რა იწვევს და რა ახასიათებს ვასკულიტს?

გააზიარე:

მანაც კი, ვისაც სამედიცინო განათლება არ მიუღია, იცის, რომ არსებობს უამრავი დაავადება, რომელთა სიმპტომები ისე ჰგავს ერთმანეთს, გარჩევა ხშირად პროფესიონალებსაც უჭირთ. დაავადებას, რომელზეც ქვემოთ ვაპირებთ საუბარს, ათასი სახე აქვს. მისი სიმპტომების ჩამონათვალი ვრცელი და მრავალფეროვანია, კანზე მსუბუქი სისხლჩაქცევებით დაწყებული, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ორგანოების დაზიანებით დამთავრებული. ეს ვასკულიტია – პრობლემა, რომელსაც ზოგჯერ დამოუკიდებლად უმკლავდება ორგანიზმი, ზოგჯერ კი სასწრაფო დიაგნოსტიკას და სათანადო სამედიცინო ჩარევას მოითხოვს.

ვასკულიტი, სხვაგვარად – ანგიიტი ან არტერიიტი, სისხლძარღვების ანთებითი დაავადებაა, რომელიც სისხლძარღვის კედლის გასქელებით, დასუსტებით, სანათურის შევიწროებითა და დანაწიბურებით გამოიხატება. პათოლოგიურად გადაგვარებული სისხლძარღვები ორგანოებსა და ქსოვილებს საჭირო რაოდენობის ჟანგბადსა და საკვებ ნივთიერებებს ვეღარ აწვდის, რასაც ორგანოთა დაზიანებამდე და კვდომამდეც მივყავართ.

ვასკულიტის უამრავი ფორმა არსებობს, თუმცა მათი უმეტესობა იშვიათია. მიმდინარეობის მიხედვით განასხვავებენ მწვავე და ქრონიკული ფორმებს.

ვასკულიტი ნებისმიერ ჩვენგან შეიძლება დაემართოს. მის ზოგიერთ სახესხვაობას მკურნალობა არ სჭირდება, ზოგიერთი ფორმის დროს კი ანთების სამართავად და გამწვავების თავიდან ასაცილებლად მედიკამენტური ჩარევა აუცილებელია.

 

რა იწვევს

ვასკულიტის მიზეზი ბოლომდე არ არის გარკვეული. ზოგიერთი ფორმა გენეტიკურ ფაქტორებთანაა დაკავშირებული, ზოგ შემთხვევაში კი იმუნური სისტემა შეცდომით უტევს და აზიანებს სისხლძარღვის უჯრედებს. იმუნური სისტემის ასეთ რეაქციას, სავარუდოდ, იწვევს:

* ინფექცია, მაგალითად, B ან C ჰეპატიტი;

* სისხლის ავთვისებიანი დაავადება;

* იმუნური სისტემის დაავადება, მაგალითად, რევმატოიდული ართრიტი, სისტემური წითელი მგლურა, სკლეროდერმია;

* ზოგიერთი წამალი.

ვასკულიტის დროს სისხლძარღვები სისხლმდენი და ანთებითია. ანთება სისხლძარღვის კედელს ასქელებს და სანათურს ავიწროებს, რის შედეგადაც ორგანოებისა და ქსოვილებისთვის ჟანგბადისა და სხვა აუცილებელი ნივთიერებების მიწოდება ფერხდება.

 

რა ახასიათებს

ვასკულიტის ნიშნები და სიმპტომები ძალზე მრავალფეროვანია და უმეტესად სისხლის მიმოქცევის დარღვევასთანაა დაკავშირებული.

ზოგადი ნიშნები და სიმპტომები, რომლებიც ვასკულიტის ფორმათა უმეტესობას ახასიათებს, მოიცავს ტემპერატურის მომატებას, თავის ტკივილს, დაღლილობას, წონის კლებას, სხეულის სხვადასხვა ნაწილის ტკივილს, ღამის ოფლიანობას, გამონაყარს, ნევროლოგიურ პრობლემებს, კიდურებში პულსის გაქრობას.

ვასკულიტის თითოეული ფორმასთვის განსაზღვრული ნიშნები და სიმპტომები სპეციფიკურია. ისინი ზოგჯერ ერთბაშად ჩნდება, ზოგჯერ კი დაავადების გვიან სტადიაზე იჩენს თავს.

 

ვასკულიტებს მიეკუთვნება:

* ბეხჩეტის სინდრომი. ის არტერიებისა და ვენების ანთებით მიმდინარეობს და უმეტესად 20-დან 40 წლამდე ასაკში ვლინდება. ახასიათებს წყლულები პირისა და სასქესო ორგანოების მიდამოში, თვალების ანთება და აკნეს მსგვასი გამონაყარი კანზე.

* ბიურგერის დაავადება, იგივე მაობლიტერირებელი თრომბანგიიტი. ამ დროს ვითარდება ხელებისა და ფეხების სისხლძარღვთა ანთება და სისხლძარღვებში თრომბები წარმოიქმნება. ხშირად თან ახლავს მტევნების, მკლავების, წვივების, ტერფების ტკივილი და წყლულები თითებზე. პულსაცია კიდურის პერიფერიულ არტერიებში არ ისინჯება ან მკვეთრადაა შესუსტებული. მკურნალობის გარეშე პროცესი მთავრდება თითების, ტერფის და ბოლოს კიდურის განგრენით. დადგენილია კავშირი მასა და სიგარეტის წევას შორის.

* კრიოგლობულინემია. ამ მდგომარეობას იწვევს სისხლში პათოლოგიური ცილების არსებობა, რომლებიც სიცივის პირობებში ჯგუფდება და სისხლძარღვებში დეპონირდება. ხშირად C ჰეპატიტთანაა დაკავშირებული. ახასიათებს გამონაყარი, სახსრების ტკივილი, სისუსტე, მგრძნობელობის დაკარგვა და ჩხვლეტის შეგრძნება.

* ეოზინოფილური გრანულომატოზი პოლიანგიიტთან ერთად (ჩარგ-სტრაუსის სინდრომი). ძალიან იშვიათია. აზიანებს თირკმელების, ფილტვებისა და კიდურების სისხლძარღვებს. სიმპტომები ძალიან მრავალფეროვანი და ცვალებადია, მოიცავს ბრონქულ ასთმას, ალერგიულ სურდოს, სინუსიტს (ცხვირის ღრუს დანამატი წიაღების ანთება) გამონაყარს, კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენას, კიდურების დაბუჟებას, ტკივილსა და სხვა.

* გიგანტურუჯრედოვანი არტერიიტი, იგივე საფეთქლის არტერიიტი. ამ დროს თავის, განსაკუთრებით – საფეთქლის არტერიების ანთება ვითარდება. ჩვეულებრივ, გვხვდება 50 წელს გადაცილებულებთან. იწვევს თავის ტკივილს, სკალპის მგრძნობელობის მომატებას, ყბის ტკივილს, მხედველობის დაბინდვას ან გაორებას, სიბრმავეს. დაკავშირებულია რევმატულ პოლიმიალგიასთან, რომელიც კისრის, მხრების, ბარძაყის, თეძოს კუნთების ტკივილსა და სიხისტეს იწვევს.

* ვეგენერის გრანულომატოზი. ვლინდება ცხვირის, სინუსების, ფილტვისა და თირკმლის სისხლძარღვების ანთებით. მისი ნიშნები და სიმპტომებია სურდო, სინუსის ინფექცია და ცხვირიდან სისხლდენა. დაზიანებულ ქსოვილებში გრანულომები წარმოიშობა. ფილტვების დაზიანებისას ჩნდება სისხლიანი ნახველი. ხშირად თირკმელებიც ზიანდება, თუმცა გვიან სტადიამდე, ჩვეულებრივ, შეუმჩნევლად და უსიმპტომოდ მიმდინარეობს.

* ჰენოხ-შონლაინის პურპურა. ახასიათებს კანის, სახსრების, ნაწლავებისა და თირკმლის კაპილარების ანთება. სიმპტომები მოიცავს მუცლის ტკივილს, სისხლიან შარდს, კუნთების ტკივილს, დუნდულებსა და ქვედა კიდურებზე გამონაყარს. უმეტესად ბავშვთა ასაკში გვხვდება.

* ჰიპერსენსიტიური ვასკულიტი. მისი პირველი ნიშანია ქვედა კიდურებზე წითელი წერტილების გაჩენა, რაც ინფექციის ან მედიკამენტური რეაქციის შედეგია.

* კავასაკის დაავადება. უმეტესად 5 წლამდე ასაკის ბავშვებთან ვლინდება. გამოიხატება ცხელებით, გამონაყარითა და თვალის ანთებით.

* მიკროსკოპული პოლიანგიიტი. ვასკულიტის ამ ფორმის დროს თირკმელები, საჭმლის მომენელებელი სისტემა, ნერვული სისტემა და კანი ზიანდება. ხშირად B ჰეპატიტთანაა დაკავშირებული. ახასიათებს გამონაყარი, კუნთების, სახსრების, მუცლის ტკივილი, სისხლის მაღალი წნევა და თირკმლის პრობლემები.

* ტაკაიასუს არტერიიტი. ამ დროს ზიანდება დიდი სისხლძარღვები, მათ შორის – აორტაც. ემართებათ, ჩვეულებრივ, ახალგაზრდა ქალებს. ახასიათებს მგრძნობელობის დაკარგვა ან სიცივის შეგრძნება კიდურებში, პულსიის გაქრობა, სისხლის მაღალი წნევა, თავის ტკივილი და მხედველობის ცვლილებები.

 

როდის მივმართოთ ექიმს

ვასკულიტისთვის დამახასიათებელი სიმპტომების არსებობის შემთხვევაში აუცილებლად მიდით ექიმთან. ამ დაავადების ზოგიერთ ფორმას მდგომარეობის სწრაფად დამძიმება ახასიათებს, ამიტომ ადრეული დიაგნოსტიკა მნიშვნელოვანია.

 

გართულებები

გართულებები დაავადების ფორმასა და სიმძიმეზეა დამოკიდებული. ისინი უმეტესად ვასკულიტის სამკურნალო მედიკამენტების გვერდით ეფექტებთანაა დაკავშირებული.

ძირითადი გართულებებია:

* ორგანოთა დაზიანება. ვასკულიტის ზოგიერთი ფორმა სასიცოცხლო მნიშვნელობის ორგანოთა დაზიანებას იწვევს.

* თრომბებისა და ანევრიზმების ჩამოყალიბება. თრომბის წარმოქმნისას სისხლძარღვის სანათური იხშობა და სისხლის დენა ფერხდება ან წყდება. იზრდება ანევრიზმის ჩამოყალიბების ალბათობაც, რადგან სისხლძარღვის კედელი სუსტდება. ანევრიზმის მკურნალობა მხოლოდ ქირურგიული გზითაა შესაძლებელი.

* მხედველობის დაქვეითება ან სიბრმავე. ეს უმეტესად ნებაზე მიშვებული გიგანტურუჯრედოვანი არტერიიტის გართულებაა.

* მძიმე და სიცოცხლისთვის საშიში ინფექციები, კერძოდ, პნევმონია და სეფსისი.

 

ვის მივმართოთ

თავდაპირველად – ოჯახის ექიმს. ვასკულიტზე ეჭვის მიტანის შემთხვევაში ის აუცილებლად გირჩევთ შესაბამისი სპეციალობის ექიმთან კონსულტაციას. ჩივილებიდან გამომდინარე, შესაძლოა, სხვა პროფილის ექიმის კონსულტაციაც გახდეს საჭირო.

 

როგორ ადგენენ

ანამნეზის შეკრებისა და გასინჯვის შემდეგ ექიმმა შესაძლოა შემდეგი კვლევები შემოგთავაზოთ:

* სისხლის საერთო ანალიზი, რომელიც ინფორმაციულია ორგანიზმში მიმდინარე ინფექციური პროცესის აღმოსაჩენად. მაგალითად, ამ გზით შეიძლება განისაზღვროს სისხლში C რეაქტიული პროტეინის დონე, რომელიც ორგანიზმში ანთებითი პროცესის მარკერია;

* შარდის ანალიზი;

* არაინვაზიური გამოსახვითი კვლევები – რენტგენი, ექოსკოპია, კომპიუტერული ტომოგრაფია, მაგნიტურ-რეზონანსული კვლევა და პოზიტრონულ-ემისიური ტომოგრაფია. მათი მეშვეობით შესაძლებელია დაზიანებული სისხლძარღვისა და ორგანოს აღმოჩენა;

* ანგიოგრაფია. ეს არის სისხლძარღვების რენტგენოლოგიური გამოკვლევა რენტგენოკონტრასტული ნივთიერების გამოყენებით. რენტგენოკონტრასტული ნივთიერება კათეტერით შეჰყავთ სისხლში და იღებენ სურათს, რომელზეც საკონტრასტო ნივთიერებით სავსე სისხლძარღვები ჩანს.

* ბიოფსია. ეს პატარა ქირურგიული ოპერაციაა, რომლის დროსაც ექიმი დაზიანებული ქსოვილის მცირე ნაწილს იღებს და იკვლევს.

 

როგორ მკურნალობენ

მკურნალობის მიზანი ანთებითი პროცესის ჩაცხრობა და ვასკულიტის გამომწვევი ძირითადი დაავადების აღმოფხვრაა. ვასკულიტის მკურნალობა ორი ფაზისგან შედგება. პირველი ანთებითი პროცესის ლიკვიდირებაა, მეორე – რეციდივის თავიდან აცილება. მკურნალობის სქემა და ხანგრძლივობა ვასკულიტის ფორმასა და მიმდინარეობის სირთულეზეა დამოკიდებული.

ზოგჯერ მკურნალობა სწრაფად და ეფექტურად მოქმედებს, ზოგჯერ კი შედეგი აყოვნებს. არის ისეთი შემთხვევებიც, როცა სამუდამო მკურნალობა ხდება საჭირო.

ვასკულიტის სამკურნალოდ გამოიყენება:

* კორტიკოსტეროიდები (მაგალითად, პრედნიზოლონი) დაზიანებულ სისხლძარღვებში ანთებითი პროცესის შესამცირებლად. კორტიკოსტეროიდებით ხანგრძლივ მკურნალობას მძიმე თანმხლები მოვლენები – წონის მატება, დიაბეტი და ოსტეოპოროზი ახასიათებს, ამიტომ აუცილებელია მათი მცირე დოზით გამოყენება.

* იმუნურ სისტემაზე მოქმედი მედიკამენტები. კორტიკოსტეროიდების უეფექტობის შემთხვევაში წინა პლანზე ციტოტოქსიკური ან იმუნოსუპრესორული საშუალებები წამოიწევს. ამ ჯგუფის პრეპარატები ამცირებს ანთებითი პროცესის გამომწვევი იმუნური უჯრედების რაოდენობას ან სრულიად ანადგურებს მათ. ამ წამლებს საკმაოდ მძიმე გვერდითი ეფექტები ახასიათებს, ამიტომ მათი ხანგრძლივი გამოყენება რეკომენდებული არ არის.

დღესდღეობით ვასკულიტის სამკურნალო ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური და შედარებით უსაფრთხო მედიკამენტია რიტუქსიმაბი. მისი გამოყენება შეიძლება B ჰეპატიტის შემთხვევაშიც, მიუხედავად იმისა, რომ ამ პრეპარატის გვერდითი ეფექტი სწორედ B ჰეპატიტის რეაქტივაციის რისკის გაზრდაა.

ვასკულიტის დიაგნოზით ცხოვრებისას ყველაზე ძნელი მკურნალობის თანმხლებ მოვლენებთან გამკლავებაა. ქვემოთ მოყვანილი რეკომენდაციები მდგომარეობის მართვაში დაგეხმარებათ:

* კარგად გაერკვიეთ დაავადების არსში, გაეცანით მკურნალობის გზებს და გვერდით ეფექტებს. ასე მოსალოდნელ შედეგებსა და გართულებებს მომზადებული შეხვდებით.

* ზედმიწევნით დაიცავით მკურნალობის სქემა, რეგულარულად იარეთ  ექიმთან, ჩაიტარეთ საჭირო კვლევები და იკონტროლეთ არტერიული წნევა.

* იკვებეთ ჯანსაღად. სწორი კვება მკურნალობის გვერდითი ეფექტების თავიდან აცილებაში დაგეხმარებათ. უპირატესობა მიანიჭეთ, მცენარეულ საკვებს, ხილსა და ბოსტნეულს, მარცვლეულს, მჭლე ხორცსა და თევზს. ცხიმიან საკვებს ერიდეთ.

* ჩაიტარეთ რუტინული ვაქცინაცია გრიპისა და პნევმონიის საწინააღმდეგოდ. ამ გზით თავიდან აიცილებთ ინფექციებს და შესაძლო გართულებებს.

* მისდიეთ სპორტს. რეგულარული აერობული ვარჯიშები, მათ შორის – სეირნობაც, მკურნალობის გვერდითი ეფექტების შესუსტებას უწყობს ხელს. ამასთან, სასუნთქ და გულ-სისხლძარღვთა სისტემებზეც დადებითად მოქმედებს და განწყობაზეც შესანიშნავ გავლენას ახდენს.

* ნუ იტყვით უარს ახლობლებსა და მსგავსი პრობლემის მქონე ადამიანებთან ურთიერთობაზე. ემოციების გამოხატვითა და ერთმანეთისთვის გაზიარებით გაცილებით უკეთეს შედეგს მიიღებთ.

თამთა ხელიძე

გააზიარე: