვლებს... ხშირია მზიდი კედლების დაშლა ოთახების გასაფართოებლად, ძველი ხის კარ-ფანჯრის მეტალოპლასტმასით ჩანაცვლება – უმრავლესობამ არც კი იცის, რომ რესტავრაციის შემდეგ ძველი, კარგად გამომშრალი ხის მასალა უფრო გამძლე და ფასეულია.
ძალა ერთობაშია
– მოსახლეობამ, ბიზნესსექტორმა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა და სამთავრობო სტურუქტურებმა საერთო ენა უნდა გამონახონ, ურთიერთთანამშრომლობის პოლიტიკას მიჰყვნენ და არა ურთიეთდაპირისპირებისას. ჩვენ ყველას ხომ ერთი საერთო ინტერესი გვაქვს – დავიცვათ და აღვადგინოთ თბილისის კულტურული მემკვიდრეობა, შევუნარჩუნოთ დედაქალაქს თავისი განუმეორებელი იერსახე, და ამ ინტერესს ერთად უნდა ვემსახუროთ.
თამარ ციბალაშვილი