რატომ იწვევს ენდომეტრიოზი უშვილობას?
გააზიარე:
არსებობს დაავადებები, რომელთა დიაგნოზი სულ ერთი თუ ორი ათეული წლის წინ თითქმის არ ისმებოდა, დღეს კი, კვლევის თანამედროვე მეთოდების წყალობით, მათი სახელი უფრო ხშირად გვესმის. ამ დაავადებებს მიეკუთვნება ენდომეტრიოზი, რომელსაც განსაკუთრებით ხშირად ეჯახებიან უშვილო ქალები. ამ დაავადებისა და მისი მკურნალობის გზების შესახებ გვესაუბრება ზურაბ საბახტარაშვილის რეპროდუქციული კლინიკის დირექტორი, საქართველოს გინეკოლოგ ენდოსკოპისტთა ასოციაციის პრეზიდენტი, თსუ-ის პროფესორი არსენ გვენეტაძე.
– ენდომეტრიოზი ჰორმონდამოკიდებული, ქრონიკული, მორეციდივე დაავადებაა, რომლის დროსაც საშვილოსნოს შიდა შრის, ენდომეტრიუმის, უჯრედები (ენდომეტრიული ჯირკვლები და სტრომა) ჩაიზრდება და ვითარდება საშვილოსნოს ღრუს გარეთ, სხვადასხვა ორგანოსა და ქსოვილში. ჩაზრდილი ფრაგმენტები, ენდომეტრიული კერები, ისეთივე ტრანსფორმაციებს განიცდიან, მეტიც – ისევე მენსტრუირებენ, როგორც ენდომეტრიუმი, იმ განსხვავებით, რომ მენსტრუაციის დროს მომდინარე სისხლი ჩამოფცქვნილ ქსოვილებთან ერთად სასქესო გზებით ტოვებს ორგანიზმს, ხოლო ენდომეტრიული კერებიდან მუცლისა და მცირე მენჯის ღრუში ჩაიღვრება, რაც ანთებას, ტკივილსა და შეხორცებით პროცესებს განაპირობებს.
ენდომეტრიოზის გავრცელების ზუსტი მაჩვენებლის დასახელება გაგვიჭირდება. მიიჩნევა, რომ დღეს ის რეპროდუქციული ასაკის ქალთა 10-15%-ს აქვს, თუმცა არსებობს რისკჯგუფები (ენდომეტრიოზი პირველი რიგის ნათესავებში, ანომალიური რეპროდუქციული ტრაქტის მქონე ქალები და ა.შ.), სადაც მაჩვენებელი გაცილებით მაღალია. ენდომეტრიოზი უმეტესად იმ ქალებს აღმოაჩნდებათ ხოლმე (20-50%), რომელთაც უშვილობის ან ტკივილის სინდრომის გამო უტარებენ ლაპაროსკოპიას.
- – უმეტესად სად ვითარდება ენდომეტრიული კერები?
– უწინარეს ყოვლისა, საკვერცხეებში. ამ კერებისგან მოგვიანებით ყალიბდება ენდომეტრიული, ანუ “შოკოლადის” ცისტა. ის მალევე ჩაიზრდება საკვერცხის ქსოვილში, რასაც ათიათასობით ფოლიკული ეწირება და, ცხადია, რეპროდუქციული თვალსაზრისით მისი დროული ლიკვიდაცია ძალიან მნიშვნელოვანია. ასეთივე სიხშირით გვხვდება ენდომეტრიული კერები მცირე მენჯის ღრუს პერიტონეუმზე. იშვიათად ვაწყდებით ისეთი ორგანოების დაზიანებასაც, როგორებიცაა ნაწლავი, შარდსაწვეთი, შარდის ბუშტი, ფილტვები, ღვიძლი, ცენტრალური ნერვული სისტემა, თქვენ წარმოიდგინეთ, ცხვირის ღრუს ლორწოვანი და თვალის სკლერაც კი.
- – რა მიუთითებს ენდომეტრიოზზე?
– საინტერესოა, რომ სიმპტომთა სიმკვეთრე ყოველთვის არ შეესაბამება დაავადების სიმძიმეს. შესაძლოა, მძიმე ფორმის ენდომეტრიოზი უსიმპტომოდ მიმდინარეობდეს და პირიქით, მინიმალურმა ენდომეტრიოზმა გამოიწვიოს მკვეთრი სიმპტომატიკა. ამის მიზეზი უცნობია.სიმპტომები, რომელთა გამოც მიმართავენ უმეტესად ექიმს, არის:
. მტკივნეული მენსტრუაციები (დისმენორეა). ტკივილისა და დისკომფორტის შეგრძნება მუცლის ქვედა მესამედსა და წელის არეში თავს იჩენს მენსტრუაციის დაწყებამდე და შესაძლოა გაგრძელდეს მის შემდეგაც.
. უშვილობა. ენდომეტრიოზი უდასტურდება უშვილობის მიზეზით გამოკვლეულ ქალთა 20-50%-ს.
. ტკივილი სქესობრივი აქტის დროს (დისპარეუნია). ის შესაძლოა რამდენიმე საათი გაგრძელდეს. ვაგინალური კერების შემთხვევაში ტკივილი ძალზე ლოკალური ხასიათისაა.
. ქრონიკული ტკივილი მცირე მენჯის ღრუში. შესაძლოა, ეს იყოს უწყვეტი შეგრძნება და პროგრესირებდეს მენსტრუაციის პერიოდში.
არ არის გამორიცხული ოვულაციური ტკივილი, ტკივილი დეფეკაციისას და სხვა სიმპტომები ენდომეტრიული კერის ლოკალიზაციის მიხედვით.
- – როგორ სვამენ დაავადების დიაგნოზს?
– თუ ენდომეტრიული კერა არ ჩანს საშოს თაღში ან ნებისმიერ სხვა ადგილას, ენდომეტრიოზის საბოლოო დიაგნოზისთვის ოქროს სტანდარტს წარმოადგენს მცირე მენჯის ღრუს ლაპაროსკოპიული ვიზუალური დათვალიერება. ამ მეთოდის მთავარი უპირატესობა ის არის, რომ დიაგნოსტირების შემთხვევაში შესაძლებელია ენდომეტრიული კერების ლიკვიდირება.
ენდომეტრიოზის შეფასებაში გამოსახულებითი კვლევის მეთოდებს შორის წამყვანი როლი ენიჭება ტრანსვაგინალურ ულტრასონოგრაფიას. მართალია, იგი ლაპაროსკოპიაზე ნაკლებინფორმაციულია, მაგრამ სკრინინგის თვალსაზრისით, განსაკუთრებით – ენდომეტრიული ცისტის დასადგენად, სავსებით მისაღებია.
- – რატომ იწვევს ენდომეტრიოზი უშვილობას?
– ენდომეტრიოზის დროს უნაყოფობის შესაძლო მიზეზებია:
* შეხორცებითი პროცესი მცირე მენჯის ღრუში;
* პროსტაგლანდინების მომატებული კონცენტრაცია, რაც თრგუნავს ოვულაციას, უარყოფითად ცვლის ფალოპის მილების პერისტალტიკას, ზრდის საშვილოსნოს კუნთოვანი შრის კუმშვადობას, აფერხებს განაყოფიერებული კვერცხუჯრედის ენდომეტრიუმში ჩანერგვის პროცესს;
* პერიტონეალური მაკროფაგების ჭარბი კონცენტრაცია, რაც ანადგურებს სპერმატოზოიდებს მენჯის ღრუში, ეს კი, ბუნებრივია, განაყოფიერების ალბათობას ამცირებს.
- – რა გამოსავალს სთავაზობს მედიცინა ენდომეტრიოზის მქონე ქალებს?
– არსებობს ენდომეტრიოზის მკურნალობის თერაპიული და ქირურგიული ტაქტიკა. ტაქტიკის შერჩევისას ჩივილებთან ერთად უნდა გავითვალისწინოთ პაციენტის ასაკი და რეპროდუქციული ფუნქციისადმი მისი დამოკიდებულება, ენდომეტრიული პროცესის ლოკალიზაცია, მისი გავრცელება და სიმძიმე.
სხვადასხვანაირია მკურნალობის ტაქტიკა ენდომეტრიოზით გამოწვეული უნაყოფობისა და ენდომეტრიოზთან ასოცირებული ტკივილის შემთხვევაში. მედიკამენტური სუპრესიული თერაპია, ორალური კონტრაცეპტივები ან გონადოტროპინ-რილიზინგ ჰორმონის აგონისტები (GnRHa) ენდომეტრიოზთან ასოცირებული უნაყოფობის მკურნალობისას თუ უეფექტოა, ენდომეტრიოზით გამოწვეული ტკივილის მოხსნისას მათი ეფექტი ქირურგიული მკურნალობისას უტოლდება, თუმცა რეციდივის სიხშირე ორივე შემთხვევაში დიდია: 1 წელიწადში – 10%, 2 წელიწადში – 25%, 5 წელიწადში – 45%.
ენდომეტრიოზით გამოწვეული უნაყოფობის მართვის ოქროს სტანდარტია ლაპაროსკოპიული მკურნალობა, რაც მრავალგზის დადასტურდა თანამედროვე კვლევებითა და გაიდლაინებით. ახლახან, როგორც საქართველოს გინეკოლოგ-ენდოსკოპისტთა ასოციაციის პრეზიდენტი, მიწვეული ვიყავი შოტლანდიაში, ქალაქ ედინბურგში, ევროპის რეპროდუქტოლოგთა და ემბრიოლოგთა ასოციაციის ექსპერტთა შეხვედრაზე. კონფერენცია ეძღვნებოდა ლაპაროსკოპიის როლს რეპროდუქტოლოგიაში, უკეთ, ლაპაროსკოპიის გამოყენებას ისეთი დაავადებების დიაგნოსტიკისა და მკურნალობის დროს, როგორებიცაა ენდომეტრიოზი და მცირე მენჯის ღრუში არსებული შეხორცებითი პროცესი, რაც ძალიან ხშირად წარმოადგენს უნაყოფობის მიზეზს. კონფერენციაში მონაწილეობდნენ ევროპის წამყვანი პროფესორები. დისკუსიის დროს კიდევ ერთხელ აღინიშნა, – და მტკიცებით მედიცინაზე დაფუძნებული კვლევებიც ადასტურებს, – რომ როცა უშვილობა მინიმალური ან მცირე ენდომეტრიოზით არის გამოწვეული, ქირურგიული ანუ ლაპაროსკოპიული მკურნალობა თერაპიულზე გაცილებით შედეგიანია.
ლაპაროსკოპიული მკურნალობის შესაფასებლად გასათვალისწინებელია ისიც, რომ:
. ლაპაროსკოპიის გარეშე ენდომეტრიოზის, მით უმეტეს, მისი მინიმალური და მცირე ფორმების დიაგნოსტირება პრაქტიკულად შეუძლებელია და მხოლოდ ზემოთ ჩამოთვლილი ჩივილების საფუძველზე შეიძლება ვივარაუდოთ;
. დადასტურებულია, რომ ენდომეტრიოზის თერაპიული მკურნალობა შვილოსნობის აღდგენის თვალსაზრისით ნაკლებად ეფექტურია, ვიდრე ლაპაროსკოპიული.
ამრიგად, ნათელია, რომ ჯერ უნდა დადგინდეს ენდომეტრიოზის არსებობა, მერე კი ჩატარდეს ლაპაროსკოპიული მკურნალობა, რაც შვილოსნობის სწრაფად აღდგენის მაღალეფექტური საშუალებაა. აქვე ხაზი უნდა გაესვას იმასაც, რომ დიაგნოსტიკა და მკურნალობა ერთდროულად, ერთი ლაპაროსკოპიული ჩარევის დროსაა შესაძლებელი და ეს ოპერაცია რუტინულად ტარდება კიდეც ჩვენს კლინიკაში.
უპრიანი იქნება გავიხსენო ისტორია პაციენტისა, რომელიც ათი წლის განმავლობაში ამაოდ ელოდა დაორსულებას. სამიოდე თვის წინ ლაპაროსკოპია ჩავუტარე; დაისვა უსიმპტომოდ მიმდინარე ენდომეტრიოზის დიაგნოზი და, ბუნებრივია, ჩატარდა შესაბამისი ლაპაროსკოპიული მკურნალობა – ენდომეტრიული კერების ელექტროკოაგულაცია. ლაპაროსკოპიიდან ორი თვის შემდეგ პაციენტი დაორსულდა და ამჟამად 8-9 კვირის ორსულია. ასეთი შემთხვევა, საბედნიეროდ, არაერთი გვქონია.
- – რას გვეტყვით ენდომეტრიული კისტის შესახებ?
– საკვერცხის ენდომეტრიული კისტა, ცისტა, ენდომეტრიომა ერთი და იმავე პათოლოგიის სხვადასხვა სახელწოდებაა. მის სადიაგნოსტიკოდ სტანდარტულად ულტრასონოგრაფია გამოიყენება და სწორი დიაგნოზის ალბათობაც დიდია.
ენდომეტრიული კისტა აუცილებლად მოითხოვს ლაპაროსკოპიულ მკურნალობას, ვინაიდან ჭეშმარიტი ენდომეტრიული კისტის გაწოვა შეუძლებელია, ხოლო დიდხანს ნებაზე მიშვებული ეს წარმონაქმნი, როგორც წესი, იზრდება, რაც, თავის მხრივ, იმას ნიშნავს, რომ საკვერცხის ჯანმრთელი ქსოვილი თანდათანობით მცირდება. შესაბამისად, საკვერცხის რეზერვიც და, ბუნებრივია, მასთან ერთად შვილოსნობის შესაძლებლობაც სულ უფრო იკლებს.
მეორე მხრივ, დროული ლაპაროსკოპიული ოპერაცია საშუალებას იძლევა, ენდომეტრიული კისტა ისე მოვაცილოთ საკვერცხეს, რომ საკვერცხის ჯანმრთელი ქსოვილი მთლიანად შენარჩუნდეს და ახალგაზრდა ქალს შვილოსნობის ფუნქციის აღსრულების შესაძლებლობა მიეცეს. ამასთან დაკავშირებით ორ ისტორიას გავიხსენებ ჩემი საექიმო პრაქტიკიდან. რამდენიმე წლის წინ საკონსულტაციოდ მომმართა ოცდაათი წლის პაციენტმა. აღმოჩნდა, რომ გათხოვებიდან ერთი თვის თავზე ეს ქალი ძლიერი ტკივილებით ქირურგიულ კლინიკაში მოხვდა, ქირურგებმა სასწრაფო ოპერაციის დროს ორივე საკვერცხე ამოკვეთეს ორივე მათგანში ენდომეტრიული კისტის არსებობის გამო. ბუნებრივია, ორივე საკვერცხის ამოკვეთამ გამოიწვია პოსტკასტრაციული სინდრომი – ძლიერი ალები, ოფლიანობა და სხვა, და, რაღა თქმა უნდა, ქალს გაუქრა მენსტრუაცია. ბუნებრივია, შვილის გაჩენაზე ლაპარაკი ზედმეტი იყო. ახალშექმნილი ოჯახიც მალე დაენგრა და ჯანმრთელობაც ძლიერ დაუზიანდა.
ბუნებრივია, მკითხველს გაუჩნდება კითხვა – ეს საექიმო შეცდომა იყო? რა თქმა უნდა, მე ასე არ ვფიქრობ, რადგან ასეთი ოპერაციების მუცელკვეთით ჩატარებისას ძალიან ძნელია საკვერცხის ჯანმრთელი ქსოვილის გამოყოფა და შენარჩუნება.
ამის თავიდან აცილება მოხერხდებოდა პროფილაქტიკური ულტრასონოგრაფიული გასინჯვით, რომლის მეშვეობითაც აღმოაჩენდნენ ზემოხსენებულ კისტებს, მერე კი მათ მცინეინვაზიური ლაპაროსკოპიული ტექნოლოგიით ამოკვეთდნენ – ამ მეთოდით თითქმის ყოველთვის ხერხდება საკვერცხის ჯანსაღი ქსოვილის შენარჩუნება, თუ ამის საჭიროება არის. ამასვე მოწმობს მეორე პაციენტის ისტორია: რამდენიმე წლის წინ ჩავატარე ლაპაროსკოპიული ოპერაცია ორმხრივი დიდი ენდომეტრიული კისტების გამო. თითოეული მათგანის ზომა 6-7 სანტიმეტრს აღწევდა. ოპერაციის დროს მოვახერხეთ საკვერცხის ჯანსაღი ქსოვილების შენარჩუნება და, მიუხედავად მცირე ალბათობისა, გარკვეული ხნის შემდეგ ეს ქალი დაორსულდა კიდეც და შვილიც გააჩინა.
ორივე ისტორია თვალნათლივ აჩვენებს თანამედროვე, მცირეინვაზიური ლაპაროსკოპიული ტექნოლოგიის უპირატესობას ჯანმრთელობისა და შვილოსნობის შენარჩუნების თვალსაზრისით.
საზოგადოდ, თანამედროვე ტექნოლოგიები და დიაგნოსტიკისა თუ მკურნალობის გაიდლაინები ვითარდება მიმართულებით, რომელიც ნაკლებტრავმული, მცირეინვაზიური გზით შესაძლებელს ხდის ჯანმრთელობისა და შვილოსნობის ფუნქციის შენარჩუნებას.