როდესაც ყველაფერს წუთები წყვეტს
გააზიარე:
იშვიათია ადამიანი, რომელსაც ერთხელ მაინც არ დასჭირვებია სასწრაფო დახმარების გამოძახება თავისთვის ან ოჯახის წევრისთვის, ნათესავისთვის, მეზობლისთვის, თუნდაც უცნობი გამვლელისთვის.
არსებობს მდგომარეობები, როდესაც სწორმა მოქმედებამ, თუნდაც მხოლოდ სასწრაფო დახმარების დროულმა გამოძახებამ, შესაძლოა ადამიანი სიკვდილს გადაარჩინოს. ქვემოთ რამდენიმე ასეთ მდგომარეობას გაგაცნობთ.
თიროიდული შტორმი
რა შუაშია შტორმი?
თიროიდული შტორმი სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობაა, რომელიც არანამკურნალები ან არასწორად ნამკურნალები ჰიპერთირეოზის შედეგად ვითარდება. მას თირეოტოქსიკურ კრიზსაც უწოდებენ. ამ დროს გულისცემის სიხშირე, არტერიული წნევა და სხეულის ტემპერატურა ისეთ მაღალ ციფრებს აღწევს, რომ ადამიანის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. სასწრაფო სამედიცინო ჩარევის გარეშე თიროიდული შტორმი ხშირად ლეტალური შედეგით მთავრდება.
ფარისებრი ჯირკვალი პეპლის ფორმის პატარა ორგანოა, რომელიც ყელის ქვედა შუა ნაწილში მდებარეობს. აქ გამომუშავდება ორი უმნიშვნელოვანესი ჰორმონი: ტრიიოდთირონინი (T3) და თიროქსინი (T4), – რომლებიც ადამიანის უჯრედებში მიმდინარე ნივთიერებათა ცვლას აკონტროლებს. ჰიპერთირეოზი ნიშნავს, რომ ორგანიზმი ჭარბად გამოიმუშავებს ამ ჰორმონებს, რაც ნივთიერებათა ცვლის აჩქარებას უწყობს ხელს. ამ დროს სუნთქვა და გულისცემა შესაძლოა გახშირდეს და ლაპარაკითაც კი ჩვეულებრივზე სწრაფად ვილაპარაკოთ.
რა იწვევს
თიროიდული შტორმი საკმაოდ იშვიათია. ის თიროქსინისა და ტრიიოდთირონინის ექსტრემალურად ჭარბი გამომუშავების შედეგია, თუმცა, რა თქმა უნდა, ჰიპერთირეოზის მქონე ყველა ადამიანს არ უვითარდება თირეოტოქსიკური კრიზი. მას იწვევს:
* არანამკურნალები ან არასათანადოდ ნამკურნალები მძიმე ჰიპერთირეოზი;
* ჰიპერთირეოზთან ასოცირებული ინფექციები;
* ჰიპერთირეოზის ფონზე გადატანილი:
. ტრავმა;
. ქირურგიული ოპერაცია;
. მძიმე ემოციური სტრესი;
. ინსულტი;
. დიაბეტური კეტოაციდოზი;
. გულის შეგუბებითი უკმარისობა;
. ფილტვის ემბოლია;
. სეფსისი;
. ფარისებრი ჯირკვლის პირდაპირი ტრავმა და სხვა.
როგორ ამოვიცნოთ
თიროიდული შტორმი სიმპტომებით ჰიპერთირეოზს ჰგავს, მაგრამ უფრო მძიმედ, მოულოდნელად და ექსტრემალურად მიმდინარეობს. ხშირად ის ისე ასუსტებს ადამიანს, რომ ის დამოუკიდებლად სასწრაფო დახმარების გამოძახებასაც კი ვეღარ ახერხებს.
თიროიდული შტორმის სიმპტომები მოიცავს:
* ძლიერ ტაქიკარდიას, როდესაც გულისცემის სიხშირე წუთში 140-ს აჭარბებს და წინაგულების ფიბრილაციას;
* ძლიერ ცხელებას;
* ძლიერ ოფლიანობას;
* კანკალს;
* აღგზნებადობას;
* მოუსვენრობას;
* დაბნეულობას;
* დიარეას;
* ცნობიერების დაკარგვას.
დიაგნოზი
ჰიპერთირეოზის მქონე ადამიანები, რომლებსაც თიროიდული შტორმის სიმპტომები უვითარდებათ, ჩვეულებრივ, საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში ხვდებიან. აქ ექიმი ზომავს მათ სისხლში თიროიდული ჰორმონების დონეს. თირეოტროპული ჰორმონის (TSH) დონე, წესისამებრ, დაცემულია, ხოლო თიროქსინისა (FT4) და ტრიიოდთირონინისა (FT3) – მკვეთრად მომატებული.
თიროიდული შტორმი უმთავრესად გულისცემის სიხშირისა და სისტოლური (ზედა) წნევის მკვეთრი მატებით ვლინდება.
მკურნალობა
როგორც უკვე ითქვა, თიროიდული შტორმი უეცრად იწყება და ორგანიზმის თითქმის ყველა სისტემაზე ახდენს გავლენას. სიმპტომებიდან გამომდინარე, მასზე ეჭვი ხშირად უფრო ადრეც მიაქვთ, ვიდრე ლაბორატორიული ანალიზების პასუხები იქნება მზად. მკურნალობა დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს. ამ დროს იყენებენ ანტითიროიდულ მედიკამენტებს, რომლებიც თრგუნავს ფარისებრი ჯირკვლის მიერ ჰორმონების წარმოქმნის პროცესს.
ჰიპერთირეოზი მუდმივ მეთვალყურეობას მოითხოვს. მას მკურნალობენ რადიაქტიური იოდით ან ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დამთრგუნველი სხვა მედიკამენტებით. მკურნალობის კიდევ ერთი გზა ქირურგიული ჩარევაა. რადიაქტიური იოდით მკურნალობა არ შეიძლება ორსულებისთვის, ვინაიდან შესაძლოა, ნაყოფს სერიოზული ზიანი მიადგეს.
როგორ ავიცილოთ თავიდან
* ზედმიწევნით მისდიეთ თქვენი ექიმის მიერ შედგენილ მკურნალობის სქემას.
* არ დაგავიწყდეთ გამოწერილი წამლების მიღება.
* აკონტროლეთ სისხლში ჰორმონების დონე ექიმის მიერ მითითებულ ვადებში.
* ნუ მიიღებთ იოდის პრეპარატებს თვითნებურად, ექიმის დანიშნულების გარეშე, ვინაიდან მათ შესაძლოა მდგომარეობა გააუარესონ
* თუ ეჭვობთ, რომ თქვენ ან ვინმე სხვას თიროიდული შტორმის სიმპტომები გაქვთ, დაუყოვნებლივ გამოიძახეთ სასწრაფო დახმარება.
მიქსედემური კომა
მიქსედემა პათოლოგიური მდგომარეობაა, რომელიც ჰიპოთირეოზის შორს წასული ფორმის დროს ვითარდება. ამ დროს ფარისებრი ჯირკვალი ვერ გამოიმუშავებს საკმარისი რაოდენობის ჰორმონებს. მიქსედემა უმეტესად ვითარდება არადიაგნოსტირებული და არანამკურნალები მძიმე ჰიპოთირეოზის ფონზე.
გარდა მძიმე ჰიპოთირეოზული მდგომარეობისა, ტერმინი "მიქსედემა" ამ მდგომარეობის დროს განვითარებულ კანის სპეციფიკურ ცვლილებებსაც აღნიშნავს. ამ ცვლილებათა კლასიკური ფორმებია:
* სახის შეშუპება, რომელიც ტუჩებზე, ქუთუთოებსა და ენაზეც ვრცელდება;
* კანის შეშუპება და გასქელება სხვადასხვა ადგილებას, განსაკუთრებით – ფეხების ქვედა ნაწილებზე.
ხანგრძლივად მიმდინარე მძიმე და არაკონტროლირებულმა ჰიპოთირეოზმა შესაძლოა მიგვიყვანოს მიქსედემურ კომამდე – პათოლოგიურ მდგომარეობამდე, რომელიც გადაუდებელ სამედიცინო ჩარევას მოითხოვს. მიქსედემური კომა, იგივე მიქსედემური კრიზსი, იშვიათი და სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობაა – დაუყივნებელი ჩარევის გარეშე ის შესაძლოა პაციენტის სიკვდილით დასრულდეს.
მიქსედემური კომა უმეტესად ქალებთან გვხვდება. შესაძლოა, ორსულობის დროსაც განვითარდეს.
მიქსედემური კომის სიმპტომებია:
* სუნთქვის სიხშირის დაქვეითება;
* სისხლში ნატრიუმის დონის დაქვეითება;
* ჰიპოთერმია (სხეულის დაბალი ტემპერატურა);
* დაბნეულობა და აზროვნების შენელება;
* შოკური მდგომარეობა;
* სისხლში ჟანგბადის დონის დაქვეითება;
* კომა;
* კრუნჩხვა.
რა იწვევს
როგორც უკვე აღვნიშნეთ, მიქსედემური კომა ხანგრძლივად მიმდინარე არაკონტროლირებული ჰიპოთირეოზის შედეგია. ის უმეტესად წლის ცივ პერიოდებში ვითარდება. მიზეზად შესაძლოა იქცეს:
* ჰიპოთირეოზის მკურნალობის შეწყვეტა;
* უცაბედი ავადმყოფობა, მაგალითად, გულის შეტევა ან ინსულტი;
* ინფექცია;
* ტრავმა;
* ცენტრალური ნერვული სისტემის დამთრგუნველი ზოგიერთი მედიკამენტის მიღება;
* სიცივე;
* სტრესი.
დიაგნოსტიკა
მიქსედემური კომის დიაგნოზი სისხლში TSH-ის და FT4-ის დონეების შემოწმებით დასტურდება, საწყისი დიაგნოზი კი ხშირად ობიექტურ გასინჯვას ეფუძნება. სასწრაფო დახმარების ექიმი აკვირდება ისეთ სიმპტომებს, როგორებიცაა:
* კანის სიმშრალე;
* მეჩხერი თმა;
* ჰიპოთერმია;
* შეშუპება, განსაკუთრებით – სახესა და ფეხებზე;
* შესაძლო თიროიდექტომიის (ფარისებრი ჯირკვლის ქირურგიული ამოკვეთის) შედეგად კისერზე დარჩენილი ნაწიბური;
* დაბალი წნევა;
* გულისცემის დაბალი სიხშირე;
* ცნობიერების ნაწილობრივი ან სრული დაბინდვა;
* სუნთქვის დაქვეითებული სიხშირე.
მკურნალობა
მიქსედემური კომის მქონე პაციენტს მკურნალობენ ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, სასიცოცხლო ფუნქციებისა და ცნობიერების მუდმივი მონიტორირების თანხლებით. მკურნალობის პირველი ეტაპი მოიცავს სასიცოცხლო ფუნქციების უზრუნველყოფას, თიროიდული ჰორმონების ჩანაცვლებით თერაპიას, გლუკოკორტიკოიდებით თერაპიას და სხვა.
სწრაფი დიაგნოსტიკისა და მკურნალობის გარეშე მიქსედემური კომა ხშირად ფატალურია. სიკვდილიანობა, მკურნალობის შემთხვევაშიც კი, 25-დან 60%-მდეა. ასაკოვან პაციენტებთან ლეტალური შედეგის რისკი უფრო მაღალია.
როგორ მოვიქცეთ
* თუ ჰიპოთირეოზი გაქვთ, არ დაგავიწყდეთ ექიმის მიერ გამოწერილი თიროიდული ჰორმონის დანიშნულებისამებრ მიღება.
* არ დაგეზაროთ თიროიდული ჰორმონების რეგულარული კონტროლი .
* თუ ზემოთ აღწერილი სიმპტომები შეამჩნიეთ, მაშინვე სასწრაფო დახმარება გამოიძახეთ.
დიაბეტური კეტოაციდოზი
დიაბეტური კეტოაციდოზი დიაბეტის ერთ-ერთი ძალიან მძიმე გართულებაა. ის მაშინ ვითარდება, როდესაც ორგანიზმი საკმარისი რაოდენობის ინსულინს ვერ გამოიმუშავებს. ამ დროს ნივთიერებათა ცვლის პროცესების შედეგად სისხლში დიდი რაოდენობით გროვდება მჟავები, სახელად კეტონური სხეულები.
დიაბეტური კეტოაციდოზის სიმპტომები ხშირად საკმაოდ სწრაფად, სულ რაღაც 24 საათში ვითარდება. ზოგიერთ შემთხვევაში ისინი დიაბეტის პირველი მაუწყებელია. ამ დროს შეინიშნება:
* ძლიერი წყურვილი;
* ხშირი შარდვა;
* გულისრევა და ღებინება;
* მუცლის ტკივილი;
* სისუსტე და დაღლილობა;
* გახშირებული სუნთქვა;
* ტაქიკარდია;
* აცეტონის სუნი ამოსუნთქულ ჰაერში;
* ცნობიერების ამა თუ იმ ხარისხის დაბინდვა.
კეტოაციდოზის უფრო სპეციფიკურ ნიშნებს სისხლისა და შარდის ანალიზები ავლენს. ესენია:
* ჰიპერგლიკემია (სისხლში გლუკოზის მაღალი დონე);
* შარდში კეტონური სხეულების მაღალი დონე.
როდის მივმართოთ ექიმს
უპირველეს ყოვლისა, რეგულარულად აკონტროლეთ სისხლში შაქრის დონე, განსაკუთრებით – ავადმყოფობის, ტრავმის ან სტრესის დროს. დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ:
* გაღებინებთ და ვერ ახერხებთ სითხისა თუ საკვების მიღებას;
* სისხლში შაქრის დონე სცდება ზღვარს და სახლის პირობებში მკურნალობას შედეგი არ მოაქვს;
* შარდში კეტონური სხეულების დონე მაღალია.
დაუყოვნებლივ გამოიძახეთ სასწრაფო დახმარების ბრიგადა, თუ:
* სისხლში შაქრის დონე 300 მილიგრამ დეცილიტრს (მგ`დL) ან 16.7 მილიმოლ ლიტრს (მმოლ`L) აჭარბებს;
* გამოგაჩნდათ დიაბეტური კეტოაციტოზისთვის დამახასიათებელი ნიშნები – ძლიერი წყურვილის შეგრძნება, გახშირებული შარდვა, გულისრევა და ღებინება, მუცლის ტკივილი, გახშირებული სუნთქვა, ამოსუნთქულ ჰაერში აცეტონის სუნი.
გახსოვდეთ, რომ დიაბეტური კეტოაციდოზი შესაძლოა ფატალური აღმოჩნდეს.
როგორ გავზომოთ
სახლის პირობებში სისხლში გლუკოზის დონის შესამოწმებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ სტანდარტული გლუკომეტრი (სისხლში შაქრის დონის საზომი ხელსაწყო). გლუკომეტრის ქონება ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია შაქრიანი დიაბეტის მართვის. სთხოვეთ ექიმს, გასწავლოთ ამ ხელსაწყოს საშუალებით შაქრის გაზომვა. კარგი იქნება, თუ ამას ოჯახის წევრებსაც ასწავლით საჭიროების შემთხვევისთვის.
სახლის პირობებში შარდში კეტონური სხეულების დონის გაზომვაც შეიძლება. ამისთვის არსებობს სპეციალური ჩხირები. როდესაც ამ ჩხირს შარდში მოვათავსებთ, რამდენიმე წუთში მასზე განსაზღვრული ფერის ზოლი გამოიკვეთება. ამ ფერის სპეციალურ დიაგრამაზე დატანილ ფერებთან შედარების შედეგად ვხვდებით, როგორია კეტონური სხეულების დონე შარდში.
რა იწვევს
დიაბეტური კეტოაციდოზის განვითარება ხშირად განპირობებულია:
* ავადმყოფობით – მაგალითად, პნევმონიით, საშარდე გზების ინფექციით;
* ინსულინთერაპიის დროს წარმოშობილი პრობლემა. ინსულინით მკურნალობის დროს მისი დოზის გამოტოვება ან არასაკმარისი დოზის მიღება შესაძლოა დიაბეტური კეტოაციდოზის მიზეზად იქცეს.
არსებობს სხვა ფაქტორებიც, რომლებმაც ასევე შეიძლება დიაბეტურ კეტოაციდოზამდე მიგვიყვანოს:
* ფსიქიკური და ემოციური ტრავმა;
* გულის შეტევა;
* ალკოჰოლი და ნარკოტიკები, განსაკუთრებით – კოკაინი;
* ზოგიერთი მედიკამენტი, მაგალითად, კორტიკოსტეროიდები, შარდმდენები.
რისკფაქტორები
დიაბეტური კეტოაციდოზის რისკი ძალიან მაღალია პირველი ტიპის დიაბეტისა და ინსულინის დოზის ხშირი გამოტოვების შემთხვევაში.
დიაბეტური კეტოაციდოზი, თუმცაღა ძალიან იშვიათად, მეორე ტიპის დიაბეტის დროსაც გვხვდება. ზოგიერთ შემთხვევაში სწორედ დიაბეტური კეტოაციდოზია დიაბეტის პირველი ნიშანი.
მკურნალობა
დიაბეტური კეტოაციდოზის დროს ავადმყოფი ხშირად საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში ხვდება. მკურნალობა მოიცავს:
* ორგანიზმის სითხით შევსებას. ეს შეიძლება მოხდეს სითხის როგორც ორალურად მიღების, ისე ინტრავენური გადასხმის გზით;
* ელექტროლიტების დანაკარგის შევსებას. ელექტროლიტები ორგანიზმში არსებული მინერალებია: ნატრიუმი, კალიუმი, ქლორი. ელექტროლიტების გადასხმა გულს, კუნთებსა და ნერვულ უჯრედებს ნორმალური ფუნქციონირების აღდგენასა და შენარჩუნებაში ეხმარება;
* ინსულინთერაპიას. ინსულინი აჩერებს დიაბეტური კეტოაციდოზის დროს მიმდინარე პათოლოგიურ პროცესებს და არეგულირებს სისხლში გლუკოზის დონეს.
პრევენცია
* ჯანსაღი კვება და ფიზიკური აქტიურობა თქვენი ყოველდღიურობის შემადგენელ ნაწილად აქციეთ.
* მუდმივად აკონტროლეთ სისხლში შაქრის დონე.
* აკონტროლეთ შარდში კეტონური სხეულების დონე.
* არ დაგავიწყდეთ გამოწერილი წამლების მიღება.
* მზად იყავით სწრაფი მოქმედებისთვის. თუ ეჭვობთ, რომ დიაბეტური კეტოაციდოზი გაქვთ, დაუყოვნებლივ გამოიძახეთ სასწრაფო დახმარება.
ადისონური კრიზი
ადისონური კრიზი მძიმე პათოლოგიური მდგომარეობაა, რომელიც მაშინ ვითარდება, როდესაც ორგანიზმს არ შესწევს საკმარისი რაოდენობის კორტიზოლის გამომუშავების უნარი. ის მწვავე ადრენალური კრიზის სახელითაც არის ცნობილი. კორტიზოლის ნაკლებობა იწვევს სისუსტეს, არტერიული წნევის დაცემას და სხვა გართულებებს. მწვავე ადრენალური კრიზის დროს მოსალოდნელია თავბრუხვევა, ღებინება და ცნობიერების დაკარგვაც კი. ის სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობაა და გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას მოითხოვს.
როგორ ამოვიცნოთ
ადისონური კრიზისთვის დამახასიათებელია:
* ძლიერი სისუსტე;
* თავბრუსხვევა;
* გულისრევა და მუცლის ტკივილი;
* ღებინება;
* უცაბედი ტკივილი წელისა და ქვედა კიდურების არეში;
* მადის დაკარგვა;
* ძალიან დაბალი არტერიული წნევა;
* შემცივნება;
* ცნობიერების დაკარგვა.
რა იწვევს
თირკმელზედა ჯირკვლები თირკმელების თავზეა მოთავსებული და უამრავ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ჰორმონს გამოიმუშავებს, მათ შორის – კორტიზოლს. როდესაც თირკმელზედა ჯირკვლების ფუნქცია დარღვეულია, ისინი ვეღარ გამოიმუშავებენ საკმარისი რაოდენობის ჰორმონებს, რასაც მწვავე ადრენალურ კრიზამდე მივყავართ. კრიზის განვითარების მაღალი რისკი ემუქრებათ ადისონის დაავადების მქონე ადამიანებს, განსაკუთრებით მაშინ, თუ შესაბამისი მკურნალობა არ უტარდებათ.
ადისონური კრიზის მიზეზად შესაძლო იქცეს:
* გლუკოკორტიკოიდების, მაგალითად, პრედნიზოლონის ხანგრძლივი მიღება;
* გართულებული ინფექციები;
* სიმსივნე;
* ქირურგიული ჩარევა თირკმელზედა ჯირკვლებზე ან ჰიპოფიზზე.
ძლიერმა სტრესმა, ტრავმამ და მძიმე დეჰიდრატაციამ (ორგანიზმის გაუწყლოებამ) ასევე შეიძლება მწვავე ადრენალური კრიზი გამოიწვიოს.
მკურნალობა
მწვავე ადრენალური კრიზის შემთხვევაში კორტიზოლის სასწრაფო ინექციაა საჭირო. ის შეიძლება გაკეთდეს როგორც ვენაში, ისე კუნთშიც. მერე კი პაციენტი აუცილებლად უნდა გადაიყვანონ სტაციონარში. სასწრაფო სამედიცინო ჩარევის გარეშე ადრენალური კრიზი შესაძლოა სიკვდილით დამთავრდეს.
როგორ მოვიქცეთ
თუ ადისონის დაავადების დიაგნოზი დაგისვეს, სახლში აუცილებლად უნდა იქონიოთ საინექციო კორტიზოლი შპრიცთან ერთად. სთხოვეთ ექიმს, გასწავლოთ საჭიროების შემთხვევაში კორტიზოლის ინექციის დამოუკიდებლად გაკეთება. კარგი იქნება, თუ ამას თქვენი ოჯახის წევრებიც ისწავლიან. კორტიზოლის ინექციისთვის საჭირო ნაკრები იქონიეთ ავტომანქანაშიც და მოგზაურობისას თან ატარეთ.
ნუ დაიცდით ძლიერი სისუსტის შეგრძნებამდე და გონების დაკარგვამდე, განსაკუთრებით მაშინ, თუ ღებინებაც დაგეწყოთ. სასწრაფოდ გაიკეთეთ კორტიზოლის ინექცია და მაშინვე დაურეკეთ ექიმს შემდგომი რეკომენდაციების მისაღებად.
პროგნოზი
დროული ჩარევის შემთხვევაში მწვავე ადრენალური კრიზის გადალახვა შესაძლებელია, ნებაზე მიშვებული კი შესაძლოა დამთავრდეს:
* შოკით;
* კრუნჩხვებით;
* კომით;
* სიკვდილით.
ადრენალური უკმარისობის სამკურნალოდ გამოწერილი მედიკამენტების რეგულარული და დროული მიღებით საგრძნობლად შეამცირებთ ადისონური კრიზის განვითარების რისკს. გარდა ამისა, მუდამ თან იქონიეთ საინექციო კორტიზოლი და შპრიცი.
ადრენალური უკმარისობის მქონე ადამიანმა თან უნდა ატაროს სპეციალური ბარათი გადაუდებელი შემთხვევებისთვის. ამ ბარათზე დატანილია ინფორმაცია მფლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. თუ ავადმყოფმა გონება დაკარგა და კითხვებზე პასუხის გაცემა არ შეუძლია, სწორედ ამ ბარათმა უნდა აცნობოს სასწრაფო დახმარების ბრიგადას, რომ მას კორტიზოლის სასწრაფო ინექცია სჭირდება.
SOS!
ნებისმიერი ამ მდგომარეობის შემთხვევაში, თუნდაც მდგომარეობის დასტაბილურება თვითონვე მოახერხოთ, შემდგომი მკურნალობისა და მეთვალყურეობისთვის აუცილებლად მიმართეთ სამედიცინო პერსონალს – გამოიძახეთ სასწრაფო დახმარების ბრიგადა, დაუკავშირდით პირად ექიმს, მიაკითხეთ უახლოეს სამედიცინო პუნქტს... მდგომარეობის სიმძიმის პროფესიონალთა მიერ შეფასებას და სათანადო ზომების მიღებას შესაძლოა გადამწყვეტი მნიშვნელობა აღმოაჩნდეს თქვენი სიცოცხლისთვის.
ელენე ზურაბიშვილი