გვემუქრება თუ არა D ვიტამინის დეფიციტი?
გააზიარე:
მზის სიკეთეზე საუბარს ხომ უმეტესად იმით ვიწყებთ, რომ ის D ვიტამინის გამომუშავებას უწყობს ხელს – ჰორმონისა, რომელიც ყველას სჭირდება, ბავშვებისთვის კი სასიცოცხლოდ აუცილებელია. მაგრამ საკმარისია თუ არა ბავშვის გასეირნება საჭირო რაოდენობის D ვიტამინის წარმოსაქმნელად? თუ არა, როგორ ავიცილოთ თავიდან მისი უკმარისობა ან როგორ აღმოვფხვრათ უკვე ჩამოყალიბებული დეფიციტი? ამ საკითხების შესახებ ბავშვთა ენდოკრინოლოგს, პედიატრ ნინო ხელაძეს ვესაუბრეთ.
– D ვიტამინი ჰორმონია, რომელსაც უდიდესი როლი ეკისრება ადამიანის ჯანმრთელობის შენარჩუნებაში. მისი დეფიციტი ბავშვებსა თუ მოზარდებთან უამრავ პრობლემას წარმოშობს. D ვიტამინის დეფიციტი მთელ მსოფლიოშია გავრცელებული. უკანასკნელი წლების გამოკვლევებმა დაადასტურა, რომ დეფიციტისა და ამით გამოწვეული გართულებების ადეკვატური მართვის საკითხი აქტუალურია არა მარტო განვითარებად, არამედ განვითარებულ ქვეყნებშიც. პრობლემის აქტუალობიდან გამომდინარე, ტარდება სამეცნიერო კვლევები და იწერება პუბლიკაციები, რომლებიც ადასტურებს D ვიტამინის მნიშვნელობას არა მარტო კალციუმისა და ფოსფორის ცვლის რეგულაციისთვის, არამედ ორგანოთა სხვადასხვა სისტემის ნორმალური მუშაობისთვისაც. მისი რეცეპტორები თითქმის ყველა ქსოვილში აღმოჩნდა, თავის ტვინშიც კი. თუ წინათ მიიჩნეოდა, რომ D ვიტამინი მხოლოდ ძვალ-სახსართა სისტემის გამართული ფუნქციონირებისთვის იყო საჭირო, ამჟამად არსებობს საკმაო მეცნიერული მტკიცებულება, რომ ეს ნივთიერება საჭიროა ფაქტობრივად ყველა ფიზიოლოგიური პროცესის სწორად წარმართვისთვის.
მაგალითად, არაერთი კვლევა მოწმობს, რომ D ვიტამინს აქვს სიმსივნის საწინააღმდეგო მოქმედება. მეტიც: შედეგიანია მისი ჩართვა ონკოლოგიური დაავადების არა მხოლოდ პრევენციის, არამედ მკურნალობის პროცესშიც (განსაკუთრებით – ძუძუსა და ნაწლავების ავთვისებიანი სიმსივნეების დროს). D ვიტამინს დიდი როლი ეკისრება ინფექციებთან ბრძოლაშიც. არეგულირებს იმუნური სისტემის მუშაობას, ხელს უწყობს ასთმის, ალერგიული დაავადებებისა და დიაბეტი ტიპი 1-ის, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების, სიმსუქნით განპირობებული გართულებების პრევენციას. ალცჰაიმერის დაავადებასა და გაფანტულ სკლეროზზე გამოქვეყნებულ სამეცნიერო სტატიებში ხშირად ცალკე ქვეთავი ეძღვნება ამ დაავადებათა მიმდინარეობაზე, პრევენციასა და მკურნალობაზე D ვიტამინის გავლენას. სწავლობენ მის კავშირს აუტიზმთან, განსაკუთრებით – ორსულებში D ვიტამინის დეფიციტის კორელაციას აუტიზმის განვითარების რისკთან. ჩატარდა რეანიმაციაში მყოფი პაციენტების მასშტაბური კვლევა – გაცილებით უკეთესი შედეგი დაფიქსირდა მათთან, ვის მკურნალობის პროცესშიც შესაბამისი დოზით ჩართეს D ვიტამინი. სისხლში ამ ნივთიერების დონეზე აღმოჩნდა დამოკიდებული ტუბერკულოზის მკურნალობის ეფექტურობაც. ერთი სიტყვით, D ვიტამინი სასიცოცხლოდ აუცილებელი ჰორმონია.
საშიში დეფიციტი
- – რას იწვევს ამ მნიშვნელოვანი ჰორმონის დეფიციტი?
– უპირატესად – ნუტრიციულ რაქიტს და ოსტეოპოროზს, რომელიც D ვიტამინისა და კალციუმის მიღების შეზღუდვით გამოწვეული პათოლოგიაა. ამ დროს ირღვევა ქონდროციტების – ხრტილის უჯრედების – დიფერენციაცია, ზრდის ზონებისა და ძვლის მინერალიზაცია.
საწყის სტადიაზე D ვიტამინის დეფიციტი არასპეციფიკური ნიშნებით: კიდურების ტკივილით, კანის სიმშრალით, თმის ცვენით, ფრჩხილების მტვრევადობით, ჭარბი ოფლიანობით, – ვლინდება, ამიტომ მასზე ეჭვი იშვიათად მიაქვთ. სიმპტომები განსაკუთრებით მკაფიოდ ვლინდება მათთან, ვინც არ იღებს საკმარისი რაოდენობის რძის ნაწარმს ან დარღვეული აქვს შეწოვის უნარი. თუ დეფიციტი გაღრმავდა და დიდხანს გასტანა, თავს იჩენს რაქიტის ნიშნები: ძვლოვანი სისტემის დეფორმაცია (განსაკუთრებით – მენჯისა და კიდურებისა), შუბლის ბორცვების წამოწევა, ნეკნების გამოდრეკა, განვითარების შეფერხება, გულის დაზიანება, თანკბილვის დარღვევა, დიდი ზომის მუცელი. D ვიტამინის მძიმე დეფიციტი მრავალ პრობლემას უდებს სათავეს, მათ შორის – მძიმე ჰიპოკალციემიით გამოწვეულ გულყრებს და სიკვდილს.
- – ზემოთ ბრძანეთ, რომ ნუტირიციული რაქიტი კალციუმის დეფიციტის დროსაც ვითარდება...
– საზოგადოდ, D ვიტამინი მნიშვნელოვან როლს ასრულებს კალციუმის ცვლაში. დიდწილად მასზეა დამოკიდებული ამ ელემენტის შეწოვა. ორივეს მიღება აუცილებელია ყოველდღიური ასაკობრივი მოთხოვნილების შესაბამისად.
- – გამოდის, თუ ბავშვს D ვიტამინის დეფიციტი აქვს, რამდენი რძის ნაწარმიც არ უნდა მიიღოს, კალციუმის უკმარისობაც განუვითარდება?
– თუ ბავშვი რძის ნაწარმს საკმარისი რაოდენობით იღებს, შესაძლოა, საწყის ეტაპზე დეფიციტი არ განუვითარდეს, მაგრამ თუ პრობლემა დროულად არ მოგვარდა, საბოლოოდ, ცხადია, კალციუმის ცვლაც დაირღვევა. საზოგადოდ, კალციუმის დეფიციტი ცალკე საუბრის თემაა; ბავშვი საკვებიდან ამ ელემენტს რომც არ იღებდეს, სისხლში მისი ნორმალური დონე ერთხანს მაინც შენარჩუნდება, ვინაიდან ორგანიზმი ძვლებიდან და კბილებიდან მოახდენს მის მობილიზებას, საბოლოოდ კი ეს დიდ ზიანს მიაყენებს ძვალ-სახსართა სისტემას. ამიტომ აუცილებელია, ბავშვმა მცირე ასაკიდანვე საჭირო ოდენობით მიიღოს კალციუმიც და D ვიტამინიც. განსაკუთრებული ყურადღება გვმართებს მოზარდებთან. დიდწილად სწორედ გარდატეხის წლებში ყალიბდება ძვლის სიმკვრივე. პუბერტატულ პერიოდში დაგროვილი ძვლოვანი მასა ადამიანს მთელი სიცოცხლე უნდა გაჰყვეს. დაგროვება 20 წლამდე გრძელდება, 30 წლიდან კი ხარჯვა იწყება. თუ ადამიანი თავიდანვე არასწორად იკვებებოდა, არ იყო ფიზიკურად აქტიური, ჰქონდა D ვიტამინისა თუ კალციუმის დეფიციტი, ზრდასრულ ასაკში ოსტეოპოროზის განვითარების რისკი ერთიორად იმატებს.
მზისგან მივიღებთ?
- – D ვიტამინს დავუბრუნდეთ. საიდან ვიღებთ მას?
– მთავარი წყარო მზეა. D ვიტამინი საკვებიდანაც შეიძლება მივიღოთ, მაგრამ გაცილებით ნაკლები. მას შეიცავს კვერცხი, ცხიმიანი თევზი და ზოგიერთი ჯიშის სოკო. გარდა ბუნებრივი წყაროებისა, არსებობს D ვიტამინის პრეპარატებიც, დანამატები, რომლებსაც ამ ნივთიერების დეფიციტის პროფილაქტიკისა და მკურნალობისთვის ვიყენებთ.
- – საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, რამდენად აქტუალურია ჩვენში ეს პრობლემა?
– ბევრს მიაჩნია, რომ რაკი საქართველო მზიანი ქვეყანაა, ჩვენში D ვიტამინის დეფიციტი არ უნდა იყოს. სინამდვილეში საქმე ასე მარტივად არ არის. საქართველოში საკმაოდ ხშირია D ვიტამინის დეფიციტი, განსაკუთრებით – ცივ თვეებში. ამას თავისი მიზეზები აქვს: იმისთვის, რომ ადამიანმა D ვიტამინის დღიური დოზა მიიღოს, შუადღის პირველიდან სამ საათამდე ძალიან ცოტა ტანსაცმლით (ფაქტობრივად, საცვლისამარა) 15-20 წუთის განმავლობაში უნდა იჯდეს შუაგულ მზეზე. მაგრამ თუნდაც ამ პირობებში მივიღებთ თუ არა D ვიტამინის საჭირო დოზას, კიდევ არაერთ ფაქტორზეა დამოკიდებული: კანის ფერზე, გარემოზე, ტენიანობაზე, ჰაერის დაბინძურებაზე, ასაკზე, იმაზე, ვიყენებთ თუ არა დამცავ საცხს, რომელიც D ვიტამინის გამომუშავებას აფერხებს (იგულისხმება საცხი, რომლის SPF ანუ მზისგან დამცავი ფაქტორის ინდექსი 8-ზე მეტია). თავად წარმოიდგინეთ ყურადღებიანი ქართველი დედა, რომელიც მცირეწლოვან ბავშვს შუაგულ მზეზე პირველიდან სამ საათამდე დამცავი კრემის გარეშე დასვამს!
- – გამოდის, მზისგან D ვიტამინის მიღება შეუძლებელია?
– ზაფხულის ცხელ დღეებში, როდესაც ბავშვებს მზეზე გაცილებით მეტხანს უწევთ ყოფნა და სხეულიც ნაკლებად აქვთ დაფარული, დღიური ნორმა ხშირად მაინც გამომუშავდება. მაგრამ ოქტომბრიდან მზის იმედად დარჩენა გარდაუვალ დეფიციტს გულისხმობს. სხვათა შორის, მზის ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედებისას წარმოქმნილი D ვიტამინი უფრო მეტხანს ძლებს ორგანიზმში, ვიდრე საკვების ან დანამატის საშუალებით მიღებული. ღვიძლში არის განსაზღვრული დეპო, მაგრამ ეს მარაგი ოქტომბერ-ნოემბრისთვის გამოილევა.
- რისკი თუ სარგებელი?
– D ვიტამინთან დაავშირებით 2016 წელს გამოცემული გლობალური კონსენსუსი მიგვითითებს, რომ არ შეიძლება, ექიმებმა პაციენტებს რეკომენდაცია მივცეთ, ბავშვი მზის გულზე დამცავი კრემის გარეშე გაიყვანონ, ვინაიდან მზეზე ყოფნის ხანგრძლივობა, რომელიც საკმარისია D ვიტამინის წარმოსაქმნელად, იმავდროულად ზრდის კანის კიბოს – მელანომის განვითარების რისკს. ამჟამად არ არსებობს სარწმუნო მონაცემები იმის თაობაზე, რა პირობები იქნება ბავშვისთვის ეფექტურიც და უსაფრთხოც. მხოლოდ მზისგან D ვიტამინის საჭირო რაოდენობას მთელი წელი ვერ მივიღებთ, ამიტომ აუცილებელია, წლამდე ასაკის ბავშვებმა ყოველდღე მიიღონ D ვიტამინის პროფილაქტიკური დოზა. განსაკუთრებით მათ, ვინც ბუნებრივ კვებაზეა, რადგან დედის რძე ამ ვიტამინს არ შეიცავს. რისკის ჯგუფს მიეკუთვნებიან დღენაკლულებიც. განსაკუთრებული რისკი ემუქრებათ მსუქან და ქრონიკულად მოავადე ბავშვებს, რომლებიც ხანგრძლივად იღებენ სტეროიდულ ან ანტიეპილეფსიურ პრეპარატებს, აქვთ შეწოვის დარღვევა, სახსრის ან ძვლის რომელიმე პათოლოგია, გადატანილი აქვთ ტრავმატოლოგიური ან ორთოპედიული ოპერაცია. ერთი წლიდან კი მცირე პროფილაქტიკური დოზა ზამთრის თვეებში მაინც უნდა მივცეთ ბავშვს. იგივე შეიძლება ვურჩიოთ ზრდასრულებსაც. განსაკუთრებით მათ, ვისაც აღენიშნება სიმსუქნე, ოსტეოპოროზი, დიაბეტის რისკი, სიმსივნური დაავადება, მკურნალობს სტეროიდული პრეპარატებით ან იღებს ანტიეპილეფსიურ სამკურნალო საშუალებებს.
რეკომენდაციები D ვიტამინის დანიშვნის შესახებ, მეტადრე – წლამდე ასაკში, დიდი ხანია არსებობს. თითქოს ყველამ უნდა იცოდეს, მაგრამ მხვდება უამრავი პაციენტი, რომლებსაც საერთოდ არ მიუღიათ ან წლამდე ასაკშიც კი ძალიან ცოტა ხანს იღებდნენ D ვიტამინს. არცთუ იშვიათად – იმიტომ, რომ მშობლებისთვის ამის შესახებ არაფერი უთქვამს ექიმს. შედეგად მზიან საქართველოში ბევრი დადის რაქიტის კლინიკური ნიშნებით.
- – ნუთუ ასე ცუდად არის საქმე?
– კვლევა არ ჩატარებულა, – რამდენადაც ვიცი, იგეგემება, – ემპირიული დაკვირვებით კი ჩანს, რომ პრობლემა საკმაოდ მწვავედ დგას, თუმცა, ცხადია, ჩვენი პირადი პრაქტიკა სარწმუნო მონაცემად ვერ გამოდგება; საჭიროა ეპიდემიოლოგიური სიტუაციის შესწავლა. საზოგადოდ, ამ კუთხით ბევრი რამაა გასაკეთებელი. დღეს მედიცინის სამყაროში D ვიტამინის ბუმია, დღიდან დღემდე სულ უფრო მეტი ინფორმაცია ქვეყნდება ამ საკითხზე. სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყანა ამ ტენდენციას ჯერ ვერ უწყობს ფეხს. შედარებით მეტ ყურადღებას აქცევენ ამ საკითხს პედიატრები, ნაკლებს – მეან-გინეკოლოგები. არადა, გლობალური კონსენსუსის მიხედვით, ყველა ორსულმა 600-800 საერთაშორისო ერთეული (სე) D ვიტამინი უნდა მიიღოს, ვინაიდან დედის ორგანიზმში ამ ვიტამინის დეფიციტი ნაყოფს სერიოზულ საფრთხეს უქადის.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია D ვიტამინის მიღება რისკის ჯგუფის ორსულებისთვის, რათა თავიდან იქნეს აცილებული ტუტე ფოსფატაზის დონის მატება ჭიპლარის სისხლში, ყიფლიბანდის ზომის მატება, ნეონატალური ჰიპოკალციემია და თანდაყოლილი რაქიტი. ორსულობისას D ვიტამინის მიღებით უმჯობესდება ნაყოფის კბილების მინანქრის ფორმირებაც. ზოგიერთი კვლევა ადასტურებს, რომ D ვიტამინი აუმჯობესებს ნაყოფის ანთროპომეტრიულ მონაცემებს დაბადებისას, დანამატის სახით მისი მიცემისას იმატებს ძვლის მასის საბოლოო სიმკვრივე და ზრდის ტემპი. მეძუძურ დედებსაც სჭირდებათ ყოველდღიურად 600 სე D ვიტამინის მიღება.
- როგორ იქცევიან განვითარებულ ქვეყნებში?
– D ვიტამინის დეფიციტის ადეკვატური მართვა და პრევენცია თანამედროვე გლობალური ჯანდაცვისათვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება. მისი დეფიციტით გაპირობებული პრობლემები გახშირდა არა მარტო ჩვილ, პრეპუბერტატული და პუბერტატული ასაკის ბავშვებს, არამედ მოზრდილებს შორისაც. პრობლემის აქტუალობიდან გამომდინარე, მიჩნეულია, რომ სასწრაფო და აუცილებელია პრევენციული ხასიათის საერთაშორისო პროგრამების ამოქმედება. ეს გულისხმობს დანამატის სახით D ვიტამინის მიცემას და საკვების ფორტიფიცირებას. მაგრამ ასეთი ინტერვენციები აუცილებლად ჩვენი სინამდვილის გათვალისწინებით უნდა დაიგეგმოს. ბევრმა ქვეყანამ შეისწავლა გეოგრაფიული მდებარეობა, ღრუბლიანობა, ტემპერატურა, ტენიანობა და ამის მიხედვით გამოსცა რეკომენდაციები, რომელ თვეში როგორ უნდა მოიქცეს მოსახლეობა. მაგალითად, პოლონეთში ზაფხულში დანამატს არ უნიშნავენ, ოქტომბრიდან მარტის ბოლომდე კი დადგენილია ყველა ასაკობრივი ჯგუფისთვის საჭირო პროფილაქტიკური დოზა. ამერიკაში, კანადაში, ევროპის მრავალ ქვეყანაში D ვიტამინით ამდიდრებენ საკვებს, რომელსაც მოსახლეობა ყოველდღიურად მოიხმარს – რძის ნაწარმს, ბურღულეულს, ზოგჯერ – პურსაც.
სხვა საქმეა, რომ გაიდლაინები, რომლებითაც ვხელმძღვანელობთ და რომელთა ადაპტირებასაც ვახდენთ, ძირითადად ამერიკის ან ევროპის ქვეყნებშია დაწერილი – იქ, სადაც საკვები D ვიტამინით არის გამდიდრებული. გამოდის, რომ წყარო, რომელზე დაყრდნობითაც ვიძლევით რეკომენდაციებს, ჩვენი რეალობისგან შორსაა. იქ ორსულს ერთი ჭიქა რძეც ჰყოფნის D ვიტამინის საჭირო ულუფის მისაღებად, ჩვენთან ეს, ცხადია, არ არის საკმარისი. ვფიქრობ, სახელმწიფო დონეზე უნდა შეისწავლონ ეს საკითხები და სათანადო რეკომენდაციები გამოსცენ.
საშიში ხომ არ არის?
- – D ვიტამინის ასე მასობრივად მიღება უარყოფით შედეგს ხომ არ გამოიღებს? მოსალოდნელი ხომ არ არის, ორგანიზმში მისი ტოქსიკური დოზა დაგროვდეს?
– ეს საკითხი მკაცრად რეგულირდება და ასეთი რამ, ფაქტობრივად, წარმოუდგენელია. თავად განსაჯეთ: ბავშვებისთვის პროფილაქტიკური დოზაა 400-1000 საერთაშორისო ერთეული, ტოქსიკურად კი მიჩნევა დიდი ხნის განმავლობაში დღეში 9000 სე-ზე მეტის მიღება, ანუ დაახლოებით ათჯერ მეტისა, თანაც თვეობით. ძალიან უნდა ვეცადოთ, რომ ორგანიზმში D ვიტამინის ტოქსიკური დოზა დაგროვდეს. სამაგიეროდ, არსებობს საწინააღმდეგო მტკიცებულებები – თუ როგორ იკლებს დაავადებათა რაოდენობა, უმჯობესდება ჯანმრთელობის მდგომარეობა იქ, სადაც D ვიტამინის დეფიციტს ებრძვიან. თუმცა პრობლემების წინაშე დგანან ეს ქვეყნებიც.
აღმოჩნდა, რომ არც საკვების გამდიდრება იძლევა დეფიციტის აღკვეთის გარანტიას. მაგალითად, გერმანიაში შეისწავლეს სასკოლო ასაკის, განსაკუთრებით – პრეპუბერტატული ასაკის მოზარდები (აქცენტი ამ ასაკობრივ ჯგუფზე იმიტომ ისმება, რომ მშობლებს ძალიან უჭირთ მათი კვების კონტროლი). მათ D ვიტამინის დეფიციტი დაუდასტურდათ. ამრიგად, თუმცაღა საკვების გამდიდრება ხდება, ასეთ საკვებს საკმარისად არ იღებენ მოზარდები. ასეთივე აღმოჩნდა სურათი ორსულებთანაც.
ვებრძვით დეფიციტს
- – როგორ ხდება D ვიტამინის დეფიციტის დიაგნოსტიკა და მკურნალობა?
– კლინიკური ნიშნების საფუძველზე დეფიციტს ვეჭვობთ, მერე კი ვატარებთ ლაბორატორიულ კვლევას და განვსაზღვრავთ სისხლში D ვიტამინის დონეს. ვმკურნალობთ D ვიტამინის დანამატებით. დოზა დეფიციტის სიმძიმესა და პაციენტის ასაკზეა დამოკიდებული.
- – რამდენად ეფექტურია მკურნალობა?
– მკურნალობის შედეგი დამოკიდებულია ბავშვის მდგომარეობაზე, დეფიციტის ხარისხზე. საშუალოდ ორი-სამი თვე ბავშვს ვაძლევთ სამკურნალო დოზას. ეს, წესისამებრ, საკმარისია დეფიციტის აღმოსაფხვრელად. მაგრამ მას შემდეგაც კი, რაც სისხლში D ვიტამინის მაჩვენებელი მოწესრიგდება, მკურნალობა არ წყდება – დიდხანს გრძელდება პროფილაქტიკური დოზებით. საზოგადოდ, მდგომარეობა მკურნალობას ადვილად ემორჩილება. მთავარია, დროულად ამოვიცნოთ. რასაკვირველია, მკურნალობასთან ერთად უნდა მოწესრიგდეს კვების რეჟიმიც. სასურველია, D ვიტამინი ბავშვს რძის ნაწარმთან ერთად მივცეთ, რათა უფრო ეფექტურად მოხდეს კალციუმის ათვისებაც. ყველაზე მეტ კალციუმს შეიცავს რძე, შემდეგ მოდის მაწონი, იოგურტი, სულგუნი, ხაჭო. ერთ ჭიქა რძეში 240-250 მგ კალციუმია, რაც დღიური ნორმის ნახევარს შეადგენს. უხეშად რომ ვთქვათ, ბავშვმა დღეში 2-3 ულუფა რძის ნაწარმი უნდა მიიღოს D ვიტამინის დღიურ ნორმასთან ერთად.
უდიდესი როლი ეკისრება ფიზიკურ აქტივობასაც. სამწუხაროდ, ეს კარგად არ გვაქვს გათავისებული – ბავშვისთვის ფიზიკური აქტივობა ისევე აუცილებელია, როგორც საკვების მიღება თუ პირადი ჰიგიენის დაცვა. არა მარტო ძვლების სიმტკიცისთვის, არამედ ფაქტობრივად ყველა დაავადების პრევენციისთვის საჭიროა, ამ წესის დანერგვაზე ზრუნვა ოჯახმა სკოლის ასაკიდანვე დაიწყოს.
გვანცა გოგოლაძე