ვარდისფერი ფერიმჭამელა
გააზიარე:
ვარდისფერი ფერიმჭამელა, როზაცეა, კანის ქრონიკული დაავადებაა. ერთი შეხედვით, საშიში მასში არაფერია, თუმცა ამ დიაგნოზით ცხოვრება ძალზე უსიამოვნოა. და მაინც – ფარ-ხმალს ნუ დაყრით. თქვენ მარტო არ ხართ. ამერიკის დერმატოლოგთა აკადემია გვამცნობს, რომ როზაცეა ცნობილ ადამიანებსაც აწუხებდათ, მათ შორის – ბილ კლინტონს და პრინცესა დაიანას.
როზაცეა, წესისამებრ, სიწითლისადმი კანის მიდრეკილებით იწყება. სიწითლე თავდაპირველად ცხვირსა და ლოყებზე ჩნდება, მერე ნელ-ნელა შუბლისა და ნიკაპისკენ ვრცელდება. ზოგჯერ პათოლოგიურ პროცესში ერთვება ყურები, გულმკერდი და ზურგიც.
სამწუხაროდ, როზაცეა სიწითლით არ შემოიფარგლება. მას სხვა, გაცილებით უსიამოვნო სიმპტომებიც ახასიათებს.
მიმდინარეობის მიხედვით როზაცეის ოთხ ქვეტიპს გამოყოფენ:
1. ერითემულ-ტელანგიექტაზიური როზაცეა – მისთვის დამახასიათებელია სახის სიწითლე, სახის უეცარი აწითლება, კანქვეშა კაპილარები. სიწითლე, წესისამებრ, სახის ცენტრალურ ნაწილს მოიცავს. ზოგჯერ კანი შუპდება, მეტად მგრძნობიარე ხდება, ჩნდება წვისა და ჩხვლეტის შეგრძნება, კანი შრება, უხეშდება და ნაწიბურდება. როზაცეის მქონე ადამიანები სხვებზე მეტად არიან მიდრეკილნი სიწითლისკენ.
2. პაპულურ-პუსტულური როზაცეა – სიწითლე მასაც ახასიათებს, თუმცა როზაცეის ამ ფორმის დროს ხსენებულ სიმპტომს სახის შეშუპება და აკნეს მსგავსი გამონაყარიც სდევს თან. ასეთი გამონაყარი განსაკუთრებით გაწითლებულ მიდამოებში პერიოდულად ჩნდება და ქრება. კანი ძალზე მგრძნობიარე ხდება, წარმოიშობა წვისა და ჩხვლეტის შეგრძნება. ამ დროსაც მოსალოდნელია კანქვეშა კაპილარების გაჩენა და ნაწიბუროვანი ცვლილებები.
3. კვანძოვანი როზაცეა – ის შედარებით იშვიათია. წესისამებრ, თავდაპირველად როზაცეის რომელიმე სხვა ფორმისთვის დამახასიათებელი სიმპტომები იჩენს თავს, მერე კი იწყება უჩვეულო ცვლილებები – კანი სქელდება და უსწორმასწორო ხდება. კანის გასქელება ყველაზე ხშირად ცხვირზე, ნიკაპზე, შუბლზე, ლოყებსა და ყურებზე შეინიშნება. ფორები ფართოვდება, ჩნდება კანქვეშა კაპილარები, იმატებს ცხიმიანობა.
4. ოკულარული როზაცეა – ეს ფორმა უმთავრესად თვალებს ერჩის. თვალები გამუდმებით გაღიზიანებულია, ჩაწითლებული და ცრემლიანი. ადამიანს ისეთი შეგრძნება აქვს, თითქოს თვალებში ქვიშა ჩაუცვივდა. ლორწოვანი გარსი შრება, თავს იჩენს წვის, ქავილისა და ჩხვლეტის შეგრძნება. გუგები მეტისმეტად მგრძნობიარე ხდება სინათლის მიმართ. მხედველობა დაბინდულია. ქუთუთოები შუპდება, მათზე ჩნდება კანქვეშა კაპილარები. შესაძლოა, ადამიანს თვალზე ჯიბლიბოც კი გამოუვიდეს.
ამრიგად, როზაცეა ბევრნაირია. მისი ამოცნობა არც ისე ადვილია, თუმცა მის ყველა სახესხვაობას აქვს საერთო ნიშანი – სახის მუდმივი სიწითლე. არც ის არის გამორიცხული, ადამიანს ჰქონდეს როზაცეის არა რომელიმე ერთი ფორმა, არამედ მათი კომბინაცია.
როზაცეა მხოლოდ კანსა და თვალებს როდი აზიანებს – ვინაიდან ის ქრონიკული, ხანგრძლივად მიმდინარე დაავადებაა, მკვეთრად აქვეითებს ადამიანის ცხოვრების ხარისხს.
როზაცეის საერთაშორისო საზოგადოებამ გამოიკვლია, როგორ მოქმედებს ვარდისფერი ფერიმჭამელა ქრონიკული პაციენტების ცხოვრებაზე. გამოკითხულთა 41%-მა აღიარა, რომ როზაცეის გამო მათ უარის თქმა მოუხდათ სოციალურ კონტაქტებსა და საჯარო საქმიანობაზე. ბევრს ეშინოდა, რომ როზაცეა ნაწიბურებს დაუტოვებდა, ბევრიც სამკურნალო საშუალებების გვერდითი ეფექტების გამო ღელავდა. ამავე გამოკვლევის თანახმად პაციენტების 70%-ს როზაცეამ თვითშეფასება დაუქვეითა. დაახლოებით ამდენივემ აღნიშნა, რომ ვარდისფერი ფერიმჭამელა მუშაობაში უშლიდათ ხელს, 30%-ს კი როზაცეის გამო სამსახურის გაცდენაც უწევდა.
გქონდს კანის ქრონიკული დაავადება, რომელსაც სახის უეცარი აწითლება ახასიათებს, არც ისე ადვილია. ამას ბევრი ვერ უძლებს, რის გამოც ხშირია შფოთვა, დეპრესია და ალკოჰოლისკენ მიდრეკილება.
ვის ემართება როზაცეა?
როზაცეა გავრცელებული დაავადებაა. ამერიკაში ამჟამად 14 მილიონზე მეტ ადამიანს აქვს ეს დიაგნოზი. მათი უმრავლესობა 30-დან 50 წლამდე ასაკისაა, აქვს ღის ფერის კანი, ქერა თმა და ცისფერი თვალები. საინტერესოა, რომ როზაცეა მეტად გავრცელებულია კელტური და სკანდინავიური წარმოშობის ხალხში. დაავადებულთა უმეტესობას ჰყავდა წინაპარი, რომელსაც როზაცეით ან მწვავე აკნეთი იტანჯებოდა. ასევე ხშირია როზაცეის კომბინაცია აკნესთან.
ქალები მამაკაცებზე ოდნავ უფრო მეტად არიან მიდრეკილნი როზაცეისკენ. სამაგიეროდ, მათგან განსხვავებით, იშვიათად უჩივიან დაავადების მწვავე ფორმას. ზოგს, მიზეზთა გამო, მეტი აქვს ალბათობა, როზაცეა დაემართოს, მაგრამ მისგან ბოლომდე დაზღვეული არავინ არის. როზაცეა ნებისმიერი რასის, სქესისა და ასაკის ადამიანებთან გვხვდება.
რა იწვევს როზაცეას?
მეცნიერები დღემდე ამაოდ ცდილობენ როზაცეის უშუალო მიზეზის დადგენას, თუმცა რამდენიმე მნიშვნელოვანი რამ აღმოაჩინეს. ვარდისფერი ფერიმჭამელა ოჯახებში გვხვდება. ბევრ პაციენტს როზაცეით დაავადებული ოჯახის წევრი ჰყავს. ასე რომ, აშკარაა: საქმე გვაქვს გენეტიკურ განწყობასთან.
დაავადების განვითარებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს იმუნური სისტემა. დადგენილია, რომ აკნეს მსგავსი როზაცეის მქონე პაციენტების ორგანიზმი რეაგირებს ბაქტერიაზე, რაც, თავის მხრივ, იწვევს იმუნური სისტემის ზედმეტად გამოხატულ რეაქციას. თუმცა კავშირი ამ ორ ფაქტს შორის ჯერჯერობით არ დადასტურებულა.
ვარაუდობენ, რომ საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ინფექციის ერთ-ერთი გამომწვევი, ჰელიკობაქტერია პილორი (H Pylori), ხშირად გვხვდება როზაცეის მქონე პაციენტებთან, თუმცა ჯერჯერობით შეუძლებელია იმის მტკიცება, რომ H Pylori როზაცეას იწვევს – მოგეხსენებათ, ეს ბაქტერია ბევრი ადამიანის ორგანიზმში ბინადრობს, მაგრამ ყველას როზაცეა არ ემართება.
ერთ-ერთი მოსაზრებით, ვარდისფერ ფერიმჭამელას იწვევს ტკიპა დემოდექსი, რომელიც ყოველი ადამიანის კანში ბუდობს. ამ ტკიპას ყველაზე ხშირად სწორედ როზაცეის საყვარელ ადგილებში – ცხვირსა და ლოყებზე ვხვდებით. არაერთი კვლევა ადასტურებს, რომ როზაცეით დაავადებულებს დიდი ოდენობით დემოდექსი ჰყავთ. აქაც არის ერთი “მაგრამ”: დემოდექსი ბევრ სხვასაც ჰყავს, მაგრამ როზაცეა არ ემართება.
კიდევ ერთი ახლახან გამოთქმული მოსაზრების თანახმად, პროტეინი კათელიციდინი, წესისამებრ, კანს ინფექციებისგან იცავს, თუმცა იმავდროულად შეუძია სიწითლე და კანის შეშუპებაც გამოიწვიოს.
როგორ სვამენ დიაგნოზს
სამწუხაროდ, არ არსებობს ტესტი, რომელიც სარწმუნო პასუხს გაგცემთ კითხვაზე: სჭირს თუ არა ადამიანს როზაცეა. დიაგნოზის დასმა მთლიანად ექიმის გამოცდილებასა და მიხვედრილობაზეა დამოკიდებული. თუმცა ეს სულაც არ არის რთული ამოცანა: კანისა და თვალების სრულფასოვანი გასინჯვის შემდეგ ექიმი რამდენიმე კითხვას დაგისვამთ, გამორიცხავს სხვა პათოლოგიებს, რომლებიც როზაცეის მსგავსი გამონაყარით მიმდინარეობს (მათ შორის – სისტემურ წითელ მგლურას და კანის ალერგიულ რეაქციას). მათ გამოსარიცხად შესაძლოა რამდენიმე ტესტის ჩატარებაც დაგჭირდეთ.
მას შემდეგ რაც დერმატოლოგი დიაგნოზს დასვამს, ჯერი მკურნალობაზე მიდგება. მიუხედავად იმისა, რომ როზაცეისგან განკურნება პრაქტიკულად შეუძლებელია, არსებობს რამდენიმე მეთოდი, რომლებიც მაქსიმალურად ამცირებს, ხშირად კი სრულიად აქრობს კანის პრობლემებს, ამსუბუქებს დისკომფორტს და მომავალი გამწვავებისგანაც იცავს.
როგორ მკურნალობენ
საუკეთესო შედეგისთვის თავდაპირველად მცირეოდენი ინფორმაცია უნდა მიიღოთ იმ დაავადების შესახებ, რომელთან ერთადაც მოგიწევთ ცხოვრება. მაშინ როცა მედიკამენტური თუ ლაზერული თერაპია ეფექტურად აქრობს როზაცეის ნიშნებს, ცხოვრების არაჯანსაღმა წესმა შესაძლოა მისი ხელახალი გამწვავება გამოიწვიოს.
როგორ მოვიქცეთ, რომ დაავადება არ გავამწვაოთ?
იპოვეთ თქვენი ტრიგერები – ფაქტორები, რომლებიც გამწვავებას უწყობს ხელს. ვარდისფერი ფერიმჭამელას ყველაზე გავრცელებული ტრიგერებია გადახურება, ცივი ქარი და ცხარე საკვები. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩამოთვლილი ფაქტორები ნებისმიერ შემთხვევაში გამოიწვევს დაავადების გამწვავებას. ტრიგერების პოვნის მიზანი ის არის, რომ მათ შეძლებისდაგვარად ვარიდოთ თავი.
ერიდეთ მზეს. როზაცეით დაავადებულები ხშირად აღმოაჩენენ ხოლმე, რომ მათი კანი მეტისმეტად მგრძნობიარე გახდა. მზისგან თავის დასაცავად საჭიროა ფართო სპექტრის მზისგან დამცავი ფაქტორის შემცველი (მინიმუმ 30-ის ტოლი SPF ინდექსის მქონე) მალამოს წასმა შინიდან გასვლის წინ, ჩრდილში სიარული, სახისა და კისრის დასაცავად ფარფლებიანი ქუდის ტარება.
კანს ზოგჯერ კოსმეტიკური საშუალება და პროცედურაც აღიზიანებს, მაგალითად, პილინგი და სკრაბი. ამ შემთხვევაში ექიმი დერმატოლოგი საგულდაგულოდ დაათვალიერებს თქვენს კოსმეტიკას და სახის მოვლის საშუალებებს და შესაძლო ტრიგერის აღმოჩენის შემთხვევაში შედარებით მსუბუქ, ნეიტრალურ ნაწარმს გირჩევთ.
როზაცეას სამკურნალო უამრავი საშუალება არსებობს. მათი უმრავლესობა კრემია. ქრონიკული სიწითლისა და კანქვეშა კაპილარების მკურნალობის საკმაოდ ეფექტური მეთოდია ლაზერით დასხივებაც, თუმცა მისი ეფექტი ინდივიდუალურია: ზოგს უმალვე უქრება დაავადების ნიშნები, ზოგს კი სასურველი შედეგის მისაღებად წლები სჭირდება.
თამარ არქანია