რა საჭიროა ცხიმოვანი ცვლის კონტროლი?

გააზიარე:

ჯანმრთელი გული, ჯანმრთელი სისხლძარღვები

გულის ნორმალურ მუშაობაზე, არც მეტი, არც ნაკლები, ჩვენი სიცოცხლეა დამოკიდებული. მისი გაჩერება სიკვდილს უდრის, მაშინ როდესაც სხვა ორგანოების ხანმოკლე შესვენებას ვერც კი ვამჩნევთ.

გულ-სისხლძარღვთა დაავადებები დღემდე ლიდერობს სიკვდილის მიზეზებს შორის. გულის მკვებავი სისხლძარღვების სიჯანსაღისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ლიპიდების ნორმალური ცვლა. ამ ცვლის დარღვევა, დისლიპიდემია, გულ-სისხლძარღვთა დაავადების განვითარების მთავარი რისკფატორია.

დისლიპიდემიის შესახებ გვესაუბრება კ. ერისთავის სახელობის ქირურგიის ეროვნული ცენტრის კარდიოლოგი ხათუნა ბერინაშვილი:

 

–  გულისა და სისხლძარღვების მდგომარეობა დიდწილად სისხლში ლიპიდების ნორმალურ შემცველობაზეა დამოკიდებული. ლიპიდები ორგანიზმის მიერ წარმოქმნილი ცხიმოვანი ნივთიერებებია. მათი ორი მთავარი წარმოადგენელია ტრიგლიცერიდები და ქოლესტეროლი, რომლებიც სხვადასხვა ნაერთის შემადგენლობაში შედის. ორგანიზმში ქოლესტეროლის ტრანსპორტირება აკისრია სპეციალურ ნივთიერებებს, რომლებსაც ლიპოპროტეინებს უწოდებენ. არსებობს რამდენიმე სახის ლიპოპროტეინი: დაბალი სიმკვრივისა – ე. წ. ცუდი ქოლესტეროლი –  და მაღალი სიმკვრივისა – ე. წ. კარგი ქოლესტეროლი.

სისხლში ლიპიდების დონის ნორმასთან შედარებით მომატებას ან დაქვეითებას დისლიპიდემიას უწოდებენ. ამრიგად. დისლიპიდემია არის ნივთიერებათა ცვლის პათოლოგია, რომელსაც ლიპიდების პლაზმური კონცენტრაციის მუდმივ ზრდამდე მივყავართ.

როგორც უკვე ითქვა, დისლიპიდემია ათეროსკლეროზისა და მასთან დაკავშირებული გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მძლავრი რისკფაქტორია. სისხლის პლაზმაში საერთო ქოლესტერინისა და მისი ფრაქციების რაოდენობა მჭიდროდ უკავშირდება გულის იშემიური დაავადებით განპირობებულ ავადობას, სიკვდილიანობას და ათეროსკლეროზის სხვა გართულებებს, ამიტომ ლიპიდური ცვლის მაჩვენებლების განსაზღვრა აუცილებელ პირობას წარმოადგენს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების ეფექტური პროფილაქტიკისა და მკურნალობისთვის.

  • –  სახელდობრ რა ცვლილებებს იწვევს დისლიპიდემია?

–  ჰიპერქოლესტერინემიას –  ქოლესტეროლის სიჭარბეს, რომელიც მრავალი დაავადების ხელშემწყობი ფაქტორია. ის აზიანებს სისხლძარღვის კედელს, იწვევს ათეროსკლეროზს, ათეროსკლეროზული ფოლაქები ავიწროებს სისხლძარღვის სანათურს და სისხლძარღვს ელასტიკურობას უკარგავს. შესაძლოა, საქმე მის სრულ დახშობამდეც კი მივიდეს, დახშული სისხლძარღვი კი ხშირად გულის იშემიური დაავადების მიზეზად იქცევა. ჰიპერქოლესტერინემიის დროს ხშირია სტენოკარდიული შეტევა (ტკივილის ან დისკომფორტის შეგრძნება გულმკერდის არეში), არტერიული ჰიპერტენზია, შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2, ჰიპოთირეოზი (ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითება).

 

რა იწვევს

–  დისლიპიდემია რამდენიმე ფაქტორს უკაშირდება. ესენია:

* გენეტიკური ფაქტორი –  ცნობილია, რომ ლიპიდური ცვლის დარღვევისადმი განწყობა მემკვიდრეობით გადაეცემა;

* ცხოვრების არაჯანსაღი წესი –  სიმსუქნე, თამბაქოსა და ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება. ეს ფაქტორები უარყოფითად მოქმედებს ლიპიდების მეტაბოლიზმზე;

* ფსიქოემოციური სტრესი, სოციალური გარემო –  ეს ფაქტორები განაპირობებს ლიპიდური ცვლის დარღვევას ნეიროენდოკრინული სტიმულაციით, კერძოდ, ვეგეტატიური ნერვული სისტემის აქტიურობის მომატების შედეგად.

 

რა არის ნორმა

–  ლიპიდების ცვლის დარღვევა სხვადასხვაგვარად ვლინდება. დისლიპიდემიის ყველაზე გავრცელებული ფორმებია:

* სისხლში დაბალი სიმკვრივის (ცუდი) ლიპოპროტეინების (LDL) დონის მომატება;

* სისხლში მაღალი სიმკვრივის (კარგი) ლიპოპროტეინების (HDL) დონის დაქვეითება;

* სისხლში ტრიგლიცერიდების რაოდენობის მომატება.

თანამედროვე მიდგომით, დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების ნორმალური დონე არ აღემატება 2,9 მმოლ`ლ-ს.

მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების დონე არ უნდა იყოს 1მმოლ`ლ-ზე მეტი ქალებთან და 1,2მმოლ`ლ-ზე მეტი მამაკაცებთან.

ტრიგლიცერიდების ნორმალური დონე 1,7მმოლ`ლ-ზე ნაკლებია.

მნიშვნელოვანია საერთო ქოლესტეროლის დონის არა მარტო მომატება, არამედ დაქვეითებაც. ნორმაში მისი მაჩვენებელი 3.6-დან 5.1 მმოლ`ლ-მდე მერყეობს.

ქოლესტეროლის დონის მატების გრადაცია ასეთია:

* მსუბუქად მომატებული –  ქოლესტეროლის დონე მერყეობს 5.1-6.4 მმოლ`ლ-ის ფარგლებში

* საშუალოდ მომატებული – 6.5-7.8 მმოლ/`ლ

* ძალიან მაღალი –  მაჩვენებელი აღემატება 7.8 მმოლ`ლ-ს.

 

რა სწევს მაღლა ქოლესტეროლის დონეს

–  ქოლესტეროლის მატების ხელშემწყობი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია კვება. ცხოველური წარმოშობის ცხიმიანი საკვები ორგანიზმს აქტიურად ამარაგებს ამ ნივთიერებით, ამიტომ ჰიპერქოლესტერინემიის დროს აუცილებელია რაციონის შერჩევა და დიეტის დაცვა.

ძალიან მნიშვნელოვანია ფიზიკური აქტიურობაც. დამტკიცებულია, რომ მას, ვინც ცხოვრების დუნე წესს მისდევს, სისხლის პლაზმაში მომატებული აქვს ცუდი ქოლესტეროლის ანუ დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების დონე.

ქოლესტეროლის დონის მატებაში განსაკუთრებულ როლს ასრულებს სიმსუქნე და მეტაბოლური დარღვევები.

  • –  რა სიხშირით უნდა ვამოწმოთ ქოლესტეროლის დონე?

–  ორგანიზმში ქოლესტეროლის სინთეზი აქტიურად მიმდინარეობს და ასაკთან ერთად ძლიერდება, ამიტომ დიდი მნიშვნელობა აქვს ასაკოვან პირებთან ამ ნივთიერების კონტროლს. 40 წლიდან მისი შემოწმება რეკომენდებულია წელიწადში 1-2-ჯერ, ხოლო 50 წლიდან – წელიწადში 2-3-ჯერ. რეგულარული კონტროლი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მათთვის, ვისაც აქვს გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადება, შაქრიანი დიაბეტი, სიმსუქნე ან მეტაბოლური სინდრომი. აქვე გეტყვით, რომ მწეველთა ორგანიზმში ქოლესტეროლის დონე არამწეველებისაზე თითქმის 2-ჯერ მეტია.

 

როგორ გავუმკლავდეთ

  •  –  რა არის საჭირო ლიპიდური ცვლის მოსაწესრიგებლად?

–  ლიპიდური ცვლის მოსაწესრიგებლად აუცილებელია კვების სათანადო რეჟიმის დაცვა, უპირველესად –  ცხოველური ცხიმების შეზღუდვა. ევროპის ათეროსკლეროზის შემსწავლელი საზოგადოების ექსპერტთა ჯგუფმა შეადგინა სასურველი, ზომიერად ნებადართული და არასასურველი პროდუქტების სია.

სასურველთა ნუსხაში შედის პროდუქტები, რომლებიც ნაკლებ ქოლესტერინს შეიცავს. ესენია: მზესუმზირა, სიმინდის ზეთი, ქათამი, ინდაური, ხბო, კურდღელი, კვერცხის ცილა, ცხიმგამოცლილი რძე, მაწონი, ხაჭო, უცხიმო ყველი, მჭლე თევზი, ხილი, პარკოსნები (ლობიო, ბარდა), მოხარშული კარტოფილი, რუხი პური, შვრიის, სიმინდის ფაფები, მინერალური წყლები, ჩაი, სუსტი ყავა, ხილის წვენები, თაფლი, მწვანილი.

ზომიერად ნებადართულია: კარაქი, მარგარინი (პოლიუჯერი ცხიმების მაღალი შემცველობით), ძროხის, ღორის, ცხვრის ხორცი, საშუალო ცხიმოვნობის ყველი, ზეთში შემწვარი თევზი, კარტოფილი, ნუში, თეთრი ფქვილი, ტკბილი ფაფები, ტორტები, უცხიმო შოკოლადი.

არასასურველია: ზეითუნის ზეთი, ქონი, ცხიმიანი ხორცი, ძეხვი, იხვის, ბატის ხორცი, ქათმის, ინდაურის კანი, რძე, არაჟანი, ცხიმიანი ყველი, ცხიმიანი მაწონი, ქონში შემწვარი კარტოფილი, უმაღლესი ხარისხის ფქვილისგან გამომცხვარი პური, ფუნთუშეული და ცხოველურ ცხიმებზე მომზადებული კერძები, მაგარი ყავა.

ძალიან მნიშვნელოვანია ცხოვრების ჯანსაღი წესი და შრომისა და დასვენების ოპტიმალური რეჟიმი: ნორმალური ძილი 6-8-საათიიანი ინტერვალით, ფიზიკური აქტიურობა – ფეხით სიარული, ცურვა, ზომიერი ფიზიკური ვარჯიში, სტრესისგან თავის დაცვა.

რაც შეეხება მედიკამენტურ თერაპიას, ქოლესტეროლის და, საზოგადოდ, დარღვეული ლიპიდური სპექტრის მოსაწესრიგებლად დღეს უამრავი მედიკამენტი არსებობს. მათ შორის განსაკუთრებული ადგილი უკავია:

* სტატინებს, რომლებსაც ქოლესტეროლისა და მისი წარმოებულების სინთეზის ბლოკირების ძლიერი უნარი აქვს;

* ფიბრატებს, რომლებსაც უფრო ტრიგლიცერიდების დონის დაქვეითების უნარი შესწევს;

* ნიაცინს ანუ ვიტამინ B3-ს და ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავების წარმოებულებს, რომლებსაც როგორც მცენარეული ცხიმებისგან, ისე თევზის ქონისგანაც ამზადებენ. ბოლო ხანს მკვეთრად გახშირდა მათი გამოყენება დისლიპიდემიური ცვლილებების დროს. არაერთი კვლევა ადასტურებს, რომ ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავები აქვეითებს ადამიანის ორგანიზმში ტრიგლიცერიდებისა და ე.წ. ცუდი ქოლესტეროლის დონეს, ხოლო კარგი ქოლესტეროლისას ზრდის. ამავე დროს, დადებით გავლენას ახდენს გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე. დაბოლოს, ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავები ამცირებს ინსულინრეზისტენტობას, იცავს სისხლძარღვებს, აძლიერებს იმუნურ სისტემას, აუმჯობესებს სასქესო ჰორმონების წარმოქმნას.

რა სახის ცხიმებს ვჭამთ

პროდუქტები, რომლებსაც მივირთმევთ, სხვადასხვა სახის ცხიმებს შეიცავს. მათ შორისაა:

* ნაჯერი ცხიმები, რომლებიც ქოლესტეროლის დონის მატებას უწყობს ხელს, ამიტომ მათი დიდი რაოდენობით მიღება არ არის სასურველი. ასეთებია ღორისა და საქონლის ცხიმი, ქოქოსისა და პალმის ზეთი.

* ტრანსცხიმები –  მათ რძე და საქონლის ხორციც შეიცავს, მაგრამ ისინი ხელოვნურადაც მიიღება, კერძოდ, მცენარეული ცხიმებისთვის წყალბადის დამატებით (ჰიდროგენიზაციით) ან მათი თერმული და ქიმიური დამუშავებით. ტრანსცხიმები ქოლესტეროლის მატებას იწვევს. ხელოვნურად მიღებულ ტრანსცხიმებს ხშირად იყენებენ საცხობებსა და დიდ საწარმოებში. მათ დიდი რაოდენობით შეიცავს მარგარინი, სპრედი, ამიტომ სჯობს ამ პროდუქტებს მაქსიმალურად ერიდოთ.

* ნახევრად ნაჯერი ცხიმები –  მათ შეიცავს მცენარეული და თევზის ცხიმი. ისინი აბალანსებენ სისხლში ქოლესტეროლის შემცველობას. სასურველია, ტრანსცხიმები და ნაჯერი ცხიმები სწორედ ამ ცხიმებით შევცვალოთ.

* მონოუჯერი ცხიმები –  მათ შეიცავს ზეთისხილი, მიწის თხილი, მზესუმზირა და მისი ზეთი. ამ სახეობების ცხიმები აბალნსებს სისხლში ქოლესტეროლის შემცველობას, ამიტომ ჯანსაღი დიეტის კომპონენტად უნდა აქციოთ.

მარი აშუღაშვილი

 

გააზიარე: