დიაბეტი: როგორ ვმართოთ?
გააზიარე:
თუ სისხლში გლუკოზა მომატებული აღმოგაჩნდათ და წინა სტატიაში ჩამოთვლილი გამოკვლევების საფუძველზე დიაბეტის დიაგნოზი დაგისვეს, უპირველეს ყოვლისა, ღრმად ჩაისუნთქეთ, ათამდე დაითვალეთ და თამამად გაუსწორეთ თვალი მომავალს – ცხოვრება გრძელდება. სტრესი კი ყოველგვარ ავადმყოფობაზე უარყოფითად მოქმედებს. ჯობს, დრო და ენერგია ცხოვრების სწორი რეჟიმის შედგენას და დანერგვას დაახარჯოთ. ეს არც ისე ძნელია – დიაბეტიანთათვის განკუთვნილი რეკომენდაციები ოდნავ თუ განსხვავდება იმ წესებისგან, რომლებსაც ცხოვრების ჯანსაღი წესის მიმდევარი ყოველი ადამიანი იცავს.
როგორ მოვათვინიეროთ დიაბეტი
მართალია, დიაბეტი არ იკურნება, მაგრამ ამ დაავადებითაც შესაძლებელია დიდხანს და ბედნიერად ცხოვრება. მთავარია, სისხლში შაქრის ნორმალური დონე შეინარჩუნოთ.
გლუკოზის “მოთვინიერებაში” დაგეხმარებათ:
* სწორი კვება;
* ფიზიკური აქტიურობა;
* ჯანსაღი წონა.
ზოგს წამლების მიღებაც უწევს, ზოგისთვის კი ეს სამი “იარაღიც” საკმარისია.
ჯანსაღი კვება
დიეტა, რომელიც დიაბეტის დროს გვთავაზობენ, ძალიან ჰგავს ყველასათვის რეკომენდებულ ჯანსაღ კვებას: ნაკლები ცხიმი, ნაკლები მარილი, ნაკლები შაქარი.
რაციონი უნდა შეიცავდეს რთულ ნახშირწყლებს: ცეხვილ პურს, სხვადასხვა მარცვლეულს, ხილს, ბოსტნეულს. ასეთი კვება აწესრიგებს არა მარტო სისხლში გლუკოზის შემცველობას, არამედ სისხლის არტერიულ წნევასა და ქოლესტეროლსაც.
შემადგენლობასთან ერთად მნიშვნელოვანია რაოდენობაც. ყურადღება მიაქციეთ ულუფის ზომას.
იმისთვის, რომ სისხლში შაქრის ნორმალური დონე მთელი დღე შეინარჩუნოთ, დღეში, სულ ცოტა, სამჯერ უნდა ჭამოთ და კვება არავითარ შემთხვევაში არ გამოტოვოთ.
რჩევები
* ისაუზმეთ, ისადილეთ და ივახშმეთ განსაზღვრულ დროს. ეს დაგეხმარებათ, სისხლში სტაბილურად შეინარჩუნოთ ინსულინისა (ან დასალევი წამლის) და გლუკოზის დონე.
* კვებასა და კვებას შორის ერიდეთ ხემსსა და ნუგბარს, გარდა იმ შემთხვევისა, როცა უეცარი ჰიპოგლიკემიის აღმოფხვრა ან მედიკამენტის მისაღებად წახემსებაა საჭირო.
* თუ ზედმეტი წონა გაქვთ, აუცილებლად იზრუნეთ დაკლებაზე. სულ რამდენიმე კილოგრამის დაკლებაც კი შესაძლოა საკმარისი აღმოჩნდეს სისხლში გლუკოზის დონის დასარეგულირებლად.
* მიირთვით რაც შეიძლება მეტი უჯრედისით მდიდარი საკვები: მარცვლეული, ბოსტნეული, ხილი. უჯრედისი მონელებაში დაგეხმარებთ.
* ერიდეთ კალორიულ, შაქრითა და ცხიმით მდიდარ საკვებს, ალკოჰოლიან სასმელს.
ავკრძალოთ თუ არა შაქარი?
თუ რაციონში, ნახშირწყლების საერთო სტრუქტურაში, მისი რაოდენობა დაბალანსებულია, აკრძალვა სულაც არ არის აუცილებელი, თუმცა ყოველგვარი პრობლემის გამოსარიცხად ჯობს, ეს საკითხიც მკურნალ ექიმთან შეათანხმოთ.
სხვა დეტალები
როგორც დიაბეტიანებისთვის, ისე ჯანმრთელი ადამიანებისთვისაც რეკომენდებულია საკვების გადანაწილება შემდეგი პროპორციით: კალორიების 40-60% ნახშირწყლებიდან უნდა მიიღოთ, 20% - ცილებიდან, 30% და ნაკლები - ცხიმებიდან.
ნახშირწყლების წყაროა: ხილი, ბოსტნეული, პარკოსნები (ლობიო, ბარდა), რძის ნაწარმი, პური. მიირთვით ცოცხალი ხილი და არა კონსერვი ან ჩირი, ბოსტნეული კი შეგიძლიათ ცოცხლადაც მიირთვათ, გაყინულიც და დაკონსერვებულიც. სანელებლების მოყვარულებმა გაითვალისწინეთ, რომ მაიონეზი, კეტჩუპი და მდოგვი ასევე შეიცავს ნახშირწყლებს.
ცილების წყაროა: საქონლის ხორცი, ფრინველის ხორცი, თევზი, რძის ნაწარმი, პარკოსნები და ზოგიერთი ბოსტნეული. ეცადეთ, ფრინველი და თევზი წითელ ხორცზე ხშირად მიირთვათ. ფრინველს მოაცილეთ კანი და ზედმეტი ცხიმი. შეარჩიეთ რძის ნაწარმის ნაკლებცხიმიანი ან უცხიმო ვარიანტები.
ცხიმების წყაროა: კარაქი, მარგარინი, ქონი, ზეთი, რძისა და ხორცის ნაწარმი. ერიდეთ ცხიმში შემწვარ და მაიონეზით შეკაზმულ ხორცეულს და ბოსტნეულს (გამონაკლისია უცხიმო მაიონეზი, თუმცა გაითვალისწინეთ, რომ მას ხშირად შაქარი აქვს დამატებული), კვერცხის გულს, ბეკონს, მაღალცხიმიან რძის პროდუქტებს. ექიმი გეტყვით, რა ოდენობით მიიღოთ თითოეული მათგანი.
ფიზიკური აქტიურობა
მოძრაობა და ვარჯიში დაგეხმარებათ სისხლში შაქრის დონის დაქვეითებაში, შეგმატებთ ენერგიას, გამოგიკეთებთ განწყობას, დაგამშვიდებთ.
ვარჯიში აჯანსაღებს გულს, აქვეითებს ქოლესტეროლის დონეს, არტერიულ წნევასა და წონას. მომატებული ქოლესტეროლი, წნევა და წონა კი, როგორც იცით, ინფარქტისა და ინსულტის რისკფაქტორებია.
ჯობს, ვარჯიშის დაწყებამდე მკურნალ ექიმს შეუთანხმოთ მისი ინტენსივობა და ფორმა. მით უმეტეს, თუ სხვა მხრივაც უჩივით ჯანმრთელობას. ექიმების უმრავლესობა პაციენტებს აერობულ ვარჯიშს ურჩევს. ასეთი ვარჯიშის დროს ადამიანი ღრმად სუნთქავს და გულიც დიდი დატვირთვით მუშაობს. აერობული დატვირთვის მაგალითებია: სწრაფი სიარული, ძუნძული, ცეკვა, ველოსიპედი. კარგია ცურვა და ნიჩბოსნობა.
ყოველგვარი ვარჯიშის წინ აუცილებელია გახურება, მოთელვა. შეგიძლიათ, 5-10 წუთი იაროთ, მომდევნო 5-10 წუთი კი გაჭიმვითი მოძრაობები შეასრულოთ. იგივე გაკეთეთ ვარჯიშის შემდეგაც.
მიიღეთ ბევრი სითხე, რადგან ფიზიკური დატვირთვა დეჰიდრატაციას იწვევს, დეჰიდრატაციის დროს კი სისხლში გლუკოზის დონე იმატებს. სვით წყალი ვარჯიშამდეც, ვარჯიშის დროსაც და მის შემდეგაც.
ვარჯიში დიაბეტიანებისთვის ერთგვარად სარისკოცაა: შესაძლოა, ფიზიკური დატვირთვის შედეგად შეიცვალოს სხეულის რეაქცია ინსულინზე და გლუკოზის უეცარი მკვეთრი დაქვეითება – ჰიპოგლიკემია გამოწვიოს. თუმცა სარგებელი ბევრად აღემატება რისკს.
პრაქტიკული რეკომენდაციები
* გაიზომეთ სისხლში შაქრის დონე ვარჯიშამდეც და ვარჯიშის შემდეგაც.
* შეიმოწმეთ ტერფები ვარჯიშის წინაც და ვარჯიშის შემდეგაც, რათა დაზიანება არ გამოგეპაროთ.
* ჩაიცვით კარგად მორგებული წინდები და ფეხსაცმელები.
* სვით ბევრი სითხე.
* ვარჯიში დაიწყეთ და დაასრულეთ მოთელვით.
* თან იქონიეთ ცოტაოდენი ნახშირწყლოვანი პროდუქტი იმ შემთხვევისთვის, თუ გლუკოზის დონე უეცრად დაეცა.
ჯანსაღი წონა
წონის დაკლება და დარეგულირება ორგვარად დაგეხმარებათ: პირველი – უკეთ ამუშავდება ინსულინი; მეორე – დაქვეითდება არტერიული წნევა და დაიკლებს გულის დაავადებების რისკი.
არ დაგავიწყდეთ წამალი
თუ თქვენი დიაბეტი დიეტას, ვარჯიშსა და წონის კონტროლს არ ემორჩილება, ექიმი ტაბლეტებს ან ინსულინის ინექციებს დაგინიშნავთ. ორალური ანუ დასალევი საშუალებები ორგანიზმს მეტი ინსულინის წარმოქმნას ან წარმოქმნილი ჰორმონის უფრო ეფექტურად გამოყენებას აიძულებს. როცა ორგანიზმში ინსულინი საერთოდ არ წარმოიქმნება, მზა ჰორმონის შეყვანაა საჭირო ინექციის სახით.
წამალი აუცილებლად დანიშნულებისამებრ მიიღეთ, იმ დროს და იმ ოდენობით, რომელიც ექიმმა გამოგიწერათ.
რას აკეთებს
სისხლში შაქრის დონის დასარეგულირებლად რამდენიმე ტიპის მედიკამენტებს იყენებენ. დიაბეტი ტიპი 2-ის მქონე პირები მკურნალობას, წესისამებრ, ტაბლეტებით იწყებენ, დიაბეტი ტიპი 1-ის შემთხვევაში კი აუცილებელია ინსულინთერაპია.
როგორ ვაკონტროლებთ
სისხლში გლუკოზის კონტროლისთვის ორი გზაა მოწოდებული. ერთია A1ჩ, ანუ გლიკოზირებული ჰემოგლობინის ტესტი, რომელიც გვიჩვენებს სისხლში გლუკოზის საშუალო შემცველობას ბოლო 2-3 თვის განმავლობაში. ამ ტესტის სამ თვეში ერთხელ ჩატარება წარმოდგენას შეგვიქმნის იმაზე, რამდენად კარგად ტარდება მკურნალობა. მეორეა გლუკოზის თვითმონიტორინგი, რომელიც ძალიან დაგეხმარებათ გლუკოზის დონის ყოველდღიურ მართვაში. ამისთვის გლუკომეტრი დაგჭირდებათ.
როცა გლუკოზის დონე იკლებს
სისხლში გლუკოზის დონის ძლიერ დაწევას ჰიპოგლიკემია ეწოდება. მისი ნიშნებია:
* დაღლილობის შეგრძნება;
* ხშირი მთქნარება;
* გაურკვეველი მეტყველება და აზროვნების დაბინდვა;
* კუნთების კოორდინაციის დარღვევა;
* ოფლიანობა;
* კრუნჩხვა;
* სიფითრე;
* გონების დაკარგვა.
დიაბეტიანს მუდამ თან უნდა ჰქონდეს, სულ ცოტა, 15 გრამი სწრაფად ათვისებადი ნახშირწყლები.
ჰიპოგლიკემიის შემთხვევაში შეგიძლიათ მიიღოთ რომელიმე ჩამოთვლილთაგანი:
* ნახევარი ჭიქა ტკბილი, გაზიანი, არადიეტური სასმელი;
* ხილის წვენი;
* ორი ჩაის კოვზი ქიშმიში;
* ერთი ჭიქა რძე.
თუ მათი მიღებიდან 15 წუთში თავი უკეთ არ იგრძენით, ან გლუკომეტრი შაქრის ისევ ძალიან დაბალ დონეს აჩვენებს, კიდევ მიიღეთ15 გრამი სწრაფად შეწოვადი ნახშირწყლები.
გარშემო მყოფებს: ოჯახის წევრებს, თანამშრომლებს – ასწავლეთ, როგორ მოიქცნენ, თუ ჰიპოგლკემია დაგემართათ. ასევე სასურველია, გქონდეთ გლუკაგონის მარაგი: ფხვნილი და საინექციო ხსნარი, რომლებსაც გაკეთების წინ ერთმანეთში ურევენ. გლუკაგონი ინსულინის ანტაგონისტია და გლუკოზის დონის აწევას გამოიწვევს. ეს მისწრებაა უგონოდ მყოფი ადამიანისთვის, რომელსაც ნახშირწყლების სხვაგვარად მიღება არ შეუძლია.
თამბაქო და ალკოჰოლი
თუ მწეველი ხართ, რაც შეიძლება მალე უნდა თქვათ უარი თამბაქოზე, ალკოჰოლი კი ნებისმიერ შემთხვევაში უნდა შეზღუდოთ. ნებადართულია დღეში მხოლოდ 100 მლ ღვინო, 300 მლ ლუდი ან 40-50 მლ კონიაკი. საიმედოობისთვის ჯობს, ეს საკითხიც მკურნალ ექიმთან შეთანხმოთ.
ნორმაზე მაღალი
ჰიპერგლიკემია – გლუკოზის დონის ძლიერი მომატება – მაშინაც კი არ არის გამორიცხული, როცა სწორად იკვებებით და წამალსაც სწორად იღებთ.
სისხლის შაქარზე გავლენას ახდენს: ჭარბი საკვების მიღება, სხვადასხვა დაავადება, ჰორმონული ცვლილებები, სტრესი.
ჰიპერგლიკემიის ნიშნებია:
* შარდვის გახშირება;
* ძლიერი წყურვილი;
* მხედველობის დაბინდვა;
* ძლიერი დაღლილობის შეგრძნება.
ჰიპერგლიკემიის დროს გლუკოზის დონის დასაწევად ინსულინის დოზის გაზრდაა აუცილებელი. ჯობს, ამაზეც წინასწარ ესაუბროთ თქვენს ექიმს, რათა იცოდეთ, საჭიროების შემთხვევაში სადამდე გაზარდოთ დოზა.
მარი აშუღაშვილი