რა იწვევს და რა ახასიათებს დიაფრაგმის თიაქარს?

გააზიარე:

არის შემთხვევები, როცა ადამიანი თანდაყოლილი თუ შეძენილი დეფექტით ისე გალევს სიცოცხლეს, ვერც თავის დიაგნოზს შეიტყობს და არც რაიმე შეაწუხებს, მაგრამ უმეტესად პირიქით ხდება, უსიამოვნო სიმპტომებით შეწუხებული პაციენტი ექიმს მიმართავს და სათანადო გამოკვლევით დისკომფორტის მიზეზს მიაგნებს. ერთ-ერთი ასეთი დარღვევა საყლაპავის დიაფრაგმაზე არსებული ხვრელის თიაქარია, რომლის შესახებ “ავერსის კლინიკის” გასტროენტეროლოგი და ინფექციონისტი, მედიცინის დოქტორი თენგიზ თელია გვესაუბრება.


– მოგეხსენებათ, დიაფრაგმა გულმკერდისა და მუცლის ღრუს გამყოფი ორგანოა, ერთგვარი გუმბათისებური კუნთი, რომელიც აქტიურად მონაწილეობს სუნთქვის პროცესში. დიაფრაგმას აქვს რამდენიმე ხვრელი, რომლებშიც სხვადასხვა მილისებური წარმონაქმნი გაივლის: საყლაპავი, აორტა, ქვედა ღრუ ვენა, კენტი ვენა… საყლაპავის ხვრელის თიაქარი მდგომარეობაა, როდესაც დიაფრაგმის საყლაპავისეულ ხვრელში კუჭის ნაწილი აღწევს, რაც ამ ხვრელის სხვადასხვა მიზეზით გამოწვეული გაფართოების შედეგია.


საყლაპავის ხვრელის თიაქარი მოსახლეობის 25%-ს აწუხებს. ჩვილებში გასტროეზოფაგური რეფლუქსი (საკვების ამოქაფება) ხშირად თიაქარზე მიუთითებს. ცნობილია, რომ 50 წლიდან საყლაპავის ხვრელის თიაქარი ხშირდება და აღნიშნული მდგომარეობისთვის დამახასიათებელი სიმპტომები მეტ-ნაკლები ინტენსივობით ამ ასაკს გადაცილებული მოსახლეობის 60%-ს აქვს გამოხატული.

  • – რა იწვევს დიაფრაგმის თიაქარს?

– მიზეზი მრავალფეროვანია. უპირველეს  ყოვლისა, ეს არის შემაერთებელი ქსოვილის შესუსტებისადმი გენეტიკური მიდრეკილება, რის ფონზეც საყლაპავ-დიაფრაგმის იოგი დუნდება (ეს უკანასკნელი კუჭს მუცლის ღრუში ამაგრებს), ასევე – ყველა ის მდგომარეობა, რომელიც კი მუცლის ღრუში წნევას ზრდის (ორსულობა, წონის მომატება, ყაბზობა). ზოგიერთი ავტორი თიაქრის მიზეზებს შორის ასახელებს ინტენსიურ ხველას და ძლიერ ცემინებას. დაავადების რისკფაქტორად მიიჩნევა თამბაქოს წევა.

  • – რა ჩივილები ახასიათებს ამ ტიპის თიაქარს?

– საყლაპავის ხვრელის დიაფრაგმული თიაქარი ხშირად უსიმპტომო პროცესია და კლინიცისტიც და პაციენტიც მას შემთხვევით აღმოაჩენენ. ყურადღებას მხოლოდ მაშინ იპყრობს, როდესაც კლინიკურად ვლინდება. შესაძლოა გამოვლინდეს მუცლის და`ან მკერდუკანა ტკივილით, საჭმლის მიღების შემდეგ კუჭის სწრაფი გადავსების შეგრძნებით, ბოყინით, გულისრევით. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ჩამოთვლილი სიმპტომები აუცილებლად საყლაპავის ხვრელის დიაფრაგმულ თიაქარზე მიუთითებს.
თიაქარი თავისთავად იშვიათად იწვევს სიმპტომებს. ტკივილისა და დისკომფორტის მიზეზი, როგორც წესი, კუჭის წვენის, ჰაერის ან ნაღვლის წვენის რეფლუქსია, ანუ მათი მოხვედრა კუჭიდან საყლაპავში.
გასტროეზოფაგური რეფლუქსი, კუჭის მჟავა შიგთავსის საყლაპავში გადაადგილება, რომელიც თიაქარს ხშირად ახლავს თან, სპეციფიკურ (გულძმარვა, მკერდუკანა წვა) და არასპეციფიკურ (ხველა, სინუსიტები, კარდიოლოგიური პრობლემების სიმულაცია) სიმპტომებს იწვევს.
გასტრეოეზოფაგური რეფლუქსის დროს ზოგიერთ პაციენტს აქვს შეგრძნება, თითქოს ლუკმა სადღაც მკერდის ძვლის უკან “გაეჭედა”. ამ მიდამოში წვა და ტკივილი იმატებს მოხრისას, წოლისას, ჭამისას, მწვავდება ღამით და ანტაციდების მიღების შემდეგ ცხრება. ამ მდგომარეობას ახასიათებს ჭამის შემდეგ გულისრევის შეგრძნება. შედარებით იშვიათად ასეთ პაციენტებს აღენიშნებათ რეგურგიტაცია (საკვების უკან ამობრუნება), ხველა და მსტვენი სუნთქვა, ყლაპვის გაძნელება, სლოკინი, ხმის ჩახლეჩა და მისი ტემბრის შეცვლა, ყელის ტკივილი. 

  • – რა ვიღონოთ ამის თავიდან ასაცილებლად?

– უპირველესად, ვერიდოთ საკვებსა თუ სასმელს, რომელიც ხელს უწყობს რეფლუქსს. ასეთია:
. ალკოჰოლი;
. კოფეინი;
. გაზიანი სასმელები;
. შოკოლადი;
. ციტრუსები და მათი წვენები;
. პიტნა;
. მწარე და ცხიმიანი საკვები;
. ცხიმიანი რძის ნაწარმი;
. პომიდორი და მისი საწებლები.
აუცილებელია კვებითი ჩვევების გადახედვაც: არ შეიძლება ზედმეტი მოძრაობები და ვარჯიში ჭამის შემდეგ, ასევე წამოწოლა ჭამიდან 3-4 საათის განმავლობაში – ახალ ნაჭამზე წამოწოლისას კუჭის შიგთავსი საყლაპავის ქვედა სფინქტერს აწვება და გახსნას აიძულებს. საჭიროა კვება მცირე ულუფებით.


  • – გარდა დიაფრაგმის თიაქრისა, რამ შეიძლება გამოიწვიოს საყლაპავის პროექციაზე სპაზმური ტკივილი და რა ჯგუფის პრეპარატების გამოყენება შეიძლება მის გასაყუჩებლად?

– სანამ ამ კითხვაზე გიპასუხებდეთ, აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ საყლაპავის ხვრელის დიაფრაგმული თიაქარი ოთხი ტიპისაა. პირველი ტიპი ასიდან 95 შემთხვევაში გვხვდება და მას მცოცავ თიაქარს უწოდებენ. ყველა დანარჩენი, მეორე, მესამე და მეოთხე ტიპის თიაქრები, სულ რაღაც 5%-ს შეადგენს. მათ შესაძლოა სხვადასხვა ხარისხის გართულებები გამოიწვიონ: კუჭის 180-გრადუსიანი როტაცია (შემოტრიალება ღერძის გარშემო), კუჭის დაზიანებული ლორწოვანის ეროზიები (კამერონის ეროზია), დაწყლულება და სისხლდენა.


საყლაპავის ტკივილით მიმდინარე სხვა პათოლოგიების ნუსხა შთამბეჭდავია: საყლაპავის ლორწოვანის ანთებითი პათოლოგიები, ეროზიები, წყლულები და სტრიქტურები (შეხორცებები), საყლაპავის ნევროლოგიური თუ რევმატოლოგიური ანთებითი სისტემური დაავადებები, საყლაპავის გენერალიზებული სპაზმი, ასევე – საყლაპავის ქვედა სფინქტერის მოდუნების უნარის დაკარგვით მიმდინარე დაავადება აქალაზია. აღარაფერს ვამბობ ონკოლოგიური პოტენციალის საყლაპავის პათოლოგიებზე.


საკმაოდ ვრცელია იმ დაავადებების ჩამონათვალიც, რომლებსაც გულმკერდის არეში ტკივილი ახასიათებს: გულის შეტევა, აორტის განშრევება, პერიკარდიტი, ფილტვის ემბოლია, პნევმოთორაქსი, ფილტვების ანთება, ჰერპეს ზოსტერი, ნაღველკენჭოვანი დაავადება, კუჭის წყლული, გასტრიტი… თვითმკურნალობა აქ დაუშვებელია, აუცილებლად უნდა გაირკვეს ტკივილის მიზეზი.

  • – რით დასტურდება საყლაპავის ხვრელის თიაქარი?

– ამისთვის უმთავრესად კვლევის რენტგენოლოგიურ მეთოდს იყენებენ ბარიუმის ფაფით, თუმცა გასტროენტეროლოგმა შესაძლოა საჭიროდ მიიჩნიოს ენდოსკოპიური და სხვა რადიოლოგიური კვლევების ჩატარებაც.

  • – რა გართულებებს იწვევს თიაქარი და როდის?

– ყველაზე საშიში გართულება, როგორც უკვე აღვნიშნე, სიგრძივი ღერძის მიმართ კუჭის 180-გრადუსიანი როტაცია და ნეკროზული პროცესია, ასევე – თიაქარასოცირებული წყლულოვანი პროცესი და სისხლდენა. აქვე უნდა ითქვას, რომ გართულებებსა და საყლაპავის ხვრელის დიაფრაგმულ თიაქარს შორის ხარისხობრივი კავშირი არსებობს. თუ პირველი ტიპის (მცოცავი) თიაქრის დროს გართულებები მინიმალურია, მეორე, მესამე და განსაკუთრებით მეოთხე ტიპის თიაქრების (მათ პარაეზოფაგურ თიაქრებსაც უწოდებენ) გართულებები უფრო ხშირად გვხვდება. მაგალითად, მეოთხე ტიპის საყლაპავის ხვრელის დიაფრაგმული თიაქრის დროს თიაქრის პარკში მსხვილ ნაწლავსა და ელენთასაც კი პოულობენ.
სხვა გართულებებიდან აღსანიშნავია ასპირაცია – პირნაღები მასის გადაცდენა სასუნთქ გზებში – და სისხლდენის შედეგად რკინადეფიციტური ანემიის განვითარება. 

  • – როგორ მკურნალობენ დიაფრაგმის თიაქარს, როდის არის აუცილებელი ოპერაციული ჩარევა?

– პირველი ტიპის საყლაპავის ხვრელის დიაფრაგმული თიაქრის დროს უმთავრესად მედიკამენტური თერაპიით შემოიფარგლებიან. მკურნალობა გულისხმობს გასტროეზოფაგური რეფლუქსის მკურნალობას – მჟავადამთრგუნველი პრეპარატების მიღებას (ანტაციდები, H2 ბლოკატორები, პროტონის ტუმბოს ინჰიბიტორები (ე.წ. პრაზოლები და სხვა) და ცხოვრების სტილის შეცვლას. 


პირველი ტიპის საყლაპავის ხვრელის დიაფრაგმული თიაქრის დროს ქირურგიული ჩარევა მხოლოდ რეფრაქტორული გასტროეზოფაგური რეფლუქსის სიმპტომს უკავშირდება, როცა რეფლუქსის სიმპტომები, მიუხედავად მედიკამენტური მკურნალობისა, მაინც აგრესიულად ავლენს თავს. მკურნალმა გასტროენტეროლოგმა და ქირურგებმა პაციენტთან ერთად სკრუპულოზურად უნდა შეაფასონ ყველა მონაცემი, ჩაატარონ დამატებითი კვლევა – 24-საათიანი იმპენდანსური PH-მეტრია, განისაზღვრონ სხვადასხვა პარამეტრი და გადაწყვეტილება კონსილიუმის წესით მიიღონ.
პარაეზოფაგური თიაქრების მართვის საკითხს კი, წესისამებრ, პაციენტთან ერთად ქირურგები წყვეტენ.


თუ ამ ინტერვიუს წაკითხვის შემდეგ ეჭვი გაგიჩნდათ, რომ დიაფრაგმის საყლაპავისეული ხვრელის თიაქარი გაქვთ, მიმართეთ ექიმს. იმავეს გირჩევთ, თუ ეს დიაგნოზი უკვე დადასტურებულია, მაგრამ სიმპტომები მძიმდება, მკურნალობის შემთხვევაში – არ მსუბუქდება, ან სხვა, ახალი სიმპტომები იჩენს თავს.


სამახსოვრო
გასტროეზოფაგური რეფლუქსის დროს ადამიანს ზოგჯერ შვებას ჰგვრის შემდეგი რეკომენდაციების დაცვა: 
* მოერიდეთ მჭიდრო ტანსაცმლისა და ქამრების ტარებას – გარედან ზეწოლა ხელს უწყობს რეფლუქსს.
* თუ ჭარბწონიანი ბრძანდებით, აუცილებლად დაიკელით – ზოგჯერ გასტროეზოფაგური დაავადების ნიშნები რამდენიმე კილოგრამის მოკლებასთან ერთად ქრება.
* ძილის დროს უმჯობესია თავი მუცელზე 15-20 სანტიმეტრით მაღლა გედოთ. ეს საკვების საყლაპავში გადასვლას შეაფერხებს. მაგრამ ამისთვის ბალიშების დამატება არცთუ ისე კარგი აზრია. ჯობს, საწოლის თავი აამაღლოთ – ლეიბის ქვეშ დამრეცად ამოიდოთ რამე.
* თავი დაანებეთ მოწევას – თამბაქოს კვამლში შემავალი ქიმიური ნივთიერებები ადუნებს საყლაპავის ქვედა სფინქტერს.
* ერიდეთ სტრესს, მოდუნდით, ივარჯიშეთ. კარგია იოგა, ტაი-ჩი.
* თუ დისკომფრტმა არ გაიარა, ექიმთან ერთად შეარჩიეთ და მოსინჯეთ წამლები.

გააზიარე: