წავიდეთ წაღვერში

გააზიარე:

ავტომანქანით დაახლოებით ორსაათ-ნახევარი მოგიწევს მგზავრობა, სარეისო მიკროავტობუსით, რომელიც ქალაქის ნებისმიერი ავტოსადგურიდან გადის – სამი. გზად მშვენიერი ხედებით დატკბები… ისტორიული წყაროების თანახმად, წაღვერის ტერიტორიაზე მოსახლეობა უხსოვარი დროიდან ცხოვრობდა, ლეგენდა კი, აი, რას მოგვითხრობს: ერთხელ აქ ძლიერი წვიმა მოსულა და მთის კალთაზე შეფენილი სოფელი წაულეკავს. გადარჩენილი ხალხი მთის ძირას, დაბაში გადასახლებულა, ამ ადგილისთვის კი, წარღვნა დაგვატყდაო და, წაღვერი დაურქმევიათ.

თუ წაღვერში დასვენებას გადაწყვეტ, ღამის გასათევის პოვნა არ გაგიჭირდება. აქ რამდენიმე პატარა სასტუმროა, სადაც ოთახს იოლად დაჯავშნი. ოთახის დაქირავება კერძო სახლშიც შეიძლება. მასპინძლები ამ ფასად კვებასაც შემოგთავაზებენ. სასტუმროებში ოთახის საფასური 30 ლარიდან იწყება, ხოლო კერძო სახლებში უფრო შეღავათიან ფასადაც ნახავთ.

წაღვერს დამსვენებლები გასაჯანსაღებლად და გასაკაჟებლად სტუმრობენ. ბორჯომის ხეობაში, ზღვის დონიდან 1025-1050 მეტრ სიმაღლეზე მდებარე დაბა საშუალო მთის კლიმატურ-ბალნეოლოგიურ კურორტებს მიეკუთვნება. მისი სამკურნალო თვისებები ადგილმდებარეობითაა განპირობებული. მთავარი სამკურნალო ფაქტორები ზომიერად ტენიანი სუფთა ჰაერი, მზის რადიაციით მდიდარი ჰავა და ნახშირმჟავა ჰიდროკარბონატული, მაგნიუმიან-კალციუმიან-ნატრიუმიანი მინერალური წყაროებია, რკინის შემცველობით 45 მგ`დმ3, საერთო მინერალიზაციით 3-5-გ`დმ3. მინერალურ წყაროებთან შეხამებული მთის კლიმატის გამო წაღვერში კომბინირებულ დაავადებათა კომპლექსური მკურნალობაა შესაძლებელი. დაავადებათა სპექტრი საკმაოდ ფართოა, თუმცა იმისთვის, რომ წაღვერში დასვენებისგან მაქსიმალური სამკურნალო შედეგი მივიღოთ, რამდენიმე წესის დაცვაა საჭირო. ამ წესების შესახებ თბილისის ბალნეოლოგიური კურორტის “თბილისი სპას” ჯანმრთელობისა და სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის ექიმ კურორტოლოგს, მედიცინის აკადემიურ დოქტორ მანანა ტაბიძეს ვესაუბრეთ.
ქალბატონმა მანანამ აგვიხსნა, რომ წაღვერის კლიმატი გარდამავალია დაბლობისა და მაღალი მთის კლიმატებს შორის, შესაბამისად, არ ახასიათებს ველის, უდაბნოსა და მაღალმთიანი კურორტებისთვის დამახასიათებელი სპეციფიკურობა. ასეთი ჰავა ორგანიზმს მეტეოროლოგიურ ფაქტორთა კომპლექსის მკვეთრი გავლენისაგან იცავს, რის გამოც მას დამზოგველ კლიმატსაც უწოდებენ. ამიტომ წაღვერი ძირითადად საბავშვო კურორტია. აქ ასევე იგზავნებიან ისეთი ავადმყოფები, რომლებიც კარდიოვასკულური და ნერვული სისტემის, აგრეთვე ორგანიზმის საერთო მდგომარეობის გამო მაღალი მთის კლიმატურ კურორტებს ვერ იტანენ.
მთის კლიმატი ორგანიზმის ჟანგბადით გამდიდრებას იწვევს და სისხლში ჰემოგლობინის შემცველობას ზრდის. შესაბამისად, წაღვერში დასვენება ძალიან სასარგებლოა მათთვის, ვისაც ანემია (განსაკუთრებით – ჰიპოქრომული), ქრონიკული ბრონქიტი, პნევმონია, ბრონქული ასთმა ან ფილტვების ემფიზემა აქვს. თუ თქვენი პატარა ხშირად ცივდება, გირჩევთ, წაღვერში წაიყვანოთ – სუფთა, გამჭირვალე მთის ჰაერი, მთიდან მონაბერი სიო, დაბურული წიწვოვანი ტყეები დასვენებისა და გაჯანსაღების შესანიშნავ საშუალებას იძლევა.

დასვენების სეზონი

წაღვერში დასვენება წლის ნებისმიერ დროს შეიძლება. ნალექების წლიური რაოდენობა აქ 585 მმ-ს უდრის, ჰაერის საშუალო წლიური ფარდობითი ტენიანობა – 77%-ს, მზის ნათების ხანგრძლივობა კი წალიწადში 2000 საათს, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. ზამთარი აქ შედარებით ცივი და საკმაოდ თოვლიანია. თოვლით წაღვერი დეკემბრის დამლევს იფარება, თოვლის საფარი მაქსიმუმს თებერვალში აღწევს და საშუალოდ მარტამდე გასტანს. იანვრის საშუალო ტემპერატურა -3.5 0ც-ია. ამ პერიოდში დასვენებას უფრო საერთო გამაჯანსაღებელი და ტონუსის ამწევი ეფექტი აქვს.
სამკურნალოდ კი წაღვერის სტუმრობა მაის-ივნისში ჯობია. ამ დროს აყვავებას იწყებს ნაძვი, ფიჭვი… სწორედ მათი მტვერია ზედა სასუნთქი სისტემის დაავადებათა ერთ-ერთი წამყვანი სამკურნალო ფაქტორი. ბავშვებისთვის წიწვიან ტყეებში სეირნობა, მათი მტვერის სუნთქვა ძალიან სასარგებლოა. როგორც ქალბატონმა მანანამ გვითხრა, მტვრის შეგროვება ადგილობრივებმა კარგად იციან და მისგან თურმე მურაბებსაც ამზადებენ. ეს მტვერი თქვენც შეგიძლიათ შეიძინოთ და თავად მოამზადოთ მურაბა ან თაფლში გახსნათ და თქვენს პატარას მთელი წლის განმავლობაში მისცეთ. ასე მას იმუნიტეტს გაუძლიერებთ და ხშირი გაციებისგან დაიცავთ.
წაღვერში ზაფხული ზომიერად თბილი და მშრალია. აგვისტოს საშუალო ტემპერატურა 18,3 გრადუსია. დასვენების სეზონი აქ სექტემბრამდე გრძელდება. ოქტომბრიდან ტემპერატურა იკლებს და დამსვენებლებიც ქალაქში მიდიან.
ზაფხულში უკეთაც გაერთობი: ისეირნებ ბუნების წიაღში, დაკრეფ სოკოს, ითევზავებ, მოინახულებ აქ მდებარე ისტორიულ ძეგლებს ან მეგობრებთან ერთად ტყეში პიკნიკს მოაწყობ. ტყეში სეირნობა ზაფხულობით წაღვერში დასვენების მთავარი ეშხია. ტყე გარს აკრავს მთელ წაღვერსა და მის მიმდებარე სოფლებს. მისი ფართო მასივიდან გამორჩეულია მარიჯანისა და არჯევანიძის ტყეები. მარიჯანის ტყეს ეს სახელი სახელგანთქმული პოეტი ქალის პატივსაცემად დაერქვა, რომელმაც წაღვერის მშვენიერებას რამდენიმე ლექსი უძღვნა. არჯევანიძის ტყე კი იმ საზოგადო მოღვაწის სახელს ატარებს, რომელმაც აქ 1910 წელს პირველი სკოლა დააარსა. აგარაკების უმრავლესობა სწორედ ამ ტყეში მდებარეობს.
ტყეში რაც შეიძლება მეტხანს ისეირნეთ. სუფთა ჰაერი ზედმეტი არასოდეს იქნება. რაც უფრო მეტ დროს გაატარებთ გარეთ, მით უკეთესი, მაგრამ ერიდეთ მზის პირდაპირ სხივებს და ეცადეთ, შუადღისას ჩრდილს შეეფაროთ.

ხანგრძლივობა

ექიმი გვირჩევს, სამკურნალო ეფექტის მისაღებად კურორტზე თვეზე ნაკლები ხანი არ გავატაროთ. 10-14 დღით კურორტზე წასვლა ზამთარში შეიძლება ზოგადი გაჯანსაღების მიზნით, ზაფხულში კი ორკვირიანმა დასვენებამ სასურველი შედეგი შესაძლოა ვერ გამოიღოს. რამდენიმე დღე ორგანიზმს ახალ კლიმატურ პირობებთან ადაპტაციისთვის სჭირდება, შემდეგ საჭიროა გარკვეული დრო, რათა კურორტულმა ფაქტორებმა იმოქმედოს, ამიტომ დასვენების ოპტიმალური ხანგრძლივობა სამი-ოთხი კვირაა.


აკლიმატიზაცია

წაღვერში აკლიმატიზაციის პრობლემა მაინცდამაინც არ შეგაწუხებთ, თუმცა მცირე სიმპტომებმა შესაძლოა მაინც იჩინოს თავი. ეს განსაკუთრებით ბავშვებს ეხება, რომლებიც კლიმატის ცვლილების მიმართ ყველაზე მგრძნობიარენი არიან. არ შეშინდეთ, თუ აგარაკზე ჩასვლის პირველ დღეებში თქვენი პატარა ჭირვეულობს, შფოთავს, ცუდად სძინავს, აღგზნებულია ან უმადობას უჩივის – ეს სიმპტომები 2-3 დღეში უკვალოდ გაქრება, ბავშვს მადაც გაუძლიერდება და ძილიც მოუწესრიგდება. მაგრამ თუ აკლიმატიზაცია გახანგრძლივდა, ე.ი. ეს კურორტი თქვენს პატარას არ უხდება და ჯობს, იქიდან წამოხვიდეთ.

უკუჩვენებები

თუ თქვენ ან თქვენს შვილს წიწვოვან ტყეში ალერგიას გაძლევთ, წაღვერში დასვენებისგან თავი უნდა შეიკავოთ. აქ მკურნალობა ასევე უკუნაჩვენებია მათთვის, ვისაც ესენციური ჰიპერტენზიის III სტადია, მძიმედ მიმდინარე ბრონქული ასთმა, ფილტვების ღია აქტიური ტუბერკულოზი, ნეფროზო-ნეფრიტები, მკვეთრდა გამოხატული ნევრასთენია ან თირეოტოქსიკოზი აწუხებს. არ დაგავიწყდეთ, რომ კურორტოთერაპია ასევე იკრძალება ნებისმიერი დაავადების მწვავე სტადიაში.


წაღვერის წყალი

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, წაღვერის სამკურნალო თვისებებს მისი უნიკალური წყაროებიც განაპირობებს. ეს წყაროები, ერთი მხრივ, ნახშირმჟავას, მეორე მხრივ კი რკინას შეიცავს, რის გამოც დაავადებათა ფართო სპექტრს უხდება – ქრონიკულ გასტრიტებს, კოლიტებს, საშარდე გზების დაავადებებს, ანემიებს. სხვადასხვა დაავადების დროს წყლის მიღების წესები და დოზირება სხვადასხვანაირია.
ქალბატონი მანანა გვირჩევს, თუ კუჭის წვენის მომტებული მჟავიანობით მიმდინარე გასტრიტი გვაწუხებს, თბილი, უგაზო მინერალური წყალი ჭამამდე 1-1,5-ით ადრე მივიღოთ. მომატებული მჟავიანობის მიზეზი კუჭის ჯირკვლების მიერ კუჭის წვენის გაძლიერებული გამოყოფაა. ამ ხნის განმავლობაში ტუტე წყლები თორმეტგოჯა ნაწლავში გადასვლას ასწრებენ და მისი ზედაპირიდან რეფლექსურად კუჭის გამომყოფი ფუნქციის შეკავებას იწვევენ, რის შედეგადაც იკლებს სეკრეცია და კუჭის წვენის მჟავიანობაც ქვეითდება.
თუ, პირიქით, დაქვეითებულ მჟავიანობას უჩივით, ოთახის ტემპერატურის, ოდნავ გაზიანი მინერალური წყალი ჭამამდე 15-20 წუთით ადრე მიიღეთ. მინერალურ წყალში არსებული ნატრიუმის ჰიდროკარბონატი კუჭის წვენის მარილმჟავასთან ურთიერთქმედებისას ქლორნატრიუმსა და ნახშირორჟანგს გამოყოფს, რომლებიც აღიზიანებს კუჭის სეკრეციულ აპარატს, აძლიერებს წვენის გამოყოფას და, შესაბამისად, მჟავიანობის მომატებას იწვევს.
ნაღვლის ბუშტისა და ღვიძლის დაავადებებისას თბილი, უგაზო წყალი ჭამამდე ერთი საათით ან ორმოცი წუთით ადრე უნდა მიიღოთ.
კოლიტის, ყაბზობის, დიარეის დროს, წყალს კუჭის წვენის მჟავიანობის მიხედვით ნიშნავენ. თუ ის ნორმაშია, მაშინ მინერალური წყალი ჭამამდე 30-40 წუთით ადრე დალიეთ.
საშარდე სისტემის დაავადებებისას წყლის მიღების დროს არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. ამ შემთხვევაში ძირითად ეფექტს წყლის რაოდენობა იძლევა. თუ არ გაქვთ უკუჩვენება (გულის ან თირკმლის უკმარისობა ან შეგუბებით მიმდინარე სხვა დაავადება), სვით დღეში 2-3 ლიტრამდე წყალი, რათა საშარდე გზები მინერალური წყლით გამოირეცხოს.
წაღვერის წყალი უმთავრესად დასალევად გამოიყენება. არ არის რეკომენდებული მისი ინჰალაცია ან აბაზანები.


წაღვერში შეგიძლია ესტუმრო ბიბლიოთეკას, ითამაშო ტირი, ჩოგბურთი, საღამო ლუდის ბარში გაატარო ან ფილმი ნახო.
წაღვერის ბუნებრივ რესურსებს შორის მნიშვნელოვანი ადგილი უკავია მდინარე გუჯარულას, რომელიც 39 კილომეტრზეა გადაჭიმული. იგი სათავეს გვირგვინასა და ციხისჯვრის, ცხრაწყაროს ქედების შესართავთან იღებს, დასავლეთით მიედინება და ბორჯომთან მტკვარს ერთვის.
ყველაზე დიდი პრობლემა წაღვერში ის არის, რომ საზოგადოებრივ საპირფარეშოს თითქმის ვერ ნახავ. ეს ყველაფერი დამსვენებლებსა და ტურისტებს დიდ დისკომფორტს უქმნის.
წაღვერში შეგიძლია გაისერინო “კუკუშკით”, ეწვიო ისტორიულ ძეგლებსა და სოფლებს.
გირჩევ, აუცილებლად მოინახულო ტიმოთესუბანი და ღვთისმშობლის სახელობის მონასტერი. ძველი ქართული ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ძეგლი XII-XIII საუკუნეების მიჯნაზეა აგებული. მონასტერი მაღალგუმბათიანია. გუმბათის დეკარად სხვადასხვა ზომის ცისფრად მოჭიქული ფილებია გამოყენებული. ტაძრის სამხრეთის მხარეს, სახურავის ქვეშ, მცირე ზომის კარიბჭეა მიდგმული. ისტორიული წყაროების მიხედვით, ტაძარი გიორგი ბრწყინვალეს დავალებით აიგო.
სამწუხაროდ, რუსეთ-საქართველოს ომის დროს წაღვერის ტყის მოზრდილი ნაწილი ხანძარმა იმსხვერპლა და აქაურებმა დიდი ზარალიც იწვნიეს. ოფიციალური მონაცემებით, წაღვერის მიდამოებში 1000 ჰა-ზე მეტი უნიკალური ტყე დაიწვა. საბედნიეროდ, კურორტი განადგურებას გადაურჩა.
მაშ, მოემზადე, მაისი კარს მოგვადგა!

გააზიარე: