ჯადოსნური ტალღები და რუჯი

გააზიარე:

მთაში თუ ზღვაზე? – ეს ზაფხულის ყველაზე აქტუალური კითხვაა. თუ ჯერაც არ მოგიფიქრებიათ პასუხი, მოდი, ამჯერად ზღვაზე წავიდეთ, შავ ზღვაზე.
აჭარაში ჩასვლა 30 წუთშიც შეიძლება, 6 საათშიც და10 საათშიც. არჩევანი თქვენზეა – თუ საჰაერო გზებს აირჩევთ, ყველაზე მალე ჩახვალთ, თუ სარკინიგზოს – 10 საათი დაგჭირდებათ, თუ ავტომანქანას ამჯობინებთ – ექვსი. გზად გურიას გაივლით, ასე რომ, შეგიძლიათ, ურეკს ესტუმროთ. თუ აქ დარჩენას გადაწყვეტთ, ღამის გასათევის პოვნა არ გაგიჭირდებათ. კერძო სახლში ოთახის საფასური 10 ლარიდან იწყება, სასტუმროებში კი 20 ლარიდან. აქ მრავლადაა ღამის კლუბები და სხვა გასართობი დაწესებულებებიც. ცხენითაც იჯირითებთ და უგემრიელეს ჭყინტ სიმინდსაც მიირთმევთ.
თუ ექსტრემალური გართობა გიზიდავთ, გირჩევთ, პარკ “ციცინათელაში” წახვიდეთ, რომელიც ურეკისა და ქობულეთის გასაყართან მდებარეობს. პარკში შესვლა უფასოა, ატრაქციონებს კი სხვადასხვა ფასი აქვს. ეს პარკი საუკეთესო გასართობია პატარებისთვის.
მოდი, ქობულეთში გადავინაცვლოთ. აქ ყოველთვის ხალხმრავლობაა. ცენტრალური დავით აღმაშენებლის ქუჩა დამსვენებლებითაა გაჭედილი, ასე რომ, გირჩევთ, ბინის დაქირავება იჩქაროთ. ღამის ცხოვრება ქობულეთშიც ჩქეფს. 


ბათუმი, აჭარის დედაქალაქი, ჭეშმარიტად ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული ცენტრია. დარწმუნებული ვარ, თქვენც მოგიკრავთ ყური მითქმა-მოთქმას ქალაქის ახალი ელფერის შესახებ. მაინც ჯობია, თავად ნახოთ და განსაჯოთ ახალფერნაცვალი ქალაქი. აქ მდებარეობს საქართველოს ერთ-ერთი უდიდესი პორტი. აქვეა საზღვაო უნივერსიტეტი, რომელიც მომავალ მატროსებს მსოფლიოს ზღვებში სამოგზაუროდ ამზადებს. შეუდარებელია ბათუმის ბულვარი, სადაც სპეციალურ ტრენაჟორებზეც ივარჯიშებთ, ნაირ-ნაირ საქანელებზეც იქანავებთ, ველოსიპედითაც ისეირნებთ… რაც შეეხება სამზარეულოს, ბათუმში, სანაპირო ზოლზეც და ქალაქის სიღრმეშიც, თითქმის ყველა ქვეყნის ტრადიციულ კერძებს დააგემოვნებთ. აუცილებლად გასინჯეთ ადგილობრივი ბაქლავა – ნიგვზის ან თხილისგან მომზადებული ნუგბარი. არ დაგავიწყდეთ აჭარული ხაჭაპური, რომელსაც ასეთი გემო მხოლოდ აქ, ბათუმში აქვს და, რაღა თქმა უნდა, თევზი. ამ უკანასკნელს ბათუმში ახალდაჭერილს, ნაირ-ნაირი რეცეპტით დამზადებულს შემოგთავაზებენ.  აუცილებლად ესტუმრეთ დელფინარიუმს (შესვლა 5-დან 10 ლარამდე დაგიჯდებათ), ბათუმის არქეოლოგიურ მუზეუმს, მოინახულეთ ღვთისმშობლის სახელობის საკათედრო ტაძარი, დაბრუნდით ბავშვობაში – ნახეთ თოჯინების თეატრის სპექტაკლი, არ გამოტოვოთ სპეკტაკლები ილია ჭავჭავაძის სახელობის ბათუმის სახელმწიფო თეატრში. 


თუ ბუნების წიაღში ხეტიალი გიყვართ, უთუოდ მოინახულეთ ბათუმის ბოტანიკური ბაღი. 
ჯირითი გიტაცებთ? – არც ამ საიმოვნებას მოაკლდებით. ჩოგბურთის თამაში მოგინდათ? – ბათუმის კორტი თქვენს მისაღებად ყოველთვის მზად არის… 
გარდა იმისა, რომ ზაფხული ყოველდღიური საზრუნავისგან თავის დაღწევისა და განტვირთვისთვის საუკეთესო დროა, თურმე შესაძლებელია, დასვენება ისე დავგეგმოთ, რომ ენერგიასა და სულიერ წონასწორობასთან ერთად ჯანმრთელობაც აღვიდგინოთ. წინა ნომრებში ჩვენ გაგაცანით მთის კურორტები, მათი სამკურნალო პოტენციალი, ჩვენებები და უკუჩვენებები. ამჯერად თქვენს ყურადღებას საზღვაო კურორტებზე შევაჩერებთ. ერთად გავიგოთ, როგორია ზღვაზე დასვენების წესები, რა განსხვავებაა საქართველოს საზღვაო კურორტებს შორის, რომელი დაავადებების დროს შეიძლება ან არ შეიძლება იქ გამგზავრება, ერთი სიტყვით, როგორ მივიღოთ ზღვაზე დასვენებისგან მაქსიმალური სარგებლობა. ამ საკითხებზე “თბილისი-შPA-ს”, ჯანმრთელობისა და სამედიცინო რეაბილიტაციის ეროვნული სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის ექიმ კურორტოლოგს, მედიცინის აკადემიურ დოქტორ მანანა ტაბიძეს ვესაუბრეთ.


თალასოთერაპია – ასე ეწოდება ზღვაზე მკურნალობას. ეს ცნება აეროთერაპიას, ჰელიოთერაპიას, ზღვაში ბანაობას და ზოგ შემთხვევაში ქვიშის აბაზანებს აერთიანებს. როგორც ხედავთ, ზღვაზე მკურნალობა მხოლოდ ზღვის წყლის ზემოქმედებას არ გულისხმობს – ის გაცილებით ფართო ცნებაა. ზღვის ჰავა ერთ-ერთი ძლიერი გამაჯანსაღებელი ფაქტორია, რომელიც ჩვენს ორგანიზმში სასიკეთო ცვლილებების მთელ კასკადს რთავს.
– ზღვის ჰაერი გაცილებით სუფთა და გამჭვირვალეა, ვიდრე ხმელეთისა, – გვიხსნის ქალბატონი მანანა, – მისი მთავარი განმასხვავებელი ნიშანი მაღალი ატმოსფერული წნევა და, შესაბამისად, ჟანგბადის მაღალი პარციალური წნევაა. ზღვის ჰაერი უფრო ადვილად ატარებს მზის სხივებს, გაჯერებულია ზღვის მარილებით, რომლებიც შეიცავს ნატრიუმს, კალციუმს, ბრომსა და იოდს. მისთვის დამახასიათებელია ჰაერის მაღალი იონიზაცია უარყოფითი იონების სიჭარბით. ამრიგად, შეიძლება ითქვას, რომ ზღვის სანაპირო გიგანტური ინჰალატორია, სადაც ადამიანი ბუნებრივ მარილიან აეროიონიან და ჰიდროიონიან ინჰალაციებს იღებს. ამის კვალობაზე, ზღვაზე დასვენებისას უმნიშვნელოვანესია აეროთერაპიის ჩატარება, რაც დასვენების, მკურნალობისა და პროფილაქტიკის მიზნით სუფთა ჰაერის გამოყენებას გულისხმობს. მართალია, დღეს სპეციალური აერარიუმები, აეროსოლარიუმები აღარ არსებობს, მაგრამ დამსვენებლებს უამისოდაც შეუძლიათ აეროთერაპიის ეფექტის მიღება. ამისთვის რაც შეიძლება მეტი უნდა ისეირნონ სუფთა ჰაერზე, თუმცა, ცხადია, უნდა ერიდონ მზის სხივების პირდაპირ ზემოქმედებას და შუადღე ჩრდილში გაატარონ. აქტიური აეროთერაპიაა ჰაერის აბაზანა, რომელიც გულისხმობს შიშველ სხეულზე ჰაერის უშუალო ზემოქმედებას. აბაზანის მიღებისას სხეულის ესა თუ ის მიდამო გაშიშვლებულია, მაგრამ თავი აუცილებლად დაცული უნდა იყოს მზის სხივებისგან. ჰაერის აბაზანები განსაკუთრებით სასარგებლოა ბავშვებისთვის.


შავი ზღვის სანაპიროს კლიმატურ კურორტებზე კლიმატოთერაპია ნაჩვენებია გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების, გულის იშემიური დაავადების I-II ფუნქციური კლასის, სხვადასხვა ეტიოლოგიის მიოკარდიოდისტროფიის, ობსტრუქციული სინდრომის გარეშე მიმდინარე სასუნთქი სისტემის დაავადებების დროს; უკუნაჩვენებია ბრონქოექტაზიების, ბრონქული ასთმის, სპონტანური პნევმოთორაქსის, ჩირქოვანი პროცესების, გულის უკმარისობის III-IV ფუნქციური კლასის დროს.
ზღვაზე დასვენებისას, ცხადია, არანაკლები მნიშვნელობა ენიჭება მზის აბაზანებს. სამწუხაროდ, დღეს მათ ყოველგვარი წესის დარღვევით იღებენ. არადა, მზით ჭარბმა დასხივებამ შესაძლოა სავალალო შედეგები გამოიღოს. ექიმი გირჩევთ, მზეზე ყოფნის დრო ნელ-ნელა, დოზირებულად გაზარდოთ. მაგალითად, დაიწყოთ ხუთწუთიანი აბაზანებით და ყოველდღე დაამატოთ ხუთ-ხუთი წუთი. გაითვალისწინეთ, მზის გულზე ყოფნა დღე-ღამეში 25-30 წუთზე მეტხანს არ შეიძლება. აუცილებელია ქუდი. და არამც და არამც არ შეიძლება მზეზე ყოფნა 13-დან 17 საათამდე. 
ცხადია, მკურნალობის მნიშვნელოვანი მეთოდია ზღვაში ბანაობა. ზღვის წყალი მრავალ სასარგებლო ნივთიერებას შეიცავს, რომლებიც მობანავის სხეულში კანიდან აღწევს და იწვევს ორგანიზმში დადებით ძვრებს. ზღვაში ბანაობა უნდა დაიწყოთ აკლიმატიზაციის შემდეგ (ამას 2-3 დღე დასჭირდება) და ამ დროსაც დატვირთვა ნელ-ნელა გაზარდოთ. დღეში 2-3-ჯერ ბანაობა საკმარისია, ჯამში დაახლოებით 60 წუთის განმავლობაში. აქ, რა თქმა უნდა, არ ვგულისხმობთ კარგად ნავარჯიშევ პირებსა და სპორტსმენებს. ზღვაში ბანაობა უკუნაჩვენებია ცხელების, ბრონქული ასთმის, ეპილეფსიის, სხვადასხვა დაავადების მწვავე სტადიაში, ცენტრალური ნერვული სისტემის დაავადებებისა და ტრავმების, ქსოვილებისა და ორგანოების დეკომპენსირებული მდგომარეობების დროს. 


საინტერესოა, რა განსხვავებაა მთაში დასვენებასა და ზღვაზე დასვენებას შორის და როგორია დასვენების ოპტიმალური თანმიმდევრობა. როგორც ექიმმა აგვიხსნა, მთაში და ზღვაზე დასვენება მნიშვნელოვნად განსხვავდება ერთმანეთისგან. ზღვის დონიდან რაც უფრო მაღლა მდებარეობს ადგილი, მით უფრო დაბალია ჟანგბადის პარციალური წნევა, ჰაერი გაიშვიათებულია, მზის რადიაციის ინტენსივობა მაღალია, ხოლო ატმოსფერული წნევა – დაბალი. ყოველივე ეს ორგანიზმს სერიოზულ გამოცდას უწყობს. სწორედ ამ პირობებთან გამკლავება აკაჟებს სხეულს. ამიტომაც მთის ჰავას მატრენირებელი ზემოქმედება აქვს. ზღვის კლიმატი კი გაცილებით რბილია და დამზოგველი. ასე რომ, უმჯობესია, ჯერ მთაში დაისვენოთ, გაკაჟდეთ, მერე კი ზღვაზე დასვენებით დატკბეთ. გარდა ამისა, თუ მთაში დასვენებისგან ეფექტის მისაღებად სამი კვირა მაინცაა საჭირო, ზღვაზე თოთხმეტდღიანი დასვენებაც საკმარისია.


არსებობს მოსაზრება, რომ ყველაზე სასარგებლო ზღვაზე სექტემბერში დასვენებაა. ამის შესახებ ექიმსაც ვკითხეთ. როგორც მან გვითხრა, ზღვაზე დასვენების სეზონი, საზოგადოდ, ივნისის მეორე ნახევრიდან სექტემბრის ჩათვლით გრძელდება. ამ ხნის განმავლობაში სამედიცინო კუთხით არც ერთ თვეს განსაკუთრებული მნიშვნელობა არ აქვს. სექტემბერი კი იმ თვალსაზრისით არის კარგი, რომ შავი ზღვის სანაპიროზე, სადაც ნოტიო, სუბტროპიკული ჰავაა, აგვისტოს მეორე ნახევარში უხვი ნალექი მოდის, ამიტომ ზღვაზე სექტემბერის პირველ ნახევარში წასვლა ჯობია – ცუდი ამინდების ალბათობა საგრძნობლად იკლებს.
დიდი როლი ეკისრება მკურნალობის სხვადასხვა სახის კომბინირებისას თანმიმდევრობის დაცვას. ზღვაზე დასვენებისას ექიმი დღის ასეთ რეჟიმს გირჩევთ:
* დილის ჰიგიენური პროცედურები და მსუბუქი საუზმე; 
* ჰაერისა და მზისა აბაზანები პლაჟზე;
* ჩრდილში დასვენება;
* ზღვაში ბანაობა, ჩრდილში დასვენება;
* ქვიშის აბაზანები (თუ არის ამის საშუალება), ჩრდილში დასვენება;
* შხაპის მიღება;
* დასვენება შენობაში. 

აღნიშნულ პროცედურებს დრო დილის 8 საათიდან შუადღემდე – 12-13 საათამდე – უნდა დაეთმოს. დღის შუა მონაკვეთი შენობაში ან ჩრდილში უნდა გაატაროთ, 18 საათიდან კი კვლავ გაიმეოროთ აღნიშნული პროცედურები. ცხადია, აღნიშნული თანმიმდევრობა ეხება ზაფხულს, ზამთარში ზღვაზე დასვენება კი მხოლოდ აეროთერაპიას გულისხმობს.


ძალიან სასარგებლოა ზღვის ნაპირზე ძილიც. ეს კურორტული მკურნალობის ერთ-ერთი სახეობაა და თუ კლიმატი და ორგანიზმის საერთო მდგომარეობა ხელს გიწყობთ, შეგიძლიათ, ღამე ზღვის ნაპირას გაატაროთ.
საქართველო ზღვისპირა კლიმატური კურორტებით მდიდარი ქვეყანაა. მათ მიეკუთვნება აჭარისა და გურიის რეგიონის კურორტები: ბათუმი (5 მ ზღვის დონიდან), ქობულეთი (5 მ), მწვანე კონცხი (90 მ), ციხისძირი (50 მ), გრიგოლეთი (4 მ), შეკვეთილი (2-6 მ), ურეკი (2-10 მ). აღნიშნულ კურორტებს შორის სამკურნალო თვალსაზრისით, მნიშვნელოვანი განსხვავება არ არის, ასე რომ, შეგიძლიათ, დასასვენებელი ადგილი გემოვნებისამებრ შეარჩიოთ. გამონაკლისია მხოლოდ ურეკი-გრიგოლეთის ზღვისპირა სანაპირო ზოლი, სადაც უნიკალური, განსაკუთრებული სამკურნალო თვისებების მქონე, მაგნეტიტით მდიდარი ქვიშაა. ქვიშა ურეკის სავიზიტო ბარათი გახლავთ. ეს ქვიშა მდინარე სუფსას ჩამოაქვს. ასე იქმნება 11კმ სიგრძის და 30-50მ. სიგანის მაგნეტიტით გაჯერებული ქვიშის ზღვისპირა ზოლი. ქ-ნი მანანა და საქართველოს კურორტოლოგიისა და ფიზიოთერაპიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის თანამშრომლები (თბილისი-შPA, ჯანმრთელობის და სამედიცინო რეაბილიტაციის ეროვნული სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრი) წლობით აწარმოებდნენ ურეკის ქვიშის სამკურნალო პოტენციალის კვლევასა და დაკვირვებას. მათმა გამოკვლევებმა დაადასტურა, რომ ურეკის ქვიშა მხოლოდ ზოგადგამაჯანსაღებელ ეფექტს კი არ ახდენს, არამედ დიდი ეფექტურობით გამოიყენება გულ-სისხლძარღვთა სისტემის, ნერვული სისტემის, პერიფერიული სისხლძარღვებისა და საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის დაავადებების სამკურნალოდაც. ამ კურორტზე სადღეღამისო აეროთერაპიის, ჰაერისა და მზის აბაზანების, ზღვისა და მაგნეტიტური ქვიშის აბაზანების კომპლექსური გამოყენება ჯანმრთელებში აწესრიგებს აღგზნებისა და შეკავების პროცესებს, აძლიერებს ორგანიზმის არასპეციფიკურ  რეზისტენტობას და იმუნობიოლოგიურ რეაქტიულობას, ზრდის შრომისუნარიანობას, აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას და გარემოს არასასურველი პირობების მიმართ ადაპტაციურ რეაქციებს. საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის დაავადებების დროს ის ახდენს ანთების საწინააღმდეგო მოქმედებას, ამსუბუქებს ან აქრობს დაზიანებული სახსრის ტკივილს, ზრდის მოძრაობის ამპლიტუდას. ალიმენტური (კვებისმიერი) სიმსუქნის დროს აქაური სამკურნალო ფაქტორები დადებითად მოქმედებს კუჭუკანა ჯირკვლის, ღვიძლის, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციებზე, აუმჯობესებს ორგანიზმში მიმდინარე ჟანგვა-აღდგენით პროცესებს, რაც იწვევს წონის კლებას და კლინიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას. ურეკის სამკურნალო ფაქტორები დადებითად მოქმედებს ქვესა კიდურების მაობლიტერირებელი ათეროსკლეროზის, მსუბუქი ფორმის ენდარტერიიტებისა და ქვედა კიდურების ქრონიკული თრომბოფლებიტების დროს, ასუსტებს დაზიანებული კიდურების ტკივილს, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, აღადგენს ქსოვილთა კვებას. ურეკი ძალიან სასარგებლოა ესენციური ჰიპერტენზიის მქონე პაციენტებისთვისაც (ჯმო-ს კლასიფიკაციით, I-II სტადია) – აქ დასვენების დროს ქვეითდება სისხლძარღვთა საერთო პერიფერიული წინააღმდეგობა, რაც ნორმამდეც კი ამცირებს სისტოლურ და დიასტოლურ წნევას. ფილტვების ქრონიკული არაობსტრუქციული დაავადებების დროს ურეკის ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორები ასუსტებს ანთებით პროცესებს ფილტვებსა და ბრონქებში, ამცირებს და აქრობს კიდეც სენსიბილიზაციას, აწესრიგებს სუნთქვიის ფუნქციას და ა.შ.


ქვიშის აბაზანები ტარდება მშრალ, მზიან ამინდში. პაციენტს ათავსებენ წინასწარ ამოთხრილ ორმოში, აყრიან გამთბარ ქვიშას (თავისუფალი რჩება მხოლოდ გულმკერდი) და თავზე ქუდს ახურავენ. ქვიშის აბაზანების ხანგრძლივობა, პაციენტის მდგომარეობის მიხედვით, 5-დან 20 წუთამდე მერყეობს. ქვიშას საკმაოდ მაღალი ტემპერატურა აქვს (50 0C და მეტი), მისი მოქმედების მექანიზმიც, ერთი მხრივ, ორგანიზმზე სითბური ზემოქმედებით ვლინდება, მეორე მხრივ კი ის შეიცავს მინერალ მაგნეტიტს, რომლის საშუალებითაც იქმნება მცირე ინტენსივობის ბუნებრივი მაგნიტური ველი, რაც დამატებითი სამკურნალო ფაქტორია. აბაზანის შემდეგ პაციენტმა უნდა შეიმშრალოს ტანი და დაისვენოს ჩრდილში. თუ ოფლი სდის, ისვენებს ოფლდენის სრულ შეწყვეტამდე, თუ არა – 20-30 წუთი, ამის შემდეგ იღებს თბილ შხაპს და დასვენებას შენობაში აგრძელებს. 
როგორც ხედავთ, ურეკი მართლაც უნიკალური პოტენციალის მქონე კურორტია. თბილი ზღვა, მაგნიტური თვისებების მქონე წვრილი და ნაზმარცვლოვანი სანაპირო ქვიშა, ზღვისპირა კლიმატი, ტემპერატურის დღიური და სადღეღამისო მერყეობის მცირე ამპლიტუდა, ჰაერი, რომელშიც არ არის პათოგენური ბაქტერიები და მდიდარია ჟანგბადით, გაჯერებულია ზღვის მარილების უწვრილესი კრისტალებით, ჭარბად შეიცავს ოზონს და მსუბუქ აეროიონებს – ყოველივე ეს შესანიშნავ პირობებს ქმნის კურორტზე აქტიური დასვენებისა და მკურნალობისთვის.
ჯერ კიდევ ყოყმანობთ? ნუთუ ეს მიზეზები საკმარისი არ არის, რომ უბრალოდ ჩაალაგოთ ჩემოდანი და ზღვაზე წახვიდეთ?

გააზიარე: