როგორ ვლინდება მწვავე B ჰეპატიტი?

გააზიარე:

 ჰეპატიტი ღვიძლის ანთებაა. მას ხშირად იწვევს სპეციფიკური ვირუსები – A, B, C, D და E. ამჯერად მხოლოდ B ვირუსით გამოწვეულ ჰეპატიტზე ვისაუბრებთ.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში B ჰეპატიტის გავრცელება სხვადასხვანაირია – 0.7%-დან 6.2%-მდე. ევროპის რეგიონში, რომელშიც, ჯანმოს კლასიფიკაციით, საქართველოც შედის, ის მოსახლეობის 1.6% -ს აღენიშნება.

B ჰეპატიტი სიცოცხლისთვის პოტენციურად საშიშ ინფექციად და გლობალური ჯანდაცვის პრობლემად მიიჩნევა. მისი ქრონიკული ფორმის დროს იმატებს ღვიძლის ისეთ დაზიანებათა რისკი, როგორებიცაა ციროზი და კიბო. საბედნიეროდ, B ჰეპატიტი იშვიათად იძენს ქრონიკულ ხასიათს (ათიდან ცხრა შემთხვევაში), ხოლო ვაქცინა, რომელიც 1982 წლიდან გამოიყენება, შემთხვევათა 95%-ში ეფექტურია.

დაავადების შესახებ საუბარი ინფექციონისტ-ჰეპატოლოგს, პროფესორ მარინე კვიტაშვილს ვთხოვეთ.

 

– B ჰეპატიტი ანთროპონოზული ვირუსული ინფექციაა, მაშასადამე, მხოლოდ ადამიანს ხვდება. მისი გამომწვევია დნმ-შემცველი ჰეპადნავირუსი. B ვირუსს სამი ვირუ სსპეციფიკური ანტიგენი აქვს: ზედაპირული HbsAg და ორი ნუკლეოკაფსიდისა – HbeAg და HbcorAg.

HbcAg უმთავრესად ჰეპატოციტების ციტოპლაზმაშია, თუმცა გვხვდება ავადმყოფის სისხლსა და სხვა ბიოლოგიურ სითხეებშიც (სპერმა, ნერწყვი, ოფლი, საშოს სეკრეტი).

B ვირუსით გამოწვეული ინფექციური პროცესის მიმდინარეობისას თითოეული ანტიგენის მიმართ ცალკე ანტისხეულები წარმოიქმნება: anti-Hbc, anti-Hბe და anti-Hbcor.

B ვირუსი საკმაოდ გამძლეა გარე ფაქტორების მიმართ. 150 გრადუსზე მშრალი ორთქლით სტერილიზაციის დროს ის 60 წუთში კვდება, ხოლო დუღილისას – 45 წუთში.

B ჰეპატიტი ან მწვავე, ან ქრონიკული ფორმით მიმდინარეობს. შემთხვევათა 90% მწვავეა, 10% – ქრონიკული.

 

გავრცელება

  • – რომელია B ჰეპატიტის გადაცემის ძირითადი გზა?

– ინფექციის წყარო შეიძლება იყოს როგორც B ჰეპატიტის მწვავე ან ქრონიკული ფორმით დაავადებული ადამიანი, ისე ვირუსმატარებელიც.

მწვავე B ჰეპატიტის დროს ვირუსი გამოვლენამდე 3-8 კვირით ადრე ჩნდება დაავადებულის სისხლში და ზოგჯერ გამოჯანმრთელების შემდეგაც საკმაოდ დიდხანს რჩება, რასაც ეპიდემიოლოგიურად, ანუ დაავადების გავრცელების კუთხით, დიდი მნიშვნელობა აქვს.

ინფექციის გადაცემის მექანიზმი პარენტერალურია (კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გაუვლელად), გადაცემის გზა კი შეიძლება იყოს როგორც ბუნებრივი, ისე ხელოვნურიც.

ბუნებრივია სქესობრივი და პერინატალური გზები (ეს უკანასკნელი გულისხმობს ვირუსის გადაცემას დედისგან შვილზე მშობიარობისას ან საკეისრო კვეთისას). აქვე დავძენ, რომ თუ დედას სისხლში აქვს HbeAg, ბავშვს ვირუსი შემთხვევათა 90%-ში გადაედება.

ხელოვნური გზა გულისხმობს ნებისმიერ სამედიცინო მანიპულაციას, მაგრამ ამჟამად ის ნაკლებაქტუალურია.

დღეს B ჰეპატიტი უმთავრესად სქესობრივი გზით გადამდებ ინფექციად მიიჩნევა, განსაკუთრებით – ჰომოსექსუალებში. დაავადებულთა უდიდესი ნაწილი ახალგაზრდა, სქესობრივად აქტიური (16-დან 35 წლამდე) ასაკის მამაკაცია.

 

როგორ ვლინდება

– B ჰეპატიტი სხვადასხვანაირად მიმდინარეობს: სიყვითლით, უსიყვითლოდ და სუბკლინიკურად (სწორედ ამ უკანასკნელს ვუწოდებთ ვირუსმატარებლობას). სიმძიმის მიხედვით განასხვავებენ მსუბუქ, საშუალო და მძიმე ფორმებს. ცალკე გამოვყოფთ B ჰეპატიტის ელვისებურ, ფულმინანტურ ფორმას, რომელსაც 24-48 საათში ლეტალურ შედეგამდე მივყავართ. ის დაავადებულთა 1%-ს უვითარდება.

  • – როგორ ვლინდება მწვავე B ჰეპატიტი?

– სიყვითლით მიმდინარე ფორმის დროს სიყვითლის წინა პერიოდი ერთ თვემდე გრძელდება. ამ პერიოდისთვის დამახასიათებელია ცხელება (37-38 გრადუსამდე), წვრილი და მსხვილი სახსრების ტკივილი, რომელიც უპირატესად ღამღამობით, მოსვენებისას იჩენს თავს (სახსრები ამ დროს შეწითლებული არ არის). ართრალგიური სიმპტომების დროს ავადმყოფი უჩივის წელის, კუნთების, ძვლების ტკივილს. ამავე პერიოდში შეიძლება განვითარდეს გრიპისმაგვარი ან დისპეფსიური (კუჭ-ნაწლავის ნორმალური მოქმედების მოშლა) მოვლენებიც. დაავადების მე-4-6 დღიდან ღვიძლი დიდდება.

იშვიათად დაავადება ზემოთ აღწერილი ნიშნების გარეშეც იწყება. სიყვითლის გამოვლენა თვითშეგრძნების გაუმჯობესებას არ იწვევს. დაავადების ყველა ნიშანი ნარჩუნდება. სიყვითლე 3-4 კვირიდან ორ თვემდე გრძელდება. დაავადების სიმძიმეს განსაზღვრავს ინტოქსიკაცია და კლინიკურ-ბიოქიმიური მაჩვენებლები.

რაც შეეხება B ჰეპატიტის უსიყვითლო ფორმას, ამ დროს გამოხატულია ღვიძლის ანთების ყველა ნიშანი, გარდა სიყვითლისა. დაავადების დიაგნოზი ისმება ეპიდემიოლოგიური მონაცემების (დაუცველი სქესობრივი კონტატი, სხვისი პირადი ჰიგიენის ნივთების, მაგალითად საპარსის გამოყენება და სხვა) და სისხლის შრატში ტრანსამინაზების (ALT, AST) მომატების მიხედვით.

სუბკლინიკური ფორმის შემთხვევაში კი დაავადების კლინიკური სიმპტომოკომპლექსი არ ვლინდება. შესაბამისად, პაციენტი თავს კარგად გრძნობს.

  • – როგორ მიმდინარეობს ქრონიკული ჰეპატიტი?

– ქრონიკულ B ჰეპატიტზე ლაპარაკობენ, როდესაც ღვიძლის დაზიანება ექვს თვეზე მეტხანს გრძელდება. ქრონიკული ფორმის ჩამოყალიბებას ორგანიზმის იმუნური სისტემის მდგომარეობა განაპირობებს. ასეთი ფორმა უმეტესად პერსისტულად (კეთილთვისებიანად, გაურთულებლად) მიმდინარეობს, შედარებით იშვიათად – მაღალი აქტივობით. ამ შემთხვევაში დაავადებას ახასიათებს ხანგრძლივი, პროგრესირებადი, მძიმე მიმდინარეობა – ვეგეტოასთენიური სინდრომი (პაციენტი გრძნობს მუდმივ დაღლილობას), სხვადასხვა ინტენსივობის სიყვითლე, ღვიძლისა და ელენთის გადიდება. კანის დათვალიერებისას სახეზე, მხრებზე, ბეჭებზე, გულმკერდზე სისხლძარღვოვანი "ვარსკვლავები" (ტელეანგიექტაზიები) შეინიშნება. კიდევ ერთი დამახასიათებელი ნიშანია ხელისგულების შეწითლება (პალმარული ერითემა).

10-30 წლის განმავლობაში დაავადება მძიმდება და ყალიბდება ციროზი – ღვიძლის შემაერთებელქსოვილოვანი გადაგვარება – ან დაავადების რომელიმე გამწვავების დროს ღვიძლის მწვავე უკმარისობა ვითარდება. ამ შემთხვევაში აუცილებელია კვალიფიციური ინფექციონისტ-ჰეპატოლოგის პროფესიული რჩევები. აქვე აღვნიშნავ, რომ შესაძლებელია, ჰეპატიტის ქრონიკული ფორმა უკუგანვითარდეს.

 

ორსულობა

  • – რა საფრთხეს უქადის B ჰეპატიტი ორსულს?

– ორსულებთან B ჰეპატიტს რამდენიმე თავისებურება ახასიათებს. მაგალითად, დაავადების მძიმე მიმდინარეობა უფრო ხშირია ორსულობის მეორე ნახევარში. ამ ვადაზე ხელოვნური აბორტი არ არის მიზანშეწონილი. პირველ ნახევარში B ჰეპატიტი შესაძლოა ნაყოფის თანდაყოლილი სიმახინჯის ან ანტენატალური სიკვდილის მიზეზად იქცეს. მეან-გინეკოლოგებს დიდი სიფრთხილე მართებთ, რომ ჰეპატიტის გართულებები თავიდან აიცილონ. ასეთი ორსულის მართვაში მათ აუცილებლად უნდა ჩართონ ინფექციონისტ-ჰეპატოლოგიც, რათა ორსულობა, მშობიარობა თუ საკეისრო კვეთა მინიმალური რისკით წარიმართოს.

 

გართულებები

– განასხვავებენ B ჰეპატიტის ადრეულ და მოგვიანებით გართულებებს. ადრეულია ღვიძლის მწვავე უკმარისობა და მწვავე ციროზი, მოგვიანებითი – ციროზი და პირველადი ღვიძლუჯრედოვანი კიბო.

ციროზის პროგნოზს ამძიმებს დიდი ასაკი, მამრობითი სქესი, ენცეფალოპათია, საყლაპავის ვენების ვარიკოზული გაგანიერება და სისხლდენა.

ღვიძლის პირველადი კიბო B ჰეპატიტის უმძიმესი გართულებაა. ის ღვიძლის ციროზის ფონზე უვითარდებათ 50-60 წელს გადაცილებულებს. დაავადების განვითარების ეტაპებია: მწვავე ჰეპატიტი, ქრონიკული ჰეპატიტი, ციროზი და კიბო. მისი მეტასტაზები აღმოცენდება თავის ტვინში, ფილტვებში, დიაფრაგმაში, ძვლებში. იშვიათად კიბო ციროზის გარეშეც ვითარდება.

 

დიაგნოსტიკა და მკურნალობა

  • – როგორ სვამენ B ჰეპატიტის დიაგნოზს?

– B ჰეპატიტის დიაგნოსტიკა ძალიან რთულია. ის ეფუძნება შემდეგ ძირითად კრიტერიუმებს:

1. ეპიდემიოლოგიური ანამნეზი;

2. კლინიკური გამოვლენის თავისებურებები;

3. ღვიძლის ფუნქციები;

4. INR, განსაკუთრებით – პროთრომბინის ინდექსი;

5. სეროლოგიური პროფილი, რომელიც 20-25 ტიპისაა;

6. პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია (PCR).

დიაგნოზის დასმის შემდეგ აუცილებელია B ჰეპატიტით დაავადებულის ჰოსპიტალიზაცია ინფექციურ სტაციონარში, ხოლო მკურნალობის პროცესში მნიშვნელოვანია წოლითი რეჟიმის ხანგრძლივობა და მკუნრალობის ეფექტურობის შეფასება ბიოქიმიური თუ სეროლოგიური მაარკერებით.

  • – რით მკურნალობენ B ჰეპატიტს?

– არსებობს ორგვარი თერაპია: პათოგენეზური, რომელიც ჰეპატოპროტექტორებით, ღვიძლის მეტაბოლური პროცესების გამაუმჯობესებელი საშუალებებით ტარდება და ანტივირუსული, რომლის დროსაც უშუალოდ ინტერფერონი და სხვა ანტივირუსული პრეპარატები გამოიყენება.

მწვავე ჰეპატიტის დროს ინიშნება დიეტა №5. ქრონიკული ფორმისა და ციროზით გართულების შემთხვევაში პაციენტს დიეტას ინდივიდუალურად უნიშნავს ინფექციონისტ-ჰეპატოლოგი.

 

პროფილაქტიკა და ცხოვრების წესი

  • – როგორ დავიცვათ თავი B ჰეპატიტისგან?

– ამისთვის უნდა მივდიოთ ცხოვრების ჯანსაღ წესს, გადაცემის გზების აღსაკვეთად ზედმიწევნით ვერიდოთ დაუცველ, შემთხვევით სქესობრივ კავშირებს – ჰეტეროსექსუალურსა თუ ჰომოსექსუალურს და სხვ.

უნდა ვიცოდეთ, რომ საქართველოში უკვე მრავალი წელია ტარდება B ჰეპატიტის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, რომელსაც აცრების ეროვნული კალენდარი ითვალისწინებს. გვახსოვდეს, რომ დროული ვაქცინაცია ჩვენი ქვეყნის გენოფონდის გადარჩენის საწინდარია.

 

მარი აშუღაშვილი

 

გააზიარე: