ქვები, რომლებიც ამბებს ჰყვებიან

გააზიარე:

მაკა ჩხეიძის საიუველირო ნაკეთობები ნატიფი ქალურობით გამოირჩევა. მდიდრულ და, იმავდროულად, დახვეწილ სამკაულებს უნიკალური თვისება აქვს – ასაკოვანსაც და ახალგაზრდასაც ერთნაირად იზიდავს. მათ ჯინსებთან ერთადაც მოირგებთ და სადღესასწაულო კაბასაც შეუხამებთ.

დიდი რეზონანსი მოჰყვა მაკას ნამუშევრების წარდგენას ნიუ-იორკში, სადაც ისინი ამერიკის შეერთებული შტატების საკონსულოს ინიციატივით გამოიფინა. ამერიკული ვოიაჟის შემდეგ კი დიზაინერმა “თბილისი-მერიოტის” შარდენის გალერეაში პერსონალური გამოფენა გამართა და 75 ნაკეთობა ქართველ საზოგადოებას წარუდგინა.

– დიზაინში, ისევე როგორც, საზოგადოდ, სახვით ხელოვნებაში, მამაკაცისა და ქალის ნამუშევრებს ხელწერით იოლად განასხვავებენ ერთმანეთისგან. კაცის ხელი თითქოს უფრო მეტად არის მიდრეკილი ლაკონიური ფორმებისკენ. სისადავე, არაფერი ზედმეტი – ეს ძლიერი სქესის სკეპტიკური ხედვაა. ქალი კი, თავისი ბუნებიდან გამომდინარე, მაინც ჩააქსოვს ხოლმე მაქმანს, ყვავილს... მეც ხშირად ქალის ხედვას მივუყვები – მსიამოვნებს ნამუშევრებში სინაზის, სინატიფის შეტანა, თუმცა მიყვარს უხეში და ნაზი შტრიხების შეხამებაც, ვინტაჟური სტილისა და გეომეტრიული ფიგურების მიქსიც. ჩემს ნაკეთობებში ყოველთვის იგრძნობა კონტრასტული ელემენტების სინთეზი, – აღნიშნავს დიზაინერი.

ნაწარმოები ხშირად ყველაზე მეტს ამბობს ავტორის შესახებ... მაკა არა მხოლოდ შემოქმედებაში, არამედ ყოველდღიურ ჩაცმულობაშიც ქალურ სტილს ანიჭებს უპირატესობას:

– მომწონს მოხერხებული სამოსი, კაბაც შემიძლია მოვირგო და ჯინსიც, თუმცა აქცენტს მაინც ქალურ დეტალებზე ვსვამ. მათ უნიკალური თვისება აქვთ – ყოველგვარი სტილი, კლასიკურიც კი, თავიანთი ხაზით მიჰყავთ...

მაკამ თავის საქმეს დიდი ხნის ძიების შემდეგ მიაგნო. ჯერ ფინანსების შესწავლა გადაწყვიტა, შემდეგ სამხატვრო აკადემიაში ჩააბარა... მიუხედავად იმისა, რომ მამის სახელოსნოში ბავშვობიდანვე ადევნებდა თვალს საიუველირო ნაკეთობების შექმნის პროცესს და ეხმარებოდა კიდეც, პროფესიად სამკაულის დიზაინი გვიან აირჩია:

– მიკრომოზაიკაც და მინანქარიც შესანიშნავად გამომდიოდა, მაგრამ იძულებით მუშაობა ჩემთვის წარმოუდგენელია... საკმარისი არ არის, რაღაც იოლად და კარგად გამოგდიოდეს – ამ საქმის კეთება უნდა გსიამოვნებდეს კიდეც, უნდა იგრძნო, რომ ეს შენია... საბოლოოდ ცვილის ტექნიკის გამოყენება დავიწყე: ჩანაფიქრი სანთელში იძერწება და შემდეგ ლითონში ისხმება. ლითონს კი სურვილისამებრ ვამუშავებ – ვაშავებ ან ვაოქროვებ. ამ მიგნებიდან მხოლოდ ორი წლის შემდეგ გამიჩნდა ამბიცია, ჩემი ნახელავი სხვებისთვისაც შემეთავაზებინა.

ყოველთვის ვცდილობდი, ისეთი რამ შემექმნა, რომ მამის მოწონება დამემსახურებინა. ის ძალიან კრიტიკულია – იშვიათად თუ შემაქებს. სტიმული მისმა შეფასებამაც მომცა და დღეს ამ სფეროში ჩემი ადგილი უკვე ნაპოვნი მაქვს.

 

მასალა

– ნაკეთობაში ერთი ქვა ყოველთვის დომინანტია. მას წვრილი ქვებით, უმეტესად ცირკონებით ვალამაზებ. დომინანტად ხშირად ვიყენებ აქატს, იასპს, ფირუზს.

ბევრი ქვას იმის მიხედვით აფასებს, რამდენად სუფთა, წმინდა და კამკამაა, მე კი მთავარი ქვის შერჩევის საკუთარი პარამეტრები მაქვს: რაც უფრო არაწმინდაა, რაც მეტი ჩანართი აქვს, რაც მეტს გვიყვება თავის თავზე, მეტად მოძველებული ან უცნაური ფორმისაა, მით მეტად მომწონს და მიზიდავს. მას თითქოს საკუთარი ამბავი მოაქვს თან.

მომდევნო ეტაპი ამ ქვაზე დაკვირვებაა. დიდხანს ვაკვირდები. მერე უცებ ტალღასავით მოდის რაღაც... რაღაც, რამაც ღამით შეიძლება საწოლიდან წამოგახტუნოს... ჩანახატი სწრაფად უნდა გავაკეთო, თორემ დილამდე წარმოსახვა შეიძლება გაიფანტოს კიდეც.

და მაინც, სამკაულის საბოლოო ვარიანტის წარმოსახვა ძნელია. დასრულებული ნაკეთობა ზოგჯერ სულ სხვანაირი გამოდის.

ცირკონი, იგივე ფიანიტი, შექმნეს როგორც ალმასის იმიტაცია. ტესტერის გამოგონებამდე მას ბრილიანტისგან ძნელად ასხვავებდნენ – ბრილიანტივით ციმციმებს და მასავით მყარია. ბრილიანტის შემსწავლელი კურსის გავლისას მისი საოცარი მაგნიტიზმი აღმოვაჩინე და უცნაურად შემიყვარდა.

 

მაკას გამორჩევით უყვარს საყურეებსა და ბეჭდებზე მუშაობა. როდესაც კონკრეტული ადამიანისთვის ქმნის სამკაულის, ყოველთვის ითვალისწინებს მის სტილს, გემოვნებას, ხასიათს, თუმცა თავის ხელწერას არასოდეს ღალატობს.

– ადამიანის გარეგნობა ჩემთვის შთაგონების წყაროა. როდესაც ვინმეს ვაკვირდები, ნათლად ვხედავ, რა მოუხდება, რა – არა. მაგრამ როდესაც კონკრეტული პიროვნებისთვის ვქმნი სამკაულს, იძულებული ვარ, მისი გამოვნება და შეხედულებებიც გავითვალისწინო, რადგან არ მინდა, ჩემი ნახელავი კარადაში აღმოჩნდეს.

მიყვარს მასიური ბეჭდები, რადგან აგრესიულები და აქტიურები არიან, ყურადღებას იპყრობენ.

და მაინც, თამამი აქცენტების მიუხედავად, ჩემი სამკაული ქამელეონივითაა – ნებისმიერი ასაკის ქალი მოიხდენს.

 

ოჯახი

მაკა ოთხი წლის ონავრის – ირაკლის დედაა. როგორც თავად ამბობს, კარგი დედაც. მიუხედავად იმისა, რომ შვილისთვის დროის გამონახვა უჭირს, ცდილობს, მას ყურადღება არ მოაკლოს, ტოლივით ესაუბროს და მისი ინტერესები გაითვალისწინოს:

– სანამ ცოტათი წამოიზრდებოდა, ირაკლი მთელ დროსა და ენერგიას მოითხოვდა. იმ პერიოდში ფაქტობრივად ჩამოვშორდი საქმეს, თუმცა ახლა ისევ მწყობრში ვარ.

 

ოთხფეხა მეგობრები

– თერთმეტი წლის ვიყავი, ლეკვი პირველად რომ მაჩუქეს. ძაღლებმა მიჩვევა იციან, გაცემულ სითბოს, ერთგულებას, სიყვარულს ათმაგად გიბრუნებენ... დროთა განმავლობაში ძაღლი ოჯახის წევრივით ძვირფასი გახდა ჩემთვის. მისი სიკვდილი ძალიან განვიცადე. ისე გამიჭირდა, მეორე ლეკვთან დიდხანს დისტანცია მეკავა, ნაკლებს ვეფერებოდი, რომ მასაც ისევე არ მივჩვეოდი და ისიც ისევე არ დამკლებოდა, მაგრამ ამაოდ – მისი სიკვდილიც ისევე მეტკინა, მერე კი გული დამწყდა, რომ მის მიმართ ასე ცოტა სითბო გამოვიჩინე. ადამიანები ჩვენივე ეგოიზმის მსხვერპლნი ვართ – საკუთარ ემოციებს ვუფრთხილდებით და ბარიერების აღმართვას ვცდილობთ, მერე კი აღმოჩნდება რომ ეს მცდარი გადაწყვეტილება ყოფილა, რადგან გრძნობები ბარიერს არ ცნობს...

ამის შემდეგ გადავწყვიტეთ, შინ მხოლოდ კატები გვყოლოდა. ისინი დამოუკიდებელი არსებები არიან და მათთან ძაღლებივით მყარი ემოციური კონტაქტის დამყარება შეუძლებელია.

 

ჯანმრთელობა

– ბოლო ხანს ფიტნესისთვის ვეღარ ვიცლი, არადა, ცხოვრების ჯანსაღმა წესმა მიჩვევა იცის – როცა რეგულარულად ვარჯიშობ, კუნთი თითქოს იმახსოვრებს ამ პატივისცემას და მერე ტვინს ეხვეწება, ისევ ივარჯიშეო.

მიმაჩნია, რომ ჯანმრთელობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია განწყობა. როცა შინაგანად კარგად გრძნობ თავს, ინარჩუნებ ემოციურ ბალანსს – გამოიმუშავებ დადებით ენერგიას, რომელიც ავადმყოფობის დამარცხებაშიც გეხმარება და მიზნების მიღწევაშიც. ამ მაცოცხლებელი ენერგიით გარშემოც სინათლესა და სიმშვიდეს ჰფენ – სადაც ჩაივლი, თითქოს ყვავილიც კი ცოცხლდება...

თამარ ციბალაშვილი

 

გააზიარე: