ილია გრუზინოვი - ნიჭიერი მეცნიერის მივიწყებული აღმოჩენა

გააზიარე:

ადამიანის ღვაწლი ხშირად დავიწყებას ეძლევა. ასე მოუვიდოდა ილია გრუზინოვის ნამოღვაწარსაც, რომ არა ფრანგი ნეიროთერაპევტი გიიომ დიუშენი, რომელიც გრუზინოვის გარდაცვალებიდან დაახლოებით ორმოცდაათი წლის შემდეგ გაეცნო მის ნაშრომებს, საკუთარ ექსპერიმენტებში გამოიყენა ისინი და მეცნიერის სახელიც გამოსტაცა დავიწყების ტალღებს. საინტერესოა, რომ თავად დიუშენიც, რომელსაც მართლაც უდიდესი წვლილი მიუძღვის კუნთების ელქტროფიზიოლოგიის შესწავლაში, მხოლოდ სიკვდილის შემდეგ აღიარეს.

– ილია გრუზინოვი პირველი ქართველი დიპლომირებული ექიმი გახლდათ. პირველი ნაშრომი 23 წლისამ გამოაქვეყნა. შემდეგ გახდა მოსკოვის უნივერსიტეტის პროფესორი. 31 წლისა გარდაიცვალა, მაგრამ მედიცინის ისტორიაში კვალის დატოვება მოასწრო”, – გვიყვება გასტროენტეროლოგი ხუტა პაჭკორია, რომელსაც ილია გრუზინოვის შესახებ საინტერესო ცნობები აქვს შეკრებილი.

 

პირველი ნაბიჯები

– ილია იმერელი აზნაურის რომან ნამჭევაძის შთამომავალი იყო. რომანი 1727-1728 წლებში გადასახლებულა რუსეთში, დასახლებულა დონზე, სტანიცა სტაროჩერკასში. იქ მის უფროს ვაჟს იოსებს ცოლად შეურთავს კაზაკის ქალი აფანასიევა, რომლისგანაც ხუთი ვაჟი შესძენია: ევგრაფი, პეტრე, რომანი, ათანასე და ნიკოლოზი. რუსეთის იმპერიაში ისინი გრუზინოვებად იქცნენ. ილია გრუზინოვი, რომლის შესახებაც ახლა ვსაუბრობთ, რომანის მეორე ვაჟის, ილიას, შვილიშვილი იყო.

მომავალი ექიმი და მეცნიერი 1781 წელს დაიბადა. მამამისი, ეგორი, უბრალო, ღარიბი დიაკვანი იყო. მან პატარა ილია სასულიერო სასწავლებელში შეიყვანა. ნიჭიერმა ბავშვმა თავი გამოიჩინა და როგორც წარჩინებულ მოსწავლეს, 1797 წელს მოსკოვის უნივერსიტეტში გაუწიეს რეკომენდაცია. სამედიცინო ფაკულტეტი 1801 წელს დაამთავრა. ის ამ უნივერსიტეტის კურსდამთავრებული პირველი ქართველი ექიმი იყო.

ნიჭიერებასთან ერთად ილია შრომისმოყვარეობითაც გამოირჩეოდა. განსაკუთრებით იტაცებდა მუშაობა ანატომიურ თეატრში, სადაც გალვანური დენის დახმარებით გვამების მიმიკური კუნთების კუმშვადობას სწავლობდა. 1804 წელს პეტერბურგის სამედიცინო ქირურგიული აკადემიაც დაამთავრა და მაშინვე დაიცვა დისერტაცია თემაზე “გალვანიზმი და მისი გამოყენება სამედიცინო პრაქტიკაში”, რისთვისაც მედიცინის დოქტორის წოდება მიანიჭეს.

23 წლის წარმატებული ახალგაზრდა ანატომიაში კვალიფიკაციის ასამაღლებლად სახელმწიფო ხარჯით ევროპაში გაგზავნეს. მოიარა გერმანია, ინგლისი, საფრანგეთი. იქაც განაგრძობდა ექსპერიმენტებს გვამებზე გალვანური დენით, თუმცა სხვა საკითხებიც აინტერესებდა. მაგალითად, ზედმიწევნით შეისწავლა ლონდონის საავადმყოფოები და მათი მუშაობის შესახებ ვრცელი წერილი დაბეჭდა. დიდი ნიჭი გამოამჟღავნა ინგლისური ენის შესწავლაშიც და ერთ-ერთმა პირველმა შეადგინა ინგლისური გრამატიკის სახელმძღვანელო რუსულ ენაზე.

1809 წელს ახალგაზრდა მეცნიერი მოსკოვში დაბრუნდა და ანატომიის კათედრაზე დაიწყო მუშაობა ადიუნქტ-პროფესორად. ლექციებს კითხულობდა ანატომიაში, ფიზიოლოგიაში, სასამართლო მედიცინასა და კლინიკურ საგნებში. 1811 წელს მოსკოვის უნივერსიტეტის ანატომიის კათედრის ორდინარულ პროფესორად აირჩიეს. ამავე წელს გამოსცა ნაშრომი “თავის ტვინის ანთებისა და ყინულით მისი მკურნალობის შესახებ”. იმავდროულად, გვამებზე მუშაობასაც განაგრძობდა. ანატომიური პრეპარატებით გაამდიდრა მოსკოვის უნივერსიტეტის ანატომიის მუზეუმში.

1812 წლის 2 ივნისს ილია გრუზინოვს როგორც საუკეთესო პროფესორს სააქტო სიტყვის, სეფესიტყვის წარმოთქმა დაავალეს. მოსკოვის უნივერსიტეტში, ხალხმრავალი აუდიტორიის წინაშე, ილიამ წაიკითხა მოხსენება “ხმის წარმოშობის ახალი ადგილმდებარეობის აღმოჩენის შესახებ”. მისი გამოსვლა სენსაციად იქცა. ახალგაზრდა პროფესორმა გვამებს ბრონქებში ჩაბერა, ამით უკანა აპკი გადაჭიმა და ცოცხალი ადამიანის ხმა მიიღო. გაოგნებული მსმენელები ვერაფრით იჯერებდნენ, რომ ხმას გვამი გამოსცემდა და არა ცოცხალი ადამიანი. ილია ცვლიდა გვამების ხმის ტემბრს. აუდიტორია თითოეულ ბგერას მქუხარე ტაშით ეგებებოდა.

ამ ექსპერიმენტით ილიამ დამსწრეებს აჩვენა, რომ ადამიანის სხეულს ბგერების გამოცემა სახმო იოგების არარსებობის დროსაც კი შეუძლია, რომ ტრაქეის მემბრანულ კედლებში ჩაბერვისას აპკის გადაჭიმვის შედეგად წარმოიშობა მბგერავი იოგებისგან დამოუკიდებელი ხმიანობა, რომელიც ცხოველების ხმებს მოგვაგონებს. “ადამიანის ბგერა იბადება მკერდში, სასუნთქი ყელის (ტრაქეის) ქვედა ბოლოებში...” – წერდა მეცნიერი თავის დღიურში.

ამ აღმოჩენამ მომავალში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა მეტყველების წარმოშობის ნიუანსების შემეცნებაში, სიმღერის სწავლის მეთოდების დამუშავებაში, დიდი მომღერლების ტექნიკის ამოცნობაში. ბგერის გამოცემის ეს მექანიზმი განსაკუთრებით კარგად დაამუშავა ცნობილმა საოპერო მომღერალმა ფიოდორ შალიაპინმა. ცნობილი გახდა ისიც, რომ მკერდიდან წარმოშობილ ბგერაზე გავლენას ახდენს სწორად დაყენებული სუნთქვა.

 

ომის ქარცეცხლში

– ილია გრუზინოვის ტრიუმფი ხანმოკლე აღმოჩნდა. ლექციიდან სამი კვირის შემდეგ რუსეთს ნაპოლეონი დაესხა თავს. ილია, დიდი პატრიოტი, მოხალისედ ჩაეწერა და ფრონტის წინა ხაზზე გაეშურა. ის კორპუსის ჰოსპიტლის მთავარ ექიმად დანიშნეს. გრუზინოვმა თავი გამოიჩინა როგორც საუკეთესო ორგანიზატორმა და ბრწყინვალე ქირურგმა-ოპერატორმა. მონაწილეობდა ყველაზე სისხლისმღვრელ ბრძოლებში, მათ შორის – ბოროდინოს ბრძოლაშიც, რომელიც გარდამტეხი მნიშვნელობისა აღმოჩნდა და ნაპოლეონის საბოლოო დამარცხება განაპირობა. სხვათა შორის, სწორედ ამ ბრძოლაში დაიჭრა სასიკვდილოდ დიდი მხედართმთავარი პეტრე ბაგრატიონი.

ილია გრუზინოვმა სახელი გაითქვა არა მხოლოდ ლაზარეთში, არამედ უშუალოდ ბრძოლის ველზე ჩატარებული ოპერაციებითაც. ტყვიების ზუზუნში, ზარბაზნების გრუხუნში ის უნარკოზოდ ატარებდა ურთულეს მანიპულაციებს. რუსეთის არმია ნაპოლეონის ჯარს მისდევდა. მას მიჰყვებოდა ახალგაზრდა ქირურგი და საოცრებებს ახდენდა.

ომი დასასრულს უახლოვდებოდა, როცა ილია პარტახტიანი ტიფით გახდა ავად. ახლომახლო ექიმი არ აღმოჩნდა, ცხელებისგან გათანგულმა მკურნალმა საკუთარ თავს ვერ უშველა და 1813 წლის 12 იანვარს სული დალია.

ილია დიდი პატივით დაკრძალეს ლიტვა-პრუსიის საზღვართან, ბარუნში, ეკლესიის კედელთან (ყოფილი ვილნის გუბერნიის ეს ქალაქი ამჟამად ბელორუსიის ტერიტორიაზეა).

სამწუხაროდ, დიდი ექიმისა და მეცნიერის სახელი რუსეთში ოციოდე წლის შემდეგ დაივიწყეს.

 

ხელახალი აღმოჩენა

– ილია გრუზინოვის ხელახალ აღმოჩენას, როგორც გითხარით, ფრანგ ნეიროთერაპევტ გიიომ დიუშენს  უნდა ვუმადლოდეთ. ამ დიდ მეცნიერსაც ძალიან საინტერესო ბიოგრაფია ჰქონდა.

გიიომ ბენჟამენ არმან დიუშენი 1806 წელს საფრანგეთში, ბულონში დაიბადა. მამამისს, რომელიც მეთევზეობას მისდევდა, სურდა, მისი ვაჟი მეზღვაური გამოსულიყო, მაგრამ გიიომმა ექიმობა არჩია. დუეს უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ დიუშენი პარიზში, ცნობილ ექიმებთან გადიოდა პრაქტიკას. შემდეგ ბულონში დაბრუნდა, სადაც დაკვირვებული, მოაზროვნე და გულისხმიერი მკურნალის სახელი მოიხვეჭა. ამასობაში ელექტროპუნქტურით დაინტერესდა – შეამჩნია, რომ თუ გალვანური ელემენტის მავთული სველ ღრუბელთან იყო მიერთებული, მტკივან სახსარზე მისი დადება კუნთების შეკუმშვას იწვევდა. დიუშენი ძალიან გააკვირვა ამ ფაქტმა, მაგრამ მისი ახსნა კარგა ხანს ვერ მოახერხა. მასში მკვლევარ-მაძიებლის სულმა გაიღიძა. ამას ისიც დაერთო, რომ დიუშენს პირადი ცხოვრება არ აეწყო. პირველი ცოლი მშობიარობას გადაჰყვა. არც მეორე ქორწინებაში გაუმართლა. მისი მთავარი საფიქრალი კუნთებზე გალვანური დენის გავლენა იყო. დიუშენმა მეტად გაბედული გადაწყვეტილება მიიღო – თორმეტწლიანი კერძო სამედიცინო პრაქტიკა მიატოვა და პარიზში წავიდა, სადაც, როგორც მიაჩნდა, სამედიცინო სამიქნობისთვის ფართო სარბიელი ექნებოდა. იმედი ჰქონდა, პროფესორ-მასწავლებლები მხარში ამოუდგებოდნენ, მაგრამ მოტყუვდა. კლინიკების უმრავლესობამ უარი თქვა პროვინციელი ექიმის მიღებაზე. მხოლოდ რამდენიმე პროფსორმა მისცა უფლება, შტატგარეშე, უხელფასოდ და უუფლებოდ ემუშავა. დიუშენს მხოლოდ მეცნიერული კვლევა-ძიება იტაცებდა, პარიზში კი უხამს ანეკდოტებს ჰყვებოდნენ “სოფლის ექიმზე”, შარლატანს, აფერისტს ეძახდნენ. დიუშენი თავს ძლივს ირჩენდა, მაგრამ კვლევა-ძიებას არ წყვეტდა.

უპირველეს ყოვლისა, მან გაიმეორა ილია გრუზინოვის ექსპერიმენტები მიმიკურ კუნთებზე და იგივე შედეგები მიიღო. სწორედ იმ პერიოდში დაინერგა ფოტოგრაფია-დაგეროტიპიაც. დიუშენმა გადაიღო მიმიკური კუნთების შეკუმშვის მომენტები და 1862 წელს გამოაქვეყნა ორიგნალური ნაშრომი “მიმიკური კუნთების გალვანური დენით გამოკვლევის შედეგები”, რომელშიც მკაფიოდ წარმოაჩინა ილია გრუზინოვის მეთოდების მნიშვნელობა. რა თქმა უნდა, შეეძლო, გრუზინოვი არც კი ეხსენებინა, მაგრამ კეთილსინდისიერი მეცნიერი იყო და აზრადაც არ მოსვლია, სხვისი დამსახურება მიეწერა. საზოგადოება გულგრილად შეხვდა ნაშრომს. დიუშენმა კვლევა განაგრძო და სამი უზარმაზარი წიგნი გამოაქვეყნა კუნთების ელექტროფიზიოლოგიის შესახებ. აღწერა მანამდე უცნობი დაავადებებიც: კუნთების პროგრესული ატროფია, ბულბური დამბლა და სხვები.

დიუშენი 1875 წელს გარდაიცვალა, ისე, რომ არც აღიარება, არც სამეცნიერო სტატუსი არ ღირსებია, თუმცა დღესაც, გარდაცვალებიდან 150 წლის შემდეგ, კუნთების ელექტროფიზიოლოგიაში უდიდეს მეცნიერად მიიჩნევენ. ნევროლოგიის სახელმძღვანელოები სავსეა ციტატებით მისი ნაშრომებიდან. ცნობილმა ნევროლოგმა ჟან მარტინ შარკომ 1886 წელს სალპეტრიერში, თავისი ნევროლოგიური კლინიკის ეზოში, აღმართა დიუშენის ძეგლი და ასე მიაგო პატივი დიდ მეცნიერს, ისევე როგორც თავად დიუშენმა საკუთარი ნაშრომებით დავიწყებისგან იხსნა ილია გრუზინოვის სახელი.

მარი აშუღშვილი

გააზიარე: