ნეიროპათია: დიაგნოსტიკა, მკურნალობა

გააზიარე:

დიაბეტური ნეიროპათია დიაბეტის ერთ-ერთი ხშირი გართულებაა. ნერვების დაზიანება სხეულის სხვადასხვა ნაწილის დაზიანებას იწვევს. პაციენტს დიდი ყურადღება მართებს, რომ ეს არ გამოეპაროს. მით უმეტეს, ზოგჯერ ნეიროპათია წლობით უსიმპტომოდ მიმდინარეობს.

ნეიროპათიის მიზეზებისა და დამახასიათებელი ნიშნების შესახებ წინა ნომერში ვწერდით. ამჯერად მისი დიაგნოსტიკისა და მკურნალობის მეთოდებზე გესაუბრებით.

 

ძირითადი მიმართულებები

ნეიროპათიის დიაგნოზს ექიმი სვამს სიმპტომებისა და გასინჯვით მიღებული მონაცემების საფუძველზე. ზომავს წნევას, გულისცემის სიხშირეს, კუნთების ძალას, რეფლექსებს, მგრძნობელობას პოზიციის ცვლილების, ტემპერატურის, ვიბრაციის, მსუბუქი შეხების მიმართ.

 

ტერფის მდგომარეობა

ნეიროპათიის ერთ-ერთი პირველი სამიზნე ტერფია. დიაბეტიანმა ადამიანმა წელიწადში ერთხელ მაინც უნდა შეიმოწმოს ტერფების მდგომარეობა, ხოლო თუ პერიფერიული ნეიროპათია დაუდგინეს – უფრო ხშირადაც.

ტერფის სრულყოფილი გამოკვლევა გულისხმობს მისი კანის, კუნთების, ძვლების, სისხლის მიმოქცევისა და მგრძნობელობის გამოკვლევას. ამ უკანასკნელს სპეციალური ფუნჯის შეხებით ან მისი წვეტიანი ბოლოს მსუბუქი ზეწოლით იკვლევენ. მგრძნობელობის დაკარგვის გამო იმატებს ტერფზე ნატკენებისა და წყლულების გაჩენის რისკი, დიაბეტის დროს კი ისინი ძნელად შუშდება. საჭიროებისამებრ, მოწმდება, როგორ აღიქვამს პაციენტი ტერფით ტემპერატურას ან ვიბრაციას.

 

სხვა გამოკვლევები

ექიმმა შესაძლოა საჭიროდ მიიჩნიოს სხვა გამოკვლევებიც:

* ელექტრომიოგრაფია – მისი მეშვეობით ადგენენ ნერვის დაზიანების ტიპსა და ხარისხს. ნერვში გზავნიან ელექტრულ ნაკადს, ელექტრომიოგრაფი კი აჩვენებს, როგორ პასუხობს კუნთები ნერვების საშუალებით მიწოდებულ ელექტრულ იმპულსებს;

* გულისცემის ცვალებადობის განსაზღვრა – აკვირდებიან, როგორ პასუხობს გული ღრმა სუნთქვას, სისხლის წნევისა და სხვა ცვლილებებს;

* ულტრაბგერითი გამოკვლევა – მისი მეშვეობით აფასებენ ორგანოების სტრუქტურულ მდგომარეობას და  ზოგიერთ ფუნქციას. მაგალითად, იმას, როგორ იცლება შარდის ბუშტი.

 

მკურნალობის ანა-ბანა

მკურნალობის პირველი ნაბიჯია გლუკოზის დონის მოწესრიგება, რაც, იმავდროულად, ერთადერთი გზაა ნერვის დაზიანების თავიდან ასაცილებლად. გლუკოზის დონის მოსაწესრიგებლად კი აუცილებელია მისი რეგულარული კონტროლი, სწორი კვება, ფიზიკური აქტიურობა. მდგომარეობის შესაბამისად, ამ ღონისძიებებს შესაძლოა დამატოს გლუკოზის დასარეგულირებელი ტაბლეტების მიღება ან ინსულინის გაკეთება.

თუ გლუკოზის დონემ, მიუხედავად ყველაფრისა, მკვეთრად მოიმატა, ნეიროპათიის ნიშნები შესაძლოა დამძიმდეს. აუცილებელია, გლუკოზა რაც შეიძლება მალე დავუქვემდებაროთ კონტროლს – შესაძლოა, ნეიროპათიის ნიშნები მაშინვე არ შესუსტდეს, მაგრამ დროთა განმავლობაში მდგომარეობა აუცილებლად გაუმჯობესდება.

ნერვის დაზიანების ტიპისა და გამოვლენილი ჩივილების მიხედვით, ექიმი მკურნალობის სხვა მეთოდებსაც იყენებს.

 

ტკივილის მართვა

ტკივილის შესამსუბუქებლად უმეტესად დასალევი წამლებიც საკმარისია. ძლიერი ტკივილის მოსახსნელად ზოგჯერ რამდენიმე წამლის კომბინაციას უნიშნავენ. ამ მიზნით გამოიყენება ანტიდეპრესანტები, კრუნჩხვის საწინააღმდეგო საშუალებები, ოპიოიდები და სხვა, თუმცა გვერდით ეფექტები ყველა ამ წამალს აქვს. ზოგიერთი მათგანი არ არის რეკომენდებული ასაკოვანთათვის, გულის დაავადებების მქონე პირთათვის. რაც შეეხება ურეცეპტოდ გასაცემ ტკივილგამაყუჩებლებს (პარაცეტამოლი, იბუპროფენი), ზოგიერთი სპეციალისტი პაციენტებს მათ მიღებას არ ურჩევს, რადგან ისინი საკმარისი არ არის ნეიროპათიური ტკივილის გასაყუჩებლად, სამაგიეროდ, სერიოზული გვერდითი ეფექტები აქვს.

ტკივილის გასაყუჩებლად გარეგანი საშუალებებიც გამოიყენება, განსაკუთრებით – ტერფზე: კაფსიკაინის შემცველი კრემი, ლიდოკაინის პლასტირი, ნიტრატების სპრეი ან პლასტირი. ზოგიერთ პაციენტს მდგომარეობას უმსუბუქებს ალფა ლიპოლის მჟავა, ენოთერას ზეთი და სხვა საშუალებები.

ვისაც ფეხზე მგრძნობელობა მომატებული აქვს და საბნის შეხება აწუხებს, მათთვის სპეციალურ მოწყობილობას იყენებენ – საწოლზე დგამენ ან ამაგრებენ ჩარჩოს, რომელიც საბანს ჰაერში აკავებს. ადამიანს არც შესცივდება და არც შეხება შეაწუხებს.

ზოგიერთ პაციენტს ტკივილს უხსნის აკუპუნქტურა, ბიოუკუკავშირის მეთოდით მკურნალობა, ფიზიოთერაპიული საშუალებები. ჯერჯერობით კარგად არ არის შესწავლილი, რა გავლენას ახდენს ტკივილზე ნერვის ელექტრული სტიმულაცია, მაგნიტური თერაპია, ლაზერული თერაპია, ფოტოთერაპია.

 

სხვა პრობლემებთან გამკლავება

კუჭ-ნაწლავის პრობლემების, კერძოდ, გასტროპარეზის მსუბუქი სიმპტომების: ნაწლავის მსუბუქი აშლილობის, ბოყინის, გულისრევის შეგრძნების, ღებინების, – შესამსუბუქებლად საკმარისია მცირე ულუფებით ხშირი კვება, ცხიმიანი და უჯრედისის შემცველი საკვების შეზღუდვა. თუ სიმპტომები უფრო მწვავეა, ექიმმა შესაძლოა მიზანშეწონილად მიიჩნიოს ანტიბიოტიკების, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მასტიმულირებელი, კუჭის სიმჟავის დამაქვეითებელი საშუალებების და სხვა წამლების დანიშვნა.

თუ პაციენტს თავბრუხვევა და სისუსტე აწუხებს, უნდა ერიდოს მკვეთრ მოძრაობებს – სწრაფად წამოჯდომას და წამოდგომას. დაბალი არტერიული წნევის შემთხვევაში შესაძლოა მდგომარეობა გააუმჯობესოს ელასტიკურმა წინდებმა, მარილიანმა საკვებმა, მარილის შემცველმა ჰორმონებმა. მაღალი წნევის დროს კი წნევის დამწევი წამლებია საჭირო. კუნთოვანი სისუსტისა და კოორდინაციის დარღვევის შემთხვევაში ფიზიოლოგიურ პროცედურებსაც მიმართავენ.

საშარდე გზების ინფექციას ანტიბიოტიკებით მკურნალობენ, მისი პრევენციისთვის კი რეკომენდებულია დიდი რაოდენობით სითხის მიღება. თუ ადამიანს შარდის შეუკავებლობა აქვს, უნდა ეცადოს, განსაზღვრული ინტერვალით მოშარდოს, მაგალითად, სამ საათში ერთხელ.

მამაკაცებში ერექციული დისფუნქციის არსებობისას ჰორმონების გამოკვლევით გამორიცხავენ ჰორმონულ დისფუნქციას. ნეიროპათიით გამოწვეულ ერექციულ დისფუნქციას რამდენიმე მეთოდით მკურნალობენ, მაგალითად, მედიკამენტების დახმარებით ზრდიან პენისში სისხლის ნაკადს. ასევე გამოიყენება დასალევი და ადგილობრივად შესაყვანი პრეპარატები, პროცედურები, ვაკუუმის აპარატი, იმპლანტი.

ქალებში ნეიროპათიამ შესაძლოა გამოიწვიოს საშოს სიმშრალე. ამ შემთხვევაში ვაგინალური ლუბრიკანტების გამოყენებაა რეკომენდებული.

 

ტერფის მოვლა

დიაბეტური ნეიროპათიის მქონე ადამიანებმა ფეხებს განსაკუთრებულად უნდა მოუარონ. ტერფის ნერვები სხეულის ყველაზე გრძელი ნერვებია და ნეიროპათიაც ყველაზე ხშირად მათ აზიანებს. როცა ადამიანს ტერფის მგრძნობელობა დაკარგული აქვს, ვერ აღიქვამს მის დაზიანებას, შეუმჩნეველი რჩება დაზიანებული ადგილის ინფიცირება, დაწყლულება. თუ პაციენტი მწეველია, ტერფის დაზიანებისა და ამპუტაციის რისკი იმატებს, ამიტომ თამბაქოსთვის თავის დანებება ძალიან მნიშვნელოვანია.

 

რეკომენდაციები ტერფის მოვლის შესახებ

* ყოველდღე იბანეთ ფეხები თბილი (და არა ცხელი) წყლითა და რბილი საპნით. ტერფების წყალში დიდხანს ჩალბობა არ არის სასურველი.

* ტერფები, თითებს შორის არსებული ადგილებითურთ, კარგად შეიმშრალეთ რბილი პირსახოცით.

* ყოველდღე დაითვალიერეთ, რომ არ გამოგრჩეთ სიწითლე, ჭრილობა, შეშუპება, სითხიანი ბუშტუკი (ბებერა). ამისთვის შეგიძლიათ სარკე გამოიყენოთ – ფეხს მიუმარჯვოთ ან იატაკზე დაიდოთ. ფეხის დათვალიერებაში შეგიძლიათ სხვაც დაიხმაროთ.

* დაიტენიანეთ ფესები სპეციალური ლოსიონით, ოღონდ დამატენიანებელს ნუ წაისვამთ თითებს შორის.

* ზედმეტი კანი ფაქიზად მოიშორეთ. კოჟრები აბაზანის ან შხაპის შემდეგ ფრთხილად მოიხეხეთ პემზით. ფრჩხილები თითის კიდეების გაყოლებაზე დაიჭერით და კვირაში ერთხელ (საჭიროებისამებრ, უფრო ხშირადაც) რბილი, ქაღალდის ქლიბით მოიქლიბეთ.

* ნუ ივლით ფეხშიშველი. ფეხასცმლის ქვეშ ჩაიცვით სქელი, რბილი, უნაკერო წინდები.

* სწორად შეარჩიეთ ფეხსაცმელი – თავისუფალი, კარგად მორგებული, ისეთი, რომელშიც თითებს აამოძრავებთ. პირველი რამდენიმე დღე ახალი ფეხსაცმელი დღეში მხოლოდ ერთი საათით ჩაიცვით, რომ მორბილდეს, ტერფის ფორმა მიიღოს და თავად არ გატკინოთ ფეხი.

* ჩაცმის წინ ფეხსაცმელი კარგად შეამოწმეთ შიგნიდან – ხომ არ არის დაზიანებული, ხომ არ აქვს უხეში ნაკერები, მაგარი, წვეტიანი ადგილები, რომლებიც ტერფს დაგიზიანებთ.

ტერფის მცირე პრობლემასაც კი ნუ დატოვებთ უყურადღებოდ. დაზიანების აღმოჩენის შემთხვევაში ექიმს მიმართეთ.

 

რა უნდა გვახსოვდეს

* დიაბეტური ნეიროპათია არის ნერვის დაზიანება სისხლში გლუკოზის მაღალი შემცველობის შედეგად.

* ნეიროპათიით შეიძლება ნებისმიერი ნერვი დაზიანდეს. ის იწვევს ხელ-ფეხის დაბუჟებას და ტკივილს, საჭმლის მონელების, გულის და სხვა პრობლემებს.

* მკურნალობის პირველი ეტაპია სისხლში გლუკოზის დონის მოწესრიგება. გლუკოზის ყოველდღიური კონტროლით თავიდან აიცილებთ უფრო შორს წასულ გართულებებს.

* ფეხების მოვლა მკურნალობის მნიშვნელოვანი რგოლია. ნეიროპათიის მქონე ადამიანმა ტერფები ყოველდღე უნდა შეიმოწმოს, რომ დაზიანება არ გამოეპაროს. ეს ინფიცირებისა და ამპუტაციის ალბათობას შეამცირებს.

* მკურნალობა სხვადასხვა მედიკამენტით ტკივილის მოხსნასაც მოიცავს.

* მოწევა ზრდის ტერფის პრობლემებისა და ამპუტაციის რისკს.

მარი აშუღაშვილი 

 

 

გააზიარე: