სად ვცდებით და როგორ გამოვასწოროთ?
გააზიარე:
ბავშვებთან ურთიერთობა რთულია და მოდი, ვაღიაროთ – უფროსებს ბევრი რამ გვეშლება. “ასჯერ გავუმეორე, მაგრამ ვერ შევაგნებინე”, “ჯიუტი და თავნებაა, სიტყვას ვერ შეასმენ”, – ხშირად გაიგონებთ გულმოსული მშობლებისგან. ალბათ, ძალიან გაუკვირდებათ, როცა გაიგებენ, რომ ბავშვების “გაუგონრობა” მათივე ბრალია – არასწორად ფორმულირებული თხოვნის, არასწორად მიცემული შენიშვნის.
მოდი, განვიხილოთ ყველაზე გავრცელებული შეცდომები და მათი გამოსწორების გზები ვეძებოთ.
შეცდომა N1 – უკუთქმითი ნაწილაკები
“არ გააკეთო”, “არ გააფუჭო”, “არ აიღო” ბავშვთან ურთიერთობისას არცთუ ეფექტიანია. მით უმეტეს, თუ შორიდანვე დაუყვირებთ. ამ შემთხვევაში ის მხოლოდ თქვენს მრისხანე კილოს გაიგონებს, ნათქვამის შინაარსი კი შეუმჩნეველი დარჩება. უმჯობესია, ახლოს მიხვიდეთ (უკიდურეს შემთხვევაში, ვიზუალური კონტაქტი მაინც დაამყაროთ მასთან) და თავშეკავებულად, მაგრამ მტკიცედ აუხსნათ, რისი გაკეთება არ შეიძლება და რატომ. საზოგადოდ, გირჩევთ, უკუთქმითი ნაწილაკები რაც შეიძლება იშვიათად, მაგრამ თანმიმდევრულად გამოიყენოთ. “არა” უნდა იყოს “არა” და რაც უფრო იშვიათად წარმოთქვამთ მას, მით უფრო მეტი წონა ექნება.
“არ გატეხო”, “არ გააფუჭო” – ზოგადი და ბავშვისთვის არაფრისმთქმელი ფრაზებია. ჯობს, ვუთხრათ: “თუ გატყდა, გული დაგწყდება`აღარ გექნება`ნამტვრევები მთელ იატაკზე მიმოიფანტება, აკრეფა კი შენ მოგიწევს...” აუცილებლად მიანიშნეთ იმაზეც, რას ელით მისგან ცუდი საქციელის სანაცვლოდ: “მოდი, მეც ვითამაშებ და ერთად მოვუფრთხილდეთ ამ სათამაშოს...”
შეგიძლიათ, მიუღებელი საქციელის ნაცვლად ბავშვს სხვა, საინტერესო და სასარგებლო აქტივობა შესთავაზოთ, ოღონდ გაითვალისწინეთ – ეს ვაჭრობაში არ უნდა გადაიზარდოს (“თუ ამასა და ამას გააკეთებ, მიიღებ ტკბილეულს`ახალ სათამაშოს” და ა.შ.).
შეცდომა N2 – საკუთარი შიშის ბავშვზე გადატანა
“ძაღლებისა ბავშვობიდანვე მეშინია, ქუჩაში თუ დავინახე, გზის მეორე მხარეს გადავდივარ. თუ პატრონიც ახლავს, ვთხოვ, ძაღლი მაგრად დაიჭიროს. არ მომწონს, როცა უსაბელოდ ასეირნებენ და ყოველთვის შენიშვნას ვაძლევ თანმხლებ პირს. არც ჩემს შვილს უყვარს ძაღლები. ვამჩნევ, რომ მათი დანახვისას ნერვიულობს, ქვის სროლაც უცდია..”
ამ გულახდილ კომენტარში, რომელსაც სოციალურ ქსელში წავაწყდი, შესანიშნავად ჩანს, როგორ გავლენას ახდენს ბავშვებზე მშობლების შიში და შფოთვა. სიფრთხილე, რა თქმა უნდა, აუცილებელია, მაგრამ უსაფუძვლო შფოთვების გენერალიზება სარისკოა. ზემოთ აღწერილ შემთხვევაში მშობლის შიში ბავშვს აგრესიული ქცევის სურვილს უღვიძებს, უცნობ ძაღლთან ასე მოქცევისას კი შესაძლოა თვითონვე მიადგეს ზიანი.
ბავშვმა უნდა იცოდეს ცხოველებთან ქცევის ელემენტარული წესები. სასურველია, ავუხსნათ, რომ ძაღლები, კატები, სხვა შინაური ცხოველები არ გამოხატავენ აგრესიას, თუ თავად არ იგრძნეს საფრთხე ადამიანებისგან. ძაღლი, რომელსაც პატრონი უსაბელოდ ასეირნებს, კეთილგანწყობილია, ამიტომ მის მიმართ აგრესიის გამოხატვა დაუშვებელია. თუ ძაღლი თავად მოგვიახლოვდა, ყვირილისა და მკვეთრი მოძრაობების გარეშე უნდა ვთხოვოთ პატრონს მისი გარიდება. ისე კი, ცხოველებთან სწორი ურთიერთობა ბავშვებს ბევრ სოციალურ უნარს უვითარებს და მათ ამის შესაძლებლობა არ უნდა წავართვათ.
შეცდომა N 3 – ბავშვებს მეტისმეტს ვთხოვთ
“არ გაიქცე, წაიქცევი”, “არ აძვრე, ჩამოვარდები”, “არ ისრიალო, დაისვრები”, –ხშირად გაისმის საბავშვო მოედნებზე, პარკებსა თუ სკვერებში, სადაც დედები, ბებიები და ძიძები ფხიზლად ადევნებენ თვალყურს პატარა ონავრებს.
ბავშვისთვის თავისუფალი მოძრაობის შეზღუდვა კარგს არაფერს გვიქადის. მას უნდა ჰქონდეს სირბილის, ცოცვის, სრიალის, ენერგიის დახარჯვის საშუალება. სათამაშოდ მიმავალ ბავშვს ნუ ჩააცმევთ ისეთ ტანსაცმელს, რომლის გაფუჭება ან დასვრაც გულს დაგწყვეტთ. ნუ დააშინებთ სიტყვებით: “წაიქცევი”, “ჩამოვარდები”. მიეცით ბავშვებს საშუალება, იკვლიონ სამყაროც და საკუთარი შესაძლებლობებიც. ყურადღება მიაქციეთ სოციალურ უნარებსაც. სათამაშოების თხოვება, ტკბილეულის განაწილება, თამაშის წესების შეთანხმება, ჩხუბის გარეშე მცირე კონფლიქტების მოგვარება – ამ ყველაფერს პატარა სწორედ თანატოლებთან თამაშის დროს სწავლობს.
რაც შეიძლება მეტი დრო გაატარეთ ბავშვებთან ერთად სუფთა ჰაერზე. ეს მეტად მნიშვნელოვანია მათი ჰარმონიული ფსიქოლოგიური და ფიზიკური განვითარებისთვის.
შეცდომა N 4 – ვადარებთ სხვებს
სხვა ბავშვების კარგი საქციელით, განსაკუთრებული შესაძლებლობებით, ნიჭით ან მიღწევებით აღფრთოვანებული, ალბათ ხშირად უსახავთ მათ მაგალითად საკუთარ შვილებს: “ნახე, რა კარგად იქცევა”, “რა კარგად გამოსდის”, “როგორ უჯერებს დედას”... ამ “შედარებით დახასიათებას”, მოლოდინის საპირისპიროდ, უარყოფითი შედეგი მოაქვს. ნუ დაატოლებთ ერთმანეთს ბავშვების შესაძლებლობებს. ვიღაცას ყოველთვის გამოუვა რაღაც ჩვენზე უკეთ, ისევე როგორც ჩვენ გამოგვდის რაღაც სხვაზე უკეთესად. არასრულფასოვნების კომპლექსის გაღვივება კი სულაც არ არის ძნელი – გამუდმებით იმის მოსმენა, რომ სხვაზე უარესია, საკუთარი თავის რწმენას უკარგავს ადამიანს.
სხვებთან შედარების ნაცვლად ყურადღება იმაზე გაამახვილეთ, რაც ბავშვს კარგად გამოსდის, შესთავაზეთ მდგომარეობის გაუმჯობესების სხვადასხვა გზა, აუცილებლად აღნიშნეთ პროგრესი (მაგალითად, ასე: “ეს შენი დღევანდელი ნაწერია, ეს კი სამი თვის წინანდელი. ხედავ, როგორ გაიწაფე ხელი? ასოებიც უფრო ლამაზად გამოგყავს, შეცდომაც ნაკლები მოგდის. ყოჩაღ”). მიახვედრეთ, რა სასიამოვნოა მიზნის მიღწევა, შრომის შედებით ტკბობა, ერთად გადალახეთ სირთულეები, რომლებიც სწავლისა თუ სოციალიზაციის სხვადასხვა ეტაპზე იჩენს თავს.
შეცდომა N 5 – ვაფასებთ პიროვნებას და არა ქცევას
ჯიუტი, ცუდი, უზრდელი, უსწავლელი, უგუნური – ეს და სხვა შეურაცხმყოფელი ეპითეტები საერთოდ უნდა ამოვიღოთ ჩვენი ლექსიკონიდან. “შენ ცუდი (ჯიუტი, უზრდელი...) ხარ” პიროვნების შეფასებაა. თუ ბავშვმა შეცდომა დაუშვა, მაშინვე მიუთითეთ ამაზე და ადროვეთ, რომ ნათქვამი გაიაზროს. ყოველთვის შეაფასეთ საქციელი და არა პიროვნება. გამოიყენეთ ასეთი ფორმულირებები: “შენი ასეთი საქციელი ნამდვილად არ ყოფილა სასიამოვნო”, „ტყუილი ცუდი საქციელია, ეცადე აღარ გაიმეორო”.
შეცდომა N 6 – მუქარა “აღსრულების” ნაცვლად
როცა შეგონება არ ჭრის, ბავშვი არ ასრულებს ჩვენს თხოვნას თუ მოთხოვნას, მუქარაზე გადავდივართ: “გამორთე ტელევიზორი და დაჯექი სამეცადინოდ, თორემ არ ვიცი, რას გიზამ!“; “გააკეთე რასაც გეუბნები, თორემ განანებ”. თუმცა სასურველი შედეგი ამას იშვიათად მოაქვს. საზოგადოდ, მუქარა მიუღებელია და დაუშვებელი, თუნდაც ბავშვი მისი გავლებით მართლადც გვისრულებს თხოვნას.
მუქარის ნაცვლად გთავაზობთ თხოვნა-ულტიმატუმი-მოქმედების სტრატეგიას. თავდაპირველად სთხოვეთ ბავშვს სასურველის გაკეთება: “თუ შეიძლება, გამორთე ტელევიზორი და დაჯექი სამეცადინოდ”. თუ ეს ყურად არ იღო, გადადით ულტიმატუმის ეტაპზე: “თუ ტელევიზორს არ გამორთავ, იძულებული ვიქნები, თავად გამოვრთო და არც ხვალ გაყურებინებ! სამეცადინო გაქვს, შენ კი დროს კარგავ!” თუ ამანაც არ გაჭრა, ვასრულებთ წაყენებულ პირობებს – ვთიშავთ ტელევიზორს და არც მეორე დღეს ვაძლევთ თავისუფალ დროს მისი ყურების ნებას. ტელევიზორი, ცხადია, პირობითი მოცემულობაა. მის ნაცვლად ბავშვს შეიძლება მოვაკლოთ მისთვის სასიამოვნო სხვა აქტივობა (ოღონდ ეს არ უნდა იყოს ვარჯიში, სპორტი, სუფთა ჰაერზე გავლა ან ბავშვის ჯანმრთელობისთვის სასარგებლო რომელიმე სხვა საქმიანობა).
ნინო ლომიძე