რამდენად ხშირია შეწებებული ორგანოები?

გააზიარე:

ქირურგიული მკურნალობა ხშირად ავადმყოფობის დამარცხების ერთადერთი საშუალებაა. ქირურგიის განვითარებამ ბევრი მძიმე პათოლოგია ადვილი სამართავი გახადა და მილიონობით ადამიანს დაუბრუნა ჯანმრთელობა და სიცოცხლის  თითქმის დაკარგული იმედი. თუმცა, ვარდისა და ეკლისა არ იყოს, ოპერაციას ზოგჯერ საკუთარი პრობლემების წყება მოაქვს. ამჯერად ერთ ასეთ პრობლემაზე – შეხორცებით დაავადებაზე მოგითხრობთ.

 

ნაწიბური სქელი შემაერთებელი ქსოვილია, რომელიც დაზიანებული ქსოვილის რეგენერაციის შედეგად ვითარდება. დანაწიბურება ქსოვილთა შეხორცებისთვის საჭირო ბუნებრივი პროცესია, თუმცა ზოგ შემთხვევაში ეს პროცესი პათოლოგიის წყაროდ იქცევა.

 

ზედმეტი სიახლოვე

შინაგან ორგანოებს, ჩვეულებრივ, გლუვი ზედაპირი აქვს, რისი წყალობითაც სხეულის მოძრაობისას ადვილად გადაადგილდება. შეხორცებითი დაავადების დროს ორგანოები და ქსოვილები ერთმანეთს ეწებება. მაგალითად, ნაწლავის მარყუჟი – მეორე მარყუჟს, ნაწლავი – მეზობელ ორგანოს ან მუცლის კედელს. ამის შედეგად ორგანოების მოძრაობა იზღუდება, ზოგჯერ კი სრულიად შეუძლებელი ხდება. არცთუ იშვიათად შეხორცება სისხლმომარაგებას აფერხებს და ორგანოთა იშემიას იწვევს.

 

ფიზიოლოგიური პროცესის პათოლოგიები

შეხორცება, მედიცინის ენაზე – ადჰეზია, სხეულის ნებისმიერ ადგილას შეიძლება ჩამოყალიბდეს, თუმცა უმეტესად მუცლის ღრუს ორგანოებზე ჩატარებული ოპერაციის შემდეგ იჩენს თავს. აბდომინალური შეხორცება ფიბროზული ქსოვილის ძაფებია, რომლებიც მუცლის ღრუს ორგანოებსა და ქსოვილებს შორის “იბმება”. მუცლის ღრუს ორგანოები ნაწილობრივ ან მთლიანად პერიტონეუმით არის დაფარული. იგივე გარსი ამოფენს მუცლის კედელსაც. პერიტონეუმს აქვს განსაკუთრებული უნარი – შემოსაზღვროს დაზიანების უბნები. მაგალითად, ნებაზე მიშვებული აპენდიციტის დროს ის, პირდაპირი გაგებით, ეწებება ანთების ადგილს და შემოსაზღვრულ, აპენდიკულარულ ინფილტრატს წარმოქმნის. ასეთივე პროცესი მიმდინარეობს შეხორცებითი დაავადების დროსაც, როდესაც პერიტონეუმი განაკვეთის ადგილს, ანთებად ან ოპერირებულ ორგანოს შეეხორცება.

შეხორცება უვითარდება თითქმის ყველას, ვისაც მუცლის ღრუს რომელიმე ორგანოზე ოპერაცია აქვს გადატანილი. ზოგჯერ ის არაფერს აშავებს, ზოგჯერ კი, მაგალითად, ნაწლავის ნაწილობრივ ან მთლიანად გადაკეტვის დროს, პრობლემებს წარმოშობს.

ადჰეზიების ჩამოყალიბებას ხელს უწყობს:

* განაკვეთები;

* შინაგანი ორგანოების დამუშავება;

* შინაგანი ქსოვილების კონტაქტი უცხო მასალებთან, მაგალითად, ბინტთან, ხელთათმანთან, ძაფთან;

* სისხლი ან სისხლის კოლტები, რომლებიც ოპერაციის დროს არ გამოირეცხა.

არც ის გახლავთ გამორიცხული, შეხორცება უოპერაციოდ განვითარდეს. მიზეზი უმეეტსად ძლიერი ანთებითი პროცესია, მაგალითად, გინეკოლოგიური ან აბდომინალური ინფექცია, ასევე – სხივური თერაპია, აპენდიქსის რუპტურა (ჭიანაწლავის გახეთქვა). შეხორცების განვითარებას ხელს უწყობს შაქრიანი დიაბეტი. იშვიათად ადჰეზიები აშკარა მიზეზის გარეშეც წარმოიშობა.

 

რამდენად ხშირია

შეხორცებითი დაავადება ოპერაციული ჩარევის განუყრელი თანამგზავრია. მუცლის ღრუს ორგანოთა ოპერაციაგადატანილი პაციენტების 93%-ს აბდომინალური შეხორცება უვითარდება. მუცლის ღრუს ქვედა ნაწილსა და მენჯის ღრუს ორგანოებზე ჩატარებული ოპერაციები ამის ალბათობას უფრო მეტად ზრდის. ზოგიერთი ქირურგი მიიჩნევს, რომ ოპერაციის შემდეგ ადჰეზია 100-დან 100 შემთხვევაში ყალიბდება, თუმცა შეხორცებათა ნაწილი დროთა განმავლობაში გაიწოვება.

 

როგორ ამოვიცნოთ

შეხორცებითი დაავადება მეტწილად უსიმპტომოდ მიმდინარეობს. თუ ნიშნებმა მაინც იჩინა თავი, პირველი მათგანი, დიდი ალბათობით, მუცლის ქრონიკული ტკივილი იქნება. ტკივილის მიზეზი იშემიაა – ორგანოთა ჟანგბადოვანი შიმშილი. როცა პათოლოგიური პროცესი წვრილი ნაწლავიდან იწყება, ამაზე ღებინება და გულისრევა მიგვითითებს. პირნაღები მასა შეიცავს ნაღველს, ნაწლავისა და კუჭის წვენს. ღებინება ავადმყოფს შვებას არ ჰგვრის. თუ შეხორცება მსხვილ ნაწლავშია, ამას ყაბზობა გვამცნობს. ფეკალური მასები ნაწლავიდან ვერ გამოიდევნება. შედეგად დიდი რაოდენობით წარმოიქმნება აირები, რომელთა გამოძევებაც ასევე ჭირს. საბოლოოდ საქმე შებერილობამდე მიდის. აღსანიშნავია, რომ ადჰეზიები დროთა განმავლობაში უფრო და უფრო უხეშდება და ზოგჯერ პრობლემები ოპერაციიდან წლების შემდეგ იჩენს თავს.

 

რას ველოდეთ

როდესაც შეხორცება მთლიანად კეტავს ნაწლავის სანათურს, წარმოიშობა სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობა – გაუვალობა. ამ დროს სასწრაფოდ უნდა მივმართოთ ექიმს, თორემ საქმე ნამდვილად ვერ წაგვივა კარგად.

გაუვალობაზე მიგანიშნებთ:

* მუცლის ძლიერი ტკივილი და კრუნჩხვა;

* გულისრევა, ღებინება;

* შებერილობა;

* მუცლის ყურყური;

* აირებზე გასვლის შეუძლებლობა;

* ყაბზობა – კვირაში სამზე ნაკლები დეფეკაცია. ამ დროს ნაწლავის მოძრაობა შესაძლოა მტკივნეული იყოს.

 

შეხორცებამ შესაძლოა ქალის უნაყოფობაც კი გამოიწვიოს. სახელდობრ, მაშინ, როცა განაყოფიერებულ კვერცხუჯრედს საშვილოსნოსკენ სავალ გზას უღობავს. ფალოპის მილების მიმდებარედ წარმოქმნილი შეხორცებები ზრდის საშვილოსნოსგარე ორსულობის განვითარების რისკს.

 

როგორ აღმოვაჩინოთ

აბდომინალურ შეხორცებათა სადიაგნოსტიკოდ, სამწუხაროდ, არც ტესტები გამოდგება, არც ვიზუალიზაციის მეთოდები – რენტგენი თუ ულტრაბგერა. მათ უმეტესობას სხვა მიზეზით ან დიაგნოსტიკისთვის ჩატარებული ოპერაციის დროს აღმოაჩენენ. თუმცა მუცლის ღრუს რენტეგნოგრაფიამ ან კომპიუტერულმა ტომოგრაფიამ შესაძლოა ნაწლავის ობსტრუქცია გამოავლინოს.

 

როდის ვუმკურნალოთ

თუ შეხორცებამ შემაწუხებელი სიმპტომები არ გამოიწვია, არც მკურნალობა სჭირდება. ვინაიდან მკურნალობის ერთადერთი გზა ქირურგიული ჩარევაა, დამატებითი ოპერაცია კი – დამატებითი ადჰეზიების ჩამოყალიბების რისკი, მისი ჩატარება მხოლოდ მაშინ არის რეკომენდებული, როცა შეხორცება ტკივილს, გაუვალობას ან უნაყოფობას იწვევს.

 

შესაძლებელია თუ არა თავიდან აცილება

აბდომინალური შეხორცებები ძნელი აღსაკვეთია, მაგრამ ზოგიერთი ქირურგიული მეთოდის გამოყენებას მათი განვითარების ალბათობა მინიმუმამდე დაჰყავს.

მაგალითად, ადჰეზიების ჩამოყალიბების რისკს მკვეთრად ამცირებს ლაპაროსკოპიული ოპერაცია, ვინაიდან ამ დროს ერთი დიდი განაკვეთის მაგივრად რამდენიმე პატარა კეთდება. თუ ოპერაცია აუცილებლად ღია წესით არის ჩასატარებელი, ორგანოებს შორის ან ორგანოსა და აბდომინალურ განაკვეთს შორის ზოგჯერ სპეციალურ თხელ მასალას აფენენ, რათა შეხორცებების წარმოშობას ხელი შეუშალონ. ეს მასალა ორგანოთა ჰიდრატირებას ახდენს და ამ გზით შეხორცების განვითარებას აფერხებს, თავად კი რამდენიმე კვირაში გაიწოვება.

 

შეხორცებათა განვითარების რისკს ამცირებს:

* ოპერაციის დროს სახამებლისა და ლატექსის გარეშე დამზადებული ხელთათმანების გამოყენება;

* ქსოვილებისა და ორგანოების რბილად, ნაზად დამუშავება;

* ოპერაციის ხანგრძლივობის შემცირება;

* დანამული სახვევებისა და ტამპონების გამოყენება;

* დროგამოშვებით ფიზიოლოგიური ხსნარის გამოყენება.

 

 

რა შუაშია კვება

შეხორცებათა კონტექსტში ყოველდღიური რაციონის ხსენებამ მავანი შესაძლოა გააოცოს და გააღიმოს კიდეც. ადჰეზიების ჩამოყალიბებასა თუ პრევენციაში კვების როლი კვლევებით მართლაც არ არის დადასტურებული, თუმცა ექიმები მოგვიწოდებენ, ნაწილობრივი ნაწლავური გაუვალობის დროს უჯრედისით ნაკლებად მდიდარი დიეტა დავიცვათ –  საჭმლის მომნელებელი სისტემა უფრო ადვილად გადაამუშავებს ასეთ საკვებს, რაც სიმპტომებს შესამჩნევად შეგვიმსუბუქებს.

 

ქალური შეხორცებები

შეხორცებათა მიზეზებს შორის განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია აშერმანის სინდრომი, რომლის დროსაც შეხორცებები, იგივე სინექიები, საშვილოსნოს ღრუში წარმოიქმნება. პრობლემა უმეტესად საშვილოსნოზე გადატანილი ოპერაციის შემდეგ იჩენს თავს, თუმცა აშერმანის სინდრომი შესაძლოა ოპერაციის გარეშეც განვითარდეს მენჯის ღრუს რომელიმე სერიოზული ინფექციის – ტუბერკულოზის, შისტოსომოზის – შედეგად.

საბედნიეროდ, ეს დაავადება იშვიათია და უმეტესად იმ ქალებთან გვხვდება, რომლებსაც რამდენიმე დილატაცია და კიურეტაჟი (D&C) აქვთ ჩატარებული. ეს მექანიკური გამაფართოებლებით ან ფარმაკოლოგიური საშუალებებით საშვილოსნოს ყელის გაფართოებისა და კედლების გამოფხეკის პროცედურაა. ამრიგად, სინექიების განვითარება მოსალოდნელია ორსულობის ხელოვნური შეწყვეტის, ორსული თუ არაორსული საშვილოსნოს გამოფხეკის დროს.

შეხორცება იწვევს საშვილოსნოს ღრუს დახშობას, ობლიტერაციას, რასაც ამენორეამდე (მენსტრუაციის გაქრობამდე), ანთებით პროცესებამდე, განმეორებით თვითნებით აბორტებამდე და უნაყოფობამდე მივყავართ. ჩამოთვლილ პათოლოგიებს შესაძლოა არაერთი სხვა მიზეზიც ჰქონდეთ. აშერმანის სინდრომს განსაკუთრებით მაშინ ეჭვობენ, თუ ნიშნები დილატაციისა და კიურეტაჟის შემდეგ მალევე ვლინდება. დაავადების დიაგნოსტიკისთვის დაგჭირდებათ ჰისტეროსკოპია, ჰისტეროგრაფია, ტრანსვაგინალური ულტრაბგერითი კვლევა, ასევე – სისხლის ანალიზი ტუბერკულოზისა და შისტოსომოზის გამოსარიცხად.

აშერმანის სინდრომიც ოპერაციულ მკურნალობას – შემაერთებელი ქსოვილის ამოკვეთას მოითხოვს. პროცედურა უმეტესად ჰისტეროსკოპიით ტარდება – საშვილოსნოს ყელში პატარა ინსტრუმენტები და კამერა შეაქვთ. ზოგჯერ საჭიროა რამდენიმე ჩარევა. ჰისტეროსკოპიულმა ჩარევამ, თუმცაღა ძალზე იშვიათად, შესაძლოა გამოიწვიოს სისხლდენა, საშვილოსნოს გახევა და მცირე მენჯის ღრუს ორგანოების ინფექცია.

აღდგება თუ არა შვილოსნობის ფუნქცია, სინდრომის სიმძიმესა და მკურნალობის სირთულეზეა დამოკიდებული. სამწუხაროდ, დასასრული ყოველთვის არ არის სახარბიელო. მიმართეთ ექიმს, თუ გინეკოლოგიური ან სამეანო პროცედურის შემდეგ მენსტრუალური ციკლი არ აღგიდგათ ან 12 თვის განმავლობაში რეგულარული დაუცველი სქესობრივი ცხოვრების შედეგად არ დაორსულდით.

 

გვანცა გოგოლაძე

გააზიარე: