ჰერპესი – უბრალო ბუშტუკი თუ საშიში ინფექცია
გააზიარე:
ჩვენი მკითხველისთვის არაერთხელ მოგვიყოლია ორსულთათვის საშიშ ინფექციებზე, რომლებსაც TORCH კომპლექსად აერთიანებენ. ამჯერად ჰერპესის შესახებ მოგითხრობთ. ჰერპესის ჯგუფში ასობით გამომწვევი შედის, მაგრამ ადამიანის დასნებოვნება მხოლოდ რვა მათგანს შეუძლია. ეგებ არ იცოდეთ, რომ, გარდა მარტივი ჰერპესისა, სწორედ ჰერპესვირუსების ჯგუფს მიეკუთვნება ჩუტყვავილას, სარტყლისებრი ლიქენის, ინფექციური მონონუკლეოზისა და ციტომეგალოვირუსის გამომწვევებიც. როგორც ხედავთ, TORCH კომპლექსში, რომელიც სულ ოთხ დაავადებას მოიცავს, ორი – ჰერპესი და ციტომეგალოვირუსი – ჰერპესვირუსითაა გამოწვეული. ასე რომ, ამ ვირუსებს უდავოდ “საპატიო” ადგილი უკავიათ განსაკუთრებით საშიშ ინფექციათა შორის. არადა, ტუჩზე ჰერპესული გამონაყარი თითქმის ყოველ მეორეს აქვს. რამდენად საშიშია ეს, როგორ ამოვიცნოთ ჰერპესი და შესაძლებელია თუ არა მისგან განკურნება? გვესაუბრება ჩაჩავას კლინიკის ექიმი გინეკოლოგი თამთა ჯაფარიძე.
– ჰერპესი ვირუსთა ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ჯგუფია. ამ ჯგუფიდან ყველაზე ხშირად პირველი ტიპის, ე.წ. მარტივი ჰერპესვირუსი გვხვდება. ის მოსახლეობის დაახლოებით 90%-ს აქვს. ამ ვირუსით ინფიცირება უმეტესად ტუჩის არეში გამონაყარით ვლინდება. ჩვენთვის მეტად საყურადღებო კი მეორე ტიპის, ე.წ. გენიტალური ჰერპესია. ამ ვირუსით მოსახლეობის 20-25 პროცენტია ინფიცირებული და მისით ინფიცირება ორსულობის სხვადასხვა ეტაპზე ნაყოფის სხვადასხვაგვარ დაზიანებას იწვევს. ჰერპესის ჯგუფში შედის მრავალი სხვა გამომწვევიც, რომელთაც სპეციფიკური სტრუქტურა აქვთ და სხვადასხვა დაავადებას იწვევენ.
- – შესაძლოა თუ არა, ერთი ტიპის ჰერპესით დასნებოვნებამ მეორე ტიპის სიმპტომატიკა გამოიწვიოს? მაგალითად, ტუჩზე ჰერპესული გამონაყარი ყოველთვის საშიშია?
– ტუჩზე გამონაყარი პირველი ტიპით ინფიცირებაზე მიუთითებს, გენიტალურ ჰერპესთან მას კავშირი არ აქვს. პირველი და მეორე ტიპის ჰერპესვირუსები ორი სხვადასხვა, ერთმანეთისგან სრულიად დამოუკიდებელი გამომწვევია. ძალიან უხეშად რომ ვთქვათ, პირველი ორგანიზმს წელს ზემოთ აზიანებს, მეორე – წელს ქვემოთ. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ იშვიათად გენიტალურ ჰერპესს პირველი ტიპის ვირუსიც იწვევს, მეორე ტიპისა კი ტუჩის ინფექციას – არასოდეს. ამასთანავე, გასათვალისწინებელია, რომ ნაყოფის ჩასახვამდე გამოვლენილი ინფექცია ნაკლებად საშიშია, ვიდრე ორსულობისას პირველადი ინფიცირება. ორსულისთვის ნებისმიერი ტიპის ჰერპესვირუსით პირველადი ინფიცირება საშიშია.
- – როგორ ხდება ჰერპესვირუსით დასნებოვნება?
– ჰერპესის ვირუსი ადამიანისგან ადამიანს გადაეცემა. დაავადების გადაცემის ოთხი გზა არსებობს: ჰაერწვეთოვანი, კონტაქტური, სქესობრივი და ვერტიკალური (დედისგან შვილზე გადაცემა). ჩვენთვის ჰერპესი ამ უკანასკნელი გზის გამოა საყურადღებო. გენიტალური (სქესობრივი) ტრაქტიდან აღმავალმა ინფექციამ შესაძლოა დააზიანოს და განვლოს პლაცენტური ბარიერი და ავნოს ნაყოფს. ინფიცირება შესაძლოა მოხდეს როგორც მუცლად ყოფნის ნებისმიერ ვადაზე, ისე მშობიარობის დროსაც, თუ იმ მომენტში დედას მწვავე ჰერპესული ინფექცია აქვს. დაავადების განვითარება პირდაპირ კავშირშია იმუნიტეტის დაქვეითებასთან. ალბათ შეგიმჩნევიათ, ტუჩზე ჰერპესული გამონაყარი უმეტესად გაციებისას ჩნდება. ამ დროს ორგანიზმის წინააღმდეგობის უნარი იკლებს და მას ყოველგვარი ინფექცია ადვილად ერევა, მათ შორის – ჰერპესიც. რატომ გამოვარჩევთ ორსულებს? ორსულობა, როგორც წესი, იმუნოდეპრესიული მდგომარეობაა. სწორედ ეს იმუნოსუპრესია ქმნის ნაყოფის განვითარებისთვის ოპტიმალურ პირობებს – რაკი ნაყოფი, მიუხედავად დედის უდიდესი სიყვარულისა, მისთვის მაინც უცხო სხეულია, ორსულობისას იმუნიტეტი სუსტდება, რათა ქალის ორგანიზმმა ბავშვი არ მოიცილოს. ეს ორსულობისთვის ფიზიოლოგიური, ნორმალური მდგომარეობა სხვადასხვა პათოგენური მიკრობის გააქტიურებისთვის ძალიან ნოყიერ ნიადაგს ქმნის. ერთ-ერთი ასეთი მიკროორგანიზმია ჰერპესის ვირუსიც, რომელიც ამ მდგომარეობაში თავს ძალიან კომფორტულად გრნობს. ჰერპესული ინფქეციისადმი ორგანიზმის მიმღებლობას ასევე ზრდის სტრესი, არასრულფასოვანი კვება, არაჯანსაღი ცხოვრების წესი. მინდა, უთუოდ ვახსენო ანტიბიოტიკების უმიზნო გამოყენებაც. ყოველ დაცემინებაზე ანტიბიოტიკის მიღება არაფრით არ შეიძლება. ეს არათუ ვერ შველის გაციებას, ხშირად სხვა დაავადებების წყაროდაც იქცევა, იმუნიტეტს აქვეითებს და ბაქტერიათა რეზისტენტული (ანტიბიოტიკებისადმი მდგრადი) ფორმების წარმოშობას იწვევს. ამიტომაც ანტიბიოტიკი მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში, ექიმის დანიშნულებით უნდა მივიღოთ.
- – თუ ორსულს ჰერპესული ინფექცია შეხვდა ან გაუმწვავდა, ამას უცილობლად მოჰყვება გართულება?
– საბედნიეროდ, არა. ყველაზე საშიშია პირველადი ინფიცირება ორსულობის მე-12 კვირამდე. ამ შემთხვევაში გართულებათა განვითარების ალბათობა 50-70 პროცენტია. ეს საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია, მაგრამ არც ორსულობის ნორმალურ მიმდინარეობას გამორიცხავს. თუ ორსულობისას გამწვავდა მორეციდივე ინფექცია, ანუ დედა უკვე იყო ინფიცირებული და ორსულობისას მხოლოდ დაავადების სიმპტომები გაუახლდა, ნაყოფის განვითარების შეფერხების, მანკების ჩამოყალიბების ალბათობა 3-7 პროცენტია – პირველადი ინფიცირების რისკზე დაახლოებით ათჯერ ნაკლები.
- – რამდენად საშიშია ინფექციამატარებლობა ან ინფექცია, რომელიც ორსულობისას არ გამწვავდა?
– ასეთ დროს ნაყოფის ინფიცირების შანსი ძალიან მცირეა, პრაქტიკულად ნულის ტოლი. თუმცა იშვიათია, მორეციდივე ჰერპესი ორსულობისას, იმუნიტეტის დაქვეითდების ფონზე, არ გამწვავდეს, ამიტომ იმუნიტეტის გაძლიერებას ნებისმიერი ორსულისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ზოგ შემთხვევაში ეს დაავადების პრევენციის ერთადერთი გზაა.
- – რა სიმპტომებით ვლინდება ჰერპესი?
– ჰერპესის ტიპური ნიშანი, რა თქმა უნდა, გამონაყარია. ის ინფიცირებიდან მე-7 დღეს იჩენს თავს. მანამადე დაავადება სისუსტით, თავის ტკივილით და სხვა ზოგადი სიმპტომებით ვლინდება. მეშვიდე დღეს ჩნდება გამონაყარი, რომელიც ბუშტუკის მაგვარია და სითხეს შეიცავს. ის პაციენტისთვის ძლიერ დისკომფორტს უქმნის, იწვევს წვას, ტკივილს, ზოგჯერ ქავილსაც. მისი ლოკალიზაცია სხვადასხვაგვარია: საშოს ლორწოვანი, ბაგეების არე, ბოქვენის ან ანუსის მიდამო… პირველადი ინფიცირებისას გამონაყარი 10-14 დღე გრძელდება, ხოლო რეციდივის დროს – 5-7 დღე. შემდეგ ბუშტუკები სკდება, ქერქს იკეთებს და ქრება.
- – სახელდობრ, რა გართულება შეიძლება მოჰყვეს ჰერპესვირუსულ ინფექციას?
– დედას სერიოზული გართულება პრაქტიკულად არ ემუქრება. რაც შეეხება ნაყოფს, აქ გართულების ტიპი ინფიცირების ვადაზეა დამოკიდებული. თუ დასნებოვნება ორსულობის პირველ ტრიმესტრში მოხდა, მოსალოდნელია მუცლის მოწყვეტა და სხვადასხვა სიმახინჯე. მოგეხსენებათ, პირველ ტრიმესტრში ნაყოფის ორგანოთა სისტემები ყალიბდება, ორგანოგენეზის დარღვევამ კი შესაძლოა სავალალო შედეგები გამოიწვიოს. ხშირია თავის ტვინის, თვალისა და შინაგანი ორგანოების დაზიანება. მეორე ტრიმესტრში ინფიცირება შედარებით ნაკლებსაშიშია, რადგან ამ დროს ორგანოთა ფორმირება დასრულებულია, დედის ორგანიზმიც ასწრებს იმუნიტეტის გამომუშავებას, ვირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულების გამოყოფას და მშობიარობას ასე თუ ისე მომზადებული ხვდება, მაგრამ თუ ინფიცირება მესამე ტრიმესტრში მოხდა, გართულებების ალბათობა კვლავ იმატებს. ნაყოფი უკვე სამშობიარო გზების გავლის დროსაც შეიძლება დასნებოვნდეს. მოსალოდნელია ნაადრევი მშობიარობა, ხშირია ნაყოფის მცირე მასა, ცენტრალური ნერვული სისტემის დაზიანება – მიკროცეფალია, ცერებრალური დამბლა, ეპილეფსია, ასევე – გულის მანკი, თანდაყოლილი პნევმონია, სიყრუე, სიბრმავე. ამიტომ ზოგ ქვეყანაში ჰერპესვირუსზე გამოკვლევა აუცილებელია არა მარტო ორსულობამდე და ორსულობის დიაგნოსტიკისას, არამედ მესამე ტრიმესტრშიც.
- – როგორ და რა ვადაზე ხდება დაავადების დიაგნოსტიკა?
– დიაგნოზს სვამენ ჰერპესის საწინააღმდეგო ანტისხეულებზე სისხლის სეროლოგიური გამოკვლევით. მათი ტიტრისა და ტიპის მიხედვით ირკვევა, პირველადი ინფიცირებაა ეს თუ მორეციდივე ფორმის გამწვავება, აქვს თუ არა ქალს იმუნიტეტი. კვლევა უნდა ჩატარდეს ორსულობის დიაგნოსტიკისას, ან ვირუსისთვის დამახასიათებელი რომელიმე სიმპტომის გამოვლენისთანავე. ცხადია, თუ ანამნეზში მითითებულია ნაყოფის დაღუპვა ან ნაადრევი მშობიარობა, ქალი აუცილებლად უნდა იქნეს გამოკვლეული და მხოლოდ ინფექციების გამორიცხვის შემდეგ დაიგეგმოს მორიგი ორსულობა. მეტიც – გამოკვლევა აუცილებელია ყველა ქალისთვის, ვინც ორსულობას გეგმავს. ეს არ ეხება მხოლოდ ჰერპესვირუსს – საუბარია ნაყოფისთვის მეტად საშიშ ოთხ ინფექციაზე, ე.წ. TORCH კომპლექსზე: ციტომეგალოვირუსზე, ჰერპესვირუსზე, წითურასა და ტოქსოპლაზმაზე. ეს ის გამომწვევებია, რომლებიც ხშირად აფერხებს ნაყოფის განვითარებას და ზოგ შემთხვევაში მის სიკვდილსაც იწვევს.
- – როგორ მკურნალობენ გენიტალურ ჰერპესს?
– მკურნალობა ძირითადად ადგილობრივი საშუალებებით ტარდება. ის მიმართულია წვის, ტკივილისა და გამონაყარის შემცირებისკენ. ამ მიზნით ადგილობრივად ინიშნება აციკლოვირის პრეპარატები. ორსულობისას მათი მიღება თამამად შეიძლება. ამასთან ერთად საჭიროა ზოგადგამაჯანსაღებელი პროცედურების ჩატარებაც იმუნიტეტის ასამაღლებლად და ორგანიზმის თავდაცვისუნარიანობის გასაძლიერებლად. უკვე ითქვა, რომ თუ დასნებოვნება მესამე ტრიმესტრში მოხდა, შესაძლოა, ნაყოფი სამშობიარო გზებში გავლისას დაინფიცირდეს. ასეთ დროს ატარებენ საკეისრო კვეთას.
- – რამდენად ეფექტურია მკურნალობა?
– სრული განკურნება, სამწუხაროდ, ვერ ხერხდება. დღესდღეობით არ არსებობს ისეთი საშუალება, რომელიც ორგანიზმიდან მთლიანად გამოდევნიდა ვირუსს. ის სამუდამოდ რჩება ორგანიზმში, მაგრამ შესაძლოა, აღარასოდეს იჩინოს თავი. სამწუხაროდ, ბოლომდე არც ამისგან ვართ დაზღვეულები, გამწვავების შანსი მკურნალობის მერეც არსებობს, ამიტომ საჭიროა სიფრთხილე. ორსული უნდა ერიდოს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს, ბევრ ხალხთან კონტაქტს, დაიცვას ჰიგიენის წესები, ძლიერ სიცხესა და სიცივეში, როცა იმატებს ვირუსული ინფექციის გადაცემის შანსი, იაროს პირბადით, იკვებოს სრულყოფილად, ვიტამინებითა და მინერალებით მდიდარი, ეკოლოგიურად სუფთა საკვებით, მიიღოს დიდი რაოდენობით სითხე, ისეირნოს სუფთა ჰაერზე... ეს ყველაფერი არა მარტო ორსულისთვის, არამედ ნებისმიერი ადამიანისთვის სასარგებლოა.