უსიამოვნო სუნი პირის ღრუდან – გამოსავალი არსებობს!
გააზიარე:
სულაც არ მიკვირს, რომ მაღაზიის თაროები სავსეა საღეჭი რეზინებით, პიტნისარომატიანი აბებითა თუ სავლები სითხეებით – ჯანსაღი ღიმილი და სუნთქვა ხომ არა მხოლოდ პირადი, არამედ საქმიანი ურთიერთობების დროსაც გადამწყვეტია.
ჰალიტოზი – სწორედ ასე ჰქვია მედიცინის ენაზე პირის ღრუში უსიამოვნო სუნს. დამეთანხმებით, ეს პრობლემა მოსახლეობის არცთუ მცირე ნაწილს აწუხებს. უმრავლესობა მისი მოგვარების გზებს წლების განმავლობაში ეძებს და ამაოდ დადის სტომატოლოგიდან სტომატოლოგთან, მაშინ როდესაც პრობლემის მიზეზი შესაძლოა სულ სხვაგან იმალებოდეს.
დიდი ხანია ცნობილია, რომ პირის ღრუში უსიამოვნო სუნის მიზეზი, გარდა თავად პირის ღრუსი, შესაძლოა მრავალი სხვა ორგანოს დაავადებაც იყოს.
მაინც რა იწვევს ჰალიტოზს და როგორ აღმოვფხვრათ ის?
უსიამოვნო სუნის მიზეზს რომ მივაგნოთ, ჯერ მისი წარმოშობის მექანიზმს გავეცნოთ.
მოგეხსენებათ, ნერწყვს ანტიბაქტერიული თვისებები აქვს. მისი ერთ-ერთი ფუნქცია მავნე ბაქტერიების განადგურებაა, რასაც ის, როცა ადეკვატური რაოდენობით გამომუშავდება, პირნათლად ასრულებს. საქმე რთულდება, თუ რაიმე მიზეზით ნერწყვის გამოყოფა შემცირდა და პირის ღრუ გამოშრა.
როდის მოვინახულოთ ექიმი?
თუ უსიამოვნო სუნი გაწუხებთ, უპირველეს ყოვლისა, პირადი ჰიგიენის ჩვევათა კორექცია სცადეთ: გაიხეხეთ კბილები და ენა ყოველი ჭამის შემდეგ, გამოიყენეთ კბილების საწმენდი ძაფი და სვით ბევრი წყალი. თუ პირიდან უსიამოვნო სუნი მაინც არ გაქრა, მოინახულეთ სტომატოლოგი.
ყველაზე ხშირად უსიამოვნო სუნს იწვევს:
- საკვები. მისი ნაწილაკები რჩება პირის ღრუში, კბილების ირგვლივ, რაც, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ბაქტერიების გამრავლებას უწყობს ხელს.
- თამბაქო. თამბაქოს წევა თავისთავად აჩენს პირის ღრუში უსიამოვნო სუნს. გარდა ამისა, მწეველებს უფრო ხშირად ემართებათ ღრძილების დაავადებები, რაც ცუდი სუნის დამატებითი მიზეზია.
- მედიკამენტები. ზოგიერთი პრეპარატი პირს აშრობს და პირის ღრუში უსიამოვნო სუნს აჩენს, ზოგიერთის დაშლის პროდუქტები კი სასუნთქი გზებით გამოიყოფა და უსიამოვნო სუნის უშუალო მიზეზად იქცევა.
- სხვა მიზეზები. სიმსივნური დაავადებებისა და მეტაბოლური დარღვევების დროს ადამიანის ორგანიზმში გამომუშავდება ქიმიური ნივთიერებები, რომლებსაც უსიამოვნო სუნი აქვს.
გამოსავალი არსებობს
თუ თქვენი სტომატოლოგი გადაწყვეტს, რომ უსიამოვნო სუნის მიზეზი პირის ღრუშია, მიმართეთ შემდეგ ზომებს:
* შეიცვალეთ კბილის პასტა და პირის ღრუს სავლები. თუ უსიამოვნო სუნის მიზეზი პირის ღრუში ბაქტერიების დაგროვებაა, გამოიყენეთ სპეციალური სავლები სითხე, რომელიც ბაქტერიებს ანადგურებს. ცეტილპირიდინუმის ქლორიდის და ქლორჰექსიდინის შემცველი სავლები ეფექტურად აგვარებს ამ პრობლემას. ასევე მოწოდებულია სპეციალური ანტიბაქტერიული აგენტის შემცველი კბილის პასტის გამოყენება.
* უმკურნალეთ სტომატოლოგიურ დაავადებებს. თუ პრობლემა ღრძილებშია, სავარაუდოდ, სპეციალისტის – პერიოდონტისტის დახმარება დაგჭირდებათ. პერიოდონტიტის დროს კბილსა და ღრძილს შორის წარმოიქმნება სივრცე – ე.წ. ჯიბები, სადაც უსიამოვნო სუნის წარმომქმნელი ბაქტერიები გროვდება. ზოგჯერ მათი მოშორება მხოლოდ პროფესიონალური წმენდითაა შესაძლებელი. ექიმმა შესაძლოა შემოგთავაზოთ დაზიანებული კბილის აღდგენაც, ვინაიდან ასეთი კბილი შესანიშნავი ადგილია ბაქტერიების გამრავლებისთვის.
თუ სტომატოლოგმა პირის ღრუში უსიამოვნო სუნის მიზეზს ვერ მიაგნო, თერაპევტს უნდა მიმართოთ.