სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები

გააზიარე:

სიყვარულის ქალღმერთმა ვენერამ თავტკბილ-ბოლომწარე საჩუქრების მოძღვნა რომ იცოდა, სიფილისის წყალობით საუკუნეების წინათ აღმოაჩინეს. რაკი ამ დაავადების ერთ-ერთი ნიშანი გამონაყარი იყო, კანისა და ვენერულ სნეულებათა შემსწავლელი მეცნიერებები იმთავითვე დაუკავშირდა ერთმანეთს. პირველ “საჩუქარს” მეორის ― გონორეის ამოცნობა მოჰყვა, გონორეისას ― ორიოდე სხვისაც. კარგა ხანს ვენეროლოგია სულ ოთხიოდე დაავადებას იცნობდა, მერე კი, მიკროსკოპიც რომ გააძლიერეს და მავნებელთა აღმოჩენის მეთოდებიც დახვეწეს, სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების ჩამონათვალმა თვალსა და ხელს შუა იმატა: სიფილისი, გონორეა, ქლამიდიური ინფექცია, გენიტალური ჰერპესი, ტრიქომონიაზი, მახვილწვერა კონდილომები, B და C ჰეპატიტები, შიდსი და, თქვენ წარმოიდგინეთ, მუნიც კი.

გამომწვევთა ერთი ნაწილი შარდსასქესო გზებში მკვიდრდება და იქაურობას აზიანებს, ზოგი უფრო შორს მდებარე ორგანოს, სახელდობრ, ღვიძლს ირჩევს სამიზნედ, იმუნოდეფიციტის ვირუსი კი ორგანიზმის მთელ დამცველობით სისტემაზე მიაქვს იერიში.

გენდერულ საკითხებზე კამათს ნუ დავიწყებთ. ფაქტია, რომ დაზღვეული არც ერთი მხარე არ არის. მართალია, ზოგიერთი მიკრობი რომელიმე სქესის წარმომადგენლებს ინდობს და არ აწუხებს (მაგალითად, გონორეა უფრო ხშირად მამაკაცის ორგანიზმში მჟღავნდება, ტრიქომონიაზი და ქლიამიდიოზი კი ქალის ორგანიზმში), მაგრამ სიმპტომების არარსებობა გართულებებისგან არავის იცავს. აღარაფერს ვიტყვით იმაზე, რომ ფარული ფორმა ინფიცირებულის ყველა ახლანდელი თუ მომავალი პარტნიორისთვის ბევრად უფრო საშიშია.

ასეა თუ ისე, პირველ რიგში რა თქმა უნდა სიფრთხილე მოგეთხოვებათ. თითქოს ყველაფერი მარტივია: გრიპის ვირუსს ვერ დაემალები, თორემ ქლამიდია თუ ტრიქომონა ვერც საუბრისას შემოგეფეთება და ვერც ხელის ჩამორთმევისას. მაგრამ აბა ვის მოვთხოვოთ მათი გავრცელების მექანიზმზე ― მიწიერ სიყვარულზე ― უარის თქმა? სხვათა შორის, საზღვარგარეთ ტერმინი “უსაფრთხო სექსი” “შედარებით უსაფრთხოთი” შეცვალეს, რითაც კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი, რომ სქესობრივი გზით გადამდები დაავადებებისგან თავის არიდების უცდომელი გზა მხოლოდ სრული თავშეკავებაა.

მეტისმეტად რომ არ შეშინდეთ, მეორე და თითქმის თანაბრად ეფექტური საშუალებაც არსებობს: იპოვოთ ის ერთადერთი, რომელსაც არასოდეს უღალატებთ და რომელიც, რა თქმა უნდა, ასეთივე ერთგულებით გიპასუხებთ. ურთიერთობის დაწყებამდე კი ორივე აუცილებლად გამოიკვლევთ თავს და თუ საჭიროა, იმკურნალებთ.

ძალიან გვინდა, პროფილაქტიკაზე საუბარი აქ დავასრულოთ, მაგრამ მშვენივრად ვიცით, რომ ცოდვილ მიწაზე გვიდგას ფეხი, ამიტომაც გვსურს, წესების ყველა დამრღვევს ბარიერებზე ფიქრი ვთხოვოთ. ალბათ მიგვიხვდით: ზნეობრივ კი არა, ფიზიკურ ბარიერებს, მარტივად რომ ვთქვათ, კონდომს ვგულისხმობთ. ხარისხიანი და სწორად გამოყენებული პრეზერვატივი ასიდან თითქმის 95 შემთხვევაში დაგიცავთ, ოღონდ შენახვის ვადასაც უნდა მიაქციოთ ყურადღება, წამალივით გრილად და მშრალადაც უნდა შეინახოთ და მასთან ერთად არც ზეთოვანი ლუბრიკანტები იხმაროთ, რომლებიც ლატექსს ასუსტებს და გახევის ალბათობას ერთიორად ზრდის. 

თუ ურემი მაინც გადაბრუნდა, ანუ ამ სამ წესს გვერდი აუარეთ, რაც უფრო მალე მოეგებით გონს, მით უკეთესი. ნებისმიერი საეჭვო ნიშნის (გამონადენი სასქესო ასოდან, ხშირი ან მტკივნეული შარდვა...) შემჩნევისას თუ საქციელის ჩადენის შემდეგ პირდაპირ უროლოგის ან ვენეროლოგის კაბინეტისკენ უნდა აიღოთ გეზი.

უფლება გაქვთ, თქვენი დიაგნოზი ყველას დაუმალოთ, გარდა საკუთარი პარტნიორისა (ან პარტნიორებისა) ― მან ეს აუცილებლად უნდა იცოდეს. მკურნალობაც ერთდროულად უნდა ჩატარდეს. სხვაგვარად თერაპიას ეფექტი არ ექნება. ყველაფერს აჯობებს, მკურნალობის დასრულებამდე სქესობრივი კავშირისგან თავი შეიკავოთ, მაგრამ თუ ეს არ მოხერხდა, აუცილებლად გამოიყენეთ პრეზერვატივი.

ნუ მიჰყოფთ ხელს თვითმკურნალობას და ნურც არაკომპეტენტური ადამიანების რჩევით მიიღებთ რაიმე მედიკამენტს ― შესაძლოა, სიმპტომები დროებით ჩაცხრეს, მაგრამ პათოლოგიურ პროცესს თავს ვერ დააღწევთ. მეტიც ― ინფექცია კიდევ უფრო გაღრმავდება. ასე რომ, პრეპარატების უსისტემო მიღებით ექიმსაც გაურთულებთ საქმეს და განკურნების შანსსაც საგრძნობლად შეამცირებთ.

გააზიარე: