მარტო სახლში

გააზიარე:

ძნელად თუ მოიძებნება ბავშვი, ფილმი “მარტო სახლში” არ ენახოს და ფილმის მთავარი გმირის – კევინის ადგილას ყოფნა არ ენატროს: ბიჭუნა ხომ მარტოდმარტო გაუმკლავდა ორ ავაზაკს, თანაც არაერთხელ.

რა გასაკვირია, რომ ბავშვები ამას მხიარულ თავგადასავლად მიიჩნევენ და ერთი სული აქვთ, როდის დართავენ ნებას, უფროსების გარეშე დარჩნენ შინ.

სხვაგვარად ფიქრობენ მშობლები, რომლებმაც უამრავი წვრილმანი უნდა გათვალონ, სანამ პატარას პირველად დატოვებდნენ მარტოს სახლში.

 

გადაწყვეტილების მიღებამდე

მთელ მსოფლიოში მხოლოდ ამერიკის სამ შტატშია იურიდიულად დამტკიცებული მინიმალური ასაკი, როდესაც ნებადართულია ბავშვის სახლში მარტო დატოვება. ილინოისში ეს 14 წელია, მერილენდში – 8, ხოლო ორეგონში – 10. ფსიქოლოგების მოსაზრებებს თუ შევაჯამებთ, 10 წლამდე ამ ნაბიჯის გადადგმა არ არის რეკომენდებული, მაგრამ ნუ დავივიწყებთ, რომ ყველა ბავშვი ინდივიდუალურია და ყველაზე უკეთ მშობელი მიხვდება, მზად არის თუ არა მისი შვილი ამ გამოცდისთვის.

დაფიქრება ბევრ საკითხზე მოგიწევთ. მაგალითად, გყავთ თუ არა სანდო მეზობლები, რომლებიც საჭიროების შემთხვევაში ბავშვს დაეხმარებიან; რამდენად გადატვირთულია მანქანებით თქვენი ქუჩა; რამდენად ხშირად ხდება წვრილმანი დანაშაული თქვენს უბანში.

სიტუაციის უკეთ გასააზრებლად გთავაზობთ რამდენიმე კითხვას. კარგად დაუფიქრდით მათ, სანამ ამ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას მიიღებდეთ:

* პასუხისმგებლობით ეკიდება თუ არა ბავშვი საშინაო დავალებას, საკუთარი ოთახის დალაგებას, თქვენს მითითებებს?

* როგორ იქცევა გაუთვალისწინებელ სიტუაციებში? იბნევა თუ შეუძლია თავის ხელში აყვანა და ფიქრი?

* იცავს თუ არა სახლში მიღებულ წესებს?

* ესმის თუ არა უსაფრთხოების წესების დაცვის მნიშვნელობა?

* უყვარს თუ არა ექსპერიმენტები?

* შეუძლია თუ არა პირველი დახმარების ელემენტარული პროცედურების ჩატარება?

* იცის თუ არა უცხოებთან საუბარი და მათთან თავის დაჭერა (როდის და ვისგან უნდა დაიჭიროს თავი შორს)?

 

საცდელი გასვლა

რაც უნდა დარწმუნებული იყოთ, რომ თქვენი ბავშვი მზად არის სახლში მარტო დასარჩენად, ნუ აჩქარდებით. მეტი თავდაჯერებისთვის მოაწყვეთ რამდენიმე საცდელი გასვლა, თუნდაც ნახევარი საათით. შინ დაბრუნებულმა, გამოჰკითხეთ ბავშვს, რას აკეთებდა ამ ხნის განმავლობაში. მეორედ გასვლისას დრო ერთ საათამდე გაზარდეთ და დაბრუნებული კვლავ ესაუბრეთ. თუ მის საქციელში რამე არასწორი დაინახეთ, აუხსენით, რა შეცდომა დაუშვა და მასაც მოუსმინეთ – ხომ არ ეშინია ან რამის თხოვნა ხომ არ უნდა, მისი მარტო დატოვებისას რომ გაითვალისწინოთ.

 

ვუმკლავდებით სიურპრიზებს

სახლში მარტო დასარჩენად ბავშვის მზად ყოფნა, ყველაფერთან ერთად, მოულოდნელ სიტუაციებში სწორად მოქცევის უნარის გამომუშავებასაც გულისხმობს.

მარტო დარჩენილმა ბავშვმა უნდა იცოდეს:

* როდის და როგორ დარეკოს 112-ში და რა მისამართი უთხრას ოპერატორს;

* სახლის დაცვის სისტემის ჩართვა-გამორთვა (თუ გაქვთ);

* კარების გაღება-ჩაკეტვა;

* ტელეფონის გამოყენება;

* შუქის ჩართვა-გამორთვა;

* მიკროტალღური ღუმლის გამოყენება (სასურველია, დაუტოვოთ ისეთი საკვები, რომლის გათბობასაც მიკროტალღურ ღუმელში მოახერხებს და გაზქურის ანთება-ჩაქრობა არ დასჭირდება);

* როგორ მოიქცეს, თუ:

- შუქი ჩაქრა (მომარაგებული ჰქონდეს ფარანი, სანათები);

- რომელიმე ელექტრომოწყობილობას ცეცხლი გაუჩნდა;

- უცნობი ადამიანი სახლში შეშვებას ან მოწყალებას სთხოვს;

- ხელი გაეჭრა, ხელი დაეწვა, ცხვირიდან სისხლი წასკდა.

რეგულარულად განიხილეთ მოულოდნელი სიტუაციები და ამ სიტუაციებში ქცევის შესაძლო ვარიანტები. მაგალითად, ჰკითხეთ, როგორ მოიქცევა, თუ უეცრად ცხვირიდან სისხლი წამოუვიდა. იმსჯელეთ ნებისმიერ მოულოდნელობაზე, რაც, თქვენი აზრით, შეიძლება თქვენს არყოფნაში მოხდეს.

 

თქვენს წასვლამდე

მარტო დარჩენის დღის მოახლოებისას ბავშვთან ერთად ჩამოწერეთ წესები, რომლებიც თქვენს არყოფნაში უნდა დაიცვას, და აუხსენით თითოეული მათგანის მნიშვნელობა.

შეთანხმდით ტელეფონით ურთიერთობის დროზე. ტელეფონით სასაუბროდ ორივესთვის მოხერხებული დრო შეარჩიეთ. ბავშვმა უნდა იცოდეს, დროის რომელ მონაკვეთში ვერ მოახერხებთ მასთან საუბარს, რათა გადაუდებელ სიტუაციაში არა თქვენ, არამედ სხვა ადამიანს (მეორე მშობელს, ნათესავს, მშობლების მეგობარს) დაურეკოს.

ამრიგად, ბავშვმა უნდა იცოდეს:

- რამდენად მნიშვნელოვანია, ყოველთვის უპასუხოს თქვენს ზარს.

- როგორ მოიქცეს, თუ მეგობრების შინ მოყვანა გადაწყვიტა;

- რომელ ოთახებში შესვლა არ შეიძლება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სტუმრები ჰყავს;

- რამდენ ხანს შეიძლება უყუროს ტელევიზორს ან გაერთოს კომპიუტერით; რომელი გადაცემების ყურება არ შეიძლება;

- როგორ მოიქცეს სამზარეულოში (სასურველია, დანებსა და გაზქურასთან შეხება არ ჰქონდეს);

- რატომ არ შეიძლება თქვენთან შეუთანხმებლად უცნობისთვის კარის გაღება (არ აქვს მნიშვნელობა, რას ეტყვის უცნობი საკუთარ თავზე);

- რატომ არ შეიძლება სკოლაში იმით ტრაბახი, რომ სახლში მარტო რჩება. ეს შეუძლია გააგებინოს მხოლოდ იმ ახლო მეგობრებს, ვის სახლში მოყვანასაც გეგმავს იმ დღეს.

 

გადაამოწმეთ, გაქვთ თუ არა და თუ არ გაქვთ, მოამარაგეთ ყველა ის ნივთი, რომელიც ბავშვს მარტო ყოფნისას შეიძლება დასჭირდეს.

შეავსეთ საკვების მარაგი. დატოვეთ გამზადებული სადილი ისე, რომ ბავშვს მისი მხოლოდ შეთბობა სჭირდებოდეს.

დატოვეთ წყლის მარაგი იმ შემთხვევისთვის, თუ წყლის მიწოდება შეწყდა.

შეუვსეთ ბავშვს მობილურის ბალანსი (თუ მობილური აქვს) იმ შემთხვევისთვის, თუ სახლის ტელეფონი ელექტროენერგიის გათიშვასთან ერთად გამოირთო.

ჩამოუწერეთ:

* ყველა იმ ნათესავის, მეგობრისა და ნაცნობის ტელეფონის ნომრები, ვისაც შეიძლება დაუკავშირდეს, თუ თქვენ ხელმისაწვდომი არ იქნებით.

შექმენით უსაფრთხო გარემო. რაც უნდა ზედმიწევნით იცავდეს ბავშვი წესებს, უსაფრთხო გარემო ძალზე მნიშვნელოვანია, რადგან დიდი შანსია, თქვენი გაფრთხილება ბავშვის ცნობისმოყვარეობამ გადაწონოს. მისთვოს მიუწვდომელ ადგილას შეინახეთ:

- ალკოჰოლი;

- მედიკამენტები;

- იარაღი (თუ გაქვთ) – დაუტენავი, ტყვიებისგან განცალკევებით;

- სიგარეტი;

- მანქანის გასაღები, ასევე – იმ კარადებისა და უჯრების გასაღებები, რომელთა გაღებაც ბავშვისთვის აკრძალულია;

- სანთებელა და ასანთი.

არ გადააჭარბოთ. რა თქმა უნდა, მშობლისთვის ძალზე კომფორტულია იმის ცოდნა, რომ თამამად შეუძლია ბავშვის შინ მარტო დატოვება, მაგრამ ყურადღება მიაქციეთ, ეს ჩვევად არ გექცეთ და პატარა სახლში მხოლოდ ალტერნატივის არარსებობის შემთხვევაში დატოვოთ, რადგან დიდხანს მარტო ყოფნამ შესაძლოა მას ასოციალური ხასიათი ჩამოუყალიბოს.

თუ სხვა გზა არ გაქვთ და, თქვენი გრაფიკიდან გამომდინარე, მაინც ხშირად გიხდებათ ბავშვის სახლში მარტო დატოვება, იფიქრეთ, რით შეიძლება გაუმრავალფეროვნოთ ეს დრო. შეგიძლიათ, შეუთანხმდეთ მისი ახლო მეგობრების მშობლებს და მათი თანხმობით მეგობრები ერთად დატოვოთ სახლში. ამ დროს აუცილებელია, როგორც თქვენს შვილს, ისე მის მეგობრებსაც აუხსნათ თქვენს სახლში მიღებული წესები, რომლებიც თქვენს არყოფნაში უნდა დაიცვან.

ისიც გახსოვდეთ, რომ შინაური ცხოველები ძალიან კარგი კომპანიონები არიან. პატარა ზაზუნამაც კი შეიძლება ბავშვს თავი დაცულად აგრძნობინოს.

ლიკა ქათამაძე

გააზიარე: