ანემია და ორსულობა
გააზიარე:
ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი დღისთვის – პატარას დაბადებისთვის – ყველა განსაკუთრებულად ვემზადებით; ორსულობის დადგენისთანავე, ზოგჯერ – დაორსულებამდეც კი, საგულდაგულოდ ვაწყობთ ბავშვის ოთახს, ვყიდულობთ ტანსაცმელს, სათამაშოებს, წიგნებს... ღირსეულ სტუმარს მართლაც ღირსეული დახვედრა სჭირდება. მაგრამ არცთუ იშვიათად გვავიწყდება მთავარი, ის, რაც პატარას განვითარებისთვის ყველაზე მეტად სჭირდება – ჯანმრთელობა. დიახ, ჩვენი მომავალი შვილისთვის საუკეთესო საჩუქარი სწორედ ჯანმრთელობა იქნება, მას კი მხოლოდ მაშინ მიიღებს, თუ დედა იქნება ჯანმრთელი, ამიტომ მთავარი, რაც ორსულობისას უნდა გავაკეთოთ, ჯანმრთელობაზე ზრუნვაა. მით უმეტეს, რომ პრობლემების თავიდან ასაცილებლად ზოგჯერ მარტივი ღონისძიებებიც საკმარისია. ქვემოთ ერთ ასეთ პრობლემაზე – ანემიაზე ვისაუბრებთ.
ანემია ბევრს ორსულობის თანმხლები ბუნებრივი პროცესი ჰგონია. სინამდვილეში სულაც არ არის აუცილებელი, მთელი 9 თვე თავბრუ გვეხვეოდეს და გული გვიფრიალებდეს. არც უცნაური სუნებისა თუ გემოებისადმი მიდრეკილება ყოფილა ორსულობის ბრალი – თუ გსურთ, ცარცი და ბენზინი თქვენი მენიუდან გაქრეს, თურმე ანემიას უნდა უმკურნალოთ.
ანემიის შესახებ ქირურგიის ეროვნული ცენტრის სისხლის დაავადებათა დეპარტამენტის უფროსი ექიმი-ჰემატოლოგი ეკა იმედაშვილი გვესაუბრა.
– ანემია, იგივე სისხლნაკლებობა, სისხლში ჰემოგლობინისა და ერითროციტების შემცველობის დაქვეითებაა. ეს ორსულთა და მელოგინეთა შორის საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა – სტატისტიკური მონაცემებით, 35%-ს აღენიშნება. ასე რომ, ჩვენი საუბრის თემა მეტად აქტუალურია.
– უმთავრესად რომელი ტიპის ანემია გვხვდება ორსულებთან?
– ორსულობით გამოწვეული ცვლილებები საფუძვლად ედება რკინადეფიციტურ, ფოლიუმმჟავადეფიციტურ და B12-დეფიციტურ ფორმებს, ყველაზე ხშირი კი რკინადეფიციტური ანემიაა.
პატარა ქურდბაცაცა
– რა განაპირობებს ორსულობისას ანემიის განვითარებას?
– განვიხილოთ ორი შემთხვევა: ერთი – როდესაც ორსულობისას ანემია უვითარდება პრაქტიკულად ჯანმრთელ ქალს და მეორე – როდესაც ქალს დაორსულებამდე უკვე ჰქონდა ჯანმრთელობის გარკვეული პრობლემები.
მაგალითად, ავიღოთ ქალი, რომელსაც აქვს მოწესრიგებული მენსტრუალური ციკლი: მენსტრუაცია უგრძელდება არა უმეტეს ოთხი დღისა და აქვს საშუალო რაოდენობის გამონადენი; იღებს სათანადო რაოდენობის ხორცს, არ ეწევა, არ ეტანება ალკოჰოლს, არ აღენიშნება საჭმლის მომნელებელი სისტემის პათოლოგია ანუ პრაქტიკულად ჯანმრთელია. ორსულობის დაგეგმვისას ქალმა გაიკეთა სისხლის საერთო ანალიზი, რომელმაც ანემია არ გამოავლინა. ნორმალური აღმოჩნდა ერითროციტების მორფოლოგიური სტრუქტურა, შრატის რკინის მაჩვენებელი. მიუხედავად ამისა, არსებობს ალბათობა, ამ ქალს ორსულობისას ანემია განუვითარდეს. უპირველესად, იმიტომ, რომ შესაძლოა, შეეჯახოს ჯანმრთელობის ისეთ გაუთვალისწინებელ პრობლემას, რომელიც ანემიას იწვევს. გარდა ამისა, თავად ორსულობაც ქმნის ხელსაყრელ პირობებს სისხლნაკლებობისთვის. საქმე ის არის, რომ ნაყოფის ორგანიზმი, მისი ფიზიოლოგია ისეა მოწყობილი, რომ ის დედისგან იღებს ყველა საჭირო ნივთიერებას – რკინას, ფოლიუმის მჟავას, სხვადასხვა ვიტამინსა თუ მინერალს. სავსებით შესაძლებელია, დედის ორგანიზმმა გაძლიერებულ ხარჯვას ვერ გაუძლოს და ამ ნივთიერებათა დეფიციტი განუვითარდეს, რაც ანემიის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია. ანემის განვითარებას განსაკუთრებით უწყობს ხელს განმეორებითი და მრავალნაყოფიანი ორსულობა, როდესაც კიდევ უფრო დიდია შანსი, დედის რესურსები მალე ამოიწუროს. ვინაიდან ნაყოფი განსაკუთრებული ტემპით მესამე ტრიმესტრში იზრდება, ანემიის განვითარებაც სწორედ ამ პერიოდშია მოსალოდნელი. საკითხი დგას ასე: ეს საშიში მდგომარეობაა, საყურადღებო თუ ბუნებრივი პროცესი? ჩავერიოთ თუ არა? გიპასუხებთ: ეს მდგომარეობა საყურადღებოა და დროულ მკურნალობას მოითხოვს, რათა შევძლოთ გართულებების თავიდან აცილება როგორც დედის, ისე ნაყოფის მხრივ.
თავად განსაჯეთ: როდესაც პრაქტიკულად ჯანმრთელ ქალსაც კი ორსულობისას მიმდინარე ფიზიოლოგიური პროცესების გამო შესაძლოა ანემია განუვითარდეს, რამდენად უფრო მოსალოდნელია მდგომარეობის დამძიმება მათთან, ვისაც დაორსულებამდე უკვე დაქვეითებული ჰქონდა ჰემოგლობინისა თუ ერითროციტების მაჩვენებელი. ორსულობა ნაყოფი ამ მაჩვენებელს კიდევ უფრო გააღრმავებს, დაწევს და ქალს შესაძლოა სერიოზული პრობლემები შეექმნას. მაგრამ, წინა შემთხვევისგან განსხვავებით, ამ დროს პრობლემები არა მესამე ტრიმესტრში, არამედ ორსულობის ადრეულ ვადებზე იჩენს თავს, ამიტომ ყველას მოვუწოდებ, დაორსულებამდე გაიკეთოს სისხლის საერთო ანალიზი, შეიმოწმოს შრატის რკინა, ფოლიუმის კონცენტრაცია და თუ ანემია გამოვლინდა, აუცილებლად იმკუნალოს. ასე საკუთარ ჯანმრთელობასაც გადაარჩენს და არც ნაყოფს ჩააგდებს საფრთხეში.
– მაშასადამე, ორსულობის ადრეულ ვადებზე განვითარებული ანემია დაორსულებამდე არსებულ პრობლემაზე მიუთითებს?
– დიახ, თავად ორსულობა პირველ-მეორე ტრიმესტრში ანემიას არ იწვევს, ამიტომ მისი სხვა მიზეზი უნდა ვეძებოთ. ეს შესაძლოა იყოს სისხლის დიდი რაოდენობით კარგვა, რკინის ტრანპორტირების უნარის დაქვეითება, არასაკმარისი შეწოვა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, ჰემის სინთეზის დარღვევა, ერითროციტების გაძლიერებული დაშლა (ჰემოლიზი), ერითროპოეზის რეგულაციის დარღვევა, ძვლისტვინოვანი უკმარისობა, ჰემოგლობინის სინთეზში მონაწილე ელემენტების დეფიციტი. ექიმმა ყურადღება უნდა მიაქციოს ყველა ფაქტორს, რომელსაც კი აღნიშნული მექანიზმებით ანემიის გამოწვევა შეუძლია: ხომ არ ჰქონდა ქალს ხანგრძლივი მენსტრუაცია, ხომ არ იყო გამონადენი ჭარბი, ხომ არ ერია კოლტები, მიმართა თუ არა ექიმს, ხომ არ უჩივის ცხვირიდან სისხლდენის ეპიზოდებს, ხომ არ აქვს სისხლმდენი ბუასილი, რამდენად სრულფასოვნად იკვებება, ხომ არ აწუხებს კუჭ-ნაწლავის პრობლემები, წყლულოვანი დაავადება, ფაღარათი ან დისბაქტერიოზი. ეს უკანაკნელი შეწოვის პრობელემებს იწვევს და ქალი რაც არ უნდა სრულყოფილად იკვებოს, დეფიციტი მაინც განუვითარდება.
გადაწყვეტილებას იმის შესახებ თუ რომელი პრეპარატი გამოუწეროს, ექიმი სწორედ ანამნეზის დეტალური შეკრების შემდეგ იღებს. მაგალითად, თუ კუჭ-ნაწლავიდან შეწოვაა დარღვეული, დასალევი მედიკამენტი უეფექტო იქნება. ასეთ დროს უპირატესობა კუნთში ან ვენაში შესაყვან პრეპარატს ენიჭება.
რა ფერი გადევს...
– რა ნიშნებით ვლინდება ანემია?
– ზომიერ ანემიას გამოუცდელი თვალი ვერ შეამჩნევს. კანი და ხილული ლორწოვანი გარსები ამ დროს ბაცი ვარდისფერია. გულის ფრიალი, თავბრუხვევა ფიზიკური დატვირთვისას იჩენს თავს. უფრო ღრმა ანემიისას კანი და ხილული ლორწოვანი გარსები შესამჩნევად ფერმკთალია. გულის ფრიალი და თავბრუხვევა უმნიშვნელო ფიზიკურ აქტივობის (მაგალითად, კიბის ორიოდე საფეხურის ავლის) დროსაც კი შეინიშნება. ხშირად ახლობლებიც ამჩნევენ უჩვეულო სიფითრეს და ქალს ურჩევენ, ცუდი ფერი გაქვს, ანალიზი გაიკეთეო. კრიტიკული ანემიის დროს პაციენტი თავად მიდის ექიმთან, ვინაიდან თავს ძალიან ცუდად გრძნობს, პრაქტიკულად არ შეუძლია შრომა, უჩივის გულის ფრიალს, ყურების შუილს, ძლიერ სისუსტეს და თავბრუხვევას... ანემიის ირიბი ნიშნებია თმისა და ფრჩხილების მტვრევადობა, ტუჩის კუთხეების დახეთქვა, ფრჩხილების აშრევება, თმის ბოლოების გაყოფა. რკინის დეფიციტს ახასიათებს ყლაპვის დროს ყელში ბურთის გაჩხერის შეგრძნება, ასევე – დახველებისას უნებლიე შარდვა, რომელიც, გარდა იმისა, რომ ძლიერ დისკომფორტს იწვევს, საშარდე გზების ინფექციისკენ მიმავალი პირდაპირი გზაც არის. მეტად სახასიათოა სპეციფიკური სუნების – ნავთის, ბენზინის, აცეტონის, ასფალტის – სიყვარულიც. ქალები ჭამენ ყინულს, უმ სოსისს, უმ ბურღულს, ცარცს, მიწას, ყავის მარცვლებს, გაზეთს. ხშირად ეს ორსულობის ბრალი ჰგონიათ. სინამდვილეში ამ ნიშნების უკან რკინის დეფიციტი დგას.
ანემიასთან ხუმრობა არ ღირს!
– რა საფრთხეს გვიქადის ანემია?
– ნებაზე მიშვებულმა ანემიამ შესაძლოა კრიტიკულ მდგომარეობამდეც კი მივიყვანოს დედა. ჰიპოქსიას –ჟანგბადოვან შიმშილს განიცდის ნაყოფი. მისი განვითარება ფერხდება. გარდა ამისა, ანემია ხელს უშლის როგორც ფიზიოლოგიურ მშობიარობას, ისე საკეისრო კევთასაც, ამიტომ ყველა ღონე უნდა ვიხმაროთ, რომ ანემია მშობიარობამდე აღმოვფხვრათ. მშობიარობის დროს მოსალოდნელია სისხლის დანაკარგი, ზოგჯერ – საკმაოდ სოლიდურიც. თუ ქალს მშობიარობამდეც დაბალი ჰქონდა ჰემოგლობინი და ამას მოკლე ხანში დიდი მოცულობის სისხლის დაკარგვა დაერთო, მისი მდგომარეობა დამძიმდება, ნაყოფი მუდმივ ჰიპოქსიას განიცდის, მისი ჯანმრთელობაც საფრთხის ქვეშ დადგება. ეს მაშინ, როდესაც ანემიის დიაგნოსტიკაც და მკურნალობაც იოლი და იაფია. დროულად არ უმკურნალო იმას, რაც კორექციას ადვილად ექვემდებარება, უპასუხისმგებლობაა შთამომავლობის, ოჯახის წევრებისა და იმ ექიმების მიმართ, რომლებსაც ასეთი მძიმე გამოცდის წინაშე აყენებ.
მარტივი დიაგნოზის სირთულეები
– ორსულთა პატრონაჟის სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული ვიზიტების ფარგლებში უფასოდ ხდება სისხლში ჰემოგლობინის შემცველობის განსაზღვრა. აქედან გამომდინარე, ორსულობისას ანემიის აღმოჩენა დიდ სირთულეს არ უნდა წარმოადგენდეს...
– მართალი ბრძანდებით, მაგრამ საქმე ისე მარტივადაც არ არის, როგორც ერთი შეხედვით ჩანს, ვინაიდან ანემიის დიაგნოსტიკა ჰემოგლობინისა თუ ერითროციტების შემცველობის გამოკვლევით არ შემოიფარგლება. აუცილებლად უნდა დადგინდეს ანემიის ხასიათი. წინააღმდეგ შემთხვევაში მკურნალობას უბრალოდ ვერ დავნიშნავთ. სამწუხაროდ, ამ პრინციპს ექიმები არცთუ იშვიათად უგულებელყოფენ.
სისხლის საერთო ანალიზის შემდეგ უნდა განისაზღვროს შრატის რკინა, ფოლიუმის მჟავა. უამისოდ რკინის პრეპარატის გამოწერა არაფრით არ შეიძლება. ანემიას არაერთი სხვა მიზეზიც იწვევს, მათ შორის – ჰემოლიზიც, როდესაც რკინის რაოდენობა ისედაც მომატებულია. თუ ამ დროს ქალს დამატებით ბრმად დავუნიშნეთ რკინის პრეპარატები, შესაძლოა, განუვითარდეს მძიმე დაავადება – ჰემოსიდეროზი, რომელიც ორგანოებში რკინის ჩალაგებით გამოიხატება. არასწორად დანიშნულ წამალს ზოგჯერ იმაზე დიდი ზიანი მოაქვს, რის სამკურნალოდაც დაინიშნა. საგულისხმოა, რომ ანემიები კლინიკური მიმდინარეობით ერთმანეთს ძალიან ჰგავს, ამიტომ აუცილებელია, დიაგნოზი ლაბორატორიულად დადასტურდეს.
ვავსებთ რკინის დეფიციტს
– როგორ მკურნალობთ რკინადეფიციტურ ანემიას?
– რკინის პრეპარატებით. პრეპარატები ერთმანეთისგან განსხვავდება დოზით, ფასით, გვერდითი ეფექტებით, რაც ექიმს საშუალებას აძლევს, პაციენტს მისთვის ოპტიმალური სამკურნალო საშუალება შეურჩიოს.
რკინის პრეპარატი უნდა მიიღოთ ჭამამდე და მისი მიღებიდან ორი საათის განმავლობაში მოერიდოთ რძის ნაწარმს, ჩაის, ყავას, ვინაიდან ყველა ეს პროდუქტი რკინის შეწოვას ამცირებს. იშვიათად ქალს რკინის პრეპარატზე ალერგია აქვს, ამიტომ ჯობს, პირველი ინექცია ამბულატორიულ პირობებში გაკეთდეს. თუ გამოვლინდა ალერგიული რეაქცია: ქავილი, მოხრჩობის შეგრძნება, ცხელება და სხვა, –ეს პრეპარატი იცვლება.
პარალელურად რაციონი ხდება უფრო კალორიული, მეტი აქცენტი დაისმის ცილოვან პროდუქტებზე, ხორცზე. რკინა ყველაზე მეტია არა ვაშლში, არამედ საქონლის ხორცში, ამიტომ მისი მიღება აუცილებელია. ხილიდან რკინას შეიცავს გარგარი, მსხალი, ვაშლი, ალუჩა. ამ ელემენტით ასევე მდიდარია ზღვის კომბოსტო, წიწიბურა და ჰალვაც, თუმცა აქვე აღვნიშნავ, რომ მხოლოდ კვებით რკინის დეფიციტს ვერ შევივსებთ. თუ დეფიციტი უკვე ჩამოყალიბებულია, აუცილებლად უნდა ჩატარდეს მედიკამენტური მკურნალობა. ასეთი მკურნალობის ფონზე, თუ ორსული ზედმიწევნით შეასრულებს ექიმის რეკომენდაციებს, არც მას და არც მის ნაყოფს საშიშროება არ დაემუქრებათ.
საშიში დეფიციტი
– რას გვეტყვით ფოლიუმმჟავადეფიციტურ ანემიაზე?
– ფოლიუმის მჟავას დეფიციტი ნაყოფის ორგანიზმში გაცილებით მძიმე პათოლოგიას იწვევს, ვიდრე რკინის დეფიციტი – ნერვული მილის დაზიანებას. ფოლიუმის მჟავას დაფიციტის პირობებში ჩასახვიდან მე-16-28 კვირას ვითარდება სპინა ბიფიდა. მცირე ხნის წინ აღმოაჩინეს გენი, რომლის პათოლოგიური ცვლილებები ფოლიუმის მჟავას დეფიციტთანაა ასოცირებული და ნაყოფის ისეთ სიმახინჯეებთან მივყავართ, როგორიცაა მგლის ხახა, კურდღლის ტუჩი, ჰიდროცეფალია. მოგეხსენებათ, სწორედ ამ პათოლოგიების პრევენციისთვის ენიშნება ფოლიუმის მჟავა რუტინულად ყველა ორსულს. ორსულაობის დადგენისთანავე, საუკეთესო შემთხვევაში კი დაგეგმვისას ქალმა უნდა დაიწყოს ფოლიუმის მჟავას პროფილაქტიკური დოზის მიღება. ნაყოფს განსაკუთრებული საფრთხე ემუქრება, თუ დედას დაორსულებამდე ჰქონდა ფოლიუმის მჟავას დეფიციტი, ამიტომ მინდა, მოვუწოდო ყველა ქალს, ვინც შვილის გაჩენას აპირებს –დაორსულებამდე აუცილებლად გამოიკვლიონ ფოლიუმის მჟავას დონე, იმკურნალონ და მერეღა დაგეგმონ ორსულობა. სხვათა შორის, კვლევებმა აჩვენა, რომ ეს ანალიზი მამაკაცმაც უნდა გაიკეთოს, ვინაიდან ფოლიუმის მჟავას დეფიციტი სპერმატოგენეზის პათოლოგიასაც იწვევს.
შევივსოთ ფოლატებით
– ფოლატებს უხვად შეიცავს მწვანე ბოსტნეული, მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ვცხოვრობთ და მწვანილეულითა და ბოსტნეულით განებივრებულები ვართ, სათანადო რაოდენობით ამ ელემენეტებს მაინც ვერ ვიღებთ, რადგან უმთავრესად თერმულად დამუშავებული ბოსტნეულით ვიკვებებით, დამუშავების შედეგად კი ვიტამინების 90% იკარგება. მიირთვით უმი მწვანე ფოთლოვანი მცენარეები – სალათა, წიწმატი, ისპანახი. ფოლატები ასევე არის თხილში, ბანანში გოგრაში, ყველში, ღვიძლში, კვერცხის გულში.
თუ ვეგეტარიანელი ბრძანდებით
– ორსულობისას იშვიათად ბ12-დეფიციტური ანემიაც გვხვდება. ის ხშირად ემართებათ ქალებს, რომლებიც დიდხანს არ ჭამენ ხორცს. სხვა ანემიიებისგან განსხვავებით, მისთვის დამახასიათებელია ხელ-ფეხის დაბუჟება, მკვეთრი წითელი ფერის გალაქული ენა – ე.წ. ფუნიკულურ მიელოზი. დაავადების დიაგნოზის ლაბორატორიულად დადასტურების შემთხვევაში ინიშნება ბ12 ვიტამინის ინექციები. მკურნალობა საკმაოდ ეფექტურია და ვიტამინის მაჩვენებელი ადვილად უბრუნდება ნორმას.
დაშლილი სისხლი
– ანემიის კიდევ ერთი სახეობაა ჰემოლიზური ანემია – ერითროციტების გაძლიერებული დაშლა. ის შეძენილიც შეიძლება იყოს და თანდაყოლილიც. იწვევს შემაერთებელი ქსოვილის სისტემური დაავადებები, ბაქტერიული და ვირუსული ინფექციები, განსაკუთრებით –შარდსასქესო სისტემისა, რეზუსშეუთავსებლობა და სხვა. ჰემოლიზური ანემია ორსულობისას განსაკუთრებით სახიფათოა, ვინაიდან შესაძლოა ჰემოლიზურ-ურემიულ სინდრომთან მიგვიყვანოს. ზოგჯერ დგება ნაადრევი მშობიარობის საკითხიც. მაგრამ მინდა, ქალები დავამშვიდო – ჰემატოლოგის, მეან-გინეკოლოგის, ნეფროლოგის თანამშრომლობით დღეს უმეტესად შესაძლებელია დღესრული ჯანსაღი ნაყოფის დაბადება.
კიდევ ერთი ანემია
– თალასემია მემკვიდრეობითი დაავადებაა, რომლის დროსაც დარღვეულია გლობინის ერთ-ერთი ჯაჭვის სინთეზი. არსებობს მისი მარტივი და რთული ფორმები. პირველს მკურნალობა არ სჭირდება, ფოლიუმის მჟავასა და ც ვიტამინის მიღებით ორსულობა ექსცესების გარეშე ჩაივლის. რთული ფორმას ჰემოლიზური კრიზები ახასიათებს, რაც საშიშია როგორც ნაყოფისთვის, ისე დედისთვისაც და მუდმივ სამედიცინო მეთვალყურეობას მოითხოვს.
პატარა სფეროები დიდი პრობლემებით
– ანემიის კიდევ ერთი სახეობა მიკროსფეროციტოზია. მისი მძიმე ფორმის დროს ტარდება სპლენექტომია. თუ ქალი ამის შემდეგ დაორსულდა, გართულებები ნაკლებმოსალოდნელია. პრობლემა თავს იჩენს მაშინ, როდესაც ქალს, რომელსაც დაავადების შედარებით მსუბუქი ფორმა ჰქონდა, ამოკვეთილი არ აქვს ელენთა. ორსულობა დაავადებას ამწვავებს და ჰემოლიზურ კრიზებს იწვევს. დაისმის კითხვა: დაველოდოთ მშობიარობას თუ ორსულობის დროსვე ჩავატაროთ სპლენექტომია? გადაწყვეტილება ინდივიდუალურად მიიღება. რამდენჯერმე სასიცოცხლო ჩვენებით ჩავატარეთ სპლენექტომია და დღეს დედაც და ნაყოფიც კარგად გრძნობენ თავს თავს. მაგრამ, სამწუხაროდ, შედეგი ყოველთვის ასეთი ვერ იქნება.
დაბოლოს, მინდა, კიდევ ერთხელ მოუწოდო ქალებს, რომლებიც შვილის ყოლას გეგმავენ: ჩაიტარონ საჭირო გამოკვლევები, რათა სწორად წარმართული ორსულობის შედეგად ჯანმრთელი შვილის გაჩენით გამოწვეული სიხარული შეიგრძნონ.
გვანცა გოგოლაძე