რატომ მტკივა კბილი?
გააზიარე:
კბილის ტკივილი ვის არ გამოუცდია. წინა თუ უკანა, ზედა თუ ქვედა, სარძევე თუ მუდმივი – ნებისმიერი მათგანი შეიძლება გამოვიდეს მწყობრიდან და ძილი და მოსვენება კარგა ხნით დაგვაკარგვინოს.
მაინც რა იწვევს კბილის ტკივილს? მოდი, მიზეზებს კიდევ ერთხელ გადავავლოთ თვალი.
მიზეზი N1 – კარიესი
კარიესი სხვა არაფერია, თუ არა ღრმული, რომელიც კბილის მაგარი ქსოვილის დაშლის შედეგად წარმოიქმნება. კბილის ქსოვილი ყველაზე მყარი და მაგარია ადამიანის ორგანიზმის შემადგენელ ქსოვილებს შორის. ეს არც არის გასაკვირი: კბილის მინანქრის 95% ხომ მყარი მინერალური მარილია, რომლის მთავარი საშენი მასალა კალციუმია. მინანქართან ერთად კბილის მაგარ ქსოვილს ქმნის დენტინიც. მინანქარი მხოლოდ კბილის ხილულ ნაწილს ფარავს, ხოლო დანარჩენი, მათ შორის – ფესვი და ყელი, დენტინია. იგი მინანქარზე რბილია, რადგან მყარი მინერალური ნივთიერება მასში უფრო ნაკლებია, ამიტომ ადვილად და სწრაფად ზიანდება – თითქოსდა დაუზიანებელი მინანქრის ქვეშ დენტინი ხშირად სრულიად დაშლილია ხოლმე .
ტკივილი კი არც დაზიანებული მინანქრის ბრალია და არც დაშლილი დენტინისა. დისკომფორტის მიზეზი დენტინის შუაგულში (კბილის არხში) მოთავსებული ნერვი გახლავთ.
კარიესი განვითარების რამდენიმე სტადიას გაივლის. ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს, რომ რაც უფრო ღრმაა ხვრელი, მით უფრო შორს არის წასული კარიესული პროცესი, სხვაგვარად – კბილის ქსოვილის დემინერალიზაცია.
საწყისი კარიესი – ასე უწოდებენ მინანქრის დაშლის პირველ სტადიას, როდესაც კბილზე მხოლოდ პაწაწინა მუქი ლაქა ჩანს. ამ დროს მინანქარი ზედაპირულად არის დაზიანებული.
საშუალო სტადიაზე კარიესული ღრუ უფრო ღრმაა – დენტინამდე აღწევს. ღრმა კარიესის დროს პროცესი დენტინსაც მოიცავს და ღრმული პულპამდე (არხში მდებარე რბილ ქსოვილამდე) ჩადის. სწორედ აქ მდებარეობს ნერვი.
პაწაწინა დაზიანებული უბნიდან ღრმა კარიესი რომ ჩამოყალიბდეს, საკმაოდ დიდი ხანი – წელიწადი, წელიწად-ნახევარი – მაინც არის საჭირო. თუ პროცესს საწყის ეტაპზე აღმოვაჩენთ და სათანადო ზომებსაც მივიღებთ, ჭიანი კბილი კარგა ხანს აღარ შეგვაწუხებს. ღამით კბილის მინანქრის დაშლის საფრთხე იზრდება. ეს იმიტომ, რომ ძილის დროს ნერწყვის გამოყოფა ფერხდება (ნერწყვი, როგორც იცით, კბილის ქსოვილის განახლებას უწყობს ხელს). ასე რომ, ძილის წინ პირის ღრუს გასუფთავება მეტად მნიშვნელოვანია. ნერწყვის გამომუშავებას ზოგიერთი პრეპარატიც აფერხებს.
პირის ღრუს სიმშრალისას ურიგო არ იქნება, მინერალური წყალი ატაროთ თან, მეტადრე – ზაფხულის პაპანაქებაში.
უდროოდ დაწყებული ტკივილი
როგორც უკვე ვთქვით, კარიესი სარძევე კბილსაც შეიძლება გაუჩნდეს. ბავშვობის ასაკში კარიესს ყველაზე ხშირად ბოთლის საწოვარა იწვევს, ამიტომ მას საწოვარას კარიესსაც უწოდებენ. როგორც ჩანს, საწოვარაზე მავნე მიკრობები სახლდებიან, წოვის დროს პაწიას პირის ღრუში გადაინაცვლებენ და ჯერ ამოუსვლელი კბილის ჩანასახებზე მიაქვთ იერიში.
საწოვარასმიერი კარიესის დროს პირველად წინა ზედა საჭრელი კბილები ჭიანდება, მერე კი ღრმულები თანდათან ყველა კბილს მოედება ხოლმე. ყველაზე გვიან ზიანდება ქვედა კბილები, შესაძლოა, უვნებელიც კი დარჩეს. ამას, როგორც ჩანს, წოვის თავისებურება განაპირობებს: წოვის დროს პაწია ქვედა კბილებს ენას აფარებს და სითხისგან იცავს.
დაიხსომეთ: ყოველგვარი სითხე (გარდა წყლისა), რომელსაც პატარას ბოთლში უსხამთ და ასმევთ, შაქარს შეიცავს, ამიტომ მხოლოდ ბავშვისთვის კი არა, ბაქტერიებისთვისაც შესანიშნავი საკვებია. პატარა კარიესისგან რომ დაიცვათ, არამც და არამც არ დაუტოვოთ ღამით საწოვარიანი ბოთლი, დასამშვიდებლად არ მისცეთ ტკბილ სითხეში ამოვლებული მატყუარა.
სხვა მიზეზები
კბილის ტკივილის სხვა მიზეზებიდან აღსანიშნავია: კბილის აბსცესი, ღრძილის დაავადება, კბილის ფესვის გაღიზიანება, გაბზარული კბილის სინდრომი, ტემპორომანდიბულური სახსრის პათოლოგია, კბილის არასწორი ზრდა (ღრძილში ჩარჩენა ან არასწორი მიმართულებით ზრდა, რის გამოც გზააბნეული კბილი სხვა კბილებს აწვება).
ღრძილის დაავადებას პაროდონტიტს უწოდებენ. სწორედ პაროდონტიტია კარიესის შემდეგ ყველაზე გავრცელებული მიზეზი, რომელიც კბილის ტკივილს იწვევს.
პაროდონტი იმ ქსოვილთა კომპლექსია, რომლებიც კბილს კბილბუდეში ამაგრებს. ეს კომპლექსი მოიცავს ღრძილს, კბილბუდის ძვლოვან ქსოვილს, პერიოდონტს (შემაერთებელქსოვილოვანი ბოჭკოები, რომლებიც კბილს კბილბუდის ძვალთან აკავშირებს) და ცემენტს, რომლითაც დაფარულია კბილის ფესვი.
პაროდონტიტი პაროდონტის ანთებითი დაავადებაა, რომელიც ვითარდება ორგანიზმის იმუნური სისტემის დაქვეითების ფონზე ადგილობრივი ფაქტორების ზემოქმედების შედეგად. ზოგჯერ ორგანიზმის ამა თუ იმ (გულ-სისხლძარღვთა, ენდოკრინული, კუჭ-ნაწლავის, ნერვული) სისტემის დაავადება პაროდონტში ისეთ მძიმე ცვლილებებს იწვევს, რომ ადგილობრივი ფაქტორები უკანა პლანზე გადადის. პაროდონტიტის განვითარებაში გარკვეულ როლს ასრულებს გენეტიკური ფაქტორებიც.
რაც შეეხება ადგილობრივ ფაქტორებს: კბილის მიკრობული ბალთა, კბილის ქვა, არასწორად გაკეთებული ბჟენი და ორთოპედიული კონსტრუქცია, კარიესული ღრუები კბილების შემხებ ზედაპირებზე და კბილის ყელის მიდამოში, თანკბილვისა და ცალკეული კბილების დგომის ანომალია და სხვა ის მუდმივმოქმედი გამღიზიანებლებია, რომლებიც პაროდონტის ანთებას იწვევს და პაროდონტიტის მიმდინარეობას ამძიმებს.
სწორედ პაროდონტიტია კბილის ფესვის გაღიზიანების უხშირესი მიზეზი. მოშიშვლებული კბილის ფესვამდე გამაღიზიანებელი ნივთიერებები იოლად აღწევს, ამიტომ საკმარისია, ადამიანმა ცხელი, ცივი ან მჟავე საკვები ჩაიდოს პირში, რომ კბილი სტკივდება.
ამოიღე, გადააგდე…
ასეთი სტრატეგია უფრო ძველად იყო პოპულარული. დღეს სტომატოლოგიის მთავარი მიზანი კბილის ამოღება კი არა, შენარჩუნებაა. ამის კვალობაზე, მკვეთრად შემცირდა კბილის ამოღების ჩვენებათა რიცხვიც. თუმცა არის შემთხვევები, როდესაც ამგვარი რადიკალური ჩარევა აუცილებელია.
კბილი უნდა ამოვიღოთ, თუ:
. სრულიად დაშლილია მისი გვირგვინი, ხოლო ფესვი გამოუსადეგარია;
. მესამე ხარისხით არის მორყეული პაროდონტის დაავადების გამო;
. მოტეხილობის ხაზზე დგას, რითაც ხელს უშლის ძვლის ფრაგმენტების შეხორცებას, იწვევს ანთებით გართულებებს და არ ემორჩილება თერაპიულ მკურნალობას;
. არასწორად და რკალგარეშეა ამოჭრილი და ორთოპედიული და ორთოდონტიული თვალსაზრისით არანაირი ღირებულება არ გააჩნია;
. ამოუჭრელია ან არასრულად არის ამოჭრილი, იწვევს გართულებებს და მისი ამოჭრის შესაძლებლობა აღარ არსებობს.
კბილი ასევე შეიძლება ამოვიღოთ თანკბილვის ანომალიის აღმოსაფხვრელად.
საზოგადოდ კი, თუ კბილის ქრონიკული დაავადება გვაქვს და კბილის შენარჩუნება ვერ ხერხდება, ჯობს, იგი მდგომარეობის გამწვავებამდე ამოვიღოთ, ვინაიდან ანთებითი მოვლენების არსებობისას ქირურგიული მანიპულაციების ჩატარება არ არის მიზანშეწონილი – გართულების რისკი უფრო მეტია.
ისიც დაიხსომეთ, რომ კბილის ამოღების აბსოლუტური უკუჩვენება არ არსებობს, მაგრამ ცნობილია შედარებითი უკუჩვენებები – ფაქტორები, რომელთა თანაობისას შესაძლოა ექიმმა ამ ოპერაციისგან თავი შეიკავოს. ესენი გახლავთ:
. სისხლის სისტემური დაავადებები;
. ჰემოფილია, სისხლის შედედების დაქვეითება;
. ორსულობის პირველი და მესამე ტრიმესტრი;
. დიაბეტური კომა;
. 2-3 დღე მენსტრუაციამდე და მის შემდეგ;
. გულ-სისხლძარღვთა დაავადებები;
. ნერვული სისტემის ორგანული და ფუნქციური დაზიანებები;
. ინსულტის მწვავე სტადია;
. ფსიქიკური აშლილობა გამწვავების პერიოდში;
. პარენქიმული ორგანოების მწვავე დაავადებები;
. პირის ღრუს ლორწოვანი გარსის დაავადებები (წყლულოვანი გინგივიტი, სტომატიტი).
რა ვუშველო თავს?
კბილი ტკივილი იმდენად შემაწუხებელია, რომ ეს პატარა ძვლოვანი ორგანო ლამისაა საკუთარი ხელით ამოიგლიჯო. საბედნიეროდ, ეს შეუძლებელია. ექიმთან მისვლამდე კი შეგიძლიათ, პირში გამოივლოთ თბილი წყალი, ფლოსით მოიცილოთ კბილებს შორის გაჩხერილი საჭმლის ნარჩენები და მიიღოთ ტკივილგამაყუჩებელი (მაგალითად, დიკლოფეროლი ან მაგენოლი)
აფთიაქში იყიდება ადგილობრივი საშუალებებიც, რომლებიც მტკივანი კბილის გარშემო უნდა დაიდოთ, მაგრამ ის შესაძლოა დარიშხანს შეიცავდეს, ამიტომ ეცადეთ, მეტისმეტი არ მოგივიდეთ. 2 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის კი მისი გამოყენება სულაც არ არის მიზანშეწონილი. ასევე არ გირჩევთ ტკივილგამაყუჩებელი აბების ადგილობრივად გამოყენებას (მაგალითად, დაფხვნილი ასპირინის დაყრას) – შესაძლოა, ღრძილის ქსოვილი გააღიზიანონ.