რა ვიღონოთ მცენარეული შხამებით მოწამვლისას?

გააზიარე:

ჩვენ გარშემო უამრავი მცენარეა, რომლებსაც შესაძლოა ყოველდღე ვხვდებოდეთ, მაგრამ აზრადაც არ მოგვდიოდეს, რომ საშიშ შხამებს შეიცავს. მაგალითად, შხამიანი სოკოები ხშირად იქცევა მოწამვლის მიზეზად. ბევრი სრულიად უწყინარი მცენარეული პროდუქტიც კი, რომელსაც ყოველდღე მივირთმევთ, არასწორი შენახვის შემთხვევაში შესაძლოა ადამიანისთვის მომწამლავი გახდეს.

მცენარეული შხამებით მოწამვლის შესახებ გვესაუბრა თეიმურაზ კობიძე – ტოქსიკოლოგი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ევროპის კლინიკური ტოქსიკოლოგიის ცენტრებისა და კლინიკურ ტოქსიკოლოგთა ასოციაციის ნამდვილი წევრი.

 

შხამიანი მცენარეები

– ამჟამად ცნობილია მცენარეთა 300 000 სახეობა, რომელთაგან 10 000-ზე მეტი შხამიანია. განასხვავებენ საკუთრივ შხამიან (შხამის შემცველ) და პირობითად შხამიან მცენარეებს, რომლებიც თავად არ შეიცავს შხამს, მაგრამ განსაზღვრულ პირობებში, მაგალითად, არასწორი შენახვისას, მათში ტოქსიკური ნივთიერებები წარმოიქმნება.

საკუთრივ შხამიანი მცენარეებია, მაგალითად, ეფედრინი, ანაბიზინი, შმაგა, ლემა, ლენცოფა, აკონიტი.

– რა სახის შხამებს შეიცავს მცენარეები?

– შხამიან მცენარეთა უმეტესობის ქიმიური შემადგენლობა შეუსწავლელია ან არასრულადაა შესწავლილი. მათ ტოქსიკურობას განაპირობებს ქიმიური ნაერთები, რომლებიც შეიცავს:

* ალკალოიდებს – ეს გახლავთ ბუნებრივი წარმოშობის აზოტშემცველი, უმთავრესად ჰეტეროციკლური ორგანული ნაერთების ჯგუფი. მათი მარილები კარგად იხსნება წყალში და სწრაფად შეიწოვება კუჭსა და ნაწლავებში;

* გლიკოზიდებს, რომლებიც სწრაფად იშლება ნახშირწყლებად და რამდენიმე ტოქსიკურ ნივთიერებად;

* მცენარეულ საპონინებს, მჟავებს, ფისებს, ნახშირწყალბადებს და სხვ.

ეს ნივთიერებები შესაძლოა თანაბრად იყოს განაწილებული მცენარის ყველა ნაწილში ან მხოლოდ ფოთლებში, ყვავილებში, თესლში, ნაყოფში, ქერქში, ფესვებში იყოს დაგროვილი.

 

გარემო პირობები

– შხამიანი მცენარეების მოქმედი ტოქსიკური ნივთიერების წარმოქმნისა და დაგროვების პროცესი არაერთგვაროვანია და ადვილად იცვლება კლიმატური პირობების, ნიადაგისა და სხვა ფაქტორების გავლენით. მცენარეთა შხამიანობა განვითარების ფაზაზეც არის დამოკიდებული: ზოგ მცენარეს შხამი უფრო მეტი აქვს ყვავილობამდე, ზოგს – ყვავილობისას, ზოგსაც – ნაყოფის მომწიფების პერიოდში.

შენახვის წესებსა და პირობებსაც დიდი მნიშვნელობა აქვს. მათი დარღვევის შედეგად შესაძლოა ტოქსიკური გახდეს მწვანე ლობიო, წიწიბო (წიფლის ნაყოფი), მინდორში გამოზამთრებული ან აღვივებული და ამწვანებული კარტოფილი.

მომწამლავი შეიძლება იყოს თაფლიც. საქმე ის არის, რომ ფუტკარი სათითურას მტვერსაც აგროვებს. თუ ადამიანმა ამ მტვრისგან დამზადებული თაფლი შეჭამა, სათითურას ტიპის მოწამვლა განუვითარდება.

ბევრი ვერ იჯერებს, რომ მოწამვლის მიზეზი თაფლია. არგუმენტად მოჰყავთ, რომ დიდი ხანია, ამავე ქილიდან მიირთმევენ თაფლს ოჯახის სხვა წევრებიც, რომლებიც თავს ჯანმრთელად გრძნობენ.

საქმე ის არის, რომ თაფლი ხვედრითი წონის მიხედვით ფენებად ლაგდება ქილაში და სანამ ადამიანი იმ ფენას არ მიადგება, რომელიც სათითურას შეიცავს, ბუნებრივია, არ მოიწამლება.

 

 

მცენარეული მედიკამენტები

– ბოლო ხანს იმატა მცენარეული წარმოშობის მედიკამენტების გამოყენებამ. რამდენად უსაფრთხოა ასეთი წამლები?

– ქიმიური ფარმაკოლოგიური პრეპარატების გართულებებითა და გვერდითი მოვლენებით შეშინებული ადამიანები ალტერნატივის არსებობის შემთხვევაში ყოველთვის მცენარეულ წამლებს ამჯობინებენ. მთელ მსოფლიოში ფართოდაა გავრცელებული აზრი, რომ ასეთი წამლები უვნებელია, ვინაიდან ბუნებრივი წარმოშობისაა. სინამდვილეში მცენარეული პროეპარატების გვერდითი მოვლენები და მოწამვლის შემთხვევები აღღიცხული აქვს მსოფლიოს პრაქტიკულად ყველა ტოქსიკოლოგიურ ცენტრს. მრავალი პრეპარატი მიიღება შხამიანი მცენარეების გადამუშავების შედეგად. მცირე დოზით ამ მცენარეთა შხამები ეფექტური სამკურნალო საშუალებაა (მორფინი, სტიგმინი, ატროპინი, ფიზოსტიგმინი და სხვა, ზედოზირების შემთხვევაში კი მოსალოდნელია ისეთივე მოწამვლა, როგორიც ნედლი მცენარის ფოთლების, ნაყოფისა თუ ფესვების შეჭმისას. ასე რომ, სიფრთხილე გვმართებს.

 

შერჩევითი ტოქსიკურობა

– მცენარეული შხამები მთელ ორგანიზმზე მოქმედებს, მაგრამ, ჩვეულებრივ, რომელიმე ორგანოთა სისტემა სხვებზე მეტად ზიანდება, რადგან ამ შხამებს შერჩევითი ტოქსიკურობა ახასიათებს. ამის მიხედვით ისინი შეიძლება დაიყოს უპირატესად ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე, უპირატესად კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე, უპირატესად ღვიძლსა და კანზე მოქმედ შხამებად. ზოგიერთი შხამიანი მცენარე ტოქსიკურ ზემოქმედებას ერთდროულად რამდენიმე ორგანოზე ახდენს, მაგალითად, ცენტრალურ ნერვულ სისტემასა და გულზე, გულსა და კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე, ღვიძლსა და თირკმელზე.

მცენარეული შხამებით მოწამვლის ყველაზე ხშირი და გავრცელებული შედეგია ტოქსიკური გასტროენტერიტი (კუჭ-ნაწლავის ანთება), რადგან ბევრი მცენარე აღიზიანებს კუჭისა და ნაწლავების ლორწოვან გარსს.

 

მოწამვლის ნიშნები

– მოწამვლის სიმპტომები დამოკიდებულია შხამიანი მცენარეული ტოქსინის სახეობაზე, შემადგენლობასა და შერჩევით ტოქსიკურობაზე. ნეიროტოქსიკური მცენარეული შხამებით მოწამვლისას წამყვანია ნერვული სისტემის დაზიანება. ამ დროს კლინიკურ სურათში ჭარბობს ნევროლოგიური სიმპტომები: აგზნება, კრუნჩხვა, ფსიქიკური აშლილობა, ინტოქსიკაციური ფსიქოზი, ფსიქომოტორული აგზნება, რომელიც შემდეგ გაბრუებასა და კომაში გადადის. ზოგიერთი მცენარის შხამით მოწამვლისასზიანდება ი ზურგის ტვინი და ვითარდება ქვედა კიდურების დამბლია.

გულის უპირატეს დაზიანებას იწვევს საგულე გლიკოზიდები (სათითურა). მათი ტოქსიკური მოქმედების ძირითადი გამოხატულებაა გულის რიტმისა და გამტარებლობის დარღვევა. ამ სახის მოწამვლა არცთუ იშვიათია და ვითარდება, როგორც მოგახსენეთ, სათითურას მტვრის შემცველი თაფლის შეჭმისას. კლინიკური სურათი ტიპურია, თავს იჩენს ასეთი თაფლის ჭამიდან საშუალოდ 8-9 საათის შემდეგ. იწყება კიდურების დაბუჟებით, არტერიული წნევის დაქვეითებით, ბრადიკარდიით, ფერების აღრევით (მოწამლული ყველაფერს ყვითლად და მწვანედ ხედავს). ვითარდება მწვავე არითმია. არ არის გამორიცხული არითმიული შოკი და ტოქსიკური ენცეფალოპათია.

ზოგიერთი მცენარე – სოკოები, ჰელიოტროპები და სხვა – შეიცავს შხამებს, რომლებიც არღვევს ღვიძლის ფუნქციას. მათ ჰეპატოტოქსიკურ შხამებს ვუწოდებთ.

ტოქსიკური გასტროენტერიტის დროს ვითარდება გულისრევა, ღებინება, მუცლის ტკივილი, დიარეა. ასეა, მაგალითად, სოლანინით მოწამვლისას. კარტოფილი ნორმაში შეიცავს ძალიან ცოტა ალკალოიდ სოლანინს, რომელიც მას მწერებისა და ბაქტერიებისგან იცავს, მაგრამ მზის სხივების ზემოქმედებით, ასევე – მცენარის დაზიანებისას, მასში ტოქსინის წარმოქმნა მკვეთრად ძლიერდება და კარტოფილი ადამიანისთვის მომწამვლელი ხდება. გორგლის სიმწვანე მასში სოლანინის არსებობაზე მიუთითებს. თუმცა ძნელი სათქმელია, მისი რა რაოდენობაა ტოქსიკური, რადგან ეფექტი მნიშვნელოვანწილად არის დამოკიდებული კარტოფილში სოლანინის კონცენტრაციაზე, ადამიანის ორგანიზმის გამძლეობასა და სხეულის წონაზე. დადგენილია, რომ კილოგრამ წონაზე 2 მილიგრამი სოლანინი საკმარისია შესაბამისი სიმპტომების გამოსაწვევად, თუმცა ზოგიერთისთვის საშიში დოზა შესაძლოა 1.25 მგ/კგ იყოს. ტოქსიკური ეფექტისთვის კი საჭიროა, სულ მცირე, 20-25 მგ სოლანინი. ერთი დიდი კარტოფილი საშუალოდ 8 მგ სოლანინს შეიცავს. მაშასადამე, 3-4 დიდი კარტოფილია საჭირო, რომ მოწამვლის მსუბუქი სიმპტომები მაინც გამოვლინდეს.

სოლანინი ბევრია კარტოფილის კანში, შუაგულში კი გაცილებით ნაკლებია. შესაბამისად, გათლა 30%-ით მაინც შეამცირებს საკვებში ტოქსინის რაოდენობას.

სამწუხაროდ, მომზადების ვერც ერთი წესი – ვერც შეწვა, ვერც მოხარშვა – ვერ შლის ტოქსინს. ამისთვის საჭიროა 250 გრადუსზე მაღალი ტემპერატურა, რაც სახლის პირობებში მიუღწეველია.

ასე რომ, ნუ გამოიყენებთ საკვებად მწვანე კარტოფილს, საღი კარტოფილი შეინახეთ გრილ, ბნელ ადგილას, კერძის მომზადებამდე კი კარგად გათალეთ.

კანის დამაზიანებელი (მაგალითად, ჭინჭრის) პრეპარატებით მოწამვლა, გარდა ზემგრძნობელობის იშვიათი შემთხვევებისა, კეთილთვისებიანად მიმდინარეობს.

 

შემთხვევები საქართველოში

– საქართველოში, 2016 წლის მონაცემებით, შხამიანი ნივთიერებებით საკვებისმიერი მოწამვლის გამო ჰოსპიტალიზებულ იქნა 470 ადამიანი, მათ შორის 243 – სოკოთი მოწამვლის გამო. სხვა მცენარეებით, მათ შორის – კენკრით, მოწამლულთა რიცხვმა 12-ს მიაღწია, ხოლო დანარჩენი 215 საკვებთან ერთად მიღებული ტოქსიკური ნივთიერებებით იყო მოწამლული. გარდაიცვალა მხოლოდ ერთი საკვებში არსებული დაუზუსტებელი მავნე ნივთიერებით მოწამვლის შედეგად.

 

სოკოთი მოწამვლა

 

                – მოწამვლის მიზეზად შეიძლება იქცეს სოკოს არაერთი სახეობა – როგორც შხამიანი, ისე პირობითად შხამიანიც, რომლებიც მომწამლავია მხოლოდ არასათანადო (არასწორი ან არასრული) კულინარიული დამუშავებისა და შენახვის შემთხვევაში. შეიძლება მოგვწამლოს როგორც შემწვარმა, ისე მოხარშულმა სოკომ, რადგან მის ზოგიერთ სახეობაში შემავალი ტოქსინები თერმოსტაბილურია და გამოშრობისადმი მდგრადი, ეს კი განსაკუთრებით საშიშია, რადგან ხმელი სოკოების სახეობათა მიხედვით ერთმანეთისგან გარჩევა პრაქტიკულად შეუძლებელია, შხამი კი კონცენტრირებულია. გარდა ამისა, სოკოებს ეხვევიან მწერები, რომლებიც შხამიან ნივთიერებებს გამოყოფენ, ამიტომ არასათანადო დამუშავების შედეგად მოსალოდნელია მოწამვლა.

                * ხარშვისას სოკო უნდა ადუღოთ, სულ მცირე, 15-20 წუთი.

                * ნუ შეინახავთ სოკოს კერძს ალუმინის ან სპილენძის ჭურჭელში – წარმოიქმნება ნაერთები, რომლებიც ადამიანისთვის ტოქსიკურია.

                * სასურველია, არ შეინახოთ მეორე დღემდე, მით უმეტეს – უმაცივროდ.

                შხამიანი სოკოების შესახებ რამდენიმე მითი არსებობს. მაგალითად, ამბობენ, რომ თუ სოკოს ხახვში მოშუშვისას ხახვმა ფერი იცვალა და გაშავდა ან ხარშვისას ქვაბში ჩაგდებული ვერცხლის კოვზი გაშავდა, ესე იგი სოკო შხამიანია. ალბათ, უმეტესობას გაგიგონიათ ან თავადაც გიხელმძღვანელიათ რომელიმე ასეთი მეთოდით. გახსოვდეთ: სოკოს შხამიანობის ამოცნობა ამ გზით შეუძლებელია. ეს მითია.

 როგორ ვლინდება

                – განასხვავებენ სოკოთი მოწამვლის ხანმოკლე უსიმპტომო პერიოდს, როდესაც სიმპტომები გამოვლინდება არა უგვიანეს პირველი სამი საათისა და ხანგრძლივ უსიმპტომო პერიოდს, როდესაც მოწამვლის კლინიკური სურათის გამოვლენას სჭირდება 6-12 საათი, ზოგჯერ კი – რამდენიმე დღეც. ხანმოკლე უსიმპტომო პერიოდის მქონე მოწამვლა შედარებით მსუბუქად მიმდინარეობს, რაც უფრო ხანგრძლივია უსიმპტომო პერიოდი, მით უფრო მძიმეა პროგნოზი. განსაკუთრებით საშიშია ფალოიდური სინდრომი, რომელიც ხანგრძლივ უსიმპტომო პერიოდში ვითარდება და ღვიძლის დაზიანება ახასიათებს. მას იწვევს სოკოს სხვადასხვა სახეობა, რომლებიც ტყეებში ივლისიდან ოქტომბრამდე გვხვდება.

                სოკოთი მოწამვლა თავდაპირველად გასტროენტერიტის მოვლენებით: მუცლის ტკივილით, ღებინებით, სხვადასხვა სიხშირის დიარეით, – ვლინდება. შესაძლოა, ეს ყველაფერი სუბფებრილური ტემპერატურის ფონზეც მიმდინარეობდეს. ამას თან სდევს სისუსტე, ოლიგურია (შარდის გამოყოფის შემცირება), ღვიძლის დაზიანება, ღვიძლის მწვავე უკმარისობა, თირკმლის მწვავე უკმარისობა და ნევროლოგიური დარღვევები, კომა ან აგზნება, კრუნჩხვები, ჰალუცინაცია. ადამიანი დიდი რაოდენობით კარგავს სითხეს, რამაც შესაძლოა არტერიული წნევის დაქვეითებამდე, ხელ-ფეხის გაცივებამდე, კანის დანამვამდე, თავბრუხვევასა და უგონო მდგომარეობამდე მიგვიყვანოს.

               

როდის მივმართოთ ექიმს

– როგორც მოწამვლის, ისე მოწამვლაზე ეჭვის შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ სავადმყოფოს. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ასეთი ავადმყოფის ბინაზე დარჩენა! დროული და სრულყოფილი მკურნალობის გარეშე ვითარება ყოველ საათში გაუარესდება და შესაძლოა, სავალალოდ დამთავრდეს.

 

რა ვიღონოთ

სოკოთი თუ სხვა შხამიანი მცენარეებით მოწამვლისა და ყველა საეჭვო შემთხვევაში:

•  ამოირეცხეთ კუჭი;

•  მიიღეთ 10 აბი აქტივირებული სამედიცინო ნახშირი.

კუჭი უნდა ამოურეცხოთ და აქტივირებული ნახშირი მისცეთ ოჯახის ყველა წევრს, რომელმაც მიირთვა სოკო, განურჩევლად იმისა, აქვს თუ არა მოწამვლის ნიშნები. გარდა ამისა, სიმპტომების არარსებობის შემთხვევაშიც კი აუცილებლად მიიყვანეთ ისინი საავადმყოფოში. იქ ისინი გაივლიან ექიმის კონსულტაციას, ჩაუტარდებათ გამოკვლევები, დეტოქსიკაციური მკურნალობა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია წყალმარილოვანი ცვლის აღდგენითი ტრანსფუზიოთერაპიის (უბრალო ენით – გადასხმის) დროული დაწყება სითხისა და ელექტროლიტების ბალანსის კორექციით. დიარეის საწინააღმდეგო საშუალებების დანიშვნა უკუნაჩვენებია. პაციენტები იქნებიან დაკვირვების ქვეშ და გაეწერებიან მხოლოდ მას შემდეგ, რაც ექიმი დარწმუნდება, რომ მათ ჯანმრთელობას საფრთხე აღარ ემუქრება.

 

მარიამ ჯანიაშვილი

 

გააზიარე: