მენსტრუაციისწინა სიდრომი
გააზიარე:
მენსტრუაციისწინა სინდრომი (მწს) ნეიროენდოკრინული დაავადებაა. ზოგიერთი ქალის ორგანიზმი განსაკუთრებულად რეაგირებს ყოველთვიურ ციკლურ ცვლილებებზე, რაც მხოლოდ განწყობაზე კი არ აისახება, არამედ სერიოზულ ჩივილებსაც იწვევს.
ვინც მენსტრუაციისწინა სინდრომს უმნიშვნელო და თითიდან გამოწოვილ პრობლემად მიიჩნევს, ვფიქრობთ, ინტერვიუს წაკითხვის შემდეგ აზრს რადიკალურად შეიცვლის.
გვესაუბრება ზურაბ საბახტარაშვილის რეპროდუქციული კლინიკის ექიმი რეპროდუქტოლოგი თამთა ცაავა.
– მენსტრუაციისწინა სინდრომი (მწს) ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გავრცელებული ნეიროენდოკრინული დაავადებაა, რომლის სიხშირე, სხვადასხვა გამოკვლევის მონაცემებით, რეპროდუქციული ასაკის ქალებში 25-დან 75%-მდე მერყეობს. ასაკთან მიმართებით მწს-ის გავრცელება არათანაბარია: 30 წლამდე 20%-ს არ აღემატება, 30-დან 40 წლამდე 40-45%-ს უტოლდება, 40 წლიდან მენოპაუზამდე კი თითქმის 55%-ს.
მწს თავისი არსით სცდება ვიწრო სამედიცინო პრობლემის ჩარჩოს და რიგ შემთხვევებში ფსიქოლოგიურ, სოციალურ, იურიდიულ და პოლიტიკურ ჟღერადობასაც კი იძენს.
ი.ი. ჩჰაკალო თავის მონოგრაფიაში “ქალი მენსტრუალური გაწმენდის პერიოდში” (1887) წერდა: “როგორ შეიძლება, ვანდოთ ქალს სახელმწიფოებრივი პრობლემების გადაჭრა, როდესაც ყოველთვიურად ორი კვირის განმავლობაში შინაგანი განწყობის ზეგავლენით მას ძალუძს ჩაიდინოს ქმედებები, რომლებსაც მომდევნო ორი კვირის განმავლობაში ნანობს?” ამ თვალთახედვის საბუთად ავტორს მოჰყავდა მონაცემები მენსტრუაციისწინა პერიოდში მნიშვნელოვანი ფსიქიკური და ემოციური აშლილობების, ბულემიის, ეპილეფსიის შეტევების, ნიმფომანიის (მომატებული სქესობრივი აღგზნებადობა) და მკვლელობის მცდელობის შესახებაც კი.
სტატისტიკის თანახმად, ქალების თვითმკვლელობის 3`4 და ქალის მიერ ჩადენილი ათიდან რვა ყველაზე საშიში დანაშაული მენსტრუაციისწინა პერიოდზე მოდის. მძღოლი ქალების მიზეზით მომხდარი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების უმრავლესობაც ამ პერიოდს ემთხვევა. ევროპის ზოგიერთი ქვეყნის კანონმდებლობის მიხედვით, მენსტრუაციისწინა პერიოდი დანაშაულის კვალიფიკაციისას შემამსუბუქებელ ფაქტორად მიიჩნევა.
- – იცის თუ არა საზოგადოებამ ამ პრობლემის შესახებ?
– მიუხედავად ფართო გავრცელებისა, მენსტრუაციისწინა სინდრომის შესახებ ცოდნა არათუ მოსახლეობაში, სამედიცინო წრეებშიც კი საკმაოდ მწირია, თუმცა პირველი ცნობები ჯერ კიდევ გალენის (130-200 წ.წ.) ნაშრომებში გვხვდება, რომელიც ამ სინდრომს მთვარის ციკლს უკავშირებდა. კრემერისა და მისი თანაავტორების მონაცემებით, პაციენტთა 81%-მა ინფორმაცია თავისი დაავადების შესახებ არასამედიცინო წყაროებიდან მიიღო, 16%-მა თავად, თვითდაკვირვების საფუძველზე დაისვა დიაგნოზი და 5 წლის განმავლობაში სამ სხვადასხვა ექიმს მიმართა დახმარებისთვის. აქედან მკურნალობა მხოლოდ 26%-ში დაგვირგვინდა წარმატებით.
ეს მონაცემები, ვფიქრობ, მეტად დამაფიქრებელია და ამ დაავადების შესახებ ცოდნის მნიშვნელოვან დეფიციტზე მიუთითებს.
- – რა უწყობს ხელს მენსტრუაციისწინა სინდრომის განვითარებას?
– დაავადება უმთავრესად ქალაქის მოსახლეობაშია გავრცელებული. განსაკუთრებით – იმ ქალებში, რომლებიც ინტელექტუალურ შრომას ეწევიან, ამიტომ მას ცივილიზაციის დაავადებათა რიგს მიაკუთვნებენ.
ამრიგად, ქალაქში ცხოვრება და ინტელექტუალური შრომა შეიძლება მწს-ის რისკფაქტორთა წყებას მივაკუთვნოთ. ამავე ფაქტორთა რიცხვს ეკუთვნის:
. თეთრი რასა;
. ხშირი სტრესული სიტუაცია;
. თავის ტვინის ტრამვები;
. ნეიროინფექციები;
. ნეიროენდოკრინული დაავადებები, მათ შორის – სიმსუქნე;
. ხშირი ორსულობა;
. ანამნეზში ორსულობის შემდგომი დეპრესია;
. ორსულთა ტოქსიკოზი;
. უშვილობა`უნაყოფობა;
. თვითნებითი და ხელოვნური აბორტები;
. დამძიმებული გინეკოლოგიური ანამნეზი;
. ფიზიკური ადინამია;
. შრომისა და დასვენების ნორმალური ქცევის დარღვევა;
. არასრულფასოვანი კვება.
- – ციკლის რომელ პერიოდში ვლინდება ეს სინდრომი?
– მენსტრუაციისწინა სინდრომის დროს პათოლოგიური ჩივილები თავს იჩენს მენსტრუაციის წინა პერიოდში (2-14 დღით ადრე), ხოლო მენსტრუაციის შემდეგ ქრება.
დაავადების განვითარების დინამიკაში გამოიყოფა სამი სტადია:
. კომპენსირებული – სიმპტომები წარმოჩნდება მენსტრუაციამდე 2-14 დღით ადრე და გაივლის მენსტრუაციის პირველსავე დღეს;
. სუბკომპენსირებული – დაავადება დროთა განმავლობაში მძიმდება, ჩივილები გრძელდება მენსტრუაციის ბოლომდე;
. დეკომპენსირებული – პათოლოგიური გამოვლინებები გრძელდება მენსტრუაციის დასრულებიდან კიდევ რამდენიმე დღე, ამიტომ ჩივილებს შორის ნათელი პერიოდი ხანმოკლეა.
- – რა კლინიკური სიმპტომები ახასიათებს მენსტრუაციისწინა სინდრომს?
– კლინიკური სურათის მრავალფეროვნებით ამ დაავადებას ანალოგი არ გააჩნია. აღწერილია 150-ზე მეტი სიმპტომი, რომლებსაც, კლინიკური გამოხატულების მიხედვით, შემდეგ ჯგუფებად ერთიანდება:
ნეიროფსიქიკურ ფორმას მწს-ის გავრცელებისა და კლინიკური გამოხატულების სიმძიმის მიხედვით პირველი ადგილი უკავია და შემთხვევათა თითქმის ნახევარში გვხვდება. მისთვის დამახასიათებელია მენსტრუაციის წინა პერიოდში გაღიზიანებადობა ან დეპრესია, უმიზეზო ტირილი (გულჩვილობა), აგრესიულობა, ძილიანობა ან უძილობა. ხშირად გვხვდება ხმაურისა და სუნისადმი გამძაფრებული მგრძნობელობა, კიდურების დაბუჟება, მეტეორიზმი და სხვა.
ცეფალგიური ფორმის უმთავრესი ჩივილია სხვადასხვა ხასიათისა და ინტენსივობის თავის ტკივილი (მოჭერის ან გასკდომის შეგრძნება, შაკიკის შეტევა ან პულსაცია). ზოგიერთ პაციენტში ამ სიმპტომებს წინ უძღვის მოუსვენრობა, გაღიზიანებადობა, შიში, სმენითი ან ყნოსვითი ჰალუცინაციები. თავის ტკივილს ხშირად თან ახლავს გულისრევის შეგრძნება, ღებინება, ფაღარათი, თავბრუხვევა, ტაქიკარდია, ტკივილები გულის არეში, ოფლიანობა, კიდურების დაბუჟება, მკერდის ტკივილი, სახის გაფერმკთალება.
შეშუპებითი ფორმა გავრცელების სიხშირის მიხედვით მესამე ადგილზეა. იგი ამ სინდრომის მქონეთა თითქმის 20%-ში გვხვდება. ახასიათებს ორგანიზმში სითხის შეკავება (შეშუპება) და უმრავლეს შემთხვევაში უარყოფითი დიურეზი (გამოყოფილი სითხის სიმცირე მიღებულთან შედარებით) – საშუალოდ 500-700 მლ დღე-ღამეში, თუმცა შესაძლოა, ეს მაჩვენებელი 2000-3000 მლ-საც აღწევდეს. კლინიკურად სითხის შეკავება ვლინდება სახისა და კიდურების შეშუპებით, მკერდის ტკივილით, მენსტრუაციის წინ სხეულის მასის მატებით, მუცლის შებერილობით, ართრალგიით (სახსრების ტკივილით), დეფეკაციის (კუჭის მოქმედების) დარღვევით, თავის ტკივილით, თავბრუხვევით, გაღიზიანებადობით, გულისრევის შეგრძნებით, ღებინებით, ძილისა და მისი ხარისხის გაუარესებით. დიენცეფალური კრიზები მენსტრუაციისწინა სინდრომის შედარებით იშვიათი, მაგრამ მძიმე ფორმაა. შეტევები ხშირად იწყება საღამოობით ან ღამით, ზოგჯერ – ყოველგვარი მიზეზისა თუ წინაპირობის გარეშე. გამოიხატება გულის არეში სპაზმითა და ტკივილით, გულისცემისა და პულსის აჩქარებით (თუმცა ეკგ-ზე ცვლილებები არ ფიქსირდება), კიდურების გაცივებით, სახის გაფერმკთალებით ან სიწითლით, შემცივნებით ან ოფლიანობით, თავის ტკივილითა და თავბრუხვევით, სისუსტით, ზოგჯერ – წნევის მნიშვნელოვანი მატებით. შეტევა რამდენიმე წუთიდან საათამდე გრძელდება და სიკვდილის შიშის შეგრძნებას იწვევს.
ატიპური ფორმისთვის დამახასიათებელია კლინიკური სიმპტომების მრავალფეროვნება, მათ შორის – ალერგია, წყლულოვანი გინგივიტი და სტომატიტი, ირიდოციკლიტი (თვალის ფერადი გარსის ანთება), შეუკავებელი ღებინება, ციკლური ბრონქული ასთმა, ლეთარგიული ძილიანობა, ჰიპერთერმიული მენსტრუაციისწინა გამოვლინებები (ტემპერატურის მცირედი მატება), ციკლური ეპილეფსიის შეტევები და მრავალი სხვა სიმპტომი, რომელთაც მხოლოდ ის აერთიანებთ, რომ თავს იჩენენ მენსტრუაციის წინა პერიოდში და ქრებიან მენსტრუაციის დაწყების ან დასრულების შემდეგ. მენსტრუაციისწინა სინდრომის ფარგლებში უნდა მოიაზრებოდეს ამ პერიოდში ქალის თვითშეფასებისა და თვითკონტროლის დაქვეითება, კონფლიქტური სიტუაციების გახშირება ოჯახში, სამსახურში, მეგობრებთან თუ სხვა მიკროსოციალურ სამყაროში. ამ პერიოდში ხშირდება გაყრა, სამუშაოს დაკარგვა, ავტოავარია...
- – რას ეფუძნება მენსტრუაციისწინა სინდრომის დიაგნოზი?
– უწინარეს ყოვლისა – დეტალურ ანამნეზს, სადაც აქცენტი კეთდება სიმპტომთა შესაძლო ციკლურობაზე, ასევე ჰორმონულ და ულტრასონოგრაფიულ გინეკოლოგიურ კვლევებს.
- – როგორია მენსტრუაციისწინა სინდრომის მკურნალობის ძირითადი პრინციპები?
– დაავადების კლინიკური გამოვლინების მრავალფეროვნებიდან გამომდინარე, მკურნალობა საკმაოდ რთულია. თერაპიული საშუალებები, მათი დოზირება და მიღების ხანგრძლივობა თითოეული პაციენტისთვის ინდივიდუალურად უნდა შეირჩეს. სწორედ ამ სტრატეგიაზეა დაფუძნებული ჩვენი კლინიკის წარმატებული საქმიანობა ამ მეტად უცნაურ და რთულ დაავადებასთან მიმართებით.
- – არსებობს თუ არა ამ სინდრომის პრევენციის შესაძლებლობა? რა მნიშვნელობა აქვს ამ კუთხით ცხოვრების ჯანსაღ წესს?
– ისევე როგორც სხვა დაავადებების პრევენციისთვის, მენსტრუაციისწინა სინდრომის თავიდან ასაცილებლადაც მნიშვნელოვანია ცხოვრების ჯანსაღი წესი – კვებისა და დასვენების სწორი რეჟიმი, სპორტული აქტივობა. რეკომენდებულია კოფეინის, ალკოჰოლის, ნიკოტინის მოხმარების შეზღუდვა, სტრესისა და გადაძაბვისთვის თავის არიდება.
მარი აშუღაშვილი