რა ვუშველოთ თავის ტკივილს
გააზიარე:
თავის ტკივილმა ნებისმიერი ასაკის ადამიანი შეიძლება შეაწუხოს, ბავშვიც კი. მას ხშირად უჩივიან მოზარდები სქესობრივი მომწიფების პერიოდში. ჩვილებში ის შედარებით იშვიათია, მაგრამ აქ სხვა სირთულეს ვაწყდებით – ბავშვს სატკივარს მშობელი უნდა მიუხვდეს. ბავშვთა ასაკში თავის ტკივილის შესახებ გვესაუბრება თსსუ-ს ბავშვთა ნევროლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, სრული პროფესორი ნანა გელაძე.
– თავის ტკივილი ბავშვთა ასაკში საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა. ასაკის მატებასთან ერთად ის უფრო და უფრო ხშირდება. თავის ტკივილის საერთაშორისო ასოციაციის მონაცემებით, 3-დან 5 წლამდე ასაკის ბავშვთა 3%-ში და 6-დან 8 წლამდე ასაკის ბავშვთა 15%-ში, ხოლო ყველაზე მაღალ მაჩვენებელს, 80%-ს, 10-დან 15 წლამდე, პუბერტატულ ანუ სქესობრივი მომწიფების პერიოდში აღწევს.
განასხვავებენ თავის ტკივილის 13 ძირითად ჯგუფს, ხოლო ამ ჯგუფებში ტკივილის 162 სახეობას გამოყოფენ. თავის ტკივილის პრობლემაზე მუშაობს მრავალი საერთაშორისო სამედიცინო დაწესებულება,გამოქვეყნებულია მრავალი ნაშრომი.
- – რა თავისებურებით გამოირჩევა თავის ტკივილი ბავშვებში?
– ბავშვებში თავის ტკივილი უფრო ხანმოკლეა, ვიდრე მოზრდილებში და უმეტესად სხეულის მაღალ ტემპერატურას ახლავს თან. ამ დროს მშობელიც ნაკლებად ღელავს, მაგრამ თუ ბავშვი თავის ტკივილს ტემპერატურისა და სხვა თვალსაჩინო მიზეზის გარეშე უჩივის, მშობელმა უნდა გაარკვიოს, ბავშვის ჭირვეულობაა ეს თუ რეალური პრობლემაა. ტკივილი ბავშვებში საათზე მეტხანს არ გრძელდება, მაშინ როდესაც მოზრდილებში ზოგჯერ ნახევარი დღეც გასტანს. 8-10 წლის ბავშვებს თავის ტკივილი ხშირად გამოძინების შემდეგ გაუვლით. თავის ტკივილი ბავშვებში მფეთქავი, მოპულსირე ხასიათისაა, თან ახლავს გულისრევა, ღებინება, მუცლის ტკივილი. ეს სიმპტომები განსაკუთრებით მკაფიოდ არის გამოხატული შაკიკის დროს. ბავშვებში შაკიკი ხშირად სწორედ მუცლის ტკივილით იწყება.
- – უმთავრესად რისი ბრალია თავის ტკივილი?
_ თავის ტკივილი 50-ამდე დაავადების თანმხლები სიმპტომია, მათ შორის _ ბავშვთა ინფექციებისა, ქალა-ტვინის ტრავმისა, კვებითი ან სხვა ინტოქსიკაციისა, მრავალი ვირუსული სნეულებისა. ასევე, მისი მიზეზი შეიძლება იყოს მხედველობის დაქვეითება, ესა თუ ის სომატური ან ენდოკრინული დაავადება, კვების დეფიციტი, ანემია, ჰელმინთოზი... დიდი მნიშვნელობა აქვს ორსულობის პერიოდში დედის კვებას, გადატანილ ინფექციურ დავადებებს, ფსიქოტრავმას, დედის ენდოკრინულ სტატუსს.
განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს თავის ტკივილი, რომელიც ვითარდება ვირუსული ინფექციების დროს, ვინაიდან ის შეიძლება ნეიროინფექციის, კერძოდ, მენინგოენცეფალიტის სიმპტომი იყოს.
ბავშვებში საკმაოდ ხშირია სისხლძარღვოვანი მიზეზით გამოწვეული თავის ტკივილი. პრეპუბერტატულ და პუბერტატულ ასაკში ის უმთავრესად არტერიული ჰიპერტენზიის ბრალია. არტერიული წნევის მატება კი, თავის მხრივ, ხშირად არასწორი რეჟიმის ან კვების შედეგია. შაკიკი უმეტესად გენეტიკურად გადაეცემა და ძირითადად დედის ხაზით გადადის – გოგონებში უფრო ხშირია, ვიდრე ბიჭებში. იგი თავის ნახევრის ტკივილით (ჰემიკრანიით) ვლინდება და თან ახლავს გულისრევა თავში პულსაციის შეგრძნებით. სტატისტიკის თანახმად, ბავშვთა ასაკში ხშირია ე.წ. დაძაბულობის თავის ტკივილი და კლასტერული ტკივილი, რომელსაც სხვადასხვა მიზეზი იწვევს.
- – რომელ ნევროლოგიურ დარღვევებს მიუძღვის ბრალი თავის ტკივილის აღმოცენებაში?
– ნევროლოგიური პრობლემებიდან თავის ტკივილის მიზეზი შეიძლება იყოს სამწვერა ნერვის ნევრალგია, სახისა და კეფის ნერვის დაზიანება, სკოლიოზი და კისრის ოსტეოქონდროზი (სამწუხაროდ, ეს პრობლემა გაახალგაზრდავდა და ბავშვთა ასაკშიც გვხვდება). თავის ტკივილს იწვევს ქალასშიდა წნევის მომატება, რაც თავ-ზურგტვინის სითხის მოცულობაზეა დამოკიდებული: ჭარბი ლიქვორი აწვება ტვინის გარსებს, აღიზიანებს ტკივილის რეცეპტორებს და იწვევს თავის ტკივილს, რის გამოც ბავშვი ტირის და აღგზნებულია. ბავშვობისა და მოზარდ ასაკში თავის ტკივილის მიზეზი ასევე შეიძლება იყოს ტვინში სისხლჩაქცევა, თრომბოზი, ვასკულიტი, ჰიდროცეფალია, გლაუკომა. თავის ძლიერი ტკივილი ახლავს ქალა-ტვინის ტრავმას (ტვინის შერყევა, დაჟეჟილობა). ზოგჯერ გამოსარიცხია თავის ტვინის მოცულობითი (სიმსივნური) პროცესიც.
- – უკავშირდება თუ არა თავის ტკივილი გადაღლას?
– ფიზიკური და გონებრივი გადატვირთვა საკმაოდ ხშირად იწვევს თავის ტკივილს. თანამედროვე ბავშვები ძალზე დატვირთულნი არიან სკოლის შემდეგ: დამატებით მეცადინეობენ, დადიან მუსიკაზე, ცეკვაზე, სიმღერაზე, ხატვაზე, ბევრ დროს ატარებენ კომპიუტერთან ან ტელევიზორთან. ამასთან, ცნობილია, რომ გადატვირთვა სერიოზულ ბიოქიმიურ ცვლილებებს იწვევს ბავშვის ორგანიზმში, იკლებს სეროტონინისა და ენდორფინის დონე, ვითარდება ჟანგბადის უკმარისობა, რასაც ხანგრძლივ, მონოტონურ თავის ტკივილამდე მივყავართ. სკოლამდელ ასაკში თავის ტკივილის განვითარებაში დიდ როლს ასრულებს გარემო ფაქტორები. ასეთ დროს ბავშვი ჭირვეულობს, იოლად ღიზიანდება, აწუხებს ხმაური, ხმამაღალი ბგერები, კაშკაშა სინათლე, ჰაერის უკმარისობა.
- – როგორ უნდა მოიქცეს დედა, როდესაც ბავშვი ეუბნება, რომ თავი სტკივა?
– უპირველესად, ჩააწვინოს საწოლში, გაუზომოს ტემპერატურა, არტერიული წნევა (განსაკუთრებით _ 9-16 წლის მოზარდს, რადგან პრეპუბერტატულ და პუბერტატულ ასაკში, როგორც მოგახსენეთ, შესაძლოა ჰიპერტონიასთან გვქონდეს საქმე). თუ არც ესაა მიზეზი, შეიძლება ექიმის მოსვლამდე ბავშვს მისცეთ პარაცეტამოლი (პაკოლი, პანადოლი), იბუპროფენი (ბებიტი, ნუროფენი) ან ნიმესულიდი (ნიმესილი). ამავე დროს, წლამდე ასაკში დედას კატეგორიულად ეკრძალება მკურნალობა თვითნებურად, პედიატრის და ნევროლოგის კონსულტაციის გარეშე.
- – რა კვლევები ტარდება თავის ტკივილის დროს?
– უპირველეს ყოვკლისა, უნდა ჩატარდეს ლაბორატორიული კვლევები: სისხლის საერთო ანალიზი, განავლის ანალიზი ჰელმინთებზე. შემდგომი კვლევა ექიმის პრეროგატივაა. საჭიროების შემთხვევაში ინიშნება თავის ქალასა და ხერხემლის რენტგენოგრაფია, თავის ტვინის კომპიუტერული ტომოგრაფია ან ბირთვულ-მაგნიტური რეზონანსული კვლევა. ზოგჯერ საჭიროა ტრანსკრანიული დოპლეროგრაფიის ან ელექტროენცეფალოგრაფიის ჩატარებაც, რადგან შეტევითი (პაროქსიზმული) თავის ტკივილი შესაძლოა პარციალური ეპილეფსიის გამოვლინება იყოს.
ნერვული სისტემის ორგანული პათოლოგიის გამორიცხვის შემთხვევაში ნევროლოგი ზოგჯერ ურჩევს მშობლებს, მიმართონ ფსიქოლოგს.
არც ისე იშვიათია სკოლის ასაკის ბავშვებში თავის ტკივილის სიმულირება მეცადინეობის გასაცდენად. ამ შემთხვევაში მშობლებმა შექმნილი ვითარების მიზეზი (სკოლის კონფლიქტი და სხვა) უნდა გაარკვიონ.
- – როგორ მიხვდეს დედა, რომ ბავშვი თავის ტკივილს იგონებს?
– დაკვირვებულ დედას ეს არ გამოეპარება: თუ ბავშვმა მეცადინეობის გაცდენის შემდეგ თამაში დაიწყო, გააქტიურდა, ”დაავიწყდა” დაავადება _ სავარაუდოდ, ის თავის ტკივილს მართლაც იგონებს, მაგრამ თუ კვლავ უხალისოა, მოდუნებული, ფერმკრთალი, ცდილობს წამოწვეს, აღიზიანებს სინათლე, ითხოვს გამაყუჩებელს, მაშინ მას მართლაც აწუხებს ტკივილი.
პუბერტატულ ასაკში თავის ტკივილს ხშირად იწვევს სტრესი _ უსამართლობა ოჯახში, როდესაც ერთ შვილს მეტ დროს უთმობენ, ხოლო მეორისთვის მნიშვნელოვან პრობლემებს ყურადღებას არ აქცევენ, კონფლიქტი მასწავლებელთან, თანაკლასელთან...
- – რა იღონონ მშობლებმა, რომ თავის ტკივილი არ გამეორდეს?
– მშობელმა ჩვილი ასაკიდანვე უნდა მიაჩვიოს შვილი სწორ რეჟიმს. მნიშვნელოვანია სწავლის, დასვენებისა და კვების საათების რეგულირება. დიდი მნიშვნელობა აქვს სრულყოფილ ძილს, სასკოლო ასაკში _ არანაკლებ 8-9 საათისა. თუ ბავშვი ხშირად ავადმყოფობს, გამოკვლევისა და ექიმის კონსულტაციის გარეშე თვითმკურნალობა დაუშვებელია.
რეჟიმთან ერთად მნიშვნელოვანია კვებაც. მაგალითად, შაკიკის დროს ბავშვებს ბევრი რამ ეკრძალებათ, მათ შორის _ შოკოლადი, რძე...
- – როგორ მკურნალობენ ბავშვებში თავის ტკივილს?
– ზოგიერთი იმ პრეპარატთაგანი, რომლებიც მოზრდილთა თავის ტკივილისას გამოიყენება, ბავშვთა ასაკში აკრძალულია, მათ შორის _ ანალგინი (14 წლამდე), ნაპროქსენი (15-16 წლამდე). შაკიკის დროს ვაზოკონსტრიქტორებს ვნიშნავთ, პაროქსიზმული ტკივილის დროს ზოგჯერ ანტიეპილეფსიური პრეპარატებიც იხმარება (მაგალითად, კარბამაზეპინი), მომატებული ქალასშიდა წნევისას – შარდმდენები (დიაკარბი,ლაზიქსი) და ა.შ. ზოგ შემთხვევაში ნევროლოგი განსაზღვრავს, აუცილებელი ხომ არ არის მკურნალობის პროცესში ფსიქოლოგის ან ფსიქიატრის ჩართვა.
-რას ურჩევდით მშობლებს?
- მიმართეთ ექიმს, თუ ბავშვი:
. უჩივის ძლიერ თავის ტკივილს, რომელიც არ უკავშირება არც ტემპერატურას, არც კვების დარღვევას და გრძელდება საათზე მეტხანს;
. უჩივის თვალის კაკლებზე ზეწოლის შეგრძნებას, გულისრევას, ღებინებას;
. ცდილობს პოზის შეცვლას, თავის უკან გადაგდებას;
. თავს არიდებს სინათლეს, ცდილობს, სიმშვიდეში იყოს.
ექიმის კონსულტაციისა და სათანადო პარაკლინიკური კვლევის შედეგად გაირკვევა თავის ტკივილის მიზეზი და დაინიშნება ადეკვატური მკურნალობა, რაც ბავშვის ჯანმრთელობის საწინდარია.