რა ემუქრებათ ბავშვებს ინტერნეტის უკონტროლო სარგებლობისას?
გააზიარე:
ინტერნეტი ჩვენი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა. ციფრული ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად მასობრივი კომუნიკაციის საშუალებებიც უფრო და უფრო ხელმისაწვდომი ხდება. თანამედროვე ტექნოლოგიური მიღწევები მოზარდებისთვის დიდი საცდურია. უმეტესობას აქვს პერსონალური კომპიუტერი, პლანშეტი, სმარტფონი და სასურველზე მეტ დროსაც ატარებს ინტერნეტში.
რა ემუქრებათ მათ? როგორ ავარიდოთ უსიამოვნებებს, რომლებსაც შეიძლება ინტერნეტის უკონტროლო გამოყენებისას შეეჯახონ?
თავდაპირველად გავიხსენოთ, რა საფრთხე ელის მოზარდს ინტერნეტში:
* არასასურველ პირებთან კონტაქტი (რასაც შესაძლოა მოჰყვეს პირადი და პერსონალურ კომპიუტერში შესაღწევად საჭირო ინფორმაციის გამოძალვა, ვირტუალური სქესობრივი ურთიერთობისკენ მოწოდება და სხვა);
* არასაბავშვო თემატიკის მასალებზე (პორნოგრაფიული ფოტოები და ვიდეოები, ძალადობის ამსახველი ფოტოები და ვიდეოები, რასისტული და ექსტრემისტული ფოტო-, ვიდეო- და აუდიომასალა) წვდომა;
* აგრესიული მარკეტინგი (განსაკუთრებით – მავნე ან ჯანმრთელობისთვის არასასურველი პროდუქციის რეკლამირება), სიცოცხლისთვის სახიფათო ქმედებებისკენ მოწოდება;
* ციფრული ტექნიკის დასნებოვნება ვირუსებით, რომლებიც არალეგალურად, უფასოდ ჩამოტვირთულ პროგრამებთან (მაგალითად, თამაშებთან) ერთად ხვდება კომპიუტერში და აზიანებს ან ანადგურებს მასში შენახულ ინფორმაციას. არსებობს სხვა მავნე პროგრამებიც, რომლებიც კომპიუტერის დაცვას არღვევს და ჰაკერებს საშუალებას აძლევს, წვდომა ჰქონდეთ მასში არსებულ ყველა ფაილზე, ვებკამერაზე, ხმის ჩამწერზე.
როგორ ავაცილოთ თავიდან
* ესაუბრეთ შვილებს საფრთხეზე, რომელიც ინტერნეტით სარგებლობისას ემუქრებათ. ბავშვები ხშირად ვერც კი აცნობიერებენ, რომ ვირტუალური ურთიერთობა შეიძლება საშიში იყოს. მათი გაუთვიცნობიერებლობით სარგებლობენ პედოფილები, რომლებიც მალავენ თავიანთ ნამდვილ ვინაობას, იყენებენ მონტაჟს, ფსიქოლოგიურ მეთოდებს, უმეგობრდებიან ბავშვებს. რა შეიძლება მოჰყვეს ამგვარ “მეგობრობას”, ადვილი წარმოსადგენია.
* აუხსენით, რომ საეჭვო ვებგვერდებზე დარეგისტრირების დროს პერსონალური ინფორმაციის გაცემა სახიფათოა, რომ არავითარ შემთხვევაში არ უნდა მისცენ მესამე პირს პირადი ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტის, სკოლის, საცხოვრებელი სახლის მისამართი, ინფორმაცია მშობლების სამუშაო ადგილის შესახებ, მათი ტელეფონის ნომერი და ელექტრონული ფოსტის მისამართი.
* არავითარ შემთხვევაში არ დათანხმდნენ შეხვედრაზე ინტერნეტის მეშვეობით გაცნობილ ადამიანს. თუ მაინც გადაწყვიტეს მასთან შეხვედრა, დათქვან შეხვედრა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას და აუცილებლად შეგატყობინონ შეხვედრის დრო და ადგილი თქვენ ან სხვა უფროსს, რომელსაც ენდობიან – მასწავლებელს, ნათესავს... გაითვალისწინეთ: მოზარდები ხშირად ვერ აცნობიერებენ საფრთხეს და მშობლების სიფრთხილეც გადაჭარბებული ჰგონიათ. ცხადია, აჯობებს დაარწმუნოთ, რომ ინტერნეტით გაცნობილ ადამიანთან შეხვედრა სარისკოა, მაგრამ, იმავდროულად, გახსოვდეთ მოზადებისთვის დამახასიათებელი ოპოზიციური ქცევა: “მაინც ისე მოვიქცევი, როგორც საჭიროდ მიმაჩნია”.
* ესაუბრეთ იმაზეც, რომ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ფოტოები ყველასათვის ხელმისაწვდომია, ნებისმიერ მსურველს შეუძლია საკუთარი შეხედულებისამებრ მათი გამოყენება, ამიტომ არ ღირს ისეთი ფოტოების გამოქვეყნება, რომელთა ხილვაც უცხო ვებსაიტებზე არ ესიამოვნებათ.
* მნიშვნელოვანია კონფიდენციალურობის დაცვაც – არამც და არამც არ შეიძლება მესამე პირისთვის პირადი გვერდისა და ელექტრონული ფოსტის პაროლის განდობა. უახლოესი მეგობრისთვისაც კი. სასურველია პაროლის პერიოდული ცვლაც. ნებისმიერი კომპიუტერიდან პირადი გვერდის მონახულების შემდეგ აუცილებელია სოციალური ქსელიდან გამოსვლა.
კიბერბულინგი
ბულინგზე – ერთი ბავშვის ან ბავშვების ჯგუფის მიერ სხვა ბავშვის (ან ბავშვების) მიმართ სასტიკი მოპყრობის, ფიზიკური და\ან ფსიქოლოგიური ჩაგვრის ხანგრძლივ პროცესზე – ჩვენი ჟურნალის სხვადასხვა რუბრიკით არაერთხელ გვისაუბრია. ამჯერად გვინდა, კიბერბულინგზე გავამახვილოთ ყურადღება.
კიბერბულინგი ინტერნეტის – სოციალური ქსელის, ონლაინფორუმის, ელექტრონული ფოსტის – მეშვეობით განხორციელებულ ვერბალურ (სიტყვიერ) ძალადობას გულისხმობს. კიბერბულინგის დროს ინტერნეტს მოძალადე იყენებს, რათა შეურაცხყოფა მიაყენოს, დაემუქროს ან დაამციროს სხვა ადამიანი. კიბერბულინგის მსხვერპლი ნებისმიერი შეიძლება გახდეს. ასევე ნებისმიერს აქვს შესაძლებლობა, განახორციელოს კიბერაგრესია და ხშირად ეს ქმედება, სამწუხაროდ, დაუსჯელიც რჩება, რადგან მსხვერპლმა არ იცის, როგორ დაიცვას თავი კიბერაგრესორისგან. ისიც უნდა ითქვას, რომ კიბერბულინგი ხშირად ანონიმურია და სპეციალისტების ჩაურევლად დამნაშავის დადგენა რთულია.
განსაკუთრებით შემაშფოთებელი ის არის, რომ ბავშვი საკუთარ სახლშიც კი ვერ გრძნობს დაცულობას – კიბერაგრესია ონლაინ ფორმით ხორციელდება და რამდენიმე ღილაკზე თითის დაჭერა საკმარისია, რომ შეურაცხმყოფელი, დამამცირებელი ინფორმაცია ათასობით ადამიანისთვის გახდეს ხელმისაწვდომი.
როგორ მოვიქცეთ, თუ შევამჩნიეთ, რომ ბავშვი კიბერბულინგის მსხვერპლია?
ყოველი შემთხვევისთვის, პირად დაცულ ფაილში (რომელზეც ბავშვს ხელი არ მიუწვდება) შეინახეთ კიბერბულინგის დამადასტურებელი მასალა (მინაწერები, ფოტოები). მერე ეს ყველაფერი კომპიუტერიდან წაშალეთ და ბავშვთან ერთად დაბლოკეთ აგრესორის ელექტრონული ფოსტის მისამართი, ანგარიში სოციალურ ქსელში, ტელეფონის ნომერი. კონტაქტის შეწყვეტა და უგულებელყოფა შესაძლოა საკმარისი აღმოჩნდეს.
თუ აგრესია არ წყდება, აცნობეთ ამის შესახებ ლოკალურ ინტერნეტპროვაიდერს, სოციალურ მედიას ან ვებსაიტს, რომელსაც მოძალადე ბულინგისთვის იყენებენ. ვებსაიტებისა და სოციალური ქსელების ადმინისტრაცია უმეტესად თვითონვე ბლოკავს კიბერაგრესორს.
თუ ვირტუალური მოძალადე ფიზიკური დაზიანებით ემუქრება ბავშვს ან უხამს სექსუალურ მესიჯებს, ფოტოებს, ვიდეომასალებს უგზავნის მას, აუცილებლად მიმართეთ პოლიციას.
დასასრულ, გთავაზობთ რამდენიმე საჭირო რჩევას. ამოჭერით ეს მონაკვეთი ჟურნალიდან და გააკარით თქვენი შვილის ოთახში, მის სამუშაო მაგიდასთან, ან სხვა თვალსაჩინო ადგილას. რჩევები ერთად წაიკითხეთ და გაიაზრეთ. თუ ბავშვს კითხვები გაუჩნდა, დეტალურად უპასუხეთ და შეეცადეთ, მისი ნდობა მოიპოვოთ.
კიბერუსაფრთხოების მცნებები მოზარდებისთვის
* თუ ვინმე გთხოვს პირადი ინფორმაციის გაზიარებას, აუცილებლად შეატყობინე უფროსს.
* თუ თავად წააწყდი ინფორმაციას, რომელიც შენთვის უსიამოვნოა, არ მოგწონს, დისკომფორტს გიქმნის, დახურე გვერდი და უთხარი უფროსს.
* ფრთხილად იყავი, როდესაც საკუთარ ფოტოს ინტერნეტში აქვეყნებ ან ვინმეს უგზავნი – არსებობს ხალხი, ვინც შეიძლება შენი ფოტო ცუდი მიზნებისთვის გამოიყენოს.
* ახალი პროგრამის ან აპლიკაციის გადმოწერამდე და დაინსტალირებამდე დაეკითხე უფროსს (მასწავლებელს ან მშობელს). უცხო და საეჭვო პროგრამამ შესაძლოა დაგიზიანოს კომპიუტერი და საფრთხე შეუქმნას შენს ან შენი ოჯახის წევრების პირად ინფორმაციას.
* ყურადღებით გაეცანი კონფიდენციალურობის წესებს სოციალურ ქსელში დარეგისტრირებისას და დააყენე ისეთი პარამეტრები, რომ უცხო ადამიანებს შენს გვერდზე წვდომა არ ჰქონდეთ.
* ონლაინ სივრცე ძალიან ჰგავს რეალურ ცხოვრებას. გახდი მისი კარგი “მოქალაქე” და არასოდეს გააკეთო ისეთი რამ, რაც ზიანს მიაყენებს სხვას ან კანონის დარღვევად ჩაითვლება.
* გაეცანი ინფორმაციას საავტორო უფლებების შესახებ.
* დაბლოკე ნებისმიერი პირი, ვინც პირადი ინფორმაციის გაცემას გთხოვს. ისწავლე მტკიცე “არას” თქმა. ეს უზრდელობა არ არის. შენ გაქვს უფლება, დაიცვა საკუთარი უფლებები და არ გასცე პირადი ინფორმაცია!
ნინო ლომიძე