პროფესიული ეშმაკობანი

გააზიარე:

ჩვენი კოსმეტიკური სალონები გამაახალგაზრდავებელი პროცედურების იმდენად მრავალფეროვან არჩევანს გვთავაზობენ, რომ ევროპულ სილამაზის სალონებს არაფრით ჩამოუვარდებიან. გაგაცნობთ ექვს ყველაზე პოპულარულ მეთოდს, რომლებიც თანდათანობით ქართულ სინამდვილეშიც იკიდებს ფეხს.

მეზოთერაპია
ეს ევროპაში ყველაზე რეიტინგული მეთოდია: მეზოთერაპიის საშუალებით არა მხოლოდ ნაოჭების ამოვსება, არამედ კანის კვება და გამკვრივებაც არის 
შესაძლებელი.
მეთოდის პრინციპი: ნემსის საშუალებით კანში შეჰყავთ ვიტამინებისა და მინერალების სპეციალური კოქტეილი. ასე ღრმად კანი კრემებს ვერ შეიწოვს, ამიტომ მეზოთერაპია უფრო ეფექტურია, ვიდრე საუკეთესო საცხების მუდმივი ხმარება. 
მკურნალობა წელიწადში ერთხელ უნდა ჩატარდეს. 10 პროცედურა, რომელთა ღირებულება 30 დოლარიდან იწყება, 10 კვირის განმავლობაში უნდა ჩაიტაროთ.
ნაკლოვანებები: მეზოთერაპია არ არის რეკომენდებული ალერგიული პირებისათვის და მათთვის, ვისაც ნაღველკენჭოვანი დაავადება აწუხებს.
კიდევ ერთი დისკომფორტი: ნემსების ჩხვლეტა უსიამოვნო პროცესია, თუმცა სილამაზე მსხვერპლს მოითხოვს.

ფიბრობლასტის ავტოტრანსპლანტაცია
კანის სიმკვრივესა და ჯანსაღ ფერზე პასუხისმგებელ უჯრედებს ფიბრობლასტებს უწოდებენ. ისინი გამოიმუშავებენ სპეციალურ ნივთიერებას, რომელიც სილამაზისა და ახალგაზრდული იერის შენარჩუნებაში გვეხმარება. დროთა განმავლობაში ფიბრობლასტები ზარმაცდებიან და კანიც დაბერებას იწყებს.
მეთოდის პრინციპი: ეს მნიშვნელოვანი უჯრედები რომ წაახალისონ, მათ კანიდან გამოყოფენ, განსაკუთრებულ პირობებში ამყოფებენ, კვებავენ, სტიმულს აძლევენ, რომ სიზარმაცე დააძლევინონ და ისევ თავიანთ ადგილას აბრუნებენ. ეფექტს მხოლოდ 6-8 კვირის შემდეგ შეამჩნევთ. სამაგიეროდ, ერთი პროცედურა საკმაოდ ხანგრძლივ შედეგს იძლევა.
ნაკლოვანებები: პროცედურა განმეორებით 3-4 თვის შემდეგ უნდა ჩაიტაროთ. მეთოდი უახლესია და, ამასთანავე, ძვირადღირებული. 3000 დოლარი მინიმალური თანხაა, რაც ევროპის კლინიკებში ამ პროცედურაში დაგეხარჯებათ.

ფოტოგაახალგაზრდავება
სპეციალური ფარანი სინათლეს სასარგებლო და მავნე სხივთა კონებად ყოფს. სასარგებლო სხივები კანის დეფექტებზე მოქმედებს: წვრილი ნაოჭები სწორდება, ფორები ივსება, პიგმენტური ლაქები უკვალოდ ქრება. ეს იმის დამსახურებაა, რომ პროცედურის შემდეგ კანი აქტიურად გამოიმუშავებს კოლაგენსა და ელასტინს.
ფოტოგაახალგაზრდავების მეთოდი სრულიად უმტკივნეულოა და შეგიძლიათ გამოიყენოთ არა მხოლოდ სახისთვის, არამედ ხელებისთვის, მუცლისთვის, ზურგისთვის... ეფექტის გასაორმაგებლად გირჩევთ ეს მეთოდი მეზოთერაპიას შეუხამოთ.
ნაკლოვანებები:  სალონში სიარული ნახევარი წლის განმავლობაში მოგიწევთ. 4-5 კვირაში ერთხელ პროცედურის განმეორება აუცილებელია, თითოეული მათგანის ღირებულება კი 350 დოლარს აღწევს.

ღრმა პილინგი
გაახალგაზრდავების ეს მეთოდი რამდენიმენაირია: ქიმიური, მექანიკური და ლაზერული. თითოეული მათგანი შეიძლება იყოს ზედაპირული, სიღრმისეული და საშუალო. მათი მთავარი მიზანი გაუხეშებული მკვდარი უჯრედების მოცილებაა. ამასთანავე, პილინგის დროს ხდება ახალი უჯრედების სტიმულირება და კვება. პროცედურა სწრაფი და ეფექტურია. შედეგად კანი ერთფეროვანი, რბილი და ელასტიკური ხდება. 
ნაკლოვანებები: პილინგის შედეგი მხოლოდ რამდენიმე კვირის განმავლობაშია შესამჩნევი, სიღრმისეული პილინგის შემდეგ კი კანი ხშირად მთელი კვირა დამწვარს წააგავს. თითოეული პროცედურის ღირებულება 50 დოლარს არ აღემატება, თუმცა ხშირად გამეორება არ არის რეკომენდებული. სანუგეშოდ კი გეტყვით, რომ ზედაპირული პილინგის ჩატარება შინაურ პირობებში სპეციალური სქრაბის საშუალებით ნებისმიერ ქალბატონს შეუძლია.

ბოტულოტოქსინი
ეს მეთოდი კოსმეტოლოგებმა ნევროლოგებისგან გადაიღეს. ბოტულოტოქსინის ინექციას ნევროლოგები კუნთების ზედმეტად დაძაბვის შემთხვევაში უნებლიე მოძრაობებისა და თავის ტკივილების მოსახსნელად იყენებდნენ.
ნივთიერება, რომელიც შპრიცით შეჰყავთ კანქვეშ, კანს არ კვებავს, არც მის სტრუქტურას აუმჯობესებს, სამაგიეროდ, მოქმედებს ნერვზე, არ აძლევს საშუალებას, იმპულსი კუნთში გაატაროს. შედეგად მიმიკური ნაოჭები სწორდება.
ნაკლოვანებები: ქალბატონებს, რომლებსაც ბოტოქსის ინექციები მეტისმეტად იტაცებთ, იოლად ამოიცნობთ: ისინი კლონირებულ თოჯინებს ჰგვანან, რადგან მათი სახე ცოცხალ გამომეტყველებას კარგავს.
ბოტულოტოქსინის ინექციას უმთავრესად თვალის ირგვლივ მიდამოსა და და შუბლის ნაოჭების გასასწორებლად იყენებენ. ეფექტი მხოლოდ რამდენიმე თვეს გრძელდება. 

ისევ და ისევ ნიღბები!
ყველაზე პოპულარული, იაფი და ეფექტური საშუალება ნიღაბია, თუმცა ნაკლი მასაც აქვს: კანი მხოლოდ 3-4 დღით გაგიახალგაზრდავდებათ, შემდეგ კი ისევ მოეშვება და ფერსაც დაკარგავს. თუმცა თუ ბანკეტის ან წვეულებისთვის ემზადებით და გსურთ, თავს საღამოს დედოფლად გრძნობდეთ, ნიღაბი საუკეთესო გამოსავალია. საქართველოში არსებულ სილამაზის ცენტრებში ათასგვარ ნიღაბს შემოგთავაზებენ. აი, ევროპის VIP-სალონებს თუ ესტუმრებით,  სახეზე შავ ხიზილალას შეგაზელენ და თან ეცდებიან დაგარწმუნონ, რომ გაახალგაზრდავების უკეთესი საშუალება დედამიწის ზურგზე არ არსებობს. დაიჯერებთ თუ არა, თქვენი საქმეა. ხიზილალის ერთჯერადი ნიღაბი სულ რაღაც 40 დოლარი ღირს.

გააზიარე: