ყველაზე ხშირად რომელი უროლოგიური პრობლემა გვხვდება ორსულებთან?

გააზიარე:

ორსულობას, ამ სასიამოვნო მოლოდინით აღსავსე პერიოდს, ზოგჯერ უსიამოვნებებიც ახლავს თან. საკმაოდ ხშირია საშარდე სისტემასთან დაკავშირებული ჩივილები. შესაძლოა, ისინი ორსულობის ფიზიოლოგიით იყოს განპირობებული და მკურნალობას არ მოითხოვდეს, მაგრამ ისიც შესაძლოა, ავადმყოფობის ნიშანი ან წინაპირობა იყოს. როგორ მოვიქცეთ ასეთი ჩივილების  აღმოცენებისას, როგორ განვასხვაოთ უწყინარი ცვლილებები საშიში სიმპტომებისგან, საზოგადოდ, რა შემთხვევაშია მოსალოდნელი ორსულობისას საშარდე სისტემის დაავადება და როგორია ამ დროს ორსულობის პროგნოზი?

გვესაუბრება ნეფროლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი გიორგი ფარქოსაძე:

 

– ორსულობა ორგანიზმში მრავალ ცვლილებას იწვევს. გამონაკლისი არც საშარდე სისტემაა. გარდაქმნებს აქ რამდენიმე მიზეზი განაპირობებს. უპირველეს ყოვლისა – მექანიკური ფაქტორები: ნაყოფი რაც უფრო იზრდება, მით უფრო აწვება შარდსაწვეთს და შარდის ბუშტს; ეს იწვევს შარდის შეგუბებას, თანმხლებ ჩივილებსა და გართულებებს. ორსულობის დროს დაახლოებით 30%-ით იმატებს სისხლში პლაზმის რაოდენობა. ბუნებრივია, ესეც ახდენს გავლენას თირკმლის მუშაობაზე. გარდა ამისა, ორსულობამ შესაძლოა გაამწვაოს მანამდე არსებული ქრონიკული დაავადება ან ხელი შეუწყოს ფარული პრობლემის გამოვლენას.

  • – ყველაზე ხშირად რომელი უროლოგიური პრობლემა გხვდებათ ორსულებთან?

– საშარდე გზების ინფექცია. ის შესაძლოა დაორსულებამდეც ჰქონდეს ქალს, მაგრამ არ იცოდეს, ორსულობამ კი ინფექციის კლინიკურ გამოვლენას მისცეს ბიძგი, ამიტომ საშარდე სისტემის დაავადებათა თავიდან ასაცილებლად და, საზოგადოდ, ჯანსაღი ორსულობისთვის, ჯობს, ქალიც და მამაკაციც მოემზადონ – გაიარონ პროფილაქტიკური გამოკვლევა და მოიგვარონ ჯანმრთელობის ყველა პრობლემა.

დეფლორაციის შემდეგ ხშირად ვითარდება საშარდე გზების ინფექცია. ამასთან, ქალის ანატომია ხელს უწყობს გენიტალური და საშარდე გზების ინფექციათა შერწყმას. ისიც შესაძლოა, ინფიცირება მამაკაცისგან მოხდეს. თუ წყვილი, რომელიც შვილის გაჩენას გეგმავს, წინასწარ გაივლის პროფილაქტიკურ გამოკვლევას და პრობლემის აღმოჩენის შემთხვევაში სათანადოდ იმკურნალებს, გართულებებისგან მეტად იქნება დაზღვეული. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ მომზადება გართულებას არ გამორიცხავს. როგორც აღვნიშნე, ორსულობა თვითონვე ქმნის ხელსაყრელ პირობებს ინფექციისთვის, უწინარეს ყოვლისა – ნაყოფის ზეწოლით გამოწვეული შარდის შეგუბებით.

 

მრავალსახოვანი ინფექცია

– მოსახლეობაში საშარდე გზების ყოველგვარ ინფექციას ცისტიტს ეძახიან. წლების წინ ყველა მათგანს პიელონეფრიტად ნათლავდნენ. სინამდვილეში ცისტიტი მხოლოდ საშარდე ბუშტის ანთებაა, ინფექცია კი შეიძლება შეეხოს შარდგამომყოფი სისტემის ნებისმიერ ორგანოს, თირკმლით დაწყებული, შარდსადენით დამთავრებული. პიელონეფრიტი – თირკმლის მილაკოვანი სისტემის ანთება – გაცილებით სერიოზული პრობლემაა, ვიდრე საშარდე გზების ბანალური ინფექცია. შესაძლოა, გადატანიდან რამდენიმე წლის შემდეგ მან კიდევ უფრო აგრესიულად იჩინოს თავი.

თუ ინფექცია მკურნალობას ცუდად ექვემდებარება, მშობიარობის შემდეგ შარდში კვლავ შეინიშნება ერითროციტები, ლეიკოციტები, ცილა – პიელონეფრიტის არსებობაა სავარაუდო.

 

კლინიკური სურათი

– საშარდე გზების ინფექცია იწვევს შარდვის გახშირებას, დაუკმაყოფილებლობის შეგრძნებას, წვას, თუმცა შესაძლოა, ეს ნიშნები მხოლოდ ნაყოფის ზეწოლით იყოს გამოწვეული და სამედიცინო ჩარევას არ მოითხოვდეს. ზოგჯერ კი საპირისპირო სურათი გვაქვს – ე.წ. უსიმპტომო ბაქტერიურია: პაციენტი არაფერს უჩივის, შარდის ანალიზი კი ბაქტერიულ ინფექციას ავლენს. ასეთ დროს, მიუხედავად სიმპტომების არარსებობისა, მკურნალობა აუცილებელია, რომ ფარულმა ინფექციამ გართულებები არ გამოიწვიოს. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი ორსულობისას შარდის რეგულარულად ჩაბარება, განურჩევლად იმისა, აწუხებს თუ არა ქალს რამე.

  • – სახელდობრ, რა გართულება შეიძლება გამოიწვიოს საშარდე გზების ინფექციამ?

– საშარდე გზების ინფექციამ შესაძლოა გენერალიზება განიცადოს. გენერალიზებული ინფექცია იწვევს ტემპერატურის მატებას, ორგანიზმის გამოშრობას, ნაყოფის სისხლმომარაგების დარღვევას. შესაძლოა, საქმე მძიმე პათოლოგიამდე – ეკლამფსიამდე და პრეეკლამფსიამდეც კი მივიდეს.

  • – როგორ მკურნალობენ ორსულებთან საშარდე გზების ინფექციას?

– უპირველეს ყოვლისა, დიაგნოზის დადასტურებაა საჭირო – მხოლოდ კლინიკური ნიშნების საფუძველზე მკურნალობა ვერ დაინიშნება. საშარდე გზების ინფექცია ადვილად დასტურდება შარდის საერთო ანალიზით. ამის შემდეგ ტარდება ექოსკოპიური კვლევა, რომელმაც შესაძლოა ცალ ან ორივე მხარეს შარდსაწვეთზე ნაყოფის ზეწოლა გამოავლინოს. ზეწოლა, როგორ გითხარით, შარდის შეგუბებას იწვევს და ხშირად სწორედ ამ ფონზე ვითარდება ინფექცია, თუმცა არ არის გამორიცხული, ინფექციური პროცესი შარდის შეგუბების გარეშეც განვითარდეს. ისიც სავსებით შესაძლებელია, შეგუბება ინფექციაში არ გადაიზარდოს.

ინფექციის დადასტურების შემთხვევაში ინიშნება სათანადო ანტიბაქტერიული მკურნალობა. ცხადია, იმ მედიკამენტებით, რომლებიც ნაყოფის განვითარებაზე უარყოფით გავლენას არ ახდენს: სინთეზური პენიცილინებით, ცეფალოსპორინებით და სხვა. ზოგ შემთხვევაში ტარდება ბაქტერიოლოგიური ანალიზი და წამლები მიკროფლორის მიხედვით ირჩევა.

როცა ინფექციას შარდის შეგუბებაც ახლავს თან, ანტიბაქტერიული თერაპია საკმარისი არ არის. ორსულს რეკომენდაციას ვაძლევთ, იწვეს შეგუბების საწინააღმდეგო მხარეს, აკეთოს სპეციალური ვარჯიშები და სხვა. თუ შეგუბება ამ გზით არ მოიხსნა, მეტადრე – თუ ამას სხეულის ანატომიური თავისებურებებიც უწყობს ხელს, უროლოგს ვიწვევთ სპეციფიკური პროცედურების ჩასატარებლად. ეს პროცედურები ძალიან ფრთხილად უნდა ჩატარდეს.

 

ვენდოთ თუ არა ანალიზებს

  • – რა ხდება ორსულობის შემდეგ?

– ორსულობის შემდეგ ორგანიზმი ადრინდელ კალაპოტს უბრუნდება. ქსოვილები ზედმეტი სითხისგან თავისუფლდება. გადაწყობას განსაზღვრული დრო სჭირდება. თუ ანალიზები მალევე გაკეთდა, გამოვლინდება  თირკმლის ჰიპერფუნცია, გორგლოვანი ფილტრაციის სიჩქარის მომატება, შარდის ხვედრითი წონის დაქვეითება და სხვა. ეს ყველაფერი ფიზიოლოგიურია და განგაშის საფუძველს არ იძლევა.

თემას გადავუხვევ და გეტყვით, რომ არც ტოქსიკოზის ფონზე გამოვლენილი კეტონურიაა საფრთხის ნიშანი. ცხადია, გააჩნია ხარისხსაც, მაგრამ განსაზღვრულ დონემდე ტოქსიკოზს ასეთი რამ ახასიათებს. როგორც კი ტოქსიკოზი გაივლის, მონაცემებიც გამოსწორდება.

ერთი სიტყვით, ორსულობის დროს და მშობიარობის შემდეგ ანალიზების ინტერპრეტირებას დიდი მნიშვნელობა აქვს.

 

შემდგომი ტაქტიკა

– თუ ორსულობისას თავჩენილი პრობლემა გადაუდებელ ჩარევას არ მოითხოვს, თირკმლის ფუნქცია უნდა შეფასდეს რამდენიმე თვის შემდეგ, როცა გორგლოვანი ფილტრაციის მონაცემები ნორმას დაუბრუნდება. ამის შემდეგ ქალი ყურადღებით უნდა გამოვიკვლიოთ, რომ მომდევნო ორსულობისას გართულებებისგან დაზღვეული ვიყოთ.

 

საშიში ანთება

– შარდში ცილა ანუ პროტეინურია, მეტადრე – მაღალი ხარისხისა, თირკმლის ძლიერ დაზიანებაზე მიუთითებს. მითუმეტეს თუ ვლინდება ნეფროზული სინდრომი, არტერიული ჰიპერტენზია, შეშუპება. ამ დროს პროგნოზი უკვე არცთუ კეთილსაიმედოა.

  • – რა აზიანებს თირკმელს ასე ძალიან?

– უმეტესად – გლომერულონეფრიტი. ეს მძიმე დაავადებაა და ბუნებრივია, ორსულობასაც მეტად უქადის საფრთხეს, ვიდრე საშარდე გზების ინფექცია. ამ დროს პათოლოგიური ანთება თირკმლის ქერქოვან ნივთიერებაში მიმდინარეობს.

გლომერულონეფრიტი შესაძლოა იყოს სისტემური დაავადების გამოვლენა, იზოლირებული პათოლოგია, გადატანილი ინფექციის გართულება... მიზეზის კვალობაზე, პროცესი სხვადასხვანაირად მიმდინარეობს და სხვადასხვანაირ მკურნალობას მოითხოვს. პროგნოზი და გამოსავალიც სხვადასხვანაირია.

გლომერულონეფრიტი ხშირია  შაქრიანი დიაბეტისა და თირკმლის კისტოზური დაავადების დროს, რომელთა მიმდინარეობასაც ორსულობა შესამჩნევად აუარესებს. ქალმა ეს, წესისამებრ, წინასწარ იცის, მაგრამ ზოგჯერ შვილის ყოლის სურვილი იმდენად დიდია, დაორსულებას მაინც ბედავს.  სამწუხაროდ, არ არის გამორიცხული, ორსულობა ბოლომდე ვერ მივიდეს და დედის ორგანიზმსაც სერიოზული ზიანი მიადგეს.

ხდება ისეც, რომ ნეფროზული სინდრომი მოწმენდილ ცაზე მეხივით ვარდება – ერთბაშად იწყება ორსულობის დროს და გამშვები მექანიზმის დადგენასაც ყოველთვის ვერ ვახერხებთ.

  • – ასეთი რამ ყველას შეიძლება დაემართოს? რამდენად მიზანშეწონილია რისკფაქტორებზე საუბარი?

– ასი პროცენტით ვერავინ იქნება დაზღვეული, თუმცა ზოგ შემთხვევაში მისი განვითარების ალბათობა, ბუნებრივია, იმატებს. მაგალითად, ოცდაათი წლიდან, ანამნეზში ზოგიერთი დაავადების არსებობისას, ჰორმონული დარღვევების ფონზე.

  • – როგორია მკურნალობის ტაქტიკა გლომერულონეფრიტის დროს?

– უპირველეს ყოვლისა, ანთების მიზეზი უნდა გაირკვეს. ამისთვის ბიოფსიას მივმართავთ. მკურნალობაც კვლევის შედეგის მიხედვით ინიშნება. რაც შეეხება ორსულობის მართვას, როდესაც პრობლემები 30-31-ე კვირას იჩენს თავს, ვცდილობთ, ნაყოფი მაქსიმალურად მოვამწიფოთ და შეძლებისდაგვარად გვიან ჩავატაროთ საკეისრო კვეთა, მაგრამ როდესაც ქალს აქვს ჰიპერტენზია, შეუპოვარი ღებინება, დიდი რაოდენობით კარგავს ცილას, იძულებული ვხდებით, ორსულობა შევწყვიტოთ და ნაყოფი დღენაკლულთა განყოფილებაში გამოვზარდოთ.

 

გლომერულონეფრიტი = უშვილობას?

  • – შეუძლია თუ არა შვილის გაჩენა ქალს, რომელსაც გლომერულონეფრიტი აქვს გადატანილი?

– გააჩნია, რომელი ტიპისა იყო გლომერულონეფრიტი და რამდენად დაექვემდებარა მკურნალობას. გვყოლია პაციენტები, რომლებმაც დიალიზის ფონზეც კი მოახერხეს დაორსულება და ორსულობის ბოლომდე მიყვანა, პაციენტები, რომლებმაც თირკმლის გადანერგვის შემდეგ გააჩინეს შვილი, პაციენტები, რომლებსაც ორსულობის მე-18, მე-20, 30-ე კვირას განუვითარდათ თირკმლის უკმარისობა – თან თირკმელჩანაცვლებით თერაპიას ვუტარებდით, თან ნაყოფზე ვზრუნავდით. 7-8 ასეთი შემთხვევიდან ორჯერ ნაყოფის გადარჩენა ვერ მოვახერხეთ, თუმცა დედის სიცოცხლეს არც მაშინ დამუქრებია საფრთხე. ყველა დანარჩენ შემთხვევაში დედაც და ახალშობილიც შესანიშნავად გრძნობდნენ თავს.

ამრიგად, გამოსავალი არაერთ ფაქტორზეა დამოკიდებული: ქალის მდგომარეობაზე, იმაზე, როგორ ექვემდებარება ავადმყოფობა მკურნალობას, რამდენად მყარია რემისია. სწრაფად პროგრესირებადი და სისტემური დაავადებების, პროტეინურიის, თირკმლის ცვლილებების, შორს წასული დიაბეტის ფონზე რისკი, რასაკვირველია, იმატებს.

მკურნალობიდან განსაზღვრული დრო უნდა იყოს გასული (თირკმლის გადანერგვიდან – სულ მცირე, ორი წელი), ავადმყოფობა უნდა იყოს მყარი რემისიის ფაზაში, კლინიკურ-ბიოქიმიური მონაცემები – მაქსიმალურად მოწესრიგებული, რათა გართულების ალბათობა მინიმუმამდე დავიდეს, თუმცა რისკი მაინც რჩება. ნეფროზული სინდრომი, ეკლამფსია-პრეეკლამფსია ერთმნიშვნელოვნად საკეისრო კვეთის ჩვენებაა.

  • – დიალიზის დროს მიმდინარე ორსულობა ახსენეთ. ხშირია ასეთი რამ?

– საქართველოში ასეთი სულ რამდენიმე შემთხვევა მახსოვს. უცხოეთში მუშაობისას უფრო მეტს შევხვედრივარ. ამ პერიოდში თირკმელჩანაცვლებით თერაპიასაც თავისი წესები აქვს. თუ პაციენტი პროცედურას, ჩვეულებრივ, კვირაში სამჯერ იტარებს, ორსულობის დროს კვირაში 5-6-ჯერ დასჭირდება, შედარებით დაბალი დიალიზატორით, დაბალი ულტრაფილტრაციით, დაბალი ჰეპარინიზაციით, მშრალი წონის მაქსიმალური შენარჩუნებით. არსებობს სპეციალური გაიდლაინები და სქემებიც, ვინაიდან ეს მდგომარეობა დიდი ყურადღებით სამართავია: ქალი ჯერ კარგად უნდა მომზადდეს, მერე კი ძალიან სკრუპულოზურად დაიგეგმოს ორსულობა. თუმცა შედეგი ყოველგვარ სირთულეს გვავიწყებს. ვერაფერი შეედრება იმ გრძნობას, როდესაც მძიმე განსაცდელგამოვლილ დედას ჯანმრთელი შვილით ხელში, ჯანმრთელს და ბედნიერს ხედავ.

  • – რას გვეტყვით შარდკენჭოვან დაავადებაზე?

– ორსულობა ამ დროს უკუნაჩვენები არ არის, თუმცა მისი მიმდინარეობა და გამოსავალი ისევ და ისევ პაციენტის საერთო მდგომარეობასა და დაავადების სტადიაზეა დამოკიდებული. მნიშვნელობა აქვს კენჭის ლოკალიზაციასაც. თუ ის ქვედა ფიალაშია, ინფექციის განვითარების რისკი უფრო მაღალია. გარდა ამისა, შესაძლოა, კონკრემენტი ადვილად დაიძრას, რასაც სხვა პრობლემების კასკადი მოჰყევბა. ამიტომ სასურველია, ორსულობა დაიგეგმოს და ექიმს ზედმიწევნით სრული ინფორმაცია ჰქონდეს ქალის შესახებ, რათა მართვის საუკეთესო ტაქტიკა შეარჩიოს.

  • – დაბოლოს, რას ურჩევდით ქალებს?

– შვილის ყოლა დიდი ბედნიერებაა და ვისურვებდი, ეს ბედნიერება ყველა ქალს განეცადა. სამწუხაროდ, ყველაფერი ჩვენს ხელთ არ არის, მაგრამ ის, რაც ჩვენს ხელთაა, საუკეთესოდ უნდა გამოვიყენოთ, დაორსულებამდე გამოვიკვლიოთ ჯანმრთელობის სტატუსი და სპეციალისტთა რეკომენდაციები დავიცვათ. თირკმელზე ვსაუბრობთ თუ სხვა ორგანოზე – პირველი რეკომენდაცია ცხოვრების ჯანსაღი წესია. უდიდესი მნიშვნელობა აქვს კვების რეჟიმს, ჯანსაღ რაციონს (მაგალითად, ნახშირწყლებისა და მარილის ძალზე ზომიერ მიღებას), ჯანსაღ წონას. ასევე მნიშვნელოვანია სწორი სექსუალური ცხოვრებაც –  ვგულისხმობ არა მხოლოდ შემთხვევითი კავშირებისთვის თავის არიდებას, არამედ სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების კონტროლსაც, ექიმთან მუდმივ კომუნიკაციას და ნდობას.

მანამდე კი იმოძრავეთ, ისეირნეთ, მისდიეთ ცხოვრების ჯანსაღ წესს და დატკბით მომავალი ბედნიერებით.

გვანცა გოგოლაძე

 

 

 

გააზიარე: