რატომ ვხედავთ სიზმრებს?

გააზიარე:

როდესაც ჩვენს ცხოვრებაში რაღაც დაუჯერებელი ხდება, ვამბობთ: “თავი სიზმარში მგონია”. როდესაც საყვარელ ადამიანს ძილის წინ ვემშვიდობებით, ვეუბნებით: “ტკბილ სიზმრებს გისურვებ!” სიზმარი მართლა შეიძლება იყოს ტკბილიც და, პირიქით, უსიამოვნოც.

სიზმრებს ყველა ვხედავთ, მაშინაც კი, როცა გაღვიძებისას აღარაფერი გვახსოვს.

მაინც რა არის სიზმარი, რა საიდუმლოს მალავს ის?

 

სიზმრის ფენომენი

უხეშად რომ ვთქვათ, სიზმრები ამბებისა და სურათების ერთობლიობაა, რომლებსაც ჩვენი გონება ქმნის, როდესაც გვძინავს. სიზმრები შესაძლოა იყოს ძალიან ცოცხალი და რეალური, გაგვაბედნიეროს, დაგვამწუხროს ან შეგვაშინოს. ზოგჯერ ისინი გაუგებარი და დამაბნეველია, ზოგჯერ კი საკმაოდ გონივრული და რაციონალურიც.

სიზმრებს სწრაფი ძილის ფაზაში ვხედავთ, მაშინ, როდესაც ჩვენი ტვინი ყველაზე აქტიურია. ზოგიერთი ექსპერტი ამტკიცებს, რომ ადამიანი ყოველ ღამით, სულ მცირე, 4-5 სიზმარს ხედავს.

 

რატომ?

მრავალი თეორია არსებობს იმის შესახებ, რატომ ვხედავთ სიზმრებს, მაგრამ დანამდვილებით ეს არავინ იცის. მკვლევართა ნაწილი ამბობს, რომ სიზმარს არავითარი მნიშვნელობა არ გააჩნია და ის მძინარე ტვინის აბსურდული აქტივობაა, ნაწილი კი ამტკიცებს, რომ ის ჩვენი მენტალური, ემოციური და ფიზიკური ჯანმრთელობის ანარეკლია. კვლევები მოწმობს, რომ სიზმრებს ჩვენს ჯანმრთელობასა და საერთო განწყობაზე მართლაც დიდი გავლენა აქვს.

ფსიქოანალიტიკოს ზიგმუნდ ფროიდს თუ დავუჯერებთ, სიზმრები ჩვენი ქვეცნობიერი საყაროს ფანჯარაა. ისინი ამჟღავნებენ პიროვნების ქვეცნობიერ სურვილებს, ფიქრებს, მოტივებს.

ფროიდისავე აზრით, სიზმრები არის გზა, რომლის საშუალებითაც ადამიანი საზოგადოებისთვის მიუღებელ სურვილებსა და მოთხოვნილებებს იკმაყოფილებს.

როგორც ჩანს, ყველა თეორიაშია სიმართლის მარცვალი. ამჟამად არსებულ ცოდნას თუ შევაჯამებთ, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ზოგიერთი სიზმარი ტვინს დღის განმავლობაში მომხდარი მოვლენების აღქმასა და გადამუშავებაში ეხმარება, ზოგიერთი კი უბრალოდ ტვინის ფიზიოლოგიური აქტივობის შედეგია.

 

რას ნიშნავს?

ზოგი მეცნიერი ამტკიცებს, რომ სიზმრებს რეალურ ფიქრებსა და ემოციებთან კავშირი არ აქვს, ზოგის აზრით კი ისინი სწორედ ჩვენი ფიქრებისა და გრძნობების, სურვილებისა და შიშების ანარეკლია. ეს განსაკუთრებით ეხება სიზმრებს, რომლებსაც ხშირად ვხედავთ. უამრავი ადამიანი ამბობს, რომ საუკეთესო იდეები სწორედ სიზმრების ნახვისას მოსდით, ასე რომ, შეგვიძლია, ისინი შემოქმედებითი აზროვნების წყაროდაც მივიჩნიოთ.

საინტერესოა ისიც, რომ ადამიანები ხშირად მსგავს სიზმრებს ხედავენ. მაგალითად, იმას, რომ ვიღაც მისდევთ ან კლდიდან ვარდებიან, ან უცებ შიშვლები აღმოჩნდებიან ხალხმრავალ ადგილას. ასეთი სიზმრები შესაძლოა ფარული სტრესის ან შფოთვის შედეგი იყოს და, მიუხედავად იმისა, რომ ერთმანეთს ჰგავს, პიროვნების ინდივიდუალურობიდან გამომდინარე, ერთმანეთისგან განსხვავებული მნიშვნელობა ჰქონდეს. ამიტომ ექსპერტები გვირჩევენ, ნუ დავეყრდნობით სიზმრისეული სიმბოლოების პოპულარულ ახსნას – თქვენი სიზმრის ანალიზი მხოლოდ თქვენთვის იქნება მართებული და სხვა არავისთვის.

 

რისი ბრალია კოშმარები?

ცუდი სიზმრების მიზეზი შესაძლოა იყოს:

* სტრესი, კონფლიქტი და შიში;

* ტრავმა;

* ემოციური პრობლემები;

* ზოგიერთი მედიკამენტი;

* ზოგიერთი პათოლოგია.

თუ ხშირად ხედავთ კოშმარებს და ვერ ხვდებით, რისი ბრალია ეს, აუცილებლად მიმართეთ კვალიფიციურ ნევროლოგს ან ფსიქიკური ჯანმრთელობის სპეციალისტს. მათი დახმარებით შესაძლოა მოხერხდეს ცუდი სიზმრების რეალური მიზეზის დადგენა და შემდგომ – სათანადო ზომების მიღება მათ აღმოსაფხვრელად.

 

რატომ გვავიწყდება?

მკვლევრები სიზმრების იოლად დავიწყების ზუსტ მიზეზს ვერ ასახელებენ. ზოგიერთი თეორიის თანახმად, ყველა სიზმარს რომ ვიმახსოვრებდეთ, რეალური და სიზმრისეული მეხსიერების ერთმანეთისგან გამიჯვნა ძალიან გაგვიჭირდებოდა.

ზოგიერთი მეცნიერი იმასაც ამბობს, რომ სიზმრები კი არ გვავიწყდება, უბრალოდ, წვდომა არ გვაქვს მათზე, მაგრამ ისინი ჩვენს მეხსიერებაში ილექება და საჭირო დროს გვახსენებს თავს. ამ თეორიით შეიძლება აიხსნას ისიც, რომ დავიწყებული სიზმარი რაიმე ფაქტთან დაკავშირებით მოულოდნელად მოგვაგონდება ხოლმე.

 

სიზმრების მისტიფიცირება ალბათ მომავალშიც გაგრძელდება. ფაქტია, რომ, მიუხედავად თანამედროვე მეცნიერების უდიდესი მიღწევებისა და ადამიანის ტვინის ფუნქციონირების ღრმა შესწავლისა, დანამდვილებით ჯერ კიდევ არ ვიცით, რა იმალება ჩვენი სიზმრების მიღმა.

ელენე ზურაბიშვილი

გააზიარე: