როგორ გადავაჩვიოთ ბავშვი ქურდობას?

გააზიარე:

ბავშვები ხშირად ისაკუთრებენ სხვის ნივთებს. განსაზღვრულ დრომდე ეს ნორმალურია. სამ წლამდე ბავშვი ვერ აცნობიერებს თავისი საქციელის ზნეობრივ მხარეს და სასურველი ნივთის მისაკუთრება მისთვის ქურდობას არ ნიშნავს. სწორად ამ პერიოდში ყალიბდება ზნეობრივი რეაქციის უნარი და ამ პროცესში გადამწყვეტი როლი ეკისრება უფროსების ადეკვატურ პასუხს.

ფსიქოლოგები მიიჩნევენ, რომ ქურდობა შესაძლოა მატრავმირებელ სიტუაციაზე ერთგვარი რეაქციაც იყოს. პატარა “ქურდების” ოჯახის წევრებს ერთმანეთისადმი ხშირად ცივი, მტრული დამოკიდებულება აქვთ. ასეთ ოჯახებში მცხოვრებ პატარებს აკლიათ თავდაჯერება და ქურდობა მათთვის თვითდამკვიდრების ან, უბრალოდ, მშობლების ყურადღების მიპყრობის გზაა. ასეთ ბავშვებს, უწინარეს ყოვლისა, სითბო და ემოციური მხარდაჭერა სჭირდებათ.

ზოგჯერ ქურდობა უნებისყოფობის ბრალია. ბავშვი ხვდება, რომ ცუდად იქცევა, მაგრამ მიმზიდველი ნივთის დაუფლების სურვილს ვერ ერევა. ხდება ისეც, რომ პატარა თავს დაჩაგრულად გრძნობს და საყვარელი ნივთის მოპარვით სამაგიეროს უხდის მჩაგვრელს.

თუ ბავშვს ხელში უცხო ნივთი დავუნახეთ პირველ რიგში უნდა ვკითხოთ, საიდან აქვს ახალი ნივთი. მაგალითად, სხვა სათამაშოში ხომ არ გაუცვალა თანატოლს. ამ გზით ცილისწამებას თავიდან ავიცილებთ. აუცილებელია ტონის სწორად შერჩევა, ბავშვის ნდობის მოპოვება და მერე – ამ ნდობის გამართლება. პატარა ჩიხში არ უნდა შევიყვანოთ. მას უნდა ვაგრძნობინოთ, რომ ცუდად მოიქცა და მივცეთ დრო საკუთარ საქციელზე დასაფიქრებლად, მაგრამ, იმავდროულად, მივახვედროთ, რომ გამოსავალი ყოველგვარი სიტუაციიდან არსებობს.

სასურველია, საუბრისას ყურადღება გავამახვილოთ ნივთის მფლობელის (დამკარგველის) გრძნობებზე: “რას იგრძნობდი, შენთვის რომ წაერთმიათ საყვარელი სათამაშო? მოგეწონებოდა, შენი ნივთი უჩუმრად რომ აეღოთ? როგორ ფიქრობ, რას გრძნობს ის, ვინც ეს სათამაშო დაკარგა?” – ასეთი კითხვები ბავშვს ნივთის მფლობელის მიმართ ემპათიას აღუძრავს. თუ ამჩნევთ, რომ პატარა ნანობს თავის საქციელს, მისი გამოსწორების საშუალება მიეცით. მიახვედრეთ, რომ ასეთ დროს ერთადერთი გამოსავალი უნებართვოდ მისაკუთრებულის დაბრუნება და ბოდიშის მოხდაა. დაეხმარეთ ნივთის პატრონისთვის დაბრუნებაშიც.

ჩხუბი, ყვირილი და ცემა არამც და არამც არ შეიძლება – ეს არათუ დადებით შედეგს ვერ გამოიღებს, არამედ შესაძლოა შეუქცევადი ზიანიც მიაყენოს პატარას. დაუშვებელია შეურაცხმყოფელი ეპითეტების – “ქურდბაცაცას”, “მატყუარას” და მისთანათა – გამოყენება. გასაგები ენით მიუთითეთ ბავშვს მისი საქციელის ნეგატიურ ასპექტზე, პიროვნულ შეურაცხყოფას კი ერიდეთ.

ნუ დააშინებთ პატარას არარეალური მუქარით: “პატრული წაგიყვანს”, “გუდიანი კაცი მოგიტაცებს”, “შენი დედა აღარ ვიქნები”... შიშსა და მუქარაზე აგებული ურთიერთობის დროს ბავშვი გამუდმებით სტრესს განიცდის და ხშირად ვერც კი ხვდება, რის გამო შეიძლება დაისაჯოს და რის გამო – არა. ასევე დაუშვებელია დაცინვა, სხვების თანდასწრებით საყვედური, შერცხვენა... ეს ყველაფერი ფსიქოლოგიური ძალადობის ელემენტებია და ზიანის მეტს არაფერს მოუტანს ბავშვს.

თუნდაც პატარამ დანაშაული არ აღიაროს, მაინც ნუ დაემუქრებით – ეს უარეს დღეში ჩააგდებს. დანაშაულის აღიარება საკმაოდ ძნელია და უფროსებსაც უჭირთ. ადროვეთ მისი გააზრება და გამოსწორება.

წაახალისეთ დადებითი ქცევა. სპეციალისტების ენაზე ამას დადებითი განმტკიცება ეწოდება. ალბათ დაგვეთანხმებით, რომ ბავშვების ცუდ საქციელს მყისივე ვამჩნევთ და საყვედურებით ვავსებთ, კარგი საქციელი ბუნებრივად მიგვაჩნია. ნუ დაიშურებთ ქებას, თუ ბავშვი აწესრიგებს თავის სათამაშოებს, უყოფს ნუგბარს ოჯახის წევრებს ან მეგობრებს...

თუ ბავშვი, დიდი ძალისხმევის მიუხედავად, ქურდობას ვერ გადააჩვიეთ, დახმარებისთვის სპეციალისტს უნდა მივმართოთ. აღმზრდელობითი ზემოქმედება ამ შემთხვევაში საკმარისი არ იქნება. არსებობს განსაკუთრებით საგანგაშო და საყურადღებო სიტუაციებიც. მაგალითად, როცა ბავშვი ტყუილით ცდილობს თავის მართლებას, შინ თუ გარეთ,  უფროსებსა თუ თანატოლებთან, სისტემატურად ცრუობს, მიუხედავად შეგონებებისა, ითვისებს სხვის ნივთებს და თავს დამნაშავედ არ გრძნობს, არ აღიარებს აშკარა ქურდობის ფაქტს – ეს საკმაო საფუძველია საიმისოდ, რომ საქმეში სპეციალისტები ჩაერთონ.

მანამდე კი მეტად დავუფიქრდეთ საკუთარ საქციელს, უცხო თვალით შევხედოთ ოჯახში არსებულ ატმოსფეროს; გვახსოვდეს, რომ ბავშვის მიუღებელი ქცევა, მათ შორის – ქურდობაც, ხშირად უფროსების მიერ დაშვებული შეცდომების ბრალია.

გააზიარე: