ნუ ეხუმრებით მაღალ წნევას
გააზიარე:
ადამიანებს ერთი სენი გვჭირს – სანამ ავადმყოფობა მეტისმეტად არ შეგვაწუხებს, ფიქრადაც არ მოგვდის ჯანმრთელობაზე ზრუნვა. მაგალითად, ხშირად გაიგონებთ: რა საჭიროა წნევის მუდმივი კონტროლი, დიდი ამბავი, თუ ხანდახან მოიმატა... არადა სწორედ უკონტროლო ჰიპერტენზია იწვევს მიოკარდიუმის ინფარქტს, ინსულტს, გულის უკმარისობას, თირკმელებისა თუ მხედველობის დაზიანებას... ვფიქრობ, ეს ჩამონათვალი საკმარისია იმისთვის, რომ მივხვდეთ: წნევასთან ხუმრობა არ ღირს.
არტერიული ჰიპერტენზიის შესახებ საუბარი “ავერსის კლინიკის” გადაუდებელი კარდიოლოგიის სამსახურის ხელმძღვანელს, მედიცინის დოქტორ ეკატერინე საღირაშვილს ვთხოვეთ.
– არტერიული ჰიპერტენზია ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პათოლოგიაა მსოფლიოში. 18 წელს გადაცილებულთა 29%-ს არტერიული წნევის მაჩვენებელი მომატებული აქვს (140`90 და უფრო მაღალი). 60 წელს გადაცილებულთა ორი მესამედი უკვე ჰიპერტენზიითაა დაავადებული. თუმცა ეს ოფიციალური მონაცემებია; ვინაიდან ჰიპერტენზია ხშირად უსიმპტომოდ მიმდინარეობს, შემთხვევათა ნაწილი დიაგნოსტირებული არ არის, ასე რომ, სინამდვილეში გავრცელება, სავარაუდოდ, უფრო მაღალიცაა.
ვსვამთ დიაგნოზს
– როდის საუბრობენ ჰიპერტენზიაზე?
– ადამიანის არტერიული წნევის ნორმალური მაჩვენებელია 120-129`80-84 მმ ვწყ სვ. არსებობს არტერიული ჰიპერტენზიის რამდენიმე კლასიფიკაცია, მაგრამ, ნებისმიერი განმარტების თანახმად, ჰიპერტენზიად მიიჩნევა მდგომარეობა, როდესაც არტერიული წნევის მაჩვენებელი მაღალია 140`90 მმ ვწყ სვ-ზე. პათოლოგიად არ მიიჩნევა არტერიული წნევის ეპიზოდური მატება, არც თეთრი ხალათის ჰიპერტენზია, როდესაც ექიმთან ვიზიტის დროს წნევა მაღლა იწევს, შინ გაზომვისას კი ნორმალურია.
– როგორ მიჯნავთ ასეთ შემთხვევებს პათოლოგიისგან?
– ტარდება წნევის 24-საათიანი მონიტორირება. დგება დღე-ღამის განმავლობაში არტერიული წნევის ცვალებადობის მრუდი, ირკვევა, ქვეითდება თუ არა ღამის საათებში ის ადეკვატურად. ეს მონაცემები ძალიან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ არტერიული ჰიპერტენზიის დასადგენად, არამედ მკურნალობის სწორი კურსის შესარჩევადაც.
სიმპტომები და შედეგები
– როგორ შეიძლება გამოვლინდეს წნევის მომატება?
– მაღალი წნევის დროს მოსალოდნელია თავბრუხვევა, თავის ტკივილი, ყურების შუილი, მხედველობის გაორება, გულმკერდის ტკივილი და სხვა. თუმცა, როგორც გითხარით, არტერიული ჰიპერტენზია ხშირად უსიმპტომოდაც მიმდინარეობს და ყველაზე მეტად სწორედ ამითაა საშიში.
არტერიული წნევის მატების შედეგად ზიანდება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ორგანოები და ორგანოთა სისტემები: თავის ტვინი, გული და სისხლძარღვები, თირკმელები, თვალები. ამის კვალობაზე, არტერიული ჰიპერტენზია იწვევს ჯანმრთელობის ისეთ მძიმე პრობლემებს, როგორებიცაა იშემიური თუ ჰემორაგიული ინსულტი, თავის ტვინის გარდამავალი იშემიური შეტევა, მიოკარდიუმის ინფარქტი, სტენოკარდია, გულის უკმარისობა, თირკმელების ქრონიკული დაავადება და რეტინოპათია – თვალის ფსკერის სისხლძარღვების დაზიანება. ყოველივე ამის თავიდან ასაცილებლად დაავადება დროულად უნდა ამოვიცნოთ და შესაბამისი მკურნალობა დავიწყოთ.
განსაკუთრებული რისკი
– მაღალი წნევის მქონეთაგან განსაკუთრებული საფრთხე ემუქრებათ იმ ადამიანებს, რომლებსაც გულ-სისხლძარღვთა დაავადების განვითარების მაღალი რისკი აქვთ. ასეთები არიან:
1. 55 წელს გადაცილებული მამაკაცები და 65 წელს გადაცილებული ქალები;
2. მწეველები;
3. ჭარბი წონის მქონე პირები (სხეულის მასის ინდექსი > 30 კგ`მ2; წელის გარშემოწერილობა > 102 სმ მამაკაცებისთვის და > 88 სმ ქალებისთვის);
4. პირები, რომლებსაც მაღალი აქვთ ქოლესტეროლის მაჩვენებელი სისხლში;
5. შაქრიანი დიაბეტის მქონე პირები (აქვე იგულისხმება გლუკოზისადმი ტოლერანტობის დარღვევაც);
6. დატვირთული მემკვიდრეობის მქონე პირები, რომელთა ოჯახური ანამნეზშიც დაფიქსირებულია მიოკარდიუმის ინფარქტი, ინსულტი ან უეცარი სიკვდილი მამის ხაზით 55 წლამდე ასაკში, ხოლო დედის ხაზით – 65 წლამდე.
ყველა აღნიშნულ შემთხვევაში მნიშვნელოვანია ექიმთან დროული ვიზიტი, რისკის შეფასება და არტერიული წნევის დარეგულირება.
გამოკვლევები
– სასურველია, ჰიპერტენზია მანამდე გამოვლინდეს, სანამ წნევისა და სამიზნე ორგანოების დაზიანების სიმპტომები შესამჩნევი გახდება. ამ კუთხით ინფორმაციულია:
* არტერიული წნევის გაზომვა. გარდა მისი ზედა და ქვედა მაჩვენებლებისა, საყურადღებოა პულსური წნევაც (ამ ორ მაჩვენებელს შორის სხვაობა), განსაკუთრებით – თუ ის 60-ზე მეტია;
* ელექტროკარდიოგრაფიული კვლევა მარცხენა პარკუჭის ჰიპერტროფიის ნიშნების გამოსავლენად;
* ექოკარდიოგრაფიული კვლევა, რომლითაც შესაძლებელია გულის სტრუქტურული ცვლილებების აღმოჩენა, მარცხენა პარკუჭის ჰიპერტროფიის დადგენა, მარცხენა პარკუჭის კუმშვადობისა და დიასტოლური ფუნქციის შეფასება. ამას პროგნოზული მნიშვნელობა აქვს და შესაძლებლობას გვაძლევს, შევაფასოთ მდგომარეობა ჯერ კიდევ მანამდე, ვიდრე კლინიკური სიმპტომები მკაფიოდ გამოიხატება.
* საძილე არტერიის კედლის სისქის გაზომვა და ათეროსკლეროზული ფოლაქების გამოვლენა;
* მხარ-გოჯის ინდექსი – პირველადი კვლევა, რომლის მეშვეობითაც შეიძლება გაირკვეს, არის თუ არა დაზიანებული სისხლძარღვები კიდურებზე, ანუ ხომ არ ჩამოყალიბებულა პერიფერიული არტერიების დაავადება;
* თირკმლის ფუნქციისა და მისი დაზიანების ხარისხის შეფასება, რისთვისაც ტარდება შარდის საერთო ანალიზი (ცილის განსაზღვრა) და სისხლის ანალიზი კრეატინინზე;
* სისხლში გლუკოზის დონის განსაზღვრა ჭამამდე და ჭამიდან ორი საათის შემდეგ. მაღალი წნევის დროს შაქრიანი დიაბეტის დიაგნოსტირება აუცილებელია, ვინაიდან არტერიული ჰიპერტენზიისა და დიაბეტის ერთდროული არსებობისას ორმაგდება გულის, თავის ტვინის, თირკმელების, თვალის ფსკერისა და პერიფერიული სისხლძარღვების დაზიანების ალბათობა;
* გლიკოზირებული ჰემოგლობინის განსაზღვრა სისხლში – ასევე შაქრიანი დიაბეტის გამოსარიცხად.
მეტაბოლური სინდრომი
– კვების არასწორი რეჟიმის, უმოძრაობისა და სტრესის ფონზე ბოლო ხანს გახშირდა მეტაბოლური სინდრომის შემთხვევები. ეს უკანასკნელი წარმოადგენს ნივთიერებათა ცვლის დარღვევას, რომელიც გამოიხატება სხეულის წონის მომატებით, ცხიმის ჩალაგებით უმთავრესად წელის ირგვლივ, სისხლში ქოლესტეროლისა და გლუკოზის დონის მომატებით, მაღალი წნევით. მეტაბოლური სინდრომი წინაპირობაა ისეთი მძიმე გართულებებისა, როგორებიცაა ინფარქტი, ინსულტი, უეცარი სიკვდილი.
– რა ხდება, როდესაც მეტაბოლური სინდრომის მხოლოდ ერთი ნიშანია გამოხატული?
– ამ შემთხვევაში მეტაბოლურ სინდრომზე არ ვსაუბრობთ, თუმცა მისი ნებისმიერი სიმპტომის არსებობა ზრდის მძიმე გართულების რისკს.
მკურნალობა
– როგორ უნდა იმკურნალოს მაღალი წნევის მქონე პაციენტმა?
– მედიკამენტური მკურნალობა ინდივიდუალურად უნდა შეირჩეს. თვითმკურნალობა დაუშვებელია, ვინაიდან წამალს ექიმი არჩევს თითოეული პაციენტისთვის ინდივიდუალურად ჰიპერტენზიის სიმძიმის, თანმხლები დაავადებებისა და ლაბორატორიულ-ინსტრუმენტულ გამოკვლევათა შედეგების საფუძველზე. ძალიან მნიშვნელოვანია მკურნალობის პროცესში პაციენტის ჩართულობა. კერძოდ:
1. პაციენტმა, განსაკუთრებით – ჭარბწონიანმა, უნდა შეამციროს საკვების დღიური კალორაჟი. ის არ უნდა აღემატებოდეს 1200 კილოკალორიას. თუ ულუფა მნიშვნელოვნად შემცირდა (400-600 კილოკალორიამდე), პარალელურად საჭიროა ვიტამინებისა და მინერალების მიღება;
2. აუცილებელია სუფრის მარილის მოხმარების შეზღუდვა. მარილი შეიცავს ნატრიუმის იონებს, რომლებიც ორგანიზმში აკავებს სითხეს. სუფრის მარილის დღიური ულუფა არ უნდა აღემატებოდეს 5 გრამს, გულის უკმარისობის მქონე პაციენტებისთვის კი უფრო მეტად – 2-3 გრამამდე უნდა შემცირდეს. ამით არტერიული წნევის მაჩვენებლები მედიკამენტების მიუღებლადაც 10 მმ ვწყ სვ-ით იწევს დაბლა. ნატრიუმს შეიცავს ტუტე მინერალური წყლებიც, ამიტომ მათი მიღებაც უნდა შემცირდეს.
3. მნიშვნელოვანია ორგანიზმში ელექტროლიტების – კალიუმის, მაგნიუმისა და კალციუმის – ნორმალური დონის შენარჩუნება. რაციონი უნდა შეიცავდეს აღნიშნული მინერალებით მდიდარ საკვებს. თუმცა თირკმლის ქრონიკული დაავადების მქონე პირებმა ეს საკითხი მკურნალ ექიმს უნდა შეუთანხმონ.
4. საჭიროა ქოლესტეროლისა და ნაჯერი ცხიმების შეზღუდვაც. კარგი იქნება, თუ რაციონს გავამდიდრებთ ბოსტნეულით, ხილით, ზღვის პროდუქტებით, მჭლე ხორცით. დიეტა ამ შემთხვევაშიც მკურნალ ექიმთან უნდა შეთანხმდეს თანმხლები დაავადებების გათვალისწინებით. მაგალითად, შაქრიანი დიაბეტის მქონე პირებს ეკრძალებათ ზოგიერთი ხილი, პოდაგრით დაავადებულებს – პარკოსნები და სხვა.
5. იზღუდება ალკოჰოლიც. ეთანოლის დღიური ულუფა არ უნდა აღემატებოდეს 28,3 გრამს, რაც შეესაბამება ორ ჭიქა ღვინოს, ერთ კათხა ლუდს, ერთ არყის ჭიქა ვისკის, არაყს, კონიაკს...
6. აუცილებელია ფიზიკური აქტიურობა, სასურველია ვარჯიში კვირაში 2-3-ჯერ 30 წუთის განმავლობაში.
7. თამბაქოსთვის თავის დანებებას ალტერნატივა არ გააჩნია.
დაავადების საწყის ეტაპზე შესაძლოა წნევის დასარეგულირებლად ზემოთ ჩამოთვლილმა ღონისძიებებმაც იკმაროს, თუმცა ამ რეკომენდაციების შესრულება მნიშვნელოვანია მომდევნო სტადიებზეც, მედიკამენტურ მკურნალობასთან ერთად.
რეზისტენტული ჰიპერტენზია
– რა ხდება, როდესაც წნევის დარეგულირება მკურნალობითაც ვერ ხერხდება?
– ამ მდგომარეობას რეზისტენტულ ჰიპერტენზიას ვუწოდებთ. ამ შემთხვევაში აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს, რომელიც რეზისტენტულობის მიზეზს დაადგენს. შესაძლოა, საჭირო გახდეს მედიკამენტების დოზისა და კომბინაციის კორექცია.
რეზისტენტული ჰიპერტენზიის მიზეზი შესაძლოა იყოს ორგანიზმში სითხის ჭარბი დაგროვება, განპირობებული თირკმლის ფუნქციის დაქვეითებით, გულის უკმარისობით, სითხის ან სუფრის მარილის გადაჭარებებული მიღებით. უნდა გვახსოვდეს, რომ ზოგიერთი მედიკამენტი (ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებები, ტკივილგამაყუჩებლები, ჰორმონული პრეპარატები, კონტრაცეპტივები) არტერიული წნევის მატებას განაპირობებს. არც მეორეული ჰიპერტენზია უნდა დავივიწყოთ, რომელიც თირკმლის, ენდოკრინული, ნევროლოგიური და სხვა დაავადებების არსებობას გულისხმობს.
არტერიული წნევის მატების შემთხვევაში აუცილებლად მიმართეთ ექიმს, რომელიც დროულად დაადგენს მაღალი წნევის მიზეზს, შეისწავლის სამიზნე ორგანოების მდგომარეობას, განსაზღვრავს არსებულ რისკს, შეგირჩევთ ინდივიდუალურ მკურნალობას და გართულებების თავიდან აცილებაში დაგეხმარებათ.
მარი აშუღაშვილი