როგორ ვლინდება ნეიროპათია: როცა ვეღარ გრძნობ, უკვე გვიანია

გააზიარე:

სისხლში გლუკოზის გადაჭარბებულმა შემცველობამ შესაძლოა ძალზე დააზიანოს ორგანიზმი, მათ შორის – გული, ნერვული სისტემა და თირკმელები.

განსაკუთრებით საყურადღებოა დიაბეტის დროს ნერვების დაზიანება – დიაბეტური ნეიროპათია.

დიაბეტური ნეიროპათია ნებისმიერ ადგილას შეიძლება განვითარდეს, რადგან მთელი სხეული დაქსელილია ნერვული ბოჭკოებით, რომლებიც ტვინსა და ორგანოებს შორის იმპულსებს ატარებს. ხშირად ნეიროპათია შეუმჩნევლად მიმდინარეობს, ადამიანი ვერავითარ ცვლილებას ვერ გრძნობს, პათოლოგია კი პროგრესირებს და სხეულის ფუნქციებს არღვევს. ის საკმაოდ გავრცელებულია – დიაბეტით დაავადებულთა 60-70%-ს ნეიროპათიის რომელიმე ფორმა აქვს.

 

რა იწვევს

დიაბეტური ნეიროპათიის რისკი ყოველთვის არსებობს, მაგრამ განსაკუთრებით მაღალია ასაკოვან პირებსა და მათთან, ვისაც ათ წელზე მეტია აქვს დიაბეტი.

ნეიროპათია, უპირველეს ყოვლისა, იმ პაციენტებს ემუქრება, რომლებიც:

* ვერ აკონტროლებენ სისხლში გლუკოზის შემცველობას;

* მომატებული აქვთ სისხლში ლიპიდების დონე;

* მოამტებული აქვთ არტერიული წნევა;

* აქვთ ჭარბი წონა.

შესაბამისად, ნეიროპათიის პრევენციის საუკეთესო გზა გლუკოზისა და სხვა ზემოთ ჩამოთვლილი მაჩვენებლების კონტროლია.

ნერვების დაზიანებას, წესისამებრ, ფაქტორთა კომბინაცია იწვევს. გამოყოფენ პათოგენურ ფაქტორთა რამდენიმე ჯგუფს:

* მეტაბოლურს (მათ რიცხვს მიეკუთვნება სისხლში გლუკოზის მაღალი შემცველობა, დიაბეტის ხანგრძლივი ისტორია, ლიპიდების მკვეთრად მომატებული დონე, ინსულინის დაბალი დონე);

* ნეიროვასკულარულს (ნერვების მკვებავი სისხლძარღვების დაზიანება(;

* აუტოიმუნურს (რომლის შედეგია ნერვის ანთება);

* მექანიკურს (ნერვზე ზეწოლა, მაგალითად, კარპული არხის სინდრომი);

* გენეტიკურს (ნერვების დაზიანებისადმი მემკვიდრეობითი მიდრეკილება);

* ცხოვრების არაჯანსაღ წესს (თამბაქოს წევა, ალკოჰოლის ჭარბი მიღება).

 

სიმპტომები

განასხვავებენ ნეიროპათიის რამდენიმე ტიპს. ისინი სხვადასხვანაირად ვლინდება (თუმცა, როგორც ითქვა, ხდება ისეც, რომ დაავადება სრულიად უსიმპტომოდ მიმდინარეობს). სიმპტომები დამოკიდებულია თავად დაზიანებულ ნერვზეც. თავდაპირველად ისინი თითქმის შეუმჩნეველია და ადამიანმა წლობით არაფერი იცის საკუთარი მდგომარეობის შესახებ.

ეს სიმპტომებია:

* ფეხებისა (თითები, ტერფები, წვივები, ბარძაყები) და ხელების (თითები, მტევნები, მკლავები) დაბუჟება, ჩხვლეტის შეგრძნება ან ტკივილი;

* ფეხის ან ხელის კუნთების განლევა;

* გულისრევის შეგრძნება, ღებინება;

* დიარეა ან შეკრულობა;

* თავბრუხვევა ან სისუსტე წნევის უეცარი დაცემის შედეგად წამოდგომისას ან დიდხანს დგომის შემდეგ;

* შარდვასთან დაკავშირებული პრობლემები;

* ერექციული დისფუნქცია მამაკაცებში და საშოს სიმშრალე ქალებში;

* სისუსტე.

ნეიროპათიას ხშირად ახლავს თან წონის კლება და დეპრესია, თუმცა მათი მიზეზი ნეიროპათია არ არის.

 

პერიფერიული ნეიროპათია

პერიფერიული ნეიროპათია დიაბეტური ნეიროპათიის ყველაზე გავრცელებული სახეა. მას დისტალურ სიმეტრიულ ან სენსომოტორულ ნეიროპათიასაც უწოდებენ. ამ დროს ზიანდება ხელისა და ფეხის ნერვები (თავდაპირველად, წესისამებრ, ფეხისა). პაცინტების უმრავლესობა თავად ვერ ამჩნევს დაზიანების ნიშნებს, მაგრამ ექიმს მათი აღმოჩენა შეუძლია. პერიფერიული ნეიროპათიის სიმპტომები ხელებსა და ფეხებს მოიცავს. მათ რიცხვში შედის:

* დაბუჟება, ტკივილისა და ტემპერატურის მიმართ მგრძნობელობის დაქვეითება;

* ჩხვლეტის, წიწკვნის, წვის შეგრძნება;

* ძლიერი ტკივილები და კრუნჩხვა;

* მსუბუქი შეხების მიმართაც კი ზედმეტი მგრძნობელობა;

* ბალანსისა და კოორდინაციის დაკარგვა.

სიმპტომები ხშირად მძიმდება ღამით.

პერიფერიულმა ნეიროპათიამ ასევე შეიძლება გამოიწვიოს კუნთების სისუსტე, რეფლექსების დაკარგვა, განსაკუთრებით — კოჭის არეში. ამის შედეგად იცვლება სიარულის მანერა, ვითარდება ტერფის დეფორმაცია — ჩაქუჩისებრი თითები, ტერფის თაღების დაწევა. მგრძნობიარობადაკარგულ ფეხზე ადვილად ჩნდება წყლულები, რადგან პაციენტი, წესისამებრ, დაზიანებას ვერ გრძნობს. ასეთ დროს ინფექციის შეჭრა ხშირად სავალალო შედეგით მთავრდება, მკურნალობის გარეშე პროცესი ძვალზეც ვრცელდება და ფეხის ამპუტაციის საჭიროება წარმოიშობა. პრობლემის დროული აღმოჩენით და მოგვარებით ხშირად ამპუტაციის თავიდან აცილება ხერხდება.

 

ვეგეტატიური ნეიროპათია

ვეგეტატიური (ავტონომიური) ნეიროპათია აზიანებს ნერვებს, რომლებიც აკონტროლებს გულს, არეგულირებს არტერიულ წნევას და სისხლში გლუკოზის დონეს.

ვეგეტატიური ნეიროპათიის შედეგად ზიანი ადგება შინაგან ორგანოებს, ირღვევა საჭმლის მონელება, სუნთქვა, შარდვა, სქესობრივი პასუხი, საოფლე ჯირკვლების მუშაობა, მხედველობა. მწყობრიდან გამოდის ჰიპოგლიკემიის შემდეგ გლუკოზის ნორმალურ დონემდე აღდგენის მექანიზმი. სისხლში გლუკოზის დონის 70 მგ`დლ-ზე მეტად დაქვეითება იწვევს კანკალს, ოფლიანობას, გულისცემის გახშირებას, ვეგეტატიური ნეიროპათიის მქონე პირებთან კი ეს ნიშნები შესაძლოა არ გამომჟღავნდეს და ადამიანმა ვერ იგრძნოს ჰიპოგლიკემიური მდგომარეობა, რაც საშიშია. თუმცა ასეთი დარღვევა სხვა მიზეზითაც ვითარდება.

ვეგატატიურ ნეიროპათიაში გულ-სისხლძარღვთა სისტემის ჩართვა არღვევს წნევისა და გულისცემის რეგულირების მექანიზმს. ამაზე მიანიშნებს დიდხანს დგომის ან წამოდგომის შემდეგ წნევის უეცარი ვარდნა, რამაც შესაძლოა გონების დაკარგვაც კი გამოიწვიოს. გულისცემის რეგულაციის მოშლისას გულისცემა მუდმივად აჩქარებულია, ნაცვლად იმისა, რომ ფიზიკური დატვირთვისას მოიმატოს, მერე კი ნორმას დაუბრუნდეს.

საჭმლის მომნელებელი სისტემის დაზიანების ყველაზე ხშირი გამოხატულებაა შეკრულობა. დარღვევა ასევე იწვევს კუჭის დაცლის შენელებას — გასტროპარეზს. მძიმე გასტროპარეზის დროს ვითარდება გულისრევის მუდმივი შეგრძნება და ღებინება, შებერილობა და მადის დაქვეითება. საკვების არასწორი მონელების გამო გასტროპარეზი გლუკოზის ძლიერი მერყეობის მიზეზადაც გვევლინება.

საყლაპავის ნერვის დაზიანება აძნელებს ყლაპვას, ხოლო ნაწლავებისა განაპირობებს შეკრულობის და უკონტროლო დიარეის მონაცვლეობას, რომელიც ღამღამობით მწვავდება. საჭმლის მონელების დარღვევას, თავის მხრივ, წონის კლებამდე მივყავართ.

შარდსასაქესო ვეგეტაციური ნერვული სისტემის ნეიროპათიამ შესაძლოა გამოიწვიოს შარდის ბუშტის დაცლის გაძნელება. დაუცლელ ბუშტში ადვილად მრავლდება ბაქტერიები, რაც ხელს უწყობს საშარდე გზების ინფექციის განვითარებას.

ნეიროპათია ზოგჯერ შარდვის შეუკავებლობის მიზეზადაც იქცევა. ადამიანი ვერ გრძნობს ბუშტის სისავსეს ან ვერ აკონტროლებს შარდვის პროცესში მონაწილე კუნთებს.

სასქესო ფუნქციების დარღვევათაგან მამაკაცებში აღსანიშნავია ერექციის უკმარისობა და ეაკულაციას გაძნელება, ქალებში — აგზნების, ლუბრიკაციის ან ორგაზმის გაძნელება.

საოფლე ჯირკვლების მარეგულირებელი ნერვების დაზიანების შედეგად სხეული ვეღარ არეგულირებს ტემპერატურას. შესაძლოა, ეს დარღვევა გამოვლინდეს ძლიერი ოფლიანობით ღამით ან ჭამის დროს.

თვალის ნერვების დაზიანებისას ირღვევა სინათლეზე გუგების პასუხი. შედეგად თავს იჩენს პრობლემები უეცარი განათებისას, მაგალითად, ადამიანს შემხვედრი მანქანის ფარები ღამით მანქანის მართვაში ხელს უშლის.

 

პროქსიმული ნეიროპათია

პროქსიმულ ნეიროპათიას ბარძაყის ნეიროპათიას და დიაბეტურ ამიოტროფიასაც უწოდებენ. ის იწყება მენჯ-ბარძაყის მიდამოს, დუნდულებისა და ფეხების ტკივილით, წესისამებრ, სხეულის ცალ მხარეს. ამ ტიპის ნეიროპათია უმთავრესად მეორე ტიპის დიაბეტის მქონე ასაკოვან პირებს ემართებათ.

პროქსიმული ნეიროპათია ფეხების სისუსტეს იწვევს. მისი ტიპური ნიშანი ის არის, რომ მჯდომარე ადამიანს დაუხმარებლად წამოდგომა არ შეუძლია.

ტკივილისა და სისუსტის მოსახსნელად მკურნალობაა საჭირო, თუმცა აღდგენის პერიოდი ნერვის დაზიანების ტიპზეა დამოკიდებული.

 

ფოკალური ნეიროპათია

ფოკალურ ნეიროპათიას უეცარი განვითარება და სპეციფიკური ნერვების დაზიანება ახასიათებს. მან შესაძლოა გამოიწვიოს თვალის ფიქსაციის გაძნელება, მხედველობის გაორება, ტკივილი თვალის უკან, ცალ მხარეს, სახის ცალი მხარის დამბლა, ტკივილი წელის, მენჯის, თეძოს, გულმკერდის, მუცლის, ფერდის არეში, წვივის ან ტერფის შიგნითა მხარეს. გულმკერდის ან მუცლის ტკივილი ზოგჯერ ჰგავს გულის შეტევას ან აპენდიციტს.

ფოკალური ნეიროპათია მტკივნეული და არაპროგნოზირებადია. ის უმეტესად ხანში შესულ პაციენტებს ემართებათ. მდგომარეობა რამდენიმე კვირაში ან თვეში თავისთავად უმჯობესდება. ხანგრძლივ დაზიანებას ნეიროპათიის ეს ფორმა არ იწვევს.

დიაბეტით დაავადებულებს ნერვის კომპრესიისკენ აქვთ მიდრეკილება. კომპრესიის ყველაზე გავრცელებულია კარპული არხის სინდრომი. ეს უკანასკნელი ვლინდება ხელების დაბუჟებით და ჩხვლეტით, ზოგჯერ — კუნთების სისუსტით ან ტკივილით.

დიაბეტური ნეიროპათიის დროული გამოვლენა ძალიან მნიშვნელოვანია. ინფორმაციას იმის შესახებ, როგორ ადგენენ მას, როგორ მკურნალობენ და რა რეკომენდაციები უნდა დაიცვას პაციენტმა, მომდევნო ნომერში მოგაწვდით.

მარი აშუღაშვილი

გააზიარე: