წყლულოვანი დაავადება

გააზიარე:

წყლულის გაჩენის მიზეზს მედიცინა უკვე კარგა ხანია ეძებს. ერთხანს მთავარი დამნაშავე უწესრიგო და უხარისხო კვება, მჟავე-ცხარეთი გატაცება ეგონათ. შემდეგ აქცენტი ზემოთ, უფრო ზუსტად, თავისკენ გადაიტანეს და ივარაუდეს, რომ ყველაფრის თავიდათავი ნერვები, უფრო ზუსტად, სტრესი იყო, შემდეგ კი, კირკიტა მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ დაავადების მიზეზი, არც მეტი, არც ნაკლები, ინფექცია ყოფილა. წყლულის მქონეთა 90%-ის ორგანიზმში სპეციფიკური ბაქტერია Helicobacter Pylori ბუდობს. ამ ლათინური შესიტყვების პირველი ნაწილი ბაქტერიის კლასს აღნიშნავს, მეორე – საცხოვრებელ ადგილს. ასე რომ, ჩვენებურად მიკრობს პილორუსის ჰელიკობაქტერია ერქმევა. პილორუსი ბერძნული სიტყვაა და კარიბჭეს, ანუ კუჭის ბოლო, თორმეტგოჯა ნაწლავში გამავალ ნაწილს ნიშნავს. ეს მჟავაგამძლე ბაქტერია სწორედ კუჭისა და წვრილი ნაწლავების ლორწოვანში ბინადრობს. ხშირად არც არაფერს აშავებს. ამერიკული სტატისტიკით, 30 წელზე უმცროსი ასაკის ახალგაზრდების მეხუთედი და 60 წელზე ხანდაზმულთა ნახევარი ამ ბაქტერიის მატარებელია, წყლული კი ყველას არ ემართება – საშუალოდ ათ კაცზე ერთი დაავადებული მოდის. ზუსტად არც ის არის დადგენილი, როგორ აღწევენ ეს ბაქტერიები ერთი ადამიანისგან მეორის ორგანიზმში. განსაკუთრებული მნიშვნელობა მჭიდრო კონტაქტს, მაგალითად, კოცნას ჰქონია, თუმცა არც საკვებისა თუ წყლის მეშვეობით მათი შემოჭრისგან ვყოფილვართ დაზღვეული.
თუ წყლულოვანი დაავადების დროს ორგანიზმში ჰელიკობაქტერია არ აღმოჩნდა, დანაშაული (და, უნდა ითქვას, სავსებით სამართლიანად) ანთების საწინააღმდეგო მედიკამენტებს ბრალდებათ. ამ ჯგუფში შედის ისეთი ცნობილი წამლები, როგორიც არის ასპირინი, იბუპროფენი, ინდომეტაცინი, ვოლტარენი. პაციენტთა უმრავლესობა მათ ყოველგვარი გვერდითი მოვლენის გარეშე იტანს, მაგრამ ხანგრძლივი მიღებისას ზოგიერთს შესაძლოა კუჭის ან თორმეტგოჯას ლორწოვანი დაუზიანდეს.
ვერც მემკვიდრეობას გამოვრიცხავთ: ცნობილია, რომ თუ ახლო ნათესავს წყლულოვანი დაავადება აქვს, მისი ჩამოყალიბების რისკი საგრძნობლად იმატებს.
წყლულის განვითარებას ზოგიერთი სხვა დაავადებაც იწვევს, თუმცა ძალიან იშვიათად.
ექიმები გამოყოფენ ფაქტორებს, რომლებიც, როგორც გაირკვა, დამოუკიდებლად წყლულს არ აჩენს, მაგრამ დაავადების ჩამოყალიბებას ხელს უწყობს და შესაძლოა, შეხორცებაც გაართულოს და გაახანგრძლივოს. მედიკოსებმა ასეთი აგრესორების ნუსხაში შეიტანეს თამბაქო, ჭარბი ალკოჰოლი და სტრესი (როგორც ფსიქოგენური, ისე ფიზიკური, ვთქვათ, დამწვრობა ან ტრავმა).

მივაგნოთ და გავანადგუროთ!
ექიმს დაავადებაზე გარკვეულ წარმოდგენას თქვენი ჩივილების მოსმენა და გასინჯვაც შეუქმნის, თუმცა თანამედროვე მედიცინა წყლულის დანახვის საშუალებასაც იძლევა. ყველაზე ხშირად ენდოსკოპიურ მეთოდს მიმართავენ. მისი მეშვეობით ადვილად ადგენენ წყლულის ლოკალიზაციას, ზომას, კიდეების, ფსკერის მდგომარეობას... 
მკურნალობის ტაქტიკის განსაზღვრისთვის ჰელიკობაქტერიის არსებობის დადგენაც მეტად მნიშვნელოვანია. ამ ბაქტერიის აღმოჩენა ენდოსკოპიის დროს აღებული ლორწოვანი გარსის ბიოპტატის შესწავლით ან სისხლის სპეციალური ანალიზით შეიძლება.
თუ წყლულის აღმოჩენასთან ერთად ჰელიკობაქტერიების არსებობაც დაადგინეს, მკურნალობის სქემაში, რა თქმა უნდა, წამყვან ადგილს ანტიბიოტიკები დაიკავებს. მიკრობი მთლიანად რომ განადგურდეს, ერთდროულად რამდენიმე წამლის სმაა საჭირო, თანაც კურსის შუა გზაზე შეწყვეტა არაფრით არ შეიძლება. წამლების სხვა, არანაკლებ მნიშვნელოვანი ჯგუფი კუჭის წვენის სეკრეციას ამცირებს და ლორწოვანს იარების მოშუშების დროს აძლევს. პაციენტი სენისგან სამუდამოდ რომ გაათავისუფლონ. ექიმები ხშირად გარკვეული შუალედით რამდენიმე კურსს ნიშნავენ.
თანამედროვე მედიცინა, ჩვეულებრივ, ამარცხებს წყლულს. ქირურგიული ჩარევა შედარებით იშვიათია, კერძოდ, მაშინ, როცა კონსერვატიული მკურნალობით წყლულის შეხორცება ვერ ხერხდება, როცა რეციდივი კვლავ და კვლავ იჩენს თავს და გართულებისას.
განკურნებას საგრძნობლად დააჩქარებთ და შედეგიც უკეთესი იქნება, თუ კუჭს გამაღიზიანებელ აგენტებს მაქსიმალურად მოარიდებთ. ეს, პირველ ყოვლისა, თამბაქოსა და ალკოჰოლზე უარის თქმას, სტრესებთან გამკლავებას გულისხმობს.
ჩვენი ექიმების აზრით, მკურნალობისას დიეტის დაცვა აუცილებელია. იზღუდება ცხარე და ცხელი საკვები, ალკოჰოლის, კოფეინის შემცველი და გაზიანი სასმელები. მკურნალობის დასრულების შემდეგ, თუ ადამიანს არც ტკივილი აწუხებს და ენდოსკოპიაც ადასტურებს, რომ წყლული შეხორცებულია, დიეტის დაცვა საჭიროდ აღარ მიიჩნევა. უცხოელები ნაკლებად კატეგორიულები არიან. მათი მონაცემებით, გამაღიზიანებელი საკვებისა თუ კერძების სია მკვეთრად ინდივიდუალურია, ამიტომაც ავადმყოფს მხოლოდ ურჩევენ, დააკვირდეს, რომელიმე საკვები ტკივილს ხომ არ უძლიერებს ან გულძმარვას ხომ არ უჩენს და მხოლოდ მას მოერიდოს.
მოკლედ, თუ წყლულოვანი დაავადების დიაგნოზი დაგისვეს, მთელი სიცოცხლე დიეტაზე ყოფნას, სანახევროდ შიმშილს, მრავალ საყვარელ ნუგბარზე სამუდამოდ უარის თქმას აღარავინ მოგთხოვთ. დროულად მიმართეთ ექიმს, შეასრულეთ მისი ყველა რეკომენდაცია. თუ ასე მოიქცევით, ძალიან დიდია ალბათობა,  სენს სამუდამოდ დააღწიოთ თავი. 

გააზიარე: