აპგარის სკალა – ახალშობილის პირველი გამოცდა
გააზიარე:
ბავშვის დაბადებას დიდ ბედნიერებასთან ერთად ბევრი სირთულეც ახლავს თან. ამ სირთულეების გადასალახავად დედას ექიმების დახმარება სჭირდება.
პატარამ დაბადებისთანავე უნდა მიიღოს პირველი შეფასება – რამდენად კარგად არის განვითარებული, ხომ არ სჭირდება დახმარება, თუ კი – რამდენად სწრაფად უნდა მოხდეს ჩარევა და ა.შ. აპგარის სკალის მიხედვით შეფასება ექიმებს გადაწყვეტილების მიღებას უადვილებს.
- რა არის აპგარის სკალა?
აპგარის სკალა არის სწრაფი ტესტი, რომელსაც იყენებენ ახალშობილის სასიცოცხლო ფუნქციების შესაფასებლად სიცოცხლის პირველ და მეხუთე წუთებზე.
პირველ წუთზე ფასდება, როგორ გაართვა თავი ბავშვმა დაბადების პროცესს, ხოლო მეხუთე წუთზე შეფასება გვიჩვენებს, რამდენად კარგად ადაპტირდა ახალშობილი გარემოსთან. იშვიათად ტესტს 10 წუთის შემდეგაც იმეორებენ.
მოკლე ისტორია
შეფასების ეს სისტემა ამერიკელმა ექიმმა ანესთეზიოლოგმა ვირჯინია აპგარმა შეიმუშავა და 1952 წელს წარუდგინა სამედიცინო საზოგდოებას. დღეს მას მთელ მსოფლიოში იყენებენ. ტესტი აფასებს ახალშობილის ხუთ მნიშვნელოვან ფუნქციას: კანის ფერს, გულისცემის სიხშირეს, რეფლექსურ აღგზნებას, კუნთოვან ტონუსს, სუნთქვას.
სკალის სახელწოდება, რა თქმა უნდა, ვირჯინია აპგარის გვარისგან მომდინარეობს, თუმცა ტესტის არსის უკეთ გასაგებად მეცნიერებმა ასოებს შემდეგი ცნებები შეუსაბამეს:
A – appearance (გარეგნობა)
P – pulse (პულსი)
G – grimace (მიმიკა – რეფლექსური პასუხი გაღიზიანებაზე)
A – activity (აქტიურობა – კუნთოვანი ტონუსი)
ღ – respiration (სუნთქვა)
ხუთივე ფიზიკურ მახასიათებელს ქულებით აფასებენ, თითოეულს – 0, 1 ან 2 ქულით. ქულების მაქსიმალური ჯამი 10-ის ტოლია. 7-დან 10 ქულამდე მაჩვენებელი ნორმად მიიჩნევა. თუ 5 წუთის შემდეგ შეფასებისას ქულების ჯამი 7-ზე ნაკლები აღმოჩნდა, საჭიროა შემდგომი დაკვირვება. ასეთ ბავშვს ყოველ 5 წუთში უტარებენ აპგარის ტესტს, ვიდრე მდგომარეობა არ დასტაბილურდება ან არ გაუმჯობესდება.
კანის ფერი
კანის ფერი გვამცნობს, რამდენად კარგად მიეწოდება ახალშობილს ჟანგბადი. შეფასების კრიტერიუმები ასეთია:
• 2 ქულა – ტანი და კიდურები ვარდისფერია
• 1 ქულა – კიდურები ლურჯია (აკროციანოზი) , ტანი – ვარდისფერი
• 0 ქულა – ტანიც და კიდურებიც ლურჯია
პულსი
• 2 ქულა – >100 დარტყმა`წთ
• 1 ქულა – <100 დარტყმა`წთ
• 0 ქულა – საერთოდ არ არის
მიმიკა
• 2 ქულა – ბავშვი ტირის, შეუძლია ხველა და ცემინება
• 1 ქულა – ახალშობილი იმანჭება ან უღონოდ ტირის
• 0 ქულა – ჩუმადაა, გაღიზიანებაზე არ პასუხობს
აქტიურობა
• 2 ქულა – აქტიური მოძრაობა
• 1 ქულა – ხელ-ფეხი მოხრილია, მაგრამ არ არის აქტიური
• 0 ქულა – მოძრაობა არ შეინიშნება
სუნთქვა
• 2 ქულა – რეგულარული სუნთქვა, ძლიერი ტირილი
• 1 ქულა – ნელი, არარეგულარული სუნთქვა
• 0 ქულა – სუნთქვა არ შეინიშნება
განმეორებითი შეფასება
ნორმა თუ გადახრა?
პირველი წუთის შეფასების შედეგად მიღებული მონაცემები ექიმს იმის გადაწყვეტაში ეხმარება, სჭირდება თუ არა ახალშობილს სასწრაფო სამედიცინო მეთვალყურეობა.
7-დან 10-მდე ქულა ნიშნავს, რომ ყველაფერი რიგზეა და ბავშვს მხოლოდ სტანდარტული მშობიარობის შემდგომი მეთვალყურეობა სჭირდება.
თუ თქვენმა პატარამ 10 ქულა ვერ დაიმსახურა, არ შეშინდეთ – დაბადებისას გარდამავალი ციანოზი (სილურჯე) ძალიან ხშირია.
გასათვალისწინებელია დაბადების ადგილიც. პერუში ჩატარებული კვლევის თანახმად, რომელიც აპგარის სკალაზე დაბადების ადგილის გავლენას მიეძღვნა, აღმოჩნდა, რომ ზღვის დონეზე და ზღვის დონიდან საკმაოდ მაღლა (4340 მ-ზე) დაბადებულ ბავშვებს შორის საკმაოდ დიდი განსხვავება იყო, თუმცა ცვლილება მხოლოდ პირველ წუთს დაფიქსირდა; მეხუთე წუთზე შეფასებისას მაჩვენებლები გათანაბრდა. აქედან დაასკვნეს, რომ ბავშვებს, რომლებიც ზღვის დონიდან საკმაოდ მაღლა იბადებიან, გარდამავალი ციანოზი ახასიათებთ.
თუ ახალშობილი 4-6 ქულით შეფასდა, შესაძლოა, სუნთქვის პროცესში დახმარება დასჭირდეს, შედარებით იოლ შემთხვევაში – მხოლოდ მარტივი პროცედურა, მაგალითად, ნესტოებისა და სასუნთქი გზების ამოსუფთავება ან მასაჟი, უფრო რთულ შემთხვევაში კი – ჟანგბადის მიწოდება.
თუ ახალშობილი შეფასდა 3 ან ნაკლები ქულით, ეს იმის ნიშანია, რომ გადაუდებელი, სიცოცხლის შემანარჩუნებელი თერაპია სჭირდება. თუმცა დაბადებისთანავე დაბალი ქულით შეფასება არ ნიშნავს, რომ ბავშვის მდგომარეობა არ გაუმჯობესდება. მაგალითად, ნაადრევად ან საკეისრო კვეთის შედეგად დაბადებული ბავშვები ხშირად შედარებით დაბალი ქულით ფასდებიან, განსაკუთრებით – პირველ წუთზე, მაგრამ მე-5 წუთზე შეფასებისას მდგომარეობა ხშირად უმჯობესდება.
განმეორებითი შეფასება
ნორმად მეხუთე წუთზე შეფასების შემთხვევაშიც 7-10 ქულა მიიჩნევა, 6-ისა და ნაკლების შემთხვევაში კი საჭიროა ყურადღება და სამედიცინო დახმარება, რომლის სახეობასაც ექიმი აარჩევს.
თუ ახალშობილის შეფასება 5, 10, 15, 30 წუთის შემდეგაც 3-ზე ნაკლები დარჩა, შესაძლოა, ეს ნევროლოგიურ დაზიანებაზე მიუთითებდეს. ამ დროს საგრძნობლად იმატებს ცერებრალური დამბლის განვითარების რისკი. თუმცა კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ აპგარის სკალის დანიშნულებაა, რაც შეიძლება სწრაფად შეაფასოს სამედიცინო დახმარების საჭიროება. ის არ იძლევა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ გრძელვადიანი პროგნოზის გაკეთების საფუძველს.
სოფიო ცირეკიძე