ყველაზე სასიამოვნო შოპინგი

გააზიარე:

მაღაზიის  საბავშვო სექციები მაგნიტივით იზიდავს ქალებს, განსაკუთრებით – მომავალ დედებს, რომელთაც ერთი სული აქვთ, რაც შეიძლება მეტი ლამაზი ნივთი დაახვედრონ თავიანთ პატარას. უმეტესობა ამ დროს საკუთარი გემოვნებით ხელმძღვანელობს და არა იმით, რა სჭირდება ბავშვს. სამშობიაროდან დაბრუნებულები კი აღმოაჩენენ, რომ ახალშობილს ბევრი აუცილებელი რამ არ ჰქონია და საყიდლებზე ხელმეორედ არიან წასასვლელნი.

თქვენც იგივე რომ არ დაგემართოთ, ყურადღებით წაიკითხეთ სტატია. ვფიქრობ, რჩევები საქმეს გაგიადვილებთ.

მოდი, შესაძენი ნივთები საჭიროებისდა მიხედვით დავახარისხოთ და სათითაოდ განვიხილოთ. 

აუცილებელი ნივთები

 

 

პამპერსი და სველი ხელსახოცი

პამპერსი ნატურალური მასალისგან უნდა იყოს დამზადებული, რათა პატარას მგრძნობიარე კანი არ გაუღიზიანოს. მოიმარაგეთ რამდენიმე ცალი პირველი და, ყოველი შემთხვევისთვის, რამდენიმე ცალი მეორე ზომისა, რადგან ზოგიერთი ბრენდის პირველი ზომა ძალიან პატარაა. მეტს ნუ შეიძენთ – ჯერ შეამოწმეთ, როგორ მიიღებს ბავშვის კანი თქვენ მიერ შერჩეულ ბრენდს.

ხელსახოცი, სასურველია, მგრძნობიარე კანისთვის იყოს განკუთვნილი (მოძებნეთ შეფუთვაზე შესაბამისი წარწერა) და არ შეიცავდეს ალკოჰოლს.

 

ძირითადი ტანსაცმელი

ახალშობილისთვის განკუთვნილ ტანსაცმელს, წესისამებრ, აწერია: “3 თვემდე”, – მაგრამ ზოგი საშუალოზე დიდი ზომა-წონისა იბადება, ამიტომ აჯობებს, თუ თავის დასაზღვევად შეიძენთ 3-დან 6 თვემდე ასაკის ბავშვისთვის განკუთვნილ სამოსსაც.

* ბოდი – ბამბის ქსოვილის თხელი კომბინეზონი გრძელი ან მოკლე სახელოებით, ტოტებით ან მათ გარეშე. ბოდის შერჩევისას სილამაზესთან ერთად ისიც გაითვალისწინეთ, რამდენად მარტივი ჩასაცმელ-გასახდელია. შეარჩიეთ მოდელი, რომელსაც რაც შეიძლება ნაკლები ღილი და შესაკრავი აქვს.

* ბამბის წინდები – შეარჩიეთ ისეთი, რომელიც ფეხს კარგად მოეჭიდება, რადგან პატარები განუწყვეტლივ ამოძრავებენ ფეხებს და წინდებსაც ადვილად იხდიან.

* ბამბის ქუდი ბანაობის შემდეგ ან ქარიან ამინდში დასაფარებლად.

 

მოვლისა და ჰიგიენის საშუალებები

სპეციალური თერმომეტრი;

გამოყელვის საწინააღმდეგო კრემი;

ცხვირის ასპირატორი;

მკვნეტარა ან მაკრატელი, რომლის გამოყენებაც საკმაოდ ხშირად მოგიწევთ, რადგან პატარები ხელების უნებლიე მოძრაობით ხშირად იჩხაპნიან სახეს.

 

რძის ბოთლი

თუ რძის გამოწველას აპირებთ, აუცილებლად დაგჭირდებათ ბოთლი. ერთბაშად რამდენიმეს ნუ იყიდით – პატარები ზოგჯერ უარს ამბობენ განსაზღვრული მასალისა და მოყვანილობის ბოთლზე. შესთავაზეთ თქვენ მიერ არჩეული და თუ იუარა, სხვანაირი იყიდეთ.

 

საწოლი

მშობლების საწოლში ძილი ჩვილისთვის მიზანშეწონილი არ არის, ამიტომ საწოლიც დაგჭირდებათ. თუ თქვენს საძინებელში სტანდარტული საბავშვო საწოლი ვერ ეტევა, შეგიძლიათ შეიძინოთ პატარა აკვანი, რომელსაც ადვილად გადააადგილებთ მთელ სახლში. კიდევ ერთი ვარიანტია დედის საწოლზე მისამაგრებელი კალათა, რომელიც ღამით ძუძუთი კვებას ძალიან გაგიადვილებთ.

 

ლეიბი და თეთრეული

რა თქმა უნდა, საწოლის ზომისა. სასურველია, თეთრეული ბუნებრივი ქსოვილისა იყოს, ხოლო ლეიბი – ორთოპედიული, რათა პატარამ კომფორტულად იძინოს.

 

***

ახლა იმ ნივთებზე გადავიდეთ, რომელთა გარეშეც ახალშობილის მოვლა შესაძლებელია, მაგრამ რომელთა ქონება საგრძნობლად შეგიმსუბუქებთ საქმეს.

 

მანქანის სავარძელი

თუ ავტომობილი გყავთ და ხშირად აპირებთ ბავშვთან ერთად მგზავრობას, შეიძინეთ მანქანის სავარძელი. რა თქმა უნდა, ბავშვის დაჭერა უკანა სავარძელზე მჯდომ ადამიანსაც შეუძლია, მაგრამ მისთვის განკუთვნილ სავარძელში პატარა თავს უფრო კომფორტულად იგრძნობს. ის მორგებულია ბავშვის სხეულს, ჩვილი მასში თავისუფლად მოძრაობს გემრიელად იძინებს. თუ პატარასთან ერთად მარტოს მოგიწიათ მგზავრობა, სავარძელი მით უმეტეს გამოგადგებათ.

 

ეტლი, კენგურუ`სლინგი

ბავშვისთვის ჰაერზე სეირნობა აუცილებელია, მაგრამ რა პატარაც უნდა იყოს, ხელით დიდხანს ტარება დედისთვისაც დამღლელია და ჩვილსაც ჩვევად ექცევა სულ დედის მკლავებში ყოფნა. ამის თავიდან ასაცილებლად რამდენიმე ალტერნატივა არსებობს.

სწორად შერჩეული ეტლი დიდ დახმარებას გაგიწევთ. ბავშვიც თავისუფლადაა ეტლში და თქვენც სიამოვნებას იღებთ მასთან ერთად სეირნობით. სახლში კი ეტლი მოძრავი საწოლის ფუნქციასაც შეასრულებს – მასში მძინარე ბავშვს იოლად გაიყვანთ სასურველ ოთახში.

თუ პატარა მხოლოდ თქვენს მკლავებში გრძნობს თავს მშვიდად, თქვენ კი უამრავი საქმე გაქვთ, კენგურუ ან სლინგი დაიხმარეთ. დედის სხეულის სიახლოვის შეგრძნება ჩვილს დაამშვიდებს, თქვენ კი საქმის კეთებაში ხელი აღარ შეგეშლებათ.

 

აბაზანა და სათლი

ახალშობილის დაბანა ნიჟარაშიც შეიძლება, მაგრამ თუ ფართობი და ფინანსები საშუალებას გაძლევთ, გირჩევთ, საბავშვო აბაზანა შეიძინოთ – გარდა იმისა, რომ უფრო მოხერხებულია, ფართო და ღრმაცაა და შეგიძლიათ, ბავშვი “აცურაოთ”, რაც პატარებს ძალიან უყვართ.

თუ თქვენს სააბაზანოში ბავშვის აბაზანა ვერ ეტევა, შეიძინეთ საბანაო სათლი. ის მცირე ადგილს იკავებს. მასში ჩვილი ემბრიონის პოზაში თავსდება, რაც კომფორტს უქმნის და დაბანის პროცესიც ძალზე სასიამოვნოა.

 

სარწეველა ` საქანელა

სარწეველა ` საქანელა ნამდვილად არ არის აუცილებელი, მაგრამ ისეთი დიზაინი აქვს, რომ მასში თითქმის ყველა ბავშვი კომფორტულად გრძნობს თავს, შესაბამისად, ნაკლებსაც ტირის.

 

კაპიშონიანი პირსახოცი

ეს პირსახოცი იმისთვისაა, რომ ახალდაბანილი ბავშვი მოხერხებულად გაახვიოთ შიგ. ნატურალური, რბილი და ხაოიანი ქსოვილი იწოვს ტენს და გამშრალებას აადვილებს.

 

შამპუნი და სარეცხი საშუალება

ახალშობილის დაბანა უბრალო წყლით ან მცენარეული ნაყენითაც შეიძლება, მაგრამ თუ შამპუნს ან ტანის გელს შეიძენთ, ახალშობილებისთვის განკუთვნილი სპეციალური ხაზი აირჩიეთ. ეს საშუალებები ანოტივებს, ამშვიდებს და ნაზად აშორებს აქერცლილ კანს.

სამოსი და თეთრეული კი აუცილებლად სპეციალური ფხვნილით უნდა გარეცხოთ, რადგან ჩვეულებრივმა სარეცხმა საშუალებებმა, დიდი შანსია, ჩვილს კანი გაუღიზიანოს.

 

გამოსაცვლელი მაგიდა

ბავშვისთვის ტანსაცმლის გამოსაცვლელად შეგიძლიათ გამოიყენოთ შესაბამისი სიმაღლის ნებისმიერი ზედაპირი, მაგრამ სპეციალური მაგიდა ბევრად უფრო კომფორტულია, ამასთან, მოხერხებული სათავსი და უსაფრთხოების დამატებითი ატრიბუტებიც აქვს.

 

 

ჩანთა

სასეირნოდ ან სტუმრად წასვლის დროს ბავშვის ნივთების ჩასალაგებლად, რა თქმა უნდა, ნებისმიერი ჩანთა გამოდგება, მაგრამ სპეციალური ჩანთა, რომელსაც ცალ-ცალკე განყოფილება აქვს პამპერსისთვის, რძის ბოთლისთვის, ბავშვის გამოსაცვლელი ტანსაცმლისა და თქვენი მობილური ტელეფონისთვისაც კი, საგრძნობლად გაგიადვილებთ საქმეს.

 

დამატებითი კომფორტისთვის

 

ბალიში ძუძუთი კვებისთვის

ეს არის მოხერხებული ფორმის ბალიში, რომელზეც წამოაწვენთ ჩვილს ძუძუთი ან ბოთლით კვების დროს. არც თქვენ გეღლებათ ხელები ბავშვის ჭერით და პატარაც კომფორტულად მიირთმევს საკვებს.

 

ბოთლის გამათბობელი და სტერილიზატორი

ბოთლში ჩასხმული საკვების მდუღარე წყლით გათბობა სარისკოა – ტემპერატურას, წყლის თერმომეტრის დახმარებითაც კი, ყოველთვის ვერ დაარეგულირებთ საჭირო ნიშნულამდე. საქმის გასაადვილებლად შეიძინეთ ბოთლის გამათბობელი, რომელიც თავად ათბობს რძეს ბავშვისთვის მისაღებ ტემპერატურამდე.

ყოველი კვების შემდეგ ბოთლის გამოხარშვაც დამღლელია. დრო რომ არ დაკარგოთ, შეიძინეთ ბოთლის სტერილიზატორი, რომელიც რამდენიმე ბოთლს ერთდროულად ასტერილებს.

 

თეთრი ხმაურის მოწყობილობა

თეთრი ხმაურის მოწყობილობა სწორედ ისეთ ბგერებს გამოსცემს, როგორიც ბავშვს დედის მუცელში ესმის და ახშობს არასასურველ ხმებს (ტელევიზორი, საუბარი). შედეგად ჩვილი მშვიდდება და ადვილად იძინებს.

 

პიჟამა – საძილე ტომარა

პიჟამა, რომელსაც საძილე ტომრის ფორმა აქვს და წინიდან ან ქვემოდან იხსნება, პამპერსის გამოცვლას ძალიან აადვილებს. მძინარე ბავშვსაც კი გაუღვიძებლად გამოუცვლით.

 

ლიკა ქათამაძე

გააზიარე: