ნუ დავკარგავთ ძვირფას დროს

გააზიარე:

დადგენილია, რომ როდესაც განვითარების პრობლემებს ადრეულ ასაკშივე ვუწევთ კორექციას, გვიადვილდება ბავშვის დამოუკიდებლობის ხარისხის გაზრდა, უკეთ ვამზადებთ მას სკოლამდელი თუ სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებისთვის და, საზოგადოდ, ხელს ვუწყობთ მის სოციალურ ინტეგრაციას. ამ მიზანს ემსახურება არასამთავრობო ორგანიზაცია “პირველი ნაბიჯი საქართველოს“ ადრეული ჩარევის პროგრამა. მართალია, პროგრამა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვისაა განკუთვნილი, მაგრამ მიდგომები, რომლებსაც აქ იყენებენ, ეფექტიანია ნებისმიერი ასაკის ბავშვის ჰარმონიული განვითარებისთვის. ამ საკითხებზე სასაუბროდ პროგრამის ხელმძღვანელს რუსუდან ბოჭორიშვილს ვეწვიეთ. 


 – ჩვენი ორგანიზაცია 1998 წელს დაფუძნდა. აქ განხორციელებული პროგრამები 0-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვებისთვისაა გამიზნული. ოჯახებს ვთავაზობთ სხვადასხვა ტიპის მომსახურებას: დღის ცენტრს, შინ მომსახურებას, მშობელთა გაძლიერებას, ბავშვის ინდივიდუალურ განვითარებას და სხვა. ადრეული ჩარევის პროგრამა, რომელიც ახლახან ამოქმედდა ჩვენთან, ბავშვთა ადრეული განვითარების ხელშეწყობას გულისხმობს. ამგვარ პროგრამებს დიდი ხანია აფასებენ მთელ მსოფლიოში, საქართველოში კი მას 2010-2011 წლებში ჩაეყარა საფუძველი. თუ განვითარების შეფერხების რისკის მქონე ბავშვი ადრეული ასაკიდანვე ჩაერთო ასეთ პროგრამაში, რისკი მინიმუმამდე შემცირდება.
სამწუხაროდ, ადრეული ჩარევის პროგრამის ამოქმედებამდე საქართველოში არც ეს სერვისი არსებობდა და არც იმის გამოცდილება და ცოდნა, რა უნდა გვეღონა ამგვარ შემთხვევებში, ამიტომ 5 წლამდე ასაკის განვითარების რისკის მქონე ბავშვებისთვის შესაბამისი მომსახურება არცთუ ხელმისაწვდომი იყო. დღესდღეობით ამ ტიპის მომსახურებას რამდენიმე ორგანიზაცია ეწევა თბილისსა და სხვა ქალაქებში – რუსთავში, ბათუმში, ქუთაისში. 

  • – როგორ ადგენენ, აქვს თუ არა ბავშვს განვითარების შეფერხების რისკი?

– ეჭვი შესაძლოა თავად მშობელს გაუჩნდეს. ყველა დედა აკვირდება შვილს, როგორ მიჰყვება ის თანატოლებს განვითარებაში, გარდა ამისა, ინტერნეტისა თუ სხვა წყაროების მეშვეობით დღეს ზღვა ინფორმაციაა ხელმისაწვდომი, რომლის მეშვეობითაც მშობელს შეუძლია, ბავშვის განვითარება შეაფასოს. ისეც ხდება, რომ რისკის შესახებ მშობლებს სამშობიაროში ან პოლიკლინკაში ამცნობენ. სულ რამდენიმე წლის წინ რეაგირება მხოლოდ განვითარების მკვეთრად გამოხატულ დარღვევებზე ხდებოდა, მსოფლიო და ჩვენი დღევანდელი გამოცდილება კი იმაზე მიგვანიშნებს, რომ ყურადღება იმ ბავშვებსაც უნდა მიექცეთ, რომლებსაც მცირედ აქვთ გამოხატული განვითარების შეფერხება, რათა ადრეულ ასაკშივე ან სრულიად მოვაგვაროთ ეს პრობლემა, ან ბავშვის შესაძლებლობები მაქსიმალურად განვავითაროთ. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩარევა სამ წლამდე. რა თქმა უნდა, ყურადღება მერეც აუცილებელია, მაგრამ შესაძლოა, ყველაზე მნიშვნელოვანი წლები დაიკარგოს, რადგან სამ წლამდე ბავშვის ნერვული სისტემა მეტად მოქნილია და ახლის მისაღებად მზაობა გაცილებით მაღალი აქვს, ვიდრე სამი წლის შემდეგ. განვითარების შეფერხება შესაძლოა სხვადასხვა სფეროს შეეხოს: მსხვილ და ნატიფ მოტორიკას, კოგნიტურ, საკომუნიკაციო (გარემოსთან ურთიერთობა, რეაგირება ხმებზე), სოციალურ-ემოციურ სფეროებს. ეს უკანასკნელი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან შესაძლოა, ბავშვი ფიზიკურად კარგად იყოს განვითარებული, დამოუკიდებლად გადაადგილდებოდეს მაგრამ ადეკვატურად არ რეაგირებდეს მოვლენებზე.


ზოგიერთ მშობელს ჰგონია, რომ ყველაფერი თავისთავად მოგვარდება. სამწუხაროდ, ექიმებიც ხშირად არასწორ რჩევას აძლევენ – სამი წლის გახდეს და მერე ვნახოთო. ასეთი მიდგომა დამღუპველია.

  • – ალბათ, ძნელია მშობლისთვის იმის აღიარება, რომ მისი შვილი შეზღუდული შესაძლებლობისაა...

– რა თქმა უნდა, ამას ყველა გაურბის, მაგრამ თუ მცირედი რისკი მაინც არსებობს, თვალის დახუჭვა არაფრით არ შეიძლება. შესაძლოა, სულ ცოტა წახმარება იყოს საჭირო, რომ ბავშვი წარმატებული, გონიერი და განვითარებული პიროვნება დადგეს.
ბავშვს, რომელსაც განვითარების მცირე პრობლემები აქვს, ხშირად უჭირს სწავლა. შესაძლოა, მშობელს ეს ბუნებრივად მიაჩნდეს, რადგან, ფაქტია, ზოგი ბავშვი კარგად სწავლობს, ზოგი – ცუდად. არად ეს ბავშვი ადრეულ ასაკში რომ შეგვეფასებინა, აუცილებლად გამოჩნდებოდა, რომ მას დახმარება სჭირდება და სათანადო ჩარევით სწავლის პრობლემასაც მოვაგვარებდით, ამას კი ბავშვისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან დაწყებით კლასებში წარმატება უმეტესად წარმატებული მომავლის საწინდარია.


ასე რომ, ადრეული ჩარევის პროგრამას დიდი მნიშვნელობა აქვს არა მხოლოდ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე, არამედ ჩვეულებრივი ბავშვებისთვისაც. მსოფლიოში ასეთ პროგრამებში ჩართულია ყველა ის ბავშვი, რომელსაც განვითარების შეფერსების რისკი აქვს. დღემდე საქართველოში არცთუ ხელმისაწვდომი იყო ბავშვის განვითარების შეფერხების რისკის გამოსავლენი კონკრეტული ინსტრუმენტები, რაზეც ამჟამად ჩვენი პარტნიორი ორგანიზაცია (ბავშვთა ნევროლოგთა ასოციაცია) მუშაობს. ისინი შეფასების ამ ინსტრუმენტს ქართულ სინამდვილეს არგებენ. შემდეგ იგი დაურიგდებათ პირველადი ჯანდაცვის ექიმებს, რომლებსაც ჩვილ და მცირე ასაკის ბავშვებთან აქვთ შეხება. მისი მეშვეობით შეფასდება ბავშვის განვითარების სხვადასხვა სფერო: კოგნიტური (შემეცნებისა და აზროვნებისა), სოციალური, ემოციური, კომუნიკაციური და სხვა, – ხოლო თუ რომელიმე კუთხით შეფერხება დადასტურდა, ექიმი პატარა პაციენტს შესაბამის პროგრამაში გადაამისამართებს შემდგომი შეფასებისა და ინტერვენციისთვის. 

  • – სახელდობრ, როგორ ხდება ბავშვის განვითარებაზე მუშაობა?

– ჩვენ გვყავს სპეციალისტთა გუნდი: ფსიქოლოგები, ოკუპაციური თერაპევტები, მეტყველების თერაპევტი და ადრეული ჩარევის სპეციალისტები, რომლებსაც ოჯახის მასწავლებლებსაც ვეძახით. ისინი მომზადებულნი არიან ადრეული ასაკის ბავშვებთან სამუშაოდ და დროული მომართვის შემთხვევაში ჩარევას მისი დაბადებიდანვე ახორციელებენ. 
ოკუპაციური თერაპევტი უკვე აღარ არის ახალი ხილი, მაგრამ ჯერ კიდევ ბევრმა არ იცის ამ პროფესიის მნიშვნელობა. ადრეული ასაკის ბავშვებთან მუშაობისას ოკუპაციური თერაპევტი ეხმარება მათ გარემოსთან შეგუებასა და ადაპტაციაში, ფიზიკურ განვითარებაში, ასწავლის, როგორ მოარგონ გარემო საკუთარ საჭიროებებს. ჩვენს პროგრამაში ოკუპაციური თერაპევტი მეტად მნიშვნელოვან როლს ასრულებს. 
ადრეული ასაკის ბავშვების მომსახურება უმთავრესად ბავშვთა სახლში ხორციელდება. ბავშვს ჯერ ვაფასებთ, მერე კი მუშაობის ინდივიდუალურ გეგმას ვსახავთ. ამ ასაკში (დაბადებიდან სამ წლამდე) ძალიან მნიშვნელოვანია ინტენსიური მუშაობა, რაც ადრეული ჩარევის სპეციალისტთან ერთად უმთავრესად მშობელს უწევს. ჩვენი სპეციალისტი კვირაში ორჯერ თითო საათს მუშაობს, მაგრამ ეს არ კმარა; თუ მშობელმაც არ გამოიყენა იგივე მეთოდიკა, ეფექტს ვერ მიიღებს. ადრეული ჩარევის სპეციალისტის დახმარებით დედ-მამა ბავშვთან ურთიერთობასაც სწავლობს, რადგან ბავშვის ფსიქოემოციური განვითარებისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს მშობლის მხრივ სწორ ემოციურ კონტაქტს, სათანადო საკომუნიკაციო გარემოს. ეს არ ნიშნავს, რომ მშობელი გამუდმებით მუშაობს ბავშვთან – ეს გულისხმობს სწორი აღზრდის მეთოდების დანერგვას ყოველდღიურობაში, რუტინულ აქტივობაში. 

  • – იქნებ ეს მიდგომები ჩვენს მკითხველსაც გავაცნოთ...

– დიახ, ეს რეკომენდაციები ნებისმიერი მშობლისთვის გამოსადეგია – განურჩევლად იმისა, აქვს თუ არა ბავშვს განვითარების დარღვევა, ისინი ხელს შეუწყობენ ბავშვის ჰარმონიულ განვითარებას:
* მუდამ ესაუბრეთ ბავშვს; 
* ყოველთვის გაახმოვანეთ ის ქმედება, რომელსაც ასრულებთ ბავშვთან ერთად ან მის გარემოცვაში, ეცადეთ, ჩვილობიდანვე აუხსნათ, რა ხდება მის გარშემო; 
* ხშირად გამოამჟღავნეთ პოზიტიური ემოცია; 
* ასწავლეთ, რომ თქვენი მხრივ ემოციური უკუკავშირისგან თავის შეკავება იმას ნიშნავს, რომ მისი ქცევა თქვენთვის მისაღები არ არის;
* ცუდი საქციელისთვის არამც და არამც არ გაუჯავრდეთ, არ დასაჯოთ, უბრალოდ იმ მომენტში შეწყვიტეთ მასთან პოზიტიური ურთიერთობა.
ხშირად უფროსები არასასურველ საქციელს წაახალისებენ ხოლმე. ტიპური მაგალითია, როდესაც ბაბუას ბავშვი ხელში უჭირავს, ის თავზე ხელებს უტყაპუნებს, ბაბუა კი იცინის. ბავშვი ვერ ხვდება, რომ ცუდად იქცევა და მიაჩნია, რაკი ბაბუა იცინის, ესე იგი მოსწონს. მის აღქმაში ყალიბდება არასწორი კავშირი, რომ ეს წასახალისებელი ქცევაა.
მეორე მაგალითი: ხშირად წააწყდებით შემთხვევას, როც ბავშვი უხამს სიტყვებს წარმოთქვამს, უფროსები კი აღტაცებას გამოხატავენ, ზოგჯერ ასწავლიან კიდეც. მერე გვიკვირს, რატომ ხმარობს ბავშვი ცუდ სიტყვებს. ამიტომ თავიდანვე სწორი უკუკავშირი ძალიან მნიშვნელოვანია. კიდევ ერთი მაგალითი ყოველდღიური ცხოვრებიდან: როდესაც ბავშვი ტიკტიკებს, მშობელი ხშირად არც კი აქცევს ყურადღებას; ბავშვი რეაქციას იღებს მხოლოდ მაშინ, როდესაც ტირილს იწყებს. ამის კვალობა
ზე, ბავშვი სწავლობს: მშობლის ყურადღება რომ მიიპყროს, უნდა იტიროს. თუ მშობელს ვეტყვით, სწორი რეაგირება მოახდინოს შვილის ტიკტიკზე, ბავშვიც ჩვილობიდანვე ისწავლის, რა არის სასურველი ქცევა და მართებული დამოკიდებულებები ჩამოუყალიბდება.
ჩვენთან ბევრ რამეს სწავლობენ მშობლები, ჩვენი პროგრამა მათ საკუთარი თავის, ქცევის შეცვლაში ეხმარება. ის ჩვენც დიდ დახმარებს გვიწევს, რადგან ბავშვებისგან გამუდმებით ვსწავლობთ რაღაც ახალს.
ბავშვთან ბინაზე მუშაობა იმის გამოც არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ პროცესში მთელი ოჯახი ერთვება: ბაბუა, ბებია, მამა, და-ძმა... ბავშვს ვთავაზობთ თამაშებს, რომელშიც და-ძმაც მონაწილეობენ, სწავლობენ სწორი სოციალური ურთიერთობების დამყარებას. ვფიქრობ, ეს პროგრამა მთელ ოჯახს წაადგება.

  • – როგორ იღებენ ბავშვები იმ ფაქტს, რომ მათ დას ან ძმას შეზღუდული შესაძლებლობები აქვს? 

– ამ დროს ხშირად თავად მშობლებს აქვთ მძიმე ემოციური რეაქცია, ამიტომ თავდაპირველად არ იციან, როგორ მიაწოდონ ეს ინფორმაცია ბავშვის და-ძმას. არადა განსაკუთრებული აარფერია არ არის საჭირო, ბავშვები ყველაფერს ისე იღებენ, როგორც არის. რეალობა რეალობაა და მას არ სჭირდება ახსნა-განმარტება, სანამ კითხვას არ დასვამენ. თუ მშობელი მიიღებს ბავშვს, როგორიც არის, არც დედმამიშვილს გაუჭირდება; თუ თვითონ მშობელი მძიმე განწყობით ეკიდება ამას, ბავშვიც გრძნობს, რომ რაღაც უთქმელია და მძიმდება. ყველას უყვარს საკუთარი შვილი, უბრალოდ უნდა მიიღოს ისეთი, როგორიც არის და ამ პერსპექტივიდან დაიწყოს იმაზე ზრუნვა, რა შეიძლება გააკეთოს მისთვის.


როდესაც მოქმედებას დავიწყებთ და მივხვდებით, წინსვლა დიდია, ძალიან გვიხარია. სპეციფიკური დარღვევებისა და საჭიროების გათვალისწინებით, ტარდება ფიზიკური, კოგნიტური განვითარების ხელშომწყობი სპეციალური ვარჯიშები, ჩვენი სპეციალისტები რეკომენდაციებს წერენ, მიდიან მშობლებთან და უხსნიან მათ, რა გააკეთონ, მეტყველების თერაპევტი მეტყველების განვითარების მეთოდებს იშველიებს. ვასწავლით ბავშვს ალტერნატიული კომუნიკაციის მეთოდებს, ვუვითარებთ დამოუკიდებელი ცხოვრების უნარ-ჩვევებს, ფსიქოლოგი ემოციური სფეროს განვითაებაზე ზრუნავს, ქცევითი პრობლემების მართვაში ეხმარება მშობელს და ასე. ამიტომ ოჯახებში, რომლებიც ადრევე ჩაერთნენ ჩვენს პროგრამაში, გაცილებით უკეთესი ვითარებაა, ვიდრე მათთან, რომელთაც 7-8 წლამდე არანაირი მომსახურება არ მიუღით. ისინი ხშირად აღნიშანვენ, რამხელა ბედნიერება იქნებოდა, რომ ვინმეს საწყის ეტაპზე გაეწია მხარდაჭერა და ესწავლებინა, როგორ უნდა შეგვეწყო ხელი ჩვენი შვილის განვითარებისთვის. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ადრეულ ჩარევას, ამიტომ თუ მშობელს რაიმე არ მოეწონა ბავშვის განვითარებაში, ნუ დაუელოდება მოვლენების შემდგომ განვითარებას, დროულად მოგვმართოს ჩვენ და ჩვენნარ ორგანიზაციებს ბავშვის შეფასებისა და განვითარების ხელშეწყობისთვის.

გააზიარე: