ოსტეოართრიტი თუ რევმატოიდული ართრიტი?

გააზიარე:

სიტყვა “ართრიტი” სახსრების ანთებას ნიშნავს. უამრავი ტიპის ართრიტი არსებობს. მათ შორის არის ოსტეოართრიტი და რევმატოიდული ართრიტიც. ეს ორი სხვადასხვა დაავადებაა. მართალია, მათ შორის ერთგვარი მსგავსებაც შეინიშნება, მაგრამ ვინაიდან მკურნალობისთვის უნდა ვიცოდეთ, რომელ პათოლოგიასთან გვაქვს საქმე, მათი დიფერენცირება და სწორი დიაგნოზი მეტად მნიშვნელოვანია.

 

როგორ ვითარდება

რევმატოიდული ართრიტი ავტოიმუნური დაავადებაა, რაც გულისხმობს ორგანიზმის ბრძოლას საკუთარი თავის წინააღმდეგ. რევმატოიდული ართრიტის შემთხვევაში იმუნური სისტემა უცხოდ აღიქვამს სახსრის ამომფენ სინოვიურ მემბრანას და მის თავიდან მოშორებას ცდილობს.

სინოვიური მემბრანა შიგნიდან ამოფენს სახსარს და წარმოქმნის სასახსრე სითხეს, რომელიც საპოხის ფუნქციას ასრულებს და სახსრის შემადგენელი ელემენტების კვებას უზრუნველყოფს. ორგანიზმის დამცველობითი სისტემის არასწორი აქტიურობის შედეგად სახსარში იწყება ანთებითი პროცესი, რომელიც იწვევს სახსრის შეშუპებას, ტკივილს, რიგიდულობას, დეფორმაციასა და დესტრუქციას

ოსტეოართრიტი, სხვაგვარად _ დეგენერაციული ართრიტი, სახსრების ყველაზე გავრცელებული ქრონიკული დაავადებაა. ამ დროს ზიანდება ხრტილი, რომელიც სახსრის შემადგენლობაში შემავალი ძვლების ბოლოებს ფარავს. თავისი დრეკადი და ელასტიკური ბუნების წყალობით ხრტილი ძვლებს ზედმეტი ხახუნის გარეშე ურთიერთქმედების საშუალებას აძლევს, რაც ძალიან აადვილებს მოძრაობას. როდესაც ხრტილი ზიანდება, თხელდება და კარგავს ელასტიკურობას, ძვლებს შორის ხახუნი იმატებს. შედეგად თავს იჩენს ტკივილი, სახსარი შუპდება, მოძრაობა იზღუდება. თუ ყველაფერ ამას ყურადღება არ მივაქციეთ, მდგომარეობა უფრო და უფრო მეტად დამიძიმდება, თითქოსდა განლეული ხრტილის კომპენსირების მიზნით, ძვალზე გაჩნდება გამონაზარდები, რაც უფრო მეტად შეზღუდავს მოძრაობას.

 

ვის ემუქრება

ოსტეოართრიტიცა და რევმატული ართრიტიც შეიძლება ნებისმიერ ასაკში შეგვხვდეს, თუმცა პირველი ყველაზე ხშირად 60 წელს გადაცილებულებთან აღირიცხება, მეორე კი – უფრო მეტად 35-დან 50 წლამდე.

რევმატული ართრიტი ახალგაზრდებთანაც გვხვდება. ამ ფორმას იუვენილურ ართრიტს უწოდებენ. ორივე ტიპის ართრიტი უფრო მეტად ქალებშია გავრცელებული.

რევმატული ართრიტის რისკფაქტორებია:

* გენეტიკა. ადამიანებს, რომელთა პირველი რიგის ნათესავებსაც იგივე დაავადება აქვთ, ზოგად პოპულაციასთან შედარებით 4-ჯერ მაღალი რისკი ემუქრებათ, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ართრიტის განვითარება გარდაუვალია.

* არახელსაყრელი გარემო. დაბინძურებულმა ჰაერმა, ქიმიურ ნივთიერებებთან კონტაქტმა, პასიურმა მწეველობამ, ტრავმამ შესაძლოა პროვოცირება გაუწიოს იმუნური სისტემის არასწორ ფუნქციონირებას და რევმატული ართრიტის ჩამოყალიბებას.

* ჰორმონები. ზოგიერთ ექსპერტს მიაჩნია, რომ ქალის ორგანიზმში მიმდინარე ჰორმონული ცვლილებები ახლო კავშირშია რევმატული ართრიტის განვითარებასთან. როდესაც ორგანიზმში ესტროგენისა და პროგესტერონის დონე იკლებს, იმატებს ამ დაავადების განვითარების რისკი.

* ცხოვრების წესი. საკმაოდ ძლიერი რისკფაქტორია ნიკოტინი. მწეველი ადამიანის რისკი, საშუალოსტატისტიკურ მონაცემებს თუ შევადარებთ, დაახლოებით 2,4%-ით მაღალია.

ოსტეოართრიტის რისკფაქტორების ჩამონათვალში, გენეტიკურ და ჰორმონულ ფაქტორებთან ერთად, შედის:

* ასაკი;

* სიმსუქნე;

* კუნთების სისუსტე;

* სახსრების ხშირი და ჭარბი დატვირთვა;

* ინფექცია;

* ძვლის დაავადებები;

* გადატანილი ტრავმები.

ოსტეოართრიტის შემთხვევაში დეფექტურია გენი, რომელიც კოლაგენის წარმოქმნას განაგებს. კოლაგენი კი მნიშვნელოვანია ხრტილის ფორმირებისთვის.

ჭარბი წონა ამძიმებს ანთებით პროცესს. ზეწოლის გამო ხრტილი ვეღარ ასრულებს თავის ფუნქციას და განილევა. მკვლევრებმა დაადგინეს, რომ ჭარბი ცხიმოვანი ქსოვილი წარმოქმნის ანთების მედიატორებს - ციტოკინებს, რომლებსაც შეუძლიათ სახსრის დაზიანება.

განმეორებითი ტრავმები და სახსრების ჭარბი დატვირთვა სპორტსმენთა პრობლემაა. ხშირია ისეთი პროფესიის ადამიანებთანაც, რომლებიც მოითხოვს დიდხანს დგომას, ხშირად დახრას, მძიმე ტვირთის აწევას...

 

სიმპტომები

რევმატულ ართრიტსა და ოსტეოართრიტს ბევრი საერთო სიმპტომი აქვს. ესენია:

* ტკივილი;

* სახსრების მოძრაობის შეზღუდვა;

* სახსრების ტემპერატურისა და მგრძნობელობის მომატება.

რევმატოიდული ართრიტი სისტემური დაავადებაა. სახსრებთან ერთად ის სხვა ორგანოებსაც ვნებს: კანს, გულს, ფილტვებს, თვალებს. იწყება ზოგადი სიმპტომებით: ტემპერატურით, კუნთების ტკივილით, სისუსტით. ამის შემდეგ თავს იჩენს სახსრების სიმეტრიული დაზიანება, ანთება, შეშუპება, დეფორმაცია, ტკივილი და მოძრაობის შეზღუდვა. მნიშვნელოვანი სიმპტომია რევმატოიდული კვანძების არსებობაც. რევმატოიდული ართრიტისთვის დამახასიათებელია დილის შებოჭილობა, რომელიც 30 წუთზე მეტხანს გრძელდება, ულნარული დევიაცია (მტევნის იდაყვისკენ გადახრა), გედის ყელისა და ყვავილის კოკრის (boutonniere) დეფორმაციები, რომლებიც თითის წვრილი სახსრების დაზიანებით არის გამოწვეული. ამ დროს ხელის მტევანი დამახასიათებელ შესახედაობას იძენს.

ოსტეოართრიტს სისტემური გამოვლენა არ ახასიათებს. მისი სიმპტომები სახსართან დაკავშირებული ცვლილებებით შემოიფარგლება. მთავარი სიმპტომი აქაც ტკივილია, რომელიც სახსრის მოძრაობასთან ერთად იმატებს, თავად მოძრაობა კი საკმაოდ შეზღუდულია და ხშირად თან ახლავს გამოხატული ხმიანობა. თითის წვრილ სახსრებზე შესაძლოა გაჩნდეს ჰებერდენისა და ბუშარის კვანძები, რომლებიც, არსობრივად, ძვლის გამონაზარდებით გამოწვეული სახსრის დეფორმაციებია. აქვე უნდა ითქვას, რომ დილის შებოჭილობა 30 წუთზე ნაკლებ ხანს გრძელდება.

 

რომელი სახსრები ზიანდება?

რევმატული ართრიტი თავდაპირველად პატარა – თითის სახსრებს მოიცავს, მერე და მერე კი პროცესში დიდ – მუხლის, მხრების, კოჭის – სახსრებსაც ითრევს. როგორც ითქვა, ანთება სახსრებს სიმეტრიულად აზიანებს სხეულის ორივე მხარეს.

ოსტეოართრიტიც ხშირად იწვევს თითის სახსრების დაზიანებას, მაგრამ უფრო მეტად იმ სახსრებს აზიანებს, რომლებიც მეტად იტვირთება: მენჯის, მუხლის, წელის სახსრებს.

 

დიაგნოსტიკა

ეს ორი დაავადება ერთმანეთისა და სხვა მსგავსი პათოლოგიებისგან კარგად რომ განასხვაოს, ექიმი თავდაპირველად ზედმიწევნით უნდა გაეცნოს ოჯახურ ისტორის, მერე გასინჯოს პაციენტი და დანიშნოს დიაგნოსტიკური ტესტები. ოსტეოართრიტის შემთხვევაში სისხლის გამოკვლევა არაინფორმაციულია. სამაგიეროდ, დიდ დახმარებას გვიწევს რენტგენოლოგიური კვლევა და სახსრის ასპირაცია, როდესაც წვრილი ნემსი სახსარში შეაქვთ და გამოსაკვლევად ცოტაოდენ სითხეს იღებენ.

რევმატოიდული ართრიტის დროს კი აუცილებელია სისხლის ანალიზი. ხშირად სისხლში აღმოაჩენენ რევმატოიდულ ფაქტორს და ციკლური ციტრულინირებული პეპტიდის საწინააღმდეგო ანტისხეულებს (Anti-CCP). მათი აღმოჩენა სიმპტომების გამოვლენამდეც შესაძლებელია.

 

მკურნალობა

რევმატოიდული ართრიტისა და ოსტეოართრიტის მკურნალობის მიზანია:

* შევაჩეროთ ტკივილი;

* ვმართოთ სიმპტომები;

* თავიდან ავიცილოთ სახსრების დაზიანება;

* გავაუმჯობესოთ მათი ფიზიკური ფუნქციები;

* თავიდან ავიცილოთ გართულებები.

ამ ყველაფრის მისაღწევად კი მკურნალობას იწყებენ ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებებით, რომლებიც ტკივილსა და ანთებას ასუსტებს. ვინაიდან რევმატოიდული ართრიტი ავტოიმუნური დაავადებაა, იყენებენ ანტირევმატულ წამლებს (DMARDs – Disease-modifying antirheumatic drugs). გახანგრძლივებული ანთების შემთხვევაში კი ორივე ტიპის ართრიტის მკურნალობაში ერთვება კორტიკოსტეროიდები. როდესაც სახსარი იმდენადაა დაზიანებული, რომ ადამიანს უჭირს გადაადგილება და ყოველდღიური საქმიანობის დამოუკიდებლად შესრულება, მიმართავენ ქირურგიულ მკურნალობას, რაც გულისხმობს სახსრის დაზიანებული ნაწილის შეცვლას ლითონის ან პლასტიკის პროთეზით.

უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენი ჯანმრთელობა სხვა ფაქტორებთან ერთად ჩვენსავე ნებაზეცაა დამოკიდებული. ცხოვრების წესით, ჯანსაღი კვებითა და ყოველდღიური აქტივობით შეგვიძლია თავიდან ავიცილოთ ან ვმართოთ ესა თუ ის დაავადება. მაგალითად, რევმატოიდული ართრიტისა და ოსტეოართრიტის მქონე ადამიანებისთვის რეკომენდებულია ხმელთაშუა ზღვის დიეტა, რომელიც მოიცავს თევზს, ბოსტნეულს, ხილსა და ზეითუნის ზეთს. უნდა ვერიდოთ ფასტფუდს. კვებასთან ერთად უნდა დაბალანსდეს ფიზიკური აქტიურობაც. რევმატოიდული ართრიტით დაავადებულ ადამიანს  სჭირდება ხშირი დასვენება და, ამასთანავე, ინდივიდუალური სავარჯიშო პროგრამა, რომელიც კუნთების გამაგრებისკენ იქნება მიმართული. ვარჯიში საჭიროა ოსტეოართრიტით დაავადებულებისთვისაც, რადგან ამ დროს კუნთების გამაგრებასა და სახსრების მოქნილობის აღდგენასთან ერთად მნიშვნელოვანია წონის კონტროლიც. როდესაც სახსრები გვტკივა და მოძრაობა გვიჭირს, შესაძლოა, ვარჯიში წარმოუდგენელიც კი მოგვეჩვენოს, მაგრამ თერაპიის ეს ნაწილი მკურნალობის ძალზე ფასეული კომპონენტია.

არსებობს თერაპიული მეთოდები, რომლებიც ტკივილის მართვასა და ცხოვრების ხარისხის ამაღლებაში გვეხმარება. ესენია:

* სითბოსა და სიცივის თერაპია. სითბო დადებითად მოქმედებს უეცრად აღმოცენებულ ტკივილზე, როდესაც სახსარი რიგიდულია. ამ დროს უმჯობესდება სისხლის მიმოქცევა. სიცივე კი ამცირებს ანთებით პროცესს.

* ბუნებრივი ანუ ალტერნაციული თერაპია – მოდუნების ტექნიკა, ღრმა სუნთქვა, მასაჟი, აკუპუნქტურა (ნემსებით მკურნალობა). ამ ყველაფრით ეფექტურად ხდება ტკივილის კონტროლი.

დაბოლოს, გვახსოვდეს, რომ დადებითი განწყობა, ადამიანებთან ურთიერთობა ემოციურად გვაძლიერებს და ყოველგვარი დაბრკოლების გადალახვაში გვეხმარება.

სოფიო ცირეკიძე

გააზიარე: