პარკინსონის დაავადება – როცა სხეული არ გემორჩილება

გააზიარე:

 

პარკინსონის დაავადება ალბათ ყველა თქვენგანს გაუგონია. მას ხელების კანკალი, წონასწორობის დარღვევა და სიარულის გაძნელება ახასიათებს. დაავადება ძალიან ართულებს ცხოვრებას და ხშირად ძლიერ დეპრესიასაც იწვევს.

პარკინსონის დაავადებით მთელ მსოფლიოში მილიონობით ადამიანი იტანჯება. მედიცინა მის წინაშე უძლურია, თუმცა ფარ-ხმალს არ ყრის და განუწყვეტლივ ეძებს საშუალებებს, ავადმყოფებს მდგომარეობა მაინც შეუმსუბუქოს.

ამ დაავადების შესახებ “ავერსის კლინიკის” ექიმი, ნევროლოგი გვანცა გიორგაძე გვესაუბრა:

 

– პარკინსონის დაავადება მოძრაობის დარღვევით მიმდინარე ქრონიკული პროგრესირებადი დაავადებაა. ეს ნიშნავს, რომ მისგან განკურნება შეუძლებელია, სიმპტომები კი დროთა განმავლობაში მძიმდება.

პარკინსონის დაავადება ნეიროდეგენერაციულ დაავადებათა რიცხვს მიეკუთვნება. მას თავის ტვინში მიმდინარე პათოლოგიური პროცესები განაპირობებს. მიზეზი უცნობია. თავის ტვინის პროგრესულ დაზიანებას დოფამინის დეფიციტი იწვევს. დოფამინი ნეირომედიატორია – ნივთიერება, რომელსაც ორ ნერვულ უჯრედს შორის ინფორმაცია გადააქვს. ის თავის ტვინის ქერქქვეშა ბირთვებში – შავ სუბსტანციაში გამომუშავდება. პარკინსონის დაავადების დროს სწორედ დოფამინის წარმომქნელი უჯრედები ნადგურდება. ამ ნივთიერების ნაკლებობა კი, თავის მხრივ, იწვევს ნეირონული კავშირების რღვევას და ამით განპირობებულ სიმპტომებს: შებოჭილობას, კანკალს, მოძრაობათა შენელებას და გაღარიბებას, სიარულის გაძნელებას.

 

როგორ ვლინდება

– სახელდობრ, რა სიმპტომებით ვლინდება დაავადება?

– განასხვავებენ პარკინსონის მოტორულ და არამოტორულ სიმპტომებს. კლასიკური მოტორული სიმპტომებია:

* კანკალი. ის მოიცავს ხელებს, იშვიათად – ფეხებს, ყბას, მთელ სახეს. მოსვენებისას ძლიერდება, ხოლო მიზანმიმართული მოძრაობის დროს, ასევე – ძილის დროსაც, სუსტდება ან ქრება. კანკალი უმეტესად ცალმხრივია და ფართო ამპლიტუდა აქვს. თითები ამ დროს ისე მოძრაობს, თითქოს ადამიანი მონეტებს ითვლის.

* შებოჭილობა – კუნთების რიგიდულობა, დაჭიმულობა. კუნთები დაძაბულია და თავისა თუ კიდურების პასიური მოძრაობის დროს მუდმივი წინააღმდეგობა შეიგრძნობა. ამის გამო იცვლება სიარულის მანერა – ავადმყოფი დადის წინ წახრილი, მოკლე ნაბიჯებით. ეს პოზა ხშირად იწვევს თავის, კუნთებისა და სახსრების ტკივილს.

* მოძრაობათა შენელება და გაღარიბება. ადამიანს უჭირს კბილების გახეხვა, წვერის გაპარსვა, ეცვლება ხმა, წერის მანერა (პატარავდება ასოები, რასაც მედიცინაში მიკროგრაფიას ვუწოდებთ), დადის ნელა, მოკლე ნაბიჯებით, განსაკუთრებით უძნელდება პირველი ნაბიჯების გადადგმა. იშვიათდება თვალების ხამხამი, სახის მიმიკა, რის შედეგადაც იცვლება გამომეტყველება – სახე ამიმიური, ნიღბისებური, მოწყენილი ხდება.

* პოსტურალური არამდგრადობა – წონასწორობის დარღვევა, რომელიც დაავადების დაწყებიდან რამდენიმე წლის შემდეგ იჩენს თავს და სხვადასხვა პაციენტთან სხვადასხვა სიმძიმით ვლინდება. მისი ერთ-ერთი პირველი ნიშანია პროპულსიები – ისეთი შეგრძნება, თითქოს სიარულის დროს რაღაც წინ ექაჩება. ამის გამო ავადმყოფი შესაძლოა წაიქცეს კიდეც. საზოგადოდ, პარკინსონის დაავადების მქონე პირები ადვილად იქცევიან სიარულის, მოტრიალების, ესკალატორზე დგომის დროს, მსუბუქი ბიძგის შედეგად და სხვა.

არამოტორული სიმპტომებია:

* დეპრესია, შიში, შფოთვა, მოტივაციის დაკარგვა;

* მოგვიანებით სტადიაზე – კოგნიტიური დისფუნქცია (ჭკუასუსტობა) და აზროვნების გაძნელება;

* ყლაპვის გაძნელება, რის გამოც პირში ნერწყვი გროვდება და ნერწყვდენა იწყება;

* ძილის დარღვევა – ავადმყოფს ღამით ხშირად ეღვიძება, დილითაც უთენია იღვიძებს, სამაგიეროდ, დღის განმავლობაში თვლემს;

* შარდვის პროცესზე კონტროლის დაკარგვა (უნებლიე შარდვა), მოშარდვის გაძნელება;

* შეკრულობა, რასაც საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მოძრაობის შენელება განაპირობებს;

* არტერიული წნევის ცვალებადობა – ორთოსტატიკური ჰიპოტენზია ანუ წნევის დაქვეითება წამოდგომის, წამოჯდომის დროს, რაც თავბრუხვევას და გონების დაკარგვასაც კი იწვევს;

* ოფლიანობა;

* ყნოსვის დისფუნქცია – ავადმყოფს ზოგჯერ უჭირს ამა თუ იმ სურნელის აღქმა, ერთმანეთისგან ვერ განასხვავებს სუნებს;

* დაღლილობა;

* ტკივილი კონკრეტულ მიდამოში ან მთელ სხეულში;

* სქესობრივი დისფუნქცია;

ჩამოთვლილ ნიშნებს სიმპტომურად, შესაბამისი მედიკამენტებით მკურნალობენ და მართავენ.

 

მიზეზები

– რას მიიჩნევენ პარკინსონის დაავადების მიზეზად, რა უწყობს ხელს მის განვითარებას და უმეტესად ვის ემუქრება?

– პარკინსონის დაავადების მთავარი რისკფაქტორი ასაკია – ავადმყოფები უმეტესად 60 წელს გადაცილებულები არიან, თუმცა არსებობს იუვენილური ფორმებიც. 65 წლამდე დაწყებული დაავადება შედარებით მძიმედაც მიმდინარეობს და სწრაფადაც პროგრესირებს. მეორე რისკფაქტორად მიიჩნევა სქესი – დაავადება უფრო მეტად მამაკაცებთან გვხვდება.

არაერთი კვლევის მიუხედავად, პირველადი, იდიოპათიური პარკინსონიზმის მიზეზი არ არის დადგენილი. ვარაუდობენ, რომ ის გენეტიკური და გარეგანი ფაქტორების თანხვედრის შედეგია. მაგალითად, მისი განვითარების ალბათობა უფრო მეტია, როდესაც ეს დაავადება სისხლით ნათესავებსაც აქვთ. სტატისტიკის თანახმად, დაავადებულთა 15-25%-ს ჰყავს ამავე დაავადების მქონე ნათესავები. რისკი კიდევ უფრო მაღალია, თუ დაავადებულია დედა, მამა, და ან ძმა.

აღმოჩენილია რამდენიმე გენის მუტაციაც, რომელსაც შესაძლოა პარკინსონის დაავადების განვითარებაში მიუძღოდეს ბრალი.

გარეგან რისკფაქტორად მიიჩნევა სხვადასხვა ტოქსინის ზემოქმედება. ეპიდემიოლოგიური კვლევები იძლევა საფუძველს ვივარაუდოთ, რომ დაავადება უკავშირდება სოფლის მეურნეობას, მანგანუმთან, პესტიციდებთან, ჰერბიციდებთან ხანგრძლივ კონტაქტს, ასევე – კონტაქტს ზოგიერთ სინთეტიკურ ნეიროტოქსინთან, მათ შორის – ჰეროინთან და სხვა.

ნიკოტინთან კავშირი ბუნდოვანია – სტატისტიკურად, პარკინსონის დაავადება არამწეველებს მწეველებზე ხშირად ემართებათ, ამიტომ ნიკოტინის პროტექტორულ ეფექტს კვლევებიც კი მიეძღვნა, მაგრამ ვარაუდი არ დადასტურდა. სამაგიეროდ, ზოგიერთი კვლევის თანახმად, რეგულარული აერობული ვარჯიში ამცირებს პარკინსონის დაავადების რისკს.

მეორეული ანუ სიმპტომური პარკინსონიზმი კი შესაძლოა განვითარდეს ტრავმის, თავის ტვინის სისხლძარღვების უხეში ათეროსკლეროზული დაზიანების შედეგად.

არსებობს პარკინსონ პლუს სინდრომები, როდესაც პარკინსონიზმი შერწყმულია სხვა ნევროლოგიურ დარღვევებთან, მაგალითად დემენციასთან (ლევი ბოდის სხეულაკებით დემენცია), ატაქსიასთან (ოლივოპონტოცერებელური ატროფია).

 

დიაგნოზი

– რის საფუძველზე სვამენ პარკონსონის დაავადების დიაგნოზს?

– დიაგნოზი ემყარება ანამნეზს და ნევროლოგიური გასინჯვის მონაცემებს. არც ერთი ინსტრუმენტული კვლევა არ იძლევა პირდაპირი დიაგნოსტიკის საშუალებას, თუმცა, მაგალითად, DAT (Dopamine Transporter Imagingსკანირებით შესაძლებელია თავის ტვინში დოფამინის შემცველობის განსაზღვრა. ამ კვლევას მიმართავენ, როდესაც დაავადება ადრეულ ასაკში იწყება ან სიმპტომოკომპლექსი მწირია და კლინიკური სურათის საფუძველზე დიაგნოზის დასმა ჭირს. საქართველოში ის არ ტარდება.

თავის ტვინის მაგნიტურ-რეზონანსული გამოკვლევა საჭიროა სხვა პრობლემის, მაგალითად, სისხლძარღვოვანი დაავადების დასადასტურებლად ან გამოსარიცხავად. საჭიროებისამებრ, ტარდება რუტინული ლაბორატორიული კვლევებიც.

 

მკურნალობა

– რა მიზანი აქვს დაავადების მკუნრალობას და როგორ აღწევენ მას?

– მკურნალობის მიზანია პარკინსონის დაავადების მოტორული და არამოტორული სიმპტომების მაქსიმალური შესუსტება და ცხოვრების ხარისხის ამაღლება. სამწუხაროდ, განკურნების გზა უცნობია.

სამკურნალოს უმთავრესად გამოიყენება სინთეზური დოფამინის პრეპარატები, რომლებიც ავსებს დოფამინის დეფიციტს. ლევოდოპა დაავადების დასაწყისში მკვეთრად ასუსტებს დაავადების სიმპტომებს და აუმჯობესებს საერთო მდგომარეობას, თუმცა წლების შემდეგ მათი ეფექტი იკლებს და ვითარდება მედიკამენტური გართულებები – ჩართვა-გამორთვის ფენომენები და დოზის პიკის დისკინეზია. პირველ შემთხვევაში წამლის მოქმედება მთავრდება და პაციენტი თითქოს იყინება, გადაადგილება უძნელდება, ხოლო მეორეში სისხლში წამლის კონცენტრაცია მაქსიმუმს აღწევს, რაც უნებლიე მკვეთრ მოძრაობებს იწვევს.

იყენებენ დოფამინის აგონისტებსაც – ნივთიერებებს, რომლებსაც დოფამინის მსგავსი მოქმედება და შედარებით ნაკლები გვერდითი ეფექტები ახასიათებს, თუმცა ისინი ეფექტურია დაავადების ადრეულ სტადიებზე, საწყის თერაპიად, ან ლევოდოპას პრეპარატებთან კომბინაციაში, ასევე – დაავადების გართულების დროს.

– როგორია პარკინსონიზმის ქირურგიული მკურნალობის არსი და რამდენად შედეგიანია ეს მეთოდი?

– ქირურგიულ ჩარევას, ტვინის ღრმა სტიმულაციას, მიმართავენ მაშინ, როდესაც კონსერვატიული თერაპიის შესაძლებლობები იწურება და დოფამინერგული პრეპარატების გვერდითი ეფექტები მჟღავნდება. თავის ტვინის ქერქქვეშა ბირთვებში ნერგავენ მცირე ზომის ელექტროდებს. ელექტროდები შეერთებულია ნეიროსტიმულატორთან, რომელიც კანქვეშ (უმეტესად – მუცელზე) თავსდება. ნეიროსტიმულატორი მუდმივ ელექტრულ იმპულსს გზავნის თავის ტვინისკენ და ამით დოფამინური უჯრედების სტიმულაციას იწვევს. სტიმულაციის პარამეტრები: სიხშირე, ამპლიტუდა, – ექიმმა შესაძლოა პერიოდულად ცვალოს. შედეგად სუსტდება კუნთების დაჭიმულობა, კანკალი, უმჯობესდება საერთო მდგომარეობა. რა თქმა უნდა, ქირურგიულ ჩარევას უკუჩვენებებიც აქვს – ფსიქიატრიული დარღვევა, თავის ტვინის მძიმე ათეროსკლეროზული დაზიანება და სხვა.

 

ცხოვრების წესი

– რას ურჩევდით მათ, ვისაც პარკინსონის დაავდება აქვს?

– ასეთმა ადამიანებმა უნდა მისდიონ ცხოვრების ჯანსაღ წესს. სასურველია მრავალფეროვანი კვება. საჭიროა უჯრედისით მდიდარი პროდუქტებისა და საკმარისი რაოდენობის წყლის მიღება – ეს ხელს შეუშლის შეკრულობას. კარგია ომეგა-3 ის შემცველი საკვები, უმთავრესად – თევზეული.

ფიზიკური აქტიურობა აუცილებელია. ვარჯიში ზრდის კუნთების ძალასა და მოქნილობას, აუმჯობესებს განწყობას, გაფანტავს დეპრესიასა და შფოთვას, ხელს უწყობს წონასწორობის შენარჩუნებას.

სასარგებლოა სიარული, ცურვა, ეზოში ფუსფუსი, ცეკვა, აკვააერობიკა, შედეგიანია პაციენტისთვის მეთოდისტის მიერ საგანგებოდ შერჩეული ვარჯიშები.

 

სხვა მეთოდები

– ზოგჯერ ეფექტურია ალტერნატიული მედიცინაც, მაგალითად, მსუბუქ მასაჟს შეუძლია კუნთოვანი დაძაბულობის მოხსნა.

ძველი ჩინური სავარჯიშო სისტემა ტაი-ჩი, რომელიც ნელ, მცურავ მოძრაობებზეა დაფუძნებული, ზრდის სხეულის მოქნილობას, წონასწორობის უნარს და კუნთების ძალას. მისი დახმარებით იოლდება დაცემის პრევენცია. ვარჯიშის ეს სისტემა შეიძლება მოერგოს ნებისმიერი ასაკისა და ფიზიკური მდგომარეობის მქონე პირს და შედეგიანია დაავადების როგორც მსუბუქი, ისე მძიმე ფორმების დროსაც.

მსგავსი ეფექტი აქვს იოგასაც.

ზოგჯერ ტკივილს ასუსტებს აკუპუნქტურა.

სტრესისა და ტკივილის მოსახსნელად, ზოგადი განწყობის ასამაღლებლად შეიძლება მედიტაციის გამოყენება.

მუსიკა და არტთერაპია – ხატვა, ძერწვა – ავადმყოფს მოდუნებაში ეხმარება და განწყობას ამაღლებს. მუსიკათერაპიის დახმარებით ზოგჯერ სიარული და მეტყველებაც კი უმჯობესდება.

ემოციურ ჯანმრთელობაზე დადებითად მოქმედებს შინაურ ცხოველებზე ზრუნვა. მეტსაც გეტყვით – ეს მოქნილობას ზრდის და მოძრაობას აუმჯობესებს.

 

რომ არ დაეცე

– პარკინსონის დაავადების პროგრესირებასთან ერთად ადამიანი უფრო და უფრო ადვილად კარგავს წონასწორობას და ეცემა. თუ პარკინსონის დაავადება გაქვთ, დაცემის ალბათობის შესამცირებლად გაითვალისწინეთ შემდეგი რეკომენდაციები:

* ეცადეთ, არ იმოძრაოთ მეტისმეტად სწრაფად;

* სიარულის დროს პირველად ქუსლი დადგით;

* თუ ამჩნევთ, რომ ბარბაცებთ, გაჩერდით და შეამოწმეთ, როგორ დგახართ. შეეცადეთ, გასწორდეთ, გაიმართოთ.

* სიარულის დროს იყურეთ პირდაპირ, დაბლა ნუ დაიხედებით.

* შემობრუნების დროს ღერძის გარშემო კი ნუ შემოტრიალდებით, წრე შემოხაზეთ.

* სხეულის სიმძიმე ორივე ფეხზე თანაბრად გადაანაწილეთ და ნურც ერთ მხარეს ნუ გადაიხრებით.

* ნუ ატარებთ ტვირთს, ნივთებს.

* ნუ ივლით უკუსვლით.

პარკინსონის დაავადების დროს ჭირს ყოველდღიური მოქმედებების შესრულება – ჩაცმა, ჭამა, დაბანა, წერა. ამ პრობლემის მოგვარებაში შესაძლოა ოკუპაციური თერაპევტი დაგეხმაროთ.

 

ვებრძვით დეპრესიას

ყველა ქრონიკული დაავადება დამთრგუნველია, მძიმე ქრონიკული სნეულებები კი – ერთიორად. პარკინსონის დაავადების დროს, მაგალითად, დეპრესია ჩვეული მოვლენაა, თუმცა მისი დაძლევა შესაძლებელია ანტიდეპრესიული პრეპარატებით, მეგობრებთან, ოჯახის წევრებთან, ამავე პრობლემის მქონე ადამიანებთან ურთიერთობით და ალტერნატიული საშუალებებით, რომლებიც განწყობის ამაღლებას ემსახურება.

 

როგორ ვუშველოთ უძილობას

– პარკინსონის დაავადების დროს საკმაოდ ხშირია ძილის დარღვევა: ავადმყოფს უჭირს ჩაძინება, ღამით ხშირად იღვიძებს, დილით ადრე ეღვიძება და ძილს ვეღარ იბრუნებს, დაღლილი დგება. თუ ასე თვეზე მეტხანს გაგრძელდა, საქმე ქრონიკულ ინსომნიასთან გვაქვს. უძილობა და დეპრესია ხშირად ერთდროულად უტევს ადამიანს.

როგორ შეიძლება ამ პრობლემის მოგვარება? საზოგადოდ, ასაკთან ერთად სხეულის ბიოლოგიური რიტმი იცვლება, ამიტომ ყველა ასაკოვანმა ადამიანმა, მით უფრო – თუ ჯანმრთელობის პრობლემაც აქვს, სხეულის ბუნებრივ რიტმს უნდა აუწყოს ფეხი.

გარდა ამისა:

* ერიდეთ ალკოჰოლს, კოფეინს;

* გაესაუბრეთ ექიმს, რადგან ძილის დაღვევა შესაძლოა რომელიმე მედიკამენტის გვერდითი ეფექტი იყოს;

* ეცადეთ, ძილის წინ ერთი და იგივე რიტუალი შეასრულოთ – უყუროთ ახალ ამბებს, წაიკითხოთ წიგნი, მიიღოთ თბილი აბაზანა;

* საძინებელი ისე მოაწყვეთ, რომ მშვიდ და სასიამოვნო განწყობას ქმნიდეს. ოთახში უნდა ბნელოდეს, ვერ აღწევდეს ხმაური და კარგად ნიავდებოდეს.

* ეცადეთ, ერთსა და იმავე დროს დაწვეთ და ერთსა და იმავე დროს ადგეთ.

ზოგჯერ ეფექტურია კოგნიტური ქცევითი თერაპიაც, რომელიც ადამიანს ძილის ჩვევების განმტკიცებაში, რელაქსაციასა და ბიოლოგიური უკუკავშირის აღდგენაში ეხმარება, რაც ძილის დროს შფოთვას ხსნის.

უძილობას მედიკამენტებებიც შველის. ზოგი ხანმოკლე გამოყენებისაა, ზოგის მიღება კი ხანგრძლივად შეიძლება. გასათვალისწინებელია მათი გვერდითი ეფექტებიც, რადგან შესაძლოა, ზოგიერთი წამალი ჩაძინებაში დაგეხმაროთ, მაგრამ დილით გაბრუებული ადგეთ.

პარკინსონის დაავადების სათანადო მართვისთვის ნუ დაიწყებთ თვითმკურნალობას. ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ნებისმიერი პრობლემის გადასაჭრელად თქვენს მკურნალ ექიმს მიმართეთ.

მარი აშუღაშვილი

გააზიარე: