ავანსცენიდან კულისებში

გააზიარე:

პოეტი, დრამატურგი, თეატრმცოდნე, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე მზია ხეთაგური არაერთი ლიტერატურული ჯილდოს მფლობელია. არის ღირსების ორდენის კავალერი, წმინდა სამოციქულო ეკლესიის უმაღლესი ჯილდოს – წმინდა გიორგის ოქროს ორდენის კავალერი, ქართულ-ოსური ურთიერთობის მოსაგვარებლად გაწეული უდიდესი ღვაწლისთვის კი მას ამ ორი ხალხის მეგობრობის სიმბოლო – კოსტა ხეთაგუროვისა და მიხეილ ყიფიანის სიგელი გადაეცა.

ჯილდოებს, ფოტოებს სპექტაკლებიდან, ორდენებს, სიგელებს, აფიშებს კედლები ვეღარ იტევს – ქალბატონი მზიას ბინა მუზეუმს მოგაგონებთ. მაინც წუხს, რომ სამახსოვრო ნივთების უმეტესობა ცხინვალში, დედისეულ სახლში დარჩა, აქ კი მისი შემოქმედების, ნაღვაწის, ნაშრომის მხოლოდ ნაწილი ინახება.

 

“წარსული წლების შემდეგ გეკამათება”

მზია ხეთაგური ცხინვალში დაიბადა და გაიზარდა. ის და მისი ტყუპისცალი, ია, ამ ლამაზ ქალაქში ყოველთვის სიყვარულით იყვნენ გარემოცულნი. არა მხოლოდ იმიტომ, რომ ამ ქალაქში ყველაზე თბილი და მოსიყვარულე ადამიანები ცხოვრობენ, არამედ იმიტომაც, რომ მათი ოჯახი მუდამ სხვების კეთილდღეობაზე ზრუნავდა. მათთვის ეს სუნთქვასავით ჩვეულებრივი რამ იყო.

დედა, ქრისტინე თედიაშვილი, ოლქის მთავარი პედიატრი გახლდათ. სამედიცინო ინსტიტუტის პარალელურად კონსერვატორიაც დაამთავრა და სწორედ მაშინ აიღო ორივე დიპლომი, როდესაც ომი დაიწყო. ცხინვალში იმხანად ექიმი უფრო სჭირდებოდათ, ვიდრე პიანისტი, ამიტომაც დედამ საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო... მასწავლებელმა, თამარ ჩხარტიშვილმა, მუსიკის უნებური ღალატი დიდხანს ვერ აპატია მოსწავლეს... ქალბატონი ქრისტინე მუსიკას მაინც ვერ შეელია – აქტიური ექიმი ცხინვალის შემოქმედებით ცხოვრებაშიც უდიდეს როლს ასრულებდა.

დედის ნიჭიერება ტყუპმა გაინაწილა. ქალბატონი ია წარმატებული ნეონატოლოგია, მზიამ კი სკოლის მერხიდანვე იცოდა, რომ ცხოვრებას შემოქმედებას დაუკავშირებდა.

– ფორტეპიანოზე კარგად ვუკრავდი – იხსენებს ქალბატონი მზია, – რევაზ ლაღიძის პატივსაცემად გამართულ საღამოზე მუსიკალური ნაწარმოები შევასრულე. ეს ბავშვი ნიჭიერთა ათწლედში უნდა სწავლობდესო, თქვა სტუმარმა და მეშვიდე კლასიდან თბილისში, ამ სასწავლებელში გადმომიყვანეს. მე და ლიანა ისაკაძე ერთ კლასში მოვხვდით, კონცერტებზეც ერთად გამოვდიოდით. მასთან დღემდე მაქვს ურთიერთობა. მახსოვს, ფიზიკის მასწავლებელი ვახტანგ მაღლაკელიძე, რომელიც, გარდა იმისა, რომ შესანიშნავი პედაგოგი იყო, შემოქმედების უდიდესი მოყვარულიც გახლდათ, მე და ლიანას ნიშანს არ გვიწერდა – ფიზიკა არ იციანო. მერე ჩემი ლექსები მოისმინა და მას შემდეგ ხუთიანებს მიწერდა, ლიანას კი – მაინც არა. ის სხვის ნაწარმოებებს უკრავს, მზია კი ლექსებს თვითონვე წერსო.

ამას, რა თქმა უნდა, იუმორით ამბობდა, თორემ მანაც კარგად იცოდა, რომ ლიანა ისაკაძე იმთავითვე დიდი მუსიკოსი იყო.

კონსერვატორიაში სწავლის გაგრძელებას ვაპირებდი, მაგრამ მეგობარმა, ნანა ქიქოძემ, თავგზა ამირია – პიანისტი ვერ გახდები, შენს შემოქმედებით ნიჭს ხელოვნების მხოლოდ ერთ დარგს ვერ შესწირავო. ნანას მამა ლადო ქიქოძე კულტურის მინისტრი, საზოგადო მოღვაწე და შესანიშნავი მხატვარი იყო. საერთო ინტერესებმა და ატმოსფერომ მე და ნანა ძალიან დაგვაახლოვა. ორივემ თეატრთმცოდნეობის ფაკულტეტზე ჩავაბარეთ. აკაკი ხორავამ მიმიღო. არ ვიცი, გასაუბრებაზე ასეთი რა ჩავიდინე, მაგრამ ბატონმა აკაკიმ ჩემს საგამოცდო ფურცელზე ყველა გრაფაში ხუთიანი მოხაზა, რითაც ყველას მიანიშნა, რომ მან უკვე ჩამრიცხა.

 

“მანამდე მონოლოგს კითხულობ”

_ ცხინვალის თეატრმა მიმიწვია... როდესაც წამყვანი მსახიობები ავად ხდებოდნენ, როლებსაც ვასრულებდი. ერთხელ, მახსოვს, გასტროლებზეც კი წავედი სხვის ნაცვლად, რადგან თითქმის ყველა როლი ზეპირად ვიცოდი...

ამ თეატრს უდიდესი ტრადიციები ჰქონდა. ეს მხარეც თეატრის სავანე იყო – იცით, ალბათ, ერეკლე მეფის კარზე თეატრალური დასი მოღვაწეობდა სამაჩაბლოდან. უკლებლივ ყველა მსახიობი კრწანისის ველზე მეფის მხარდამხარ ბრძოლაში დაიღუპა – მახვილით ხელში, სიმღერით შეეგება მტერს. ცხინვალის თეატრიც ასეთივე სულისკვეთებით იყო სავსე...

ამ თეატრის წამყვანი მსახიობის – ჯემალ გოჩაშვილის მეუღლე გავხდი. მალევე დავშორდით, თუმცა ერთმანეთის პატივისცემა შევინარჩუნეთ. საოცრად ნიჭიერი ადამიანი იყო – ყველაფერი ჰქონდა: ხმა, პლასტიკა... მარჯანიშვილის დასში გადასვლა შესთავაზეს. უარი თქვა – ჩემს ცხინვალს ვერ ვუღალატებო. დღეს მაჩაბლის სახელობის ცხინვალის ისტორიული თეატრი, რომელსაც 150-წლოვანი ისტორია აქვს, შენობის გარეშეა დარჩენილი. დასი კვლავ დევნილია, ამჯერად უკვე თბილისში... დევნილობაში გარდაიცვალა ჩემი პირველი მეუღლეც.

მეორე ოჯახი შესანიშნავ მწერალთან – ვანო ჩხიკვაძესთან შევქმენი. მერე ქუთაისის თეატრში დავიწყე მუშაობა, სადაც მთავარი რეჟისორის იური კაკულიას მიწვევით მოვხვდი.

ერთ-ერთ სპექტაკლში ვასო გოძიაშვილმა მნახა და მარჯანიშვილის სახელობის დასში გადასვლა შემომთავაზა. მეუღლემ, რომელიც მანამდე აღფრთოვანებული იყო ჩემი მუსიკალური და სამსახიობო ნიჭით, უეცრად ულტიმატუმი წამომიყენა: ან მე, ან თეატრიო.

ბატონ ვასოს თვალცრემლიანმა ვუთხარი უარი, მან კი მიპასუხა: თეატრს მუდამ შემოქმედებითი ხანძარი უნდა ეკიდოს, შენ სწორედ ეს ცეცხლი ხარ და შენი ნიჭი არავის შესწიროო. თუმცა საყვარელი ადამიანის გამო მაინც დავთმე. საბოლოოდ, ოცდასამწლიანი თანაცხოვრების შემდეგ, მაინც დავშორდით, თუმცა ბედნიერი ვარ, რადგან ორივე ქორწინებიდან მყავს შვილები – ირინე და ბაადური. ოთხი შვილიშვილი მაჩუქა უფალმა – სამი გოგონა და ერთი ვაჟი, გიორგი. ახლახან მეორე შვილთაშვილი შემეძინა... ასე რომ, არ ვნანობ,  თუმცა ბატონი ვასოს სიტყვები ხშირად მახსენდება, რადგან ვფიქრობ, რომ სწორედ სცენა იყო ჩემი მოწოდება...

დღესაც, როცა სცენაზე ვდგავარ, მაყურებელი გასუსულია. ვგრძნობ, მის აღფრთოვანებას. რაც უნდა ცუდად ვიყო, სცენაზე ყველაფერი მავიწყდება. იმავეს განვიცდი, როდესაც ფორტეპიანოს მივუჯდები ან ვცეკვავ, რადგან ცეკვაც ჩემს გენეტიკურ კოდში დევს – მამა სუხიშვილების პირველი თაობის მოცეკვავე იყო. მიუხედავად იმისა, რომ ყველა სფეროში, სადაც ძალები მოვსინჯე, წარმატებას მივაღწიე, სცენა ბოლომდე ჩემს სტიქიად დარჩა.

როგორც თეატრთმცოდნემ, ხარისხი დავიცავი მოსკოვში თემაზე “მაყურებლის ფსიქოლოგია”. ჩემი ლექსების არაერთი კრებული გამოიცა, ჩემი პიესების მიხედვით დადგმული სპექტაკლები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში უდიდესი წარმატებით სარგებლობდა...

პიესას “ხეტიალა”, რომელიც პირველად თოჯინების თეატრში, რეჟისორ გივი სარჩიმელიძესთან მივიტანე, დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ბატონმა გივიმ ბათუმის თოჯინების თეატრიც ამ პიესით გახსნა. აზიისა და აფრიკის ქვეყნების სათოჯინო თეატრის ფესტივალზეც, რომელიც უზბეკეთში ჩატარდა, ეს სპექტაკლი წარვადგინეთ. სერგეი ობრაზცოვმა, სათოჯინო ხელოვნების მსოფლიო მასშტაბის მეტრმა, აღნიშნა, მთელ ფესტივალზე ეს ყველაზე პატიოსანი პიესა იყოო. სპექტაკლმა პოლონეთის საერთაშორისო ფესტივალზეც პირველი ადგილი მოიპოვა.

 

“დიალოგს ცხოვრება გასწავლის”

_ ზუსტად სამოცი წელია, თბილისში ვცხოვრობ. თბილისი ჩემი ქვეყნის დედაქალაქია, ჩემი დედაქალაქი, და თაყვანს ვცემ, თუმცა ცხინვალში დავიბადე, ბავშვობა იქ გავატარე და ცხინვალელად დავრჩები მუდამ, რადგან კარგად ვიცი მისი ისტორია, ვიცი, რას წარმოადგენს ეს მხარე ჩვენი ქვეყნისთვის... მხოლოდ ის რად ღირს, რომ მიხეილ ჯავახიშვილი ნამდვილი, დახვეწილი ქართული ენის შესასწავლად სამაჩაბლოში ჩავიდა...

ომის დროს ჩემმა ოსებმა კაცი მომიგზავნეს და უზრუნველყოფილი ცხოვრება შემომთავაზეს სამი წინადადების სანაცვლოდ, რომლებიც დიდ ფორუმზე უნდა მეთქვა: მე ვარ ოსი, მიმაჩნია, რომ ქართველები ოსებს ჩაგრავენ და სამხრეთ ოსეთი რუსეთის ფედერაციას უნდა შეუერთდეს-მეთქი.

ამის თქმით ვუღალატებდი როგორც ოსებს – მათ გადაჯიშებასა და გარუსებას მოვაწერდი ხელს, ისე ქართველებსაც. ეს მხარე “სამხრეთ ოსეთი” მხოლოდ 70 წელიწადი იყო, მანამდე კი საუკუნეების განმავლობაში სამაჩაბლო ერქვა. ვერასოდეს გავაკეთებ ისეთ რამეს, რაც ღირსებაზე უარის თქმის ტოლფასი იქნება... მიყვარს და ვაფასებ რუსულ კულტურას, თუმცა ვერ ვეგუები იმპერიალიზმს.

მუდამ ჩემი პრინციპების ერთგული დავრჩები. წლების განმავლობაში ასეთივე განწყობით ვიმუშავე გალაკტიონ ტაბიძის სახლ-მუზეუმში, იმ დროს, როდესაც ცხოვრება ძალიან ჭირდა. უამრავი ექსპონატი მოვიძიეთ. მიუხედავად იმისა, რომ სხვა სამსახურში უკეთესი პირობები შემომთავაზეს, მუზეუმი ჯერ მყარად არ იდგა ფეხზე და სხვაგან წასვლაზე არც მიფიქრია...

– როგორც თეატრმცოდნე, როგორ შეაფასებთ დღეს ამ სფეროს?

– წინათ რომ სპექტაკლები იყო, მათი ფასი დღეს იშვიათად შეგხვდება რამე... იგრძნობა კლასიკოსების გათანამედროვეების ტენდენცია, მაგრამ მიმაჩნია, რომ რაც უნდა ახლებურად აღიქვას რეჟისორმა ესა თუ ის პიესა, ავტორის მთავარი ხაზის ერთგული უნდა დარჩეს. თუ რამე ახლის თქმა გინდა, თავად დაწერე ეს ახალი და კლასიკოსის სახელს ნუ ეფარები. შემოქმედებაში სოვდაგრული დამოკიდებულება გაუმართლებელია, არადა დღეს შემოქმედება კომერციამდეა დაყვანილი... არ ვარ ხანგრძლივი სპექტაკლების მომხრე. სამსაათიანი წარმოდგენები მაშინ იყო აქტუალური, როდესაც არც ტელევიზია არსებობდა, არც კომპიუტერი და თეატრი საზოგადოებისთვის სულიერი მოთხოვნილების დაკმაყოფილებისა და გართობის ერთადერთი საშუალება იყო. დღეს უფრო ლაკონური, დინამიკური, კონკრეტული და, რაც მთავარია, მაღალი სცენური კულტურის შემოქმედება უნდა მივაწოდოთ მაყურებელს.

დასასრულ, ამასაც გეტყვით: რეალობას თვალი რომ გაუსწორო, ცხოვრების უმეტესი ნაწილი გავლილი უნდა გქონდეს.

დღეს ცოტა ხნით ვდგავარ ავანსცენაზე... ვცდილობ, რაც შეიძლება მალე გავუჩინარდე კულისებში, სადაც ყველაზე უკეთ იგრძნობა გარე სამყაროს ბრწყინვალება. კულისებში იმალება ნამდვილი სიცოცხლე, ნამდვილი თეატრი, ნამდვილი პოეზია.

კულისებიდან ვადევნებ თვალს ჩემი ეპოქის დრამასა და ტრაგიკომედიას. კულისებიდან ყველაფერი ჩანს – ზურგიც, რომელსაც მაყურებელი ვერ ხედავს და პროჟექტორების მტვრიანი სხივიც... წარსული წლების შემდეგ გეკამათება. მანამდე მონოლოგს კითხულობ. დიალოგს ცხოვრება გასწავლის.

უჩემოდ ყველაფერი იქნება – ზეიმიც, წუხილიც, სიყვარულიც... უთქვენოდ – არაფერი!

თამარ ციბალაშვილი

გააზიარე: