ჰიპერტენზია: რა არის და როგორ ვებრძოლოთ
გააზიარე:
სიკვდილიანობის მთავარი მიზეზი დღეს გულ-სისხლძარღვთა დაავადებებია. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, 2012 წელს მათ 17.5 მილიონი ადამიანი ემსხვერპლა. მათგან 7.4 მილიონი გულის იშემიური დაავადებით გარდაიცვალა, 6.7 მილიონი კი ინსულტით. ჯანმოსავე მტკიცებით, სიკვდილის შემთხვევათა 80%-ის თავიდან აცილება შესაძლებელია. როგორ? იმ რისკფაქტორების მოდიფიცირებით, რომლებიც გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარებას უწყობს ხელს და ლეტალური შედეგის ალბათობას ზრდის. ამ ფაქტორებს შორის წამყვანი ადგილი არტერიულ ჰიპერტენზიას უკავია.
და კვლავ ციფრები
პრობლემის მასშტაბურობის ნათელსაყოფად, ვფიქრობ, შემდეგი მონაცემებიც იკმარებს: ყოველწლიურად 9.4 მილიონი გარდაცვალება ამა თუ იმ კუთხით არტერიულ ჰიპერტენზიასთანაა დაკავშირებული; ყოველი ათი ზრდასრულიდან სამს მაღალი არტერიული წნევა აქვს; ჰიპერტენზიით დაავადებული 1.8 მილიარდი ადამიანიდან თითქმის ნახევარმა არ იცის ამის შესახებ; მათ შორის, ვინც იცის, ყველა არ ემორჩილება მკურნალობას. ყოველივე ამის გამო არტერიული ჰიპერტენზია თანამედროვე მსოფლიოს ერთ-ერთ უმთავრეს სამედიცინო პრობლემად მიიჩნევა. საშუალოზე მძიმეა მაჩვენებლები ჩვენს ქვეყანაში – ყოველი ათი გარდაცვლილიდან ხუთის სიკვდილის მიზეზი სწორედ არტერიული ჰიპერტენზიაა. რაც ყველაზე საგანგაშოა, ჰიპერტენზიით დაავადებული ხუთი ადამიანიდან სამი არ მკურნალობს.
მაინც რა არის ეს წნევა?
არტერიული წნევა ძალაა, რომლითაც სისხლი სისხლძარღვებს ეჯახება. როცა ეს ძალა მეტისმეტად დიდია, გულს გაძლიერებული მუშაობა უხდება, რაც სისხლძარღვებს აზიანებს და სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობის განვითარების რისკს წარმოშობს. საშიშროება ემუქრება ყველა ორგანოს, რომლამდეც სისხლძარღვი მიდის და ვინაიდან ყველა ორგანო ასეთია, არტერიული ჰიპერტენზია მთელ ორგანიზმს უქადის საფრთხეს.
ვის მართებს სიფრთხილე?
მაღალი წნევისგან არავინ არის დაზღვეული, მაგრამ განსაზღვრული ფაქტორების თანხლება ზრდის დაავადების განვითარების რისკს. ეს ფაქტორებია:
* რასა – დადგენილია, რომ ყველაზე მეტი საფრთხე აფროამერიკელებებს ემუქრებათ. ისინი უფრო ადრეული ასაკიდან უჩივიან მაღალ წნევას, აქვთ წნევის უფრო მაღალი მაჩვენებლები და უფრო ძნელად ემორჩილებიან ანტიჰიპერტენზიულ მკურნალობას.
* ასაკი – ჰიპერტენზიის განვითარების ალბათობა 55 წლიდან იმატებს, თუმცა უფრო და უფრო ახალგაზრდავდება პრეჰიპერტონია (დაავადებისწინარე მდგომარეობა). მიზეზი, სავარაუდოდ, ბავშვებთან ჭარბი წონის გახშირებაა.
* სქესი – 55 წლამდე დაავადება მამაკაცებთან უფრო გვხვდება, 55 წლის შემდეგ კი ქალებთან ჭარბობს
* გენეტიკა – მათთან, ვისაც მაღალი წნევის ოჯახური ისტორია აქვს, ჰიპერტენზიის ჩამოყალიბების ალბათობა უფრო მეტია.
* ჭარბი წონა – ზედმეტი კილოგრამები სხვა პრობლემებთან ერთად წნევის მომატებასაც იწვევს. მაღალი წნევა ჭარბწონიანთა ნახევარს აწუხებს. ნორმული წონის მქონე პირებში არტერიული ჰიპერტენზიით ავადობა ხუთჯერ უფრო იშვიათია.
* კვების თავისებურება – დიდი რაოდენობით მარილის და მცირე რაოდენობით კალიუმის მიღება წნევის მატებას უწყობს ხელს.
* მავნე ჩვევები – წნევაზე გავლენას ახდენს ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება, თამბაქოს წევა.
* ცხოვრების წესი – ადინამია, მცირე ფიზიკური აქტივობა ხელს უწყობს წონის მატებას, ეს კი, როგორც უკვე ვთქვით, ჰიპერტენზიის ჩამოყალიბების საწინდარია.
* თანმხლები დაავადებები, განსაკუთრებით – შაქრიანი დიაბეტი. საგულისხმოა, რომ დიაბეტსა და არტერიულ ჰიპერტენზიას უმთავრესად ერთი და იგივე რისკფაქტორები აქვა.
როგორ აღმოვაჩინოთ
არტერიულ ჰიპერტენზიას ჩუმ მკვლელს უწოდებენ, რადგან ბევრი ისე ატარებს მაღალ წნევას, რომ არც კი იცის ამის შესახებ. სიმპტომები მანამდე არ იჩენს თავს, სანამ ორგანიზმს შესამჩნევი ზიანი არ მიადგება. საწყის ეტაპზე (კლინიკური ნიშნების გამოვლენამდე) ჰიპერტენზიის აღმოჩენის ერთადერთი საშუალება წნევის გაზომვაა. სწორედ ამიტომ მოგვიწოდებენ ექიმები, განსაზღვრული პერიოდულობით ვიკონტროლოთ წნევა, განურჩევლად იმისა, გვაწუხებს თუ არა რამე.
როგორ გავიზომოთ წნევა
* მანჟეტი სხვადასხვა ზომისაა. ის მხრის შუა მესამედის გარშემოწერილობას უნდა შევუსაბამოთ. შეუსაბამო მანჟეტით წნევის გაზომვისას მნიშვნელოვან ცდომილებას მივიღებთ.
* წნევის გაზომვამდე, სულ მცირე, 30 წუთის განმავლობაში არ დალიოთ ყავა, არ მოსწიოთ სიგარეტი.
* 5 წუთით ადრე ჩამოჯექით საზურგიან სკამზე (და არა სავარძელში ან საწოლზე), ფეხი ფეხზე არ გადაიდოთ. დაისვენეთ. ხელი მაგიდაზე ისე დადეთ, რომ მხრის შუა მესამედი გულის დონეზე იყოს.
* მკლავი არ აიკაპიწოთ – მხრის მიდამო მთლიანად გაითავისუფლეთ ტანსაცმლისგან.
* გაზომვის წინ დაიცალეთ შარდის ბუშტი. სავსე შარდის ბუშტი წნევის გაზომვისას შესაძლოა ცდომილების მიზეზად იქცეს
* მანჟეტი მოხერხებულად მოირგეთ მკლავზე ისე, რომ დაახლოებით 2.5 სმ-ით სცდებოდეს იდაყვს, ხოლო ჰაერის ბალიშის შუა ხაზი შეესაბამებოდეს მხრის არტერიის საპროექციო არეს (მხრის შიგნითა მესამედზე კუნთის ქვეშ). ამ მდგომარეობაში ჰაერით გაბერილი მანჟეტი უფრო ეფექტურად დააწვება არტერიას და მანჟეტის შიდა წნევაც უფრო ზუსტად ასახავს ორგანიზმისას.
* მანჟეტის გაბერვამდე მეორე და მესამე თითებით მოსინჯეთ პულსი სხივის არტერიაზე, იდაყვის ფოსოს ცენტრში.
* სტეთოსკოპი მოათავსეთ პულსის მოსინჯვის ადგილას. გაბერეთ მანჟეტი და თან უსმინეთ. ბერეთ პულსაციის შეწყვეტამდე. პულსაციის შეწყვეტის შემდეგ გაბერეთ კიდევ 20-30 მმ ვწყ სვ-ით.
* გახსენით ტუმბოს სარქველი და ნელა, დაახლოებით 2 მმ ვწყ სვ`წმ სიჩქარით, დაუშვით წნევა მანჟეტში.
* დაიცადეთ, ვიდრე სტეთოსკოპში პულსაციას გაიგონებთ. პირველი დარტყმა შეესაბამება სისტოლურ წნევას, დარტყმების გაქრობა ან მათი ხმიანობის მკვეთრი შემცირება – დიასტოლურს.
* არ ილაპარაკოთ და არ იმოძრაოთ გაბერვის დროს.
* შეასრულეთ, სულ მცირე, ორი გაზომვა ორწუთიანი ინტერვალით, თუნდაც პირველი შედეგი ნორმალური იყოს.
რაზე მეტყველებს ციფრები
არტერიული წნევის მაჩვენებელი ორ რიცხვს მოიცავს. ორივე მათგანი მნიშვნელოვანია. უფრო დიდი რიცხვი შეესატყვისება წნევას, რომელიც გულის შეკუმშვისას ვითარდება – სისტოლურს, უფრო პატარა კი – გულის მოდუნების შედეგად განვითარებულს, დიასტოლურს. ნორმად მიიჩნევა 120`80 მმ ვწყ სვ-ზე ნაკლები წნევა. თუ წნევა ამ ნიშნულზე მაღალია, მაგრამ 139`89 მმ ვწყ სვ-მდეა, პრეჰიპერტენზიაზე ანუ დაავადებისწინარე მდგომარეობაზე საუბრობენ, 140`90 მმ ვწყ სვ კი არტერიული ჰიპერტენზიის პირველი სტადიაა.
წნევა დღის განმავლობაში, საქმიანობის შესაბამისად, ხან აიწევს, ხან დაიწევს. მცირედი ცვლილება ნორმად მიიჩნევა, თუმცა რაც უფრო იმატებს წნევა, მით უფრო იმატებს რისკიც. თუ თქვენი არტერიული წნევა ხშირად აღემატება 140-90 მმ ვწყ სვ-ს, შესაძლოა, მკურნალობა დაგჭირდეთ. სამედიცინო ჩარევა საჭიროა მაშინაც, როცა წნევა 120-80 მმ ვწყ სვ-ზე მაღალია და თქვენს ცხოვრებაში არსებობს არტერიული ჰიპერტენზიის რომელიმე რისკფაქტორი. თუნდაც მხოლოდ ერთი მაჩვენებელი აჭარბებდეს ნორმას, მკურნალობა ისევე აუცილებელია, როგორც ორივე რიცხვის მომატებისას.
როგორ ვლინდება
არტერიულ ჰიპერტენზიაზე მიუთითებს თავის ტკივილი, ძილიანობა, გულის ფრიალი, მხედველობის დაბინდვა, დაღლილობა, თავბრუხვევა, სუნთქვის გაძნელება, გულის რიტმის დარღვევა, სმენის პრობლემები.
საშიში შედეგები
ნებაზე მიშვებული არტერიული ჰიპერტენზია მძიმე გართულებებს იწვევს, ამ გართულებებმა კი შესაძლოა ფატალური შედეგიც გამოიღოს, ამიტომ მაღალ წნევასთან ხუმრობა არ ღირს.
არტერიული ჰიპერტენზიის შესაძლო გართულებებია:
* გულის შეტევა. როდესაც იბლოკება გულისკენ მიმავალი სისხლის ნაკადი, გულს ჟანგბადი აღარ მიეწოდება. წარმოიშობა ტკივილი და დისკომფორტი გულის არეში, ტკივილი სხეულის ზედა ნაწილში და მოხუთვის შეგრძნება.
* გულის უკმარისობა. ამ დროს გული სისხლძარღვებში ვეღარ გადაისვრის საკმარისი რაოდენობის სისხლს. დანაკლისს მთელი ორგანიზმი გრძნობს. თავს იჩენს სუნთქვის გაძნელება, ჰაერის უკმარისობა, სისუსტე, ფეხების, განსაკუთრებით – წვივების და მუხლების, შეშუპება, მუცლის შებერილობა.
* ინსულტი. ეს ის მდგომარეობა, როდესაც ტვინი ვეღარ იღებს ჟანგბადით მდიდარ სისხლს. ინსულტის ნიშნებია უეცარი სისუსტე, დამბლა, სახის სიფითრე, მეტყველების პრობლემები.
* ანევრიზმა – არტერიის კედლის ანომალიური გამობერილობა. ანევრიზმა წლების განმავლობაში უსიმპტომოდ ვითარდება და იზრდება, სანამ არ გასკდება ან ისეთ ზომას არ მიაღწევს, რომ სხეულის განსაზღვრულ უბნებში სისხლის დინებას შეაფერხებს
* თირკმლის ქრონიკული დაავადება. წნევის მატების შედეგად ზიანდება თირკმლის მკვებავი სისხლძარღვებიც, რასაც საბოლოოდ თირკმლის ქრონიკულ უკმარისობამდე მივყავართ.
* მხედველობის დაზიანება. ჰიპერტენზიული რეტინოპათია ბადურას სისხლძარღვების დაზიანების შედეგია და მხედველობის დაქვეითებას, ზოგჯერ სიბრმავესაც კი იწვევს.
* პერიფერიული არტერიების დაავადება. ამ დროს ვითარდება პერიფერიული სისხლძარღვების სტენოზი (შევიწროება). მისთვის დამახასიათებელია ტკივილი, კრუნჩხვები, სიფითრე, ტკივილი და სიმძიმის შეგრძნება ფეხებში.
* კოგნიტიური ცვლილებები. კვლევებმა აჩვენა, რომ მაღალი არტერიული წნევა დროთა განმავლობაში კოგნიტიურ დარღვევებსაც იწვევს. ეს გულსხმობს მეხსიერების დაქვეითებას, საჭირო სიტყვების პოვნის სირთულეს, საუბრის ძაფის დაკარგვას და სხვა.
მკურნალობა
განასხვავებენ ორი ტიპის ჰიპერტენზიას – პირველადს და მეორეულს. პირველ შემთხვევაში დაავადების მიზეზი დაუდგენელია, მეორეული ჰიპერტენზია კი ეწოდება არტერიული წნევის ისეთ მატებას, რომელიც სხვა ორგანოს ან ორგანოთა სისტემის დაავადების შედეგია. ამ დროს ძირითადი დაავადების მკურნალობის გარეშე წნევის მაჩვენებლები ვერ დარეგულირდება. რაც შეეხება პირველად არტერიულ ჰიპერტენზიას, დღეს მისი სამკურნალო არაერთი მედიკამენტი არსებობს, მაგრამ იმის განსაზღვრა, გჭირდებათ თუ არა წამალი, მხოლოდ ექიმს შეუძლია. თანამედროვე ანტიჰიპერტენზიული პრეპარატები სხვადასხვა მექანიზმით მოქმედებს. ექიმი იმ მედიკამენტს შეგირჩევთ, რომლის მოქმედების მექანიზმიც ყველაზე მეტად შეესატყვისება თქვენს შემთხვევას. ხშირად საჭიროა ორი ან მეტი პრეპარატის კომბინირება.
დაავადების მკურნალობის რამდენიმე მეთოდი არსებობს, თუმცა ყველაფერს, რა თქმა უნდა, პრევენცია სჯობია. მით უმეტეს, საწყის ეტაპზე წნევა ადვილად ემორჩილება პრევენციულ ღონისძიებებს. ზოგჯერ მხოლოდ ცხოვრების წესის შეცვლაც საკმარისია წნევის მოსაწესრიგებლად.
* იმოძრავეთ. თუ სავარჯიშოდ ვერ იცლით, მეტი იარეთ ფეხით. შვილებთან ერთად ჩაებით მოძრავ თამაშებში. სამსახურში დღეში რამდენიმეჯერ წაივარჯიშეთ. თუ სამსახურში მანქანით დადიხართ, მოშორებით გააჩერეთ და ერთი-ორი კილომეტრი ფეხით გაიარეთ. ერთი სიტყვით, ფიზიკური აქტიურობა თქვენი ყოველდღიურობის ნაწილად აქციეთ. დაიწყეთ მცირედით და ნელ-ნელა გაზარდეთ იმ დონემდე, რომელსაც ყოველდღიურ ცხოვრებაში შეეგუებით. ჯანმრთელობას ყველაზე მეტად არათანმიმდევრულობა ვნებს.
* თვალყური ადევნეთ ჯანრმთელობას: იკონტროლეთ სისხლში შაქრის შემცველობა, მიიღეთ გამოწერილი წამლები დანიშნულების შესაბამისად. აწარმოეთ წნევის დღიური: დღეში რამდენიმეჯერ გაიზომეთ წნევა და ჩაიწერეთ მაჩვენებლები. ამით ექიმს საგრძნობლად გაუადვილებთ საქმეს. ზედმიწევნით შეასრულეთ ექიმის რეკომენდაციაც. წნევის მაჩვენებლების დარეგულირების შემდეგ წამლის მიღებას ნუ შეწყვეტთ – როგორც კი მისი მოქმედება შესუსტდება, ჩვეული პრობლემა ისევ შეგახსნებთ თავს. წამლის მიღება რომ არ დაგავიწყდეთ, დაუკავშირეთ ის რომელიმე ყოველდღიურ რიტუალს, მაგალითად, საუზმეს.
* იკვებეთ ჯანსაღად. ორგანიზმს წნევის შემცირებაში რომ დაეხმაროთ, ნატრიუმის ოდენობა უნდა შეამციროთ, კალიუმისა კი გაზარდოთ. ჯანმოს მიერ რეკომენდებული მარილის დღიური ოდენობა 6 გრამია, რაც ერთ გადასწორებულ ჩაის კოვზს უდრის. მზა პროდუქტებიდან (პური, ყველი და სხვ.) განსაზღვრული (არცთუ მცირე) ოდენობის მარილს ისედაც ვიღებთ, ამიტომ აჯობებს, კერძს აღარ დაამატოთ, მით უმეტეს – თუ არტერიული ჰიპერტენზიის რისკფაქტორიც გაქვთ. ნუ შეშინდებით – ექსპერტები გვარწმუნებენ, რომ სამიოდე კვირაში გემოვნების რეცეპტორები უმარილო საკვებს მიეჩვევა და კერძი ისევე მოგვეწონება, როგორც უწინ. მიირთვით მეტი ცოცხალი ხილი და ბოსტნეული, ცხოველური ცხიმი მცენარეულით შეცვალეთ, თეთრი პური – ცეხვილით, ერიდეთ კოფეინს, წყურვილის მოსაკლავად სვით წყალი, ალკოჰოლი ზომიერი რაოდენობით მიიღეთ, თავი დაანებეთ თამბაქოს წევას.
დაბოლოს, გახსოვდეთ: დიეტა ისეთი უნდა იყოს, რომ მთელი სიცოცხლე მოახერხოთ მისი დაცვა. ასეთი დიეტა კი ერთადერთია – ჯანსაღი კვება. წონის დასაკლებად გამიზნული ყველა სხვა დიეტა ეფექტს კი გამოიღებს, მაგრამ შეწყვეტთ თუ არა, ისევ მოიმატებთ. ამიტომ საჭიროა არა შიმშილობა, არამედ ცხოვრების წესის შეცვლა. ეს უკანასკნელი კი, უპირველეს ყოვლისა, ფსიქიკაში გარდატეხას მოითხოვს. მიიღეთ მტკიცე, უკომპრომისო გადაწყვეტილება და ახალი ცხოვრება დაიწყეთ. გისურვებთ წარმატებას.
სტატია მომზადებულია დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრვი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მონაცემებზე დაყრდნობით.
გვანცა გოგოლაძე