არასასურველი ქცევა

გააზიარე:

 

 

შვილის სიჯიუტე, ჭირვეულობა, გაუგონრობა ბევრი მშობლისთვის გადაულახავ პრობლემად იქცევა. როდის მიიჩნევა ბავშვის ქცევა პრობლემურად და როგორ მოვიქცეთ ასეთ დროს?

ქცევა პრობლემურია, თუ:

* ხელს უშლის ბავშვს სხვა ბავშვებთან ურთიერთობაში, სოციალიზაციაში;

* სახიფათოა თავად ბავშვისთვის (თვითდაზიანება) ან სხვებისთვის (ფიზიკური აგრესია);

* ხელს უშლის ბავშვის განვითარებას (ბავშვი უარს ამბობს მისი განვითარებისთვის საჭირო`სასარგებლო აქტივობებზე);

* ბავშვი გამუდმებით უგულებელყოფს უფროსის თხოვნას და მითითებას;

* ყვირილით, ტირილით, ისტერიკით გამოხატავს უკმაყოფილებას.

 

რისი ბრალია ბავშვის ასეთი ქცევა?

მშობლები ჩივიან, რომ შვილს “არაფერს აკლებენ”, ყველა თხოვნას უსრულებენ, საუკეთესო პირობებს უქმნიან ზრდისა და განვითარებისთვის, პასუხად კი ჯიუტობას, ჭირვეულობას და აგრესიას იღებენ. რას დავაბრალოთ ბავშვის ასეთი ქცევა? მიზეზები, ცხადია, ინდივიდუალურია, მაგრამ ფსიქოლოგები რამდენიმე საერთო მიზეზსაც გამოყოფენ: ბავშვის ფსიქიკური სამყაროს სენსიტიურობას, არაცნობიერ მოტივებს, მემკვიდრეობას, გარემოს, აღზრდის უგულებელყოფას, ყურადღების დეფიციტს და აღმზრდელების გამოუცდელობას. თუ პრობლემური ქცევა რომელიმე დაავადების თანმხლები მოვლენა არ არის, პასუხისმგებლობა უმეტესად მშობლებს ეკისრებათ, რადგან აღზრდა არ გულისხმობს მხოლოდ “საუკეთესო პირობების შექმნას”, ჯანსაღი საკვებით უზრუნველყოფას, ძვირად ღირებული ნივთების შეძენას.

 

ქცევის მართვა

თავდაპირველად უნდა გაირკვეს, რისი ბრალია ბავშვის პრობლემური ქცევა. ამ დროს გასათვალისწინებელია მისი ასაკი, სქესი, ხასიათის თავისებურებები, ოჯახური პირობები.

ამასთანავე, მშობლებმა უნდა იცოდნენ, როდის არის ქცევა პრობლემური და როდის – განვითარების ასაკობრივი თავისებურებებით განპირობებული. მაგალითად, როცა მცირეწლოვანი ბავშვი ინტერესდება სათამაშოების, უჯრების, ნივთების შიგთავსით (შლის სათამაშოებს, აღებს უჯრებს, ამტვრევს ნივთებს და ა.შ.), სვამს უამრავ კითხვას, ბევრს მოძრაობს (დარბის, დახტის, დახოხავს) – ეს სავსებით ნორმალურია.

მშობლებს, რომლებიც შვილის პრობლემურ ქცევას ეჯახებიან, ფსიქოლოგები საპასუხო ქცევის სტრატეგიის შემუშავებას ურჩევენ. მიმოვიხილოთ ყველაზე გავრცელებული სტრატეგიები, მათი დადებითი და უარყოფითი მხარეები.

 

იგნორირება

იგნორირება გულისხმობს უფროსის სრულ უმოქმედობას ბავშვის არასასურველი ქცევის პასუხად. ამ სტრატეგიის თანახმად, ისე ვიქცევით, თითქოს არაფერი მომხდარა – არ ვყვირით, ჭკუას არ ვარიგებთ, არ ვსაყვედურობთ, არ ვამუნათებთ, არ გვეცვლება ინტონაცია, მიმიკა. იგნორირება ეფექტიანია, როცა ბავშვის არასასურველი ქცევის მიზანი უფროსების ყურადღების მიპყრობაა. თუ ბავშვს ყურადღება აკლია, ის ყოველგვარი ხერხით შეეცდება დეფიციტის “შევსებას”. მისთვის მნიშვნელობა არ აქვს, ყურადღება დადებითი იქნება თუ უარყოფითი.

გაითვალისწინეთ: იგნორირება არ არის ქცევის მართვის უნივერსალური მეთოდი. არ შეიძლება ისეთი ქცევის იგნორირება, რომელიც საფრთხეს უქმნის ბავშვს ან ვინმე სხვას (კედელზე შეჯახება, ვინმესთვის ნივთების სროლა და სხვა).

ამ მეთოდის გამოყენებას არც მაშინ გირჩევთ, თუ დარწმუნებული არ ხართ, რომ მოთმინება ბოლომდე გეყოფათ.

 

წახალისება

ქცევის მართვის ეს მეთოდი გამორიცხავს ბავშვისთვის არსასიამოვნო სტიმულებს და ორიენტირებულია მხოლოდ კარგი საქციელის შემჩნევასა და წახალისებაზე. წახალისება გულისხმობს ბავშვისთვის ისეთი სტიმულის მიცემას, რომელიც დადებით ემოციებს აღძრავს და ამით ზრდის სასურველი ქცევის განმეორების ალბათობას. ოღონდ უნდა გახსოვდეთ, რომ ასე შესაძლოა არასასურველი ქცევის განმტკიცებაც მოხდეს, თანაც, როცა პრობლემური ქცევა უკვე ჩამოყალიბებულია, წახალისების მეთოდის გამოყენება ბევრ დროსა და მოთმინებას მოითხოვს.

ეცადეთ, კარგი ქცევა არამატერიალური ჯილდოთი წაახალისოთ. ეს ჯილდო შეიძლება იყოს სოციალური (ქება, ღიმილი), ქცევითი (ერთობლივი თამაში, სხვადასხვა აქტივობის, მაგალითად, საოჯახო საქმიანობის ერთობლივად შესრულება, გასეირნება, მულტფილმის`საბავშვო ფილმის ერთად ყურება), კვებითი (ტკბილეული, საყვარელი კერძი), სიმბოლური (სტიკერი, ფერადი ქაღალდისგან გამოჭრილი ვარსკვლავი, ღიმილი და სხვა).

ამ მეთოდის სისტემატური გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია რამდენიმე პირობის დაცვა. ბავშვი სასურველი ქცევისთვის დაუყოვნებლივ უნდა დაჯილდოვდეს. პატარებს უჭირთ ხანგრძლივი მიზეზშედეგობრივი კავშირების დამყარება, ასე რომ, დაპირება “თუ ახლა კარგად მოიქცევი, ზაფხულში ველოსიპედს მიიღებ” ქმედითი ვერ იქნება. იმავდროულად, სტიმული ქცევას უნდა შეესაბამებოდეს. მაგალითად, სათამაშოების ალაგებისთვის ძვირად ღირებული ნივთის შეძენა შეუსაბამოდ დიდი ჯილდო იქნება.

სასურველია, ჯილდო მრავალფეროვანი იყოს, ოღონდ აუცილებლად დაიცავით ზომიერება, რათა თავიდან აიცილოთ მობეზრება.

წახალისების მეთოდს ახლავს ერთგვარი რისკიც – თუ უფროსებმა გადაამლაშეს, ის შესაძლოა გარიგებას დაემსგავსოს.

 

ადეკვატური სასჯელი

დასჯა აღზრდის საუკეთესო მეთოდად ვერ ჩაითვლება, მაგრამ სხვაგვარად ბავშვის დაშოშმინება ზოგჯერ შეუძლებელია – როგორმე უნდა გავაგებინოთ, რომ მისი საქციელი ყოველგვარ ზღვარს გასცდა.

სასჯელზე საუბრისას უნდა გვახსოვდეს მთავარი წესი: დასჯის მეთოდების არსენალიდან უნდა გამოვრიცხოთ ცემა, ყვირილი და საკვების შეზღუდვა (უსაუზმოდ, უსადილოდ ან უვახშმოდ დატოვება). ტკივილის მიყენება, დამცირება და სიტყვიერი შეურაცხყოფა მხოლოდ უკუშედეგს გამოიღებს!

მეორე: სასჯელს მხოლოდ მაშინ უნდა მივმართოთ, როცა ყველა საშუალება ამოწურულია.

ფიზიკური შეზღუდვის მიზანია, ბავშვი დამშვიდდეს და დამოუკიდებლად გაიაზროს თავისი შეცდომები. ფსიქოლოგები ასეთ დროს გვთავაზობენ მეთოდს, რომელსაც პირობითად შეიძლება “დამამშვიდებელი სკამი” ვუწოდოთ. დასჯის ეს ლოიალური, ეფექტური და ეფექტიანი მეთოდი 2-დან 5 წლამდე ასაკის ბავშვებისთვისაა განკუთვნილი. აირჩიეთ სახლში ერთი სკამი და “დამამშვიდებელ სკამად” გამოაცხადეთ. ბავშვი წინასწარ გააფრთხილეთ, რამდენი დრო აქვს გამოყოფილი დასამშვიდებლად (ეცადეთ, სასჯელის ხანგრძლივობა 5 წუთს არ აღემატებოდეს). დროის ამოწურვის შემდეგ ბავშვს შეუძლია ადგეს, ხოლო მშობელს – “აღმზრდელობითი ხასიათის საუბარი” გამართოს მასთან. აუცილებელია იმის წინასწარ ახსნაც, რომ პროტესტი არ მიიღება. ერთად განიხილეთ, რატომ და რისთვის გამოიყენეთ ეს მეთოდი. სთხოვეთ ბავშვს, თავადაც გესაუბროთ იმაზე, რას გრძნობდა.

უფრო მოზრდილი ბავშვებისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ “მეორე ოთახის” მეთოდიც. აუხსენით ბავშვს, რომ საკუთარ საქციელზე დასაფიქრებლად სხვა ოთახში უნდა განმარტოვდეს. წინასწარ შეამოწმეთ, ხომ არაფერია ამ ოთახში ისეთი, რაც საფრთხეს შეუქმნის ბავშვს. დარწმუნდით იმაშიც, რომ პატარას ოთახში განმარტოებისა არ ეშინია.

დასჯის მიზნით შეიძლება რაიმე სასურველის აკრძალვაც, მაგალითად, კომპიუტერის ან ტელეფონის დროებით ჩამორთმევა.

დაბოლოს, დაიხსომეთ ორი მთავარი პრინციპი:

* სასჯელი დანაშაულს უნდა შეესაბამებოდეს – მასთან შედარებით არც მეტისმეტად მძიმე იყოს და არც მეტისმეტად მსუბუქი.

* ბავშვი უნდა დაისაჯოს კონკრეტული ქცევისთვის, სასჯელს კი აუცილებლად მოჰყვეს განმარტება, რისთვის ისჯება.

ნინო ლომიძე

 

 

 

 

 

გააზიარე: