აქტიური ცხოვრებიდან სრულ უმოძრაობამდე – გიიენ-ბარეს სინდრომი

გააზიარე:

მედიცინის თეორიასა და პრაქტიკას შორის არსებულ განსხვავებას მაშინღა აცნობიერებ მთელი სისრულით, როცა მძიმე ავადმყოფის პირისპირ აღმოჩნდები – ახლა შენ წინაშე განყენებული ლოგიკური ამოცანა კი არა, ცოცხალი ადამიანია და შენზეა დამოკიდებული, როგორი იქნება მისი ხვალინდელი დღე, ან საერთოდ დადგება თუ არა იგი.

ამ სტატიის დაწერისკენ ერთი შუახნის ქალბატონის ისტორიამ მიბიძგა. კლინიკაში მოხვედრამდე სულ რამდენიმე კვირით ადრე აქტიურ, საინტერესო ცხოვრებას ეწეოდა, იმ დღეს კი, როცა ჩვენთან მოვიდა, კიდურებსაც გაჭირვებით ამოძრავებდა.

მოვლენებს გავუსწრებ და დაგამშვიდებთ – დღეს მისი მდგომარეობა სტაბილურია. მართალია, გამოჯანმრთელებამდე ჯერ კიდევ გრძელი გზა აქვს გასავლელი, მაგრამ მკურნალობს და დღითი დღე უკეთ გრძნობს თავს.

საავადმყოფოში მისი მოხვედრის მიზეზი კი იშვიათი ავადმყოფობა – გიიენ-ბარეს სინდრომი აღმოჩნდა.

 

რა იწვევს

გიიენ-ბარეს სინდრომის უშუალო მიზეზი უცნობია, თუმცა შემჩნეულია, რომ ის უმეტესად რესპირატორული ან საჭმლის მომნელებელი სისტემის ვირუსული ინფექციიდან რამდენიმე კვირის შემდეგ ვითარდება. იშვიათად დაავადების ტრიგერად გადატანილი ოპერაცია ან აცრაც გვევლინება.

გიიენ-ბარეს სინდრომის დროს იმუნური სისტემა, რომელიც ნორმაში მხოლოდ “უცხოს” უნდა უტევდეს, აზიანებს თავისივე ორგანიზმის ნერვებს. სინდრომის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფორმაა მწვავე მადემიელინიზებელი პოლირადიკულონეიროპათია. ამ დროს ზიანდება მიელინი – ნერვის მფარავი გარსი, რაც ხელს უშლის ნერვული იმპულსის ტვინამდე მიტანას. შედეგად ვიღებთ კუნთების სისუსტეს, მგრძნობელობის დაკარგვას და პარალიზს.

 

როგორ ვლინდება

გიიენ-ბარეს სინდრომზე მიუთითებს:

* ჩხვლეტის შეგრძნება ხელისა და ფეხის თითებში, კოჭებში, მაჯებში;

* სისუსტე, რომელიც ფეხებიდან იწყება და თანდათან სხეულის ზედა ნაწილებსაც მოიცავს (იშვიათად, ათიდან ერთ შემთხვევაში, შესაძლოა პირიქით, ხელებიდან და სახიდან დაიწყოს);

* უსწორმასწორო სიარული, კიბეზე ასვლის შეუძლებლობა;

* სახის მიმიკური კუნთების, თვალების მოძრაობის, ყლაპვის, ღეჭვისა და ლაპარაკის გაძნელება;

* მწვავე ტკივილი, რომელიც კრუნჩხვას ემსგავსება და ღამით მწვავდება;

* მოშარდვის, კუჭის მოქმედებისა და სუნთქვის გაძნელება;

* აჩქარებული გულისცემა, სისხლის დაბალი ან მაღალი არტერიული წნევა.

სისუსტე სიმპტომების გამოვლენიდან 2-4 კვირის შემდეგ აღწევს პიკს. გამოჯანმრთელება სისუსტის პლატოდან 2-4 კვირის შემდეგ იწყება.

 

განასხვავებენ გიიენ-ბარეს სინდრომის რამდენიმე ტიპს:

მწვავე ანთებითი მადემიელინიზებელი პოლირადიკულონეიროპათია. ახასიათებს პროგრესირებადი არეფლექსური კუნთოვანი სისუსტე და მგრძნობელობის მსუბუქი დარღვევა. სუნთქვაში მონაწილე (სასუნთქი სისტემის) კუნთების სისუსტის გამო პაციენტთა უმეტესობა სუნთქვის უკმარისობით იღუპება.

მილერ-ფიშერის სინდრომი. მისთვის დამახასითებელია კუნთების დამბლის თვალებიდან დაწყება. გავრცელებულია უმთავრესად აზიაში.

მწვავე მოტორული აქსონური ნეიროპათია და მწვავე მოტოსენსორული აქსონური ნეიროპათია. ეს უკანასკნელი მწვავე მოტორული აქსონური ნეიროპათიისგან იმით განსხვავდება, რომ დამბლის განვითარებასა და რეფლექსების გაქრობას მგრძნობელობის სხვადასხვა სახის დარღვევაც ახლავს თან. ამ ტიპს უმთავრესად ჩინეთში, იაპონიასა და მექსიკაში ვხვდებით.

 

 

როდის მივმართოთ ექიმს

სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს და მოითხოვეთ სამედიცინო დახმარება შემდეგი ნიშნებისა და სიმპტომების განვითარებისას:

* კუნთების სისუსტე და ჩხვლეტის შეგრძნება, რომელიც სწრაფად პროგრესირებს;

* ქოშინი, სუნთქვის უკმარისობა;

* ყლაპვის გაძნელება.

 

მწვავე ფორმის დროს გიიენ-ბარეს სინდრომი სწრაფად პროგრესირებს და პაციენტის მდგომარეობა მალე მძიმდება, ამიტომ ჰოსპიტალიზაცია თავიდანვე აუცილებელია.

ამასთანავე, რაც უფრო ადრე დიაგნოსტირდება პათოლოგია და დაიწყება მკურნალობა, მით უკეთესია პროგნოზი.

 

რისკფაქტორები

ვინაიდან გიიენ-ბარეს სინდრომის მიზეზი ჯერ კიდევ დაუდგენელია, შეიძლება ითქვას, რომ რისკი ნებისმიერ ჩვენგანს ემუქრება. ზოგს, ცხადია, მეტად, ზოგს – ნაკლებად.

დადგენილია, რომ სინდრომის განვითარებას პროვოცირებას უწევს: კამპილობაქტერია (ინფექციის წყაროა მოუხარშავი ქათმის ხორცი), გრიპის ვირუსი, შიდსის ვირუსი, ნებისმიერი სახის ოპერაცია, ჰოჯკინის ლიმფომა და სხვა. იშვიათად – გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ან ბავშვთა ასაკში ჩატარებული სხვა აცრები.

 

გართულებები

* სუნთქვის პრობლემები – სასუნთქი კუნთების სისუსტისა და დამბლის გამო პაციენტთა 30%-ს ჰოსპიტალიზაცია და ხელოვნური სუნთქვის აპარატი სჭირდება.

* მგრძნობელობის დარღვევა – განკურნების შემდეგ პაციენტთა უმეტესობა ნარჩენ მოვლენებს (სისუსტეს, დაბუჟებას და სხვა) აღნიშნავს.

* გულ-სისხლძარღვთა პრობლემები – ყველაზე ხშირია წნევის ცვალებადობა და გულის არარეგულარული რიტმი.

* ტკივილი – პაციენტთა უმრავლესობა უჩივის ძლიერ ნევრალგიას (ამ უკანასკნელს მედიკამენტური მკურნალობა შველის).

* კუჭ-ნაწლავისა და შარდის ბუშტის მოქმედების გაძნელება.

* თრომბოემბოლია – უმოძრაობის გამო ძალიან იმატებს თრომბოემბოლიის რისკი. ამის თავიდან ასაცილებლად აუცილებელია სისხლის შედედების შემაფერხებელი თერაპია და თრომბოემბოლიის საწინააღმდეგო ელასტიკური წინდების ტარება.

* ნაწოლები – რომ არ გაჩნდეს, აუცილებელია საწოლში პოზის ხშირი ცვლა.

* რეციდივი – პაციენტების 5%-ს სინდრომის რეციდივი უვითარდება.

* სიკვდილი – რომელიც გიიენ-ბარეს სინდრომის რომელიმე გართულებითაა (რესპირატორული დისტრესსინდრომი, ინფარქტი) განპირობებული.

 

დიაგნოზი

ადრეულ სტადიაზე გიიენ-ბარეს სინდრომის დიაგნოსტირება ძალიან რთულია, რადგან სიმპტომებით უამრავ სხვა ნევროლოგიურ პათოლოგიას ჰგავს და ცალკეულ პაციენტებთან სხვადასხვანაირად მიმდინარეობს.

პირველი დიაგნოსტიკური ნაბიჯები ანამნეზის შეკრება და პაციენტის გასინჯვაა. ექიმმა შესაძლოა დანიშნოს შემდეგი ლაბორატორიული და ინსტრუმენტული გამოკვლევებიც:

* ლუმბალური პუნქცია. თავისა და ზურგის ტვინის გამოსაკვლევად ხერხემლის არხიდან ნემსით გამოაქვთ თავ-ზურგტვინის სითხე, რომლის შესწავლაც უამრავი ნევროლოგიური დაავადების დიაგნოსტირების საშუალებას იძლევა.

* ელექტრომიოგრაფია – ჩონჩხის კუნთების ელექტრულ პოტენციალთა რეგისტრაცია. ამ დროს ნერვებისა და მათ მიერ ინერვირებული კუნთების მოქმედებას იკვლევენ.

* ელექტრონეიროგრაფია. ნერვების დაბოლოებებთან, კანზე, ელექტროდებს ათავსებენ და გარედან სუსტი ელექტროიმპულსით ოდნავ აღიზიანებენ ნერვს, მერე კი მასში იმპულსის გავლის სიჩქარეს ზომავენ.

 

მკურნალობა

გამოჯანმრთელების დასაჩქარებლად და დაავადების სიმპტომების შესამცირებლად ორი საშუალება არსებობს:

* პლაზმაფერეზი. ამ დროს ორგანიზმიდან გამოაქვთ სისხლი, აცილებენ პლაზმას, რომელსაც თან მიჰყვება აუტოიმუნური პროცესების გამომწვევი ანტისხეულები, და გასუფთავებულს უკანვე აბრუნებენ.

* იმუნოგლობულინების ინტრავენური შეყვანა. იმუნოგლობულინები დონორისგან მიღებული ჯანმრთელი ანტისხეულებია. მათი დიდი დოზები დამაზიანებელ ანტისხეულებს ბლოკავს.

მკურნალობის ორივე მეთოდი თანაბრად ეფექტურია.

გიიენ-ბარეს სინდრომის მკურნალობაში დიდი ადგილი უკავია ფიზიოთერაპიას. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ტკივილის საწინააღმდეგო და თრომბოემბოლიის საწინააღმდეგო თერაპია.

 

გამოჯანმრთელების პერიოდი

ავადმყოფობისა და რეაბილიტაციის ხანგრძლივობა ძალზე ინდივიდუალურია. გიიენ-ბარეს სინდრომის მქონე პაციენტთა უმრავლესობა აღნიშნავს, რომ:

* პირველი სიმპტომის გამომჟღავნებიდან დაახლოებით ორ კვირაში მდგომარეობა ერთბაშად მძიმდება;

* სიმპტომები პლატოს 4 კვირის თავზე აღწევს;

* გამოჯანმრთელება 6-12 თვე გრძელდება, განსაზღვრულ შემთხვევებში კი 3 წელზე მეტხანს.

 

გამოჯანმრთელების სტატისტიკა ასეთია:

* პაციენტების დაახლოებით 80% დიაგნოზის დასმიდან ექვსიოდე თვეში დამოუკიდებლად დადის.

* დაახლოებით 60%-ს დიაგნოზის დასმიდან 1 წელიწადში დაკარგული ძალა მლიანად უბრუნდება.

* დაახლოებით 5-10%-ს გამოჯანმრთელების პერიოდი მეტისმეტად უხანგრძლივდება და ზოგჯერ ბოლომდე ვერც კი გამოჯანმრთელდება.

ბავშვებთან გიიენ-ბარეს სინდომს იშვიათად ვხვდებით. ამასთანავე, მათთან დაავადების პროგნოზი გაცილებით უკეთესია.

 

თამთა ხელიძე

გააზიარე: