გამოვიყვანოთ ეპილეფსია ჩრდილიდან

გააზიარე:

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის განმარტების თანახმად, ჯანმრთელობა მხოლოდ დაავადების არარსებობა კი არა, არამედ სრული ფიზიკური, ფსიქიკური და სოციალური კეთილდღეობაა. ამ განმარტებიდანაც ჩანს, რა დიდ გავლენას ახდენს სოციუმი ჩვენს ჯანმრთელობაზე. დაავადებათა უმეტესობა სხეულს აზიანებს, ზოგიერთი მათგანი ფსიქიკასაც გადასწვდება ხოლმე, მაგრამ არსებობს ისეთი სნეულებებიც, რომლებსაც ერთდროულად ეწირება ფიზიკური, ფსიქიკური და სოციალური კეთილდღეობა. ერთი მათგანია ეპილეფსიაც.

ეპილეფსიას ოდითგანვე სდევდა თან სტიგმა. შორეული წარსულიდან დღემდე მისი მკურნალობის მეთოდები წარმოუდგენლად დაიხვეწა, მაგრამ სტიგმა კვლავ აქტუალურია. ეპილეფსიის შესახებ უამრავ მითს გაიგონებთ, რომლებიც სტიგმის ჩამოყალიბებისა და განმტკიცებისთვის ნოყიერ ნიადაგს ქმნის.

თებერვლის პირველი ორშაბათი ეპილეფსიის მსოფლიო დღეა, ამიტომ გადავწყვიტეთ, თებერვლის ნომერში ეპილეფსიასთან დაკავშირებულ სტიგმაზე გვესაუბრა. აქამდე თუ უმეტესად მათთვის ვწერდით, ვისაც ესა თუ ის დაავადება აქვს, ამჯერად საქმე პირიქით არის - არა ეპილეფსიით დაავადებულების, არამედ სწორედ საზოგადოების დანარჩენი ნაწილის ყურადღების მიპყრობა გვინდა.

ჩვენი სტუმარია მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ნევროლოგი, ეპილეპტოლოგი ოთარ თოიძე. რესპონდენტად ის შემთხვევით არ აგვირჩევია: 2005 წელს ბატონი ოთარი სტიგმასთან ბრძოლისთვის მსოფლიოს ყველაზე მზრუნველ ექიმად დაასახელეს.

 

ეპილეფსიის ევოლუცია და რევოლუცია

 

– ეპილეფსია უძველესი დროიდანვეა ცნობილი. საინტერესოა, რა გზა გამოიარა მან, რა შეიცვალა ამ ხნის განმავლობაში და რა უცვლელი დარჩა.

– ეპილეფსიას მართლაც ხანგრძლივი და მდიდარი ისტორია აქვს. მის დიაგნოზს ექიმები ჯერ კიდევ 4000 წლის წინათ სვამდნენ. მას შემდეგ დაავადების დიაგნოსტიკის პრინციპები, პრაქტიკულად, არ შეცვლილა, მხოლოდ მეთოდები დაიხვეწა, მოხდა ფორმათა კლასიფიკაცია. რაც მთავარია, დღეს ისმება არა მხოლოდ ეპილეფსიის, არამედ ეპილეფსიური სინდრომის დიაგნოზიც. ეს უკანასკნელი ეპილეფსიის არსებობასთან ერთად კრუნჩხვით მზაობას, დაავადების მიმდინარეობას, მკურნალობაზე მის დამყოლობასაც ითვალისწინებს. ამის მიხედვით იგეგმება მკურნალობა და ვმსჯელობთ დაავადების გამოსავალსა და პროგნოზზე.

დიდი ცვლილებები მოხდა ეპილეფსიის მკურნალობის კუთხით. თუ წინათ მას ბალახეული საშუალებებითა და შელოცვებით მკურნალობდნენ (სხვათა შორის, ასეთ მკურნალობას ზოგჯერ მართლაც ჰქონდა შედეგი), დღეს არსებობს მედიკამენტები, რომლებიც დაავადების ეფექტური მართვის და მისგან განკურნების საშუალებასაც კი იძლევა. ეს ყველაფერი უკანასკნელი ასი წლის მიღწევებია და სულ ოციოდე წელია, რაც შესწავლის საგანი გახდა ეპილეფსია როგორც სოციალური მოვლენა ან, უფრო ვიწროდ – სტიგმა.

ამრიგად, ცნობილ ინდოელ ეპილეპტოლოგს თუ დავესესხებით, ეპილეფსიის ისტორია მოიცავს მითებისა და სტიგმატიზაციის 4000 წელს, მეცნიერული შესწავლის 100 წელს და მხოლოდ უკანასკნელი 20 წელია, რაც დაიწყო ბრძოლა სტიგმის წინააღმდეგ.

  • – მაშასადამე, ეპილეფსიას მუდამ თან სდევდა სტიგმაც?

– დიახ, სტიგმა ყოველთვის იყო, არის და, ალბათ, იქნება, სანამ ეპილეფსია იარსებებს. თუმცა, ცხადია, შეგვიძლია მისი მასშტაბისა და ძალაუფლების შემცირება.

 

სტიგმის ანატომია

– სტიგმატიზაცია სხვა დაავადებებსაც ახასიათებს, მაგრამ ეპილეფსიის შემთხვევაში სტიგმის ბუნება რამდენადმე განსხვავებულია.

სტიგმა დაავადებულისადმი საზოგადოების უარყოფითი დამოკიდებულებაა. ადამიანებს მიაჩნიათ, რომ დაავადებულმა შეიძლება ავნოს მათ, რომ მასთან კონტაქტი საფრთხეს უქადით. ეს ადვილი შესამჩნევია გადამდებ დაავადებებთან, მაგალითად, ტუბერკულოზთან ან შიდსთან მიმართებით. ეპილეფსიის შემთხვევაში საქმე სხვაგვარად იყო: ყველამ იცოდა, რომ დაავადებულთან კონტაქტით ეპილეფსია არ გადაედებოდათ, მაგრამ მაინც უფრთხოდნენ. რატომ? იმიტომ, რომ ეპილეფსიით დაავადებულები ეშმაკეულებად წარმოედგინათ და ეშინოდათ, თვითონაც არ მოქცეულიყვნენ ბნელი ძალების ტყვეობაში. ამიტომ გაჩნდა შიში და დაავადებულთა განდევნის მცდელობა.

გასათვალისწინებელია კიდევ რამ: ეპილეფსიის მთავარი სიმპტომი, ტონურ-კლონური კრუნჩხვა, ძალიან ჰგავს მომაკვდავის აგონიას. ნამდვილად მძიმე სანახაობაა, რომელიც მოქმედებს გარშემო მყოფებზე, აღძრავს სიკვდლის შიშს. მისტიკური დაავადების საბურველი ეპილეფსიას დღემდე მოყვება, ამიტომ მისი ისევე ეშინიათ, როგორც გადამდები დაავადებების, ხშირად – უფრო მეტადაც კი. ამრიგად, ეპილეფსიის სტიგმა სხვა დაავადებებთან შედარებით რამდენადმე განსხვავებულია, უფრო რთული.

როგორ უნდა მოიქცე, როდესაც დაავადების ან დაავადებულის გეშინია? უნდა განერიდო მას. მაგრამ ეს არ გამოდის, ამიტომ უფრო ადვილია, თავად ის “განარიდო”, გარიყო საზოგადოებისგან.

 

საშიში სტიგმა

– ისტორიაში უამრავი მაგალითი არსებობს იმისა, თუ როგორ რიყავდა საზოგადოება ეპლეფსიით დაავადებულებს. და არამხოლოდ მათ – საზოგადოდ, სტიგმატიზებულ კონტინგენტს. ავადმყოფები იზოლირებულ ადგილას მიჰყავდათ ან, უარეს შემთხვევაში, ხოცავდნენ. ქრისტიანულ ეპოქაში უფრო ჰუმანურად იქცეოდნენ – მათთვის ასილიუმებს, სპეციალურ დაწესებულებებს აშენებდნენ. თუმცა სტიგმა მაინც დარჩა... საქმე იქამდე მივიდა, რომ ჰიტლერმა ფსიქიკურად და ეპილეფსიით დაავადებულები ერთად შეკრიბა და გაანადგურა! თავდაპირველად მათზე ექსპერიმენტებს ატარებდნენ, მერე კი ხოცავდნენ. ეს იყო სისასტიკე, რომელსაც საფუძვლად ედო სტიგმა. ამრიგად, სტიგმა შეიძლება გამოყენებულ იქნეს იდეოლოგიურ იარაღად.

კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი: ეპილეფსიით დაავადებული შეტევის დროს ზოგჯერ აგრესიულად იქცეოდა. ყოველ შემთხვევაში, ასე ეგონათ, ვინაიდან კრუნჩხვის მომენტში პაციენტი ვერ აკონტროლებს ქცევას. ამის საფუძველზე XIX საუკუნეში ერთი უცნაური თეორიაც ჩამოყალიბდა; იტალიელ იურისტს, ფილოსოფოსს და ექიმს ჩეზარე ლომბროზოს მიაჩნდა, რომ ყოველგვარი კრიმინალი დანაშაული ეპილეფსიური გულყრის დროს იყო ჩადენილი. ის ამბობდა: ნორმალური ადამიანი ასეთ სისასტიკეს არ ჩაიდენს, ამიტომ აგრესიული ქცევა ეპილეფსიური შეტევის გამოვლინებააო. ამის გამო ისედაც სტიგმატიზებულ დაავადებას კრიმინალის ელემენტიც დაემატა. ეპილეფსიით დაავადებული ბავშვი იმთავითვე მომავალ დამნაშავედ იყო შერაცხული. საბედნიეროდ, ამავე საუკუნეში გამოჩნდნენ დიდი მეცნიერები, რომლებმაც ეპილეფსიის მეცნიერული შესწავლა დაიწყეს და მალევე დაადასტურეს ამ მოსაზრების მცდარობა. 1956 წელსაც კი აშშ-ის ზოგიერთ შტატში განქორწინების შემთხვევაში გადაწყვეტილება ჯანმრთელი მეუღლის სასარგებლოდ მიიღებოდა, ინდოეთში ეპილეფსიით დაავადებულისგან სასამართლოში მიღებული ჩვენება არ ითვლებოდა ვალიდურად და ა.შ.

სტიგმას დღესაც უდიდესი ძალაუფლება აქვს. თუ გვინდა, დაავადების შესახებ ყველაფერი ვიცოდეთ, უნდა ვიცნობდეთ მის მიმართ საზოგადოების დამოკიდებულებას. წინათ ეპილეფსიის კლასიფიკაცია მხოლოდ გულყრის ტიპებს ეფუძნებოდა, დღეს ის გაცილებით დახვეწილია და, ალბათ, დადგება დრო, როდესაც კლასიფიკაციის ერთ–ერთი კრიტერიუმი სტიგმატიზაციის ხარისხიც გახდება, ვინაიდან სტიგმა დიდ გავლენას ახდენს დაავადების მიმდინარეობაზე, გამოსავალსა და პროგნოზზე.

 

დამღადასმული საზოგადოება

  • – სახელდობრ, როგორია დაავადებაზე სტიგმის გავლენა?

– პაციენტისა თუ მისი ოჯახის წევრებისთვის დიაგნოზის გამხელა ნამდვილი შოკია. მთავარი კითხვა, რომელიც ამ დროს უჩნდებათ, ასეთია: რა ეშველებათ?! შექმნიან ოჯახს? იმუშავებენ? მეგობრები ეყოლებათ? მანქანის მართვას შეძლებენ? აშინებთ ბარიერი, რომელსაც მათ საზოგადოება შეუქმნის, ვინაიდან წარსულში თავადაც არასწორი დამოკიდებულება ჰქონდათ დაავადების მიმართ. მხოლოდ სტიგმის ვექტორი შეიცვალა: აქამდე თუ ის სხვებისკენ იყო მიმართული, ახლა თავად მათ შემოუბრუნდათ. ეს არის პირველი და უდიდესი შოკი. ეპილეფსიის სტიგმა ორმაგი სტიგმაა: საზოგადოებას არ უნდა დაავადებული, თავის მხრივ, აღარც დაავადებულს უნდა ასეთი საზოგადოება, ეშინია მისი, გაურბის მას. გამუდმებით აკონტროლებს საკუთარ ქცევას, ეჭვის თვალით უყურებს სხვების გამოხედვას, სიტყვებს, დამოკიდებულებას. ის თავად ქმნის ბარიერებს - თავს იკავებს დაოჯახებისგან, შვილის გაჩენისგან, სპორტული აქტივობისგან, გულჩათხრობილი ხდება. ადამიანის შინაგანი სამყარო იმდენად იცვლება, რომ მის აღსანიშნავად სპეციალური ტერმინიც კი დამკვიდრდა: ეპილეფსიური ხასიათი. მას დღესაც ნახავთ სახელმძღვანელოებში. ასე ცხოვრება კი ძალიან ძნელია და ფსიქიკურ აშლილობათა მთელ წყებას იწვევს, ამიტომ ეპილეფსია ხშირად "მეგობრობს" ფსიქიატრიულ დაავადებებთან. განსაკუთრებით ხშირია დეპრესია. როდესაც დაავადებულებს ცხოვრების ხარისხის შეფასების კითხვარს ვავსებინებთ, ჩანს, რა მძიმე სოციალურ დეპრესიაშია ეს ხალხი. ასე რომ, სტიგმა უდიდეს ზიანს აყენებს დაავადებულს.

გარდა ფსიქოლოგიური ზემოქმედებისა, სტიგმა უშუალო გავლენასაც ახდენს დააავდებაზე. პაციენტებს ეშინიათ დიაგნოზის გამხელის. ზოგჯერ თავს არიდებენ ექიმთან მისვლას, არ ასრულებენ მის დანიშნულებას ან დროზე ადრე წყვეტენ მკურნალობას. ნებაზე მიშვებული ეპილეფსია კი მრავალ პრობლემას წარმოშობს, მაშინ როდესაც ადრეულ ეტაპზე დიაგნოსტიკისა და ადეკვატური მართვის პირობებში პრობლემათა უმეტესობა ადვილად გვარდება და გართულებების ალბათობაც იკლებს. ასე რომ, თავად სტიგმა განაპირობებს დაავადების დამძიმებას. რაც, თავის მხრივ, სტიგმის გაღრმავებას იწვევს. ჩვენი მთავარი ამოცანა ამ მანკიერი წრის გარღვევაა.

 

სტიგმატური იარაღი

– დაავადებაზე სტიგმის გავლენა ამით არ შემოიფარგლება. ის იჭრება პოლიტიკაშიც. პოლიტიკას ხომ ჩვენივე საზოგადოების წევრები ქმნიან. შესაბამისად, საზოგადოებაში არსებული წარმოდგენები და დამოკიდებულებები ამა თუ იმ ფორმით პოლიტიკაზეც აისახება. მაგალითად, წლების წინ საქართველოში ძალიან გაგვიჭირდა ეპილეფსიის საწინააღმდეგო კამპანიის დაწყება, რადგან პოლიტიკის შემქმნელებს არ ესმოდათ პრობლემის აქტუალობა. სურვილიც კი არ ჰქონდათ, მეტი გაეგოთ ამ საკითხის შესახებ. სურვილის უქონლობა უკვე სტიგმის გამოხატულებაა. ეს ნიშნავს დაავადების დისკვალიფიკაციას, მის მიუღებლობას, სოციალური ველიდან განდევნას. სტიგმაც სწორედ ესაა.

სტიგმა იარაღია ყოფით ცხოვრებაშიც. ხშირად გაიგონებთ შეურაცხმყოფელ მიმართვას: "ბნედიანო", "შიზოფრენიკო". დაუკვირდით, არავინ გეტყვით: "წნევიანო", "წყლულიანო"...

შესაძლოა, ადამიანს გულყრა ცხოვრებაში ერთხელ დაემართოს და სულ რამდენიმე წუთი გაგრძელდეს, მაგრამ ამ რამდენიმე წუთის გამო სამუდამოდ სტიგმის მსხვერპლად იქცეს.

 

იკურნება?

  • – როგორ შეიძლება სტიგმასთან ბრძოლა, რა არის მთავარი ამოცანა?

– სტიგმის საფუძველი წინათაც იყო და ახლაც არის არასწორი ინფორმაცია, ამიტომ მისი დამარცხების გასაღები განათლებაა. დავიწყოთ მთავარი კითხვით: ეპილეფსია იკურნება? სტიგმატიზების განმაპირობებელი მთავარი ფაქტორი ხომ ის არის, რომ მოსახლეობის უმეტესობას ის უკურნებელი დაავადება ჰგონია. ჯერ ერთი, მრავალი უკურნებელი დაავადება არსებობს, მაგრამ მათ სტიგმა არ სდევთ თან. ზოგჯერ ავადმყოფი სიმპათიასაც კი იწვევს. ეპილეფსიას კი ისტორიულად დაჰყვება სტიგმა. მეორე: ეპილეფსია არ არის უკურნებელი სენი, მაგრამ სტიგმა მაინც არსებობს, იმიტომ რომ მოსახლეობამ ეს არ იცის.

  • – რამდენად ხშირად ხდება განკურნება?

– თუ დიაგნოზი დროულად და სწორად დაისვა, ეპილეფსით დაავადებულთა 70-80% იკურნება. ხშირად მეკითხებიან, რას ნიშნავს განკურნება. წამლის მიღება აღარ იქნება საჭირო? დიახ, განკურნება ნიშნავს, რომ ადამიანი ავად აღარ იქნება და, შესაბამისად, აღარც წამლის მიღება დასჭირდება. დარჩენილი შემთხვევების უმეტესობის მართვა შესაძლებელია. დაახლოებით 10%–ში კი ეპილეფსიას მკურნალობაც არ სჭირდება - თვითგანკურნებადია. იშვიათია მედიკამენტებისადმი რეზისტენტული ფორმები, მძიმე ფორმები, როდესაც დესტიგმატიზაციაზე საუბარს აზრი აღარ აქვს – მთავარი მიზანი პალიატიური მზრუნველობაა. ასეთი მძიმე შემთხვევები სხვა დაავადებების დროსაც გვხვდება, მაგრამ ამის გამო მათ მიმართ სტიგმა არ ყალიბდება, ეპილეფსიის დროს კი სტიგმა განკურნების შემდეგაც კი რჩება.

 

ოჯახი

– მომდევნო საკითხია ოჯახის შექმნა და შვილების ყოლა. ჩემს პაციენტებს ყოველთვის ვურჩევ, წინასწარ გააცნონ საქმროს თუ საცოლეს თავიანთი დიაგნოზი. ძალიან მიხარია, როდესაც მეუბნებიან, რომ პაციენტის რჩეულმა მისი დიაგნოზი იცის – ე.ი. ის თანახმაა, საყვარელი ადამიანის სტიგმა გაიზიაროს, ვინაიდან ეს უკანასკნელი გადამდებია – გადადის ოჯახის წევრებზე, მეგობრებზე... თუ ადამიანი ამისთვის მზად არის, ე.ი. მას ნამდვილად უყვარს ჩვენი პაციენტი.

  • – თქვენს პრაქტიკაში როგორ ხდება, დიაგნოზის გამხელის შემდეგ უფრო ხშირად აგრძელებენ ურთიერთობას თუ წყვეტენ?

– საბედნიეროდ, უმეტესად ურთიერთობა გრძელდება. აქ დიდი მნიშვნელობა ენიჭება პაციენტისა და მისი პარტნიორის განათლებას. მათ ვუხსნით, რომ სწორი მართვის, რეგულარული მონიტორინგის შემთხვევაში ეპილეფსიით დაავადებული ადამიანი საზოგადოების სრულფასოვანი წევრი იქნება. აქ პაციენტთან ერთად მის ოჯახის წევრებსაც უდიდესი როლი აკისრიათ.

 

ჯანმრთელი იქნება თუ არა შვილი?

  • – შეუძლია თუ არა ეპილეფსიით დაავადებულ ქალს შვილის ყოლა და არსებობს თუ არა დაავადების მემკვიდრეობით გადაცემის შანსი?

– ეს საკითხიც ხშირად ხდება სტიგმის მიზეზი. ჰგონიათ, ეპილეფსიით დაავადებული ვერასდროს გააჩენს შვილს ან ბავშვიც აუცილებლად დაავადებული გაუჩნდება. როგორ არის საქმე სინამდვილეში? დავიწყოთ იმით, რომ ზოგჯერ ქალის უნაყოფობის მიზეზი სწორედ ეპილეფსიაა და თუ ის ტონურ-კლონური კრუნჩხვებით არ ვლინდება (რაც სავსებით შესაძლებელია), მასზე ეჭვი არც კი მიაქვთ. ამ დროს პათოლოგიურ პროცესში თავის ტვინის ის უბანია ჩართული, რომელიც რეპროდუქციულ ფუნქციას აკონტროლებს. ტვინის ასეთი დაზიანებისას ხშირია მენსტრუაციული ციკლის დარღვევაც. ანტიეპილეფსიური მკურნალობის შედეგად ციკლი და მასთან ერთად რეპროდუქციული ფუნქციაც ხშირად აღდგება. რაც შეეხება ორსულობას, მთავარი ამ დროსაც ექიმის მეთვალყურეობაა. საჭიროა წამლის სწორად შერჩევა, სხვადასხვა ფუნქციის მუდმივი კონტროლი. ამ შემთხვევაში დიდი შანსია, ორსულობამ გართულებების გარეშე ჩაიაროს.

რაც შეეხება მემკვიდრეობითობის საკითხს: არსებობს ეპილეფსიის ფორმები, რომლებიც გენეტიკურად გადაეცემა. დიდი მიღწევაა, რომ დღეს უკვე შესაძლებელია ამ ფორმების დიაგნოსტიკა და იმის დიდი ალბათობით განსაზღვრაც, ექნება თუ არა ბავშვსაც ეპილეფსიის მიმართ მომატებული გენეტიკური განწყობა. ასეთი ფორმები ეპილეფსიის შემთხვევათა საერთო რაოდენობის თითქმის მესამედს შეადგენს. ოღონდ ეს არ გულისხმობს დაავადების დომინანტურ გადაცემას, ანუ იმას, რომ თუ დედას აქვს, შვილსაც აუცილებლად ექნება. ასეთი რამ არ არსებობს! ის ფორმები კი, რომელთა დროსაც შთამომავლობას დაავადების მიმართ მზაობა, განწყობა გადაეცემა, განკურნებადია! ზემოხსენებული 70-80%-ის უმეტესობას სწორედ ასეთი ფორმა აქვს.

საინტერესოა, რომ მოხუცებულ ასაკში გამოვლენილი ეპილეფსია სტიგმას არ იწვევს. საზოგადოებას მოხუცების მიმართ მეტი სოლიდარობა ახასიათებს. სამაგიეროდ, ძალზე ძლიერია სტიგმა ახალგაზრდებთან.

 

გონებრივი შესაძლებლობები

– კიდევ ერთი მითია, რომ ეპილეფსია გონებრივ ჩამორჩენილობას იწვევს. თუ ეპილეფსია გონებრივი შეფერხებით მიმდინარეობს, აქ სხვა დაავადება უნდა ვეძებოთ! ეპილეფსიას ასეთი რამ არ ახასიათებს. შესაძლოა შეფერხდეს განსაზღვრული მენტალური ფუნქციები: მეხსიერება, აზროვნება, მხედველობითი კოორდინაცია... ეს ეპილეფსიური კერის ლოკალიზაციაზეა დამოკიდებული. თუმცა დისფუნქცია მხოლოდ კვლევის სპეციფიკური მეთოდებით ვლინდება, შეუიარაღებული თვალით ეს არ ჩანს, საერთო გონებრივ განვითარებაზე კი დაავადება გავლენას არ ახდენს.

 

მსოფლიო სტიგმის წინააღმდეგ

– როგორც ხედავთ, სტიგმა ის საკითხია, რომლის მოუგვარებლად ეპილეფსიის წარმატებით მართვა შეუძლებელია, ამიტომ 90-იანი წლების ბოლოს ეპილეფსიის წინააღმდეგ ბრძოლის ლიგამ წამოიწყო კამპანია “გამოვიყვანოთ ეპილეფსია ჩრდილიდან“. მანამდე ეპილეფსიით დაავადებულ 60 მლნ პაციენტს მთელ მსოფლიოში ერთეული ექიმები მკურნალობდნენ. დაავადება უკურნებელად მიიჩნეოდა და, საზოგადოდ, თემა ტაბუდადებული გახლდათ. მოხარული ვარ, რომ ამ ბრძოლის ერთ–ერთი პიონერი საქართველო იყო. ჩვენთან ჩატარდა უმნიშვნელოვანესი ხუთწლიანი კვლევა – პირველი (!) ევროპული კვლევა ეპილეფსიის ეპიდემიოლოგიისა და მისი სოციალური ფაქტორების შესახებ. საერთაშორისო ორგანიზაციებმა ის სამოდელო ნიმუშად აღიარეს. მის საფუძველზე ევროპარლამენტმა მიიღო დეკლარაცია, რომელიც ამბობს, რომ ეპილეფსია არ არის მხოლოდ სომატური დაავადება, ის სოციალური მოვლენაა. შესაბამისად, მასთან ბრძოლაში სამედიცინო საზოგადოებასთან ერთად უნდა ჩაერთონ სახელმწიფო სტრუქტურები, საზოგადოების ყველა ფენა. სწორედ ამ კამპანიის ფარგლებში დაწესდა ეპილეფსიის მსოფლიო დღეც. სტრასბურგში, ევროპარლამენტში, მისი დაწესების პროცესში მეც ვმონაწილეობდი. კამპანიის შედეგად ბევრი რამ უკეთესობისკენ შეიცვალა, თუმცა სამუშაო კიდევ ბევრია. თავად განსაჯეთ: საქართველოში 40 000–მდე ეპილეფსიით დაავადებული ცხოვრობს. თუ გავითვალისწინებთ, რომ ამდენივე ადამიანია სტიგმატიზებული, თანაც სტიგმა ვრცელება არა მარტო დაავადებულზე, არამედ მისი ოჯახის წვერებზეც, მივხვდებით, რამხელა სოციალურ და მატერალურ დანაკარგთან გვაქვს საქმე. აქტიური მუშაობაა საჭირო, განსაკუთრებით – ექიმებთან, მასწავლებლებთან, პოლიტიკოსებთან. მათთან, ვინც საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე გავლენას ახდენს. მოხარული ვარ, რომ ამ თემის გაშუქება თქვენც გადაწყვიტეთ. ერთად გამოვიყვანოთ ეპილეფსია ჩრდილიდან.

გვანცა გოგოლაძე

 

გააზიარე: