სპორტი – ჯანსაღი სულისა და სხეულისათვის
გააზიარე:
თუ თქვენს პატარას ულევი ენერგია აქვს და ერთ ადგილზე ვერ აჩერებთ, ხოლო თქვენი სახლი დღის ბოლოს ბრძოლის ველს ჰგავს, ესე იგი დროა, პატარა ონავარი სპორტით დააკავოთ – ენერგიის დახარჯვის საშუალებასაც მისცემთ, დისციპლინასა და საკუთარი თავის კონტროლსაც შეაჩვევთ, გააკაჟებთ კიდეც და ჯანსაღი ცხოვრების სიკეთესაც პატარაობიდანვე აზიარებთ. ოღონდ მანამდე უამრავი ნიუანსია გასათვალისწინებელი: რამხელაა ბავშვი, როგორი ფიზიკური მონაცემები აქვს, სპორტის რომელ სახეობაზე სურს სიარული თავად, როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა... რაც მთავარია, გახსოვდეთ: ზომიერება ყოველთვის საჭიროა. ზედმეტი ფიზიკური დატვირთვით ბავშვის ჯანმრთელობას შესაძლოა გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოთ. ამიტომ აუცილებლად შეამოწმეთ, ჰყავს თუ არა სპორტულ სკოლას თავისი ექიმი, კონტროლდება თუ არა ბავშვების ფიზიკური დატვირთვის ხარისხი და ა.შ. ჩვენ კი შევეცდებით, თქვენი შვილისთვის შესაფერისი სპორტის სახეობა შეგარჩევინოთ.
თეთრი რელსები, მთიდან ვეშვებით... სპორტის ზამთრის სახეობები, სამთო-სათხილამურო ინფრასტრუქტურის განვითარებასთან ერთად, ჩვენში სულ უფრო მეტად იკიდებს ფეხს. გარდა ტრადიციული თხილამურებისა, დღეს მოდურია სნოუბორდი, ტრამპლინიდან ხტომა... პირველ ეტაპზე ბავშვისთვის ყველაზე მეტად მისაღები ტრადიციული თხილამურებია. თხილამურებით სრიალი ავითარებს კოორდინაციის უნარს, აკაჟებს ორგანიზმს, ამაგრებს კუნთებსა და ძვალსახსროვან სისტემას. ექიმები სათხილამურო სპორტის შესწავლას განსაკუთრებით იმ ბავშვებს ურჩევენ, რომლებსაც ტანადობის დარღვევა აქვთ ან საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემები აწუხებთ. ამასთან, არ დაივიწყოთ: თხილამურებით სრიალი საკმაოდ სახიფათო სპორტია, ამიტომ ყურადღებით შეარჩიეთ კვალიფიციური მწვრთნელი.
სათხილამურო სპორტზე ბავშვის მიყვანა რეკომენდებულია 3-6 წლის ასაკიდან, თუმცა ეს სპორტის ის სახეობაა, რომელსაც ნებისმიერ ასაკში შეგიძლიათ მოჰკიდოთ ხელი.
მუხლჩაუხრელი შრომის გრაციოზული ნაყოფი
სპორტის ზამთრის სახეობათაგან თხილამურებზე არანაკლებ პოპულარულია ფიგურული სრიალი. ამ ულამაზესი სპორტით განსაკუთრებით გოგონები ინტერესდებიან. ასეა თუ ისე, უნდა გახსოვდეთ, რომ ყინულზე შესრულებული დახვეწილი პირუეტების მიღმა მუხლჩაუხრელი შრომა დგას. თუ ბავშვის ფიგურულ სრიალზე მიყვანას განიზრახავთ, მზად უნდა იყოთ მოტეხილობებისთვის, წონის მუდმივი კონტროლისთვის და ა.შ. თუმცა აქვე უნდა ითქვას, რომ ფიგურულ სრიალს ჯანმრთელობისთვის დიდი სარგებლობის მოტანა შეუძლია: ყინულზე დგომა ავითარებს კოორდინაციის უნარს, ხელს უწყობს კუნთოვანი სისტემის განვითარებას, ძალიან უხდება სუსტ ბრონქებს. ამიტომ არის, რომ ასთმისადმი მიდრეკილი ბავშვების მშობლებს ექიმები შვილის ფიგურულ სრიალზე მიყვანას ურჩევენ. ციგურებით სრიალის შესწავლა ნებისმიერ ასაკში შეიძლება, მაგრამ თუ გსურთ, თქვენი პატარა სპორტის ამ სახეობას პროფესიონალურად დაეუფლოს, ამაზე 4-5 წლიდან უნდა იზრუნოთ.
ყველაზე სასარგებლო სპორტი
ექიმაბის აზრით, სწორად ასეთია ცურვა, რომლის შესწავლა სიცოცხლის პირველივე თვეებიდან შეიძლება. შეგიძლიათ, პირველი გაკვეთილები პატარას თავად ჩაუტაროთ. ცურვა განსაკუთრებით საყრდენ-მამოძრავებელ აპარატს უხდება. ის ავითარებს კუნთებს და ხელს უწყობს ჩონჩხის სწორ ჩამოყალიბებას. ცურვა ჭარბწონიანი ბავშვებისთვისაც სასარგებლოა, რადგან წყალში ზარმაცი პატარებიც კი სიამოვნებით ჭყუმპალაობენ.
აუზზე ერთი-ორი თვე სიარული საკმარისია, რომ ბავშვს ტანადობა შეეცვალოს და კუნთები გაუმაგრდეს.
ცურვასთან ერთად აუცილებლად უნდა ვახსენოთ წყალბურთიც. მას ყველა ის ღირსება აქვს, რაც ცურვას და ამასთან ერთად – რამდენიმე სხვაც. ვინაიდან იგი გუნდური სპორტია, ბავშვებს ერთმანეთის გატანას ასწავლის და კომუნიკაბელურობას უვითარებს. წყალბურთზე ბავშვის მიყვანა 8-9 წლის ასაკიდან შეიძლება.
ვიდრე ბავშვს წყლის სტიქიას აზიარებდეთ, გაარკვიეთ, როგორ იცავენ ჰიგიენის ნორმებს თქვენ მიერ შერჩეულ აუზზე.
ყველაზე, ყველაზე ვაჟკაცური
ალბათ მიხვდით – საქართველოში ძალზე პოპულარულ სპორტის სახეობაზე, რაგბიზე გვსურს გესაუბროთ. რაგბი ძლიერი მამაკაცების სპორტია. ის ავითარებს სხეულის თითქმის ყველა კუნთს, ხელს უწყობს საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის სწორ ფორმირებას. ამასთან, რაკი გუნდური სპორტია, იგი პატარებს ერთმანეთის გატანას ასწავლის, კომუნიკაბელურობას უვითარებს. თუმცაღა მორაგბეებს შორის საკმაოდ ხშირია ტრავმა, ამიტომ ექიმები რაგბიზე მისვლას 11-12 წლის იმ ბავშვებს ურჩევენ, რომლებიც უკვე მისდევდნენ სპორტის რომელიმე სხვა სახეობას და შეუძლიათ, დატვირთვას ფიზიკურად მომზადებულნი შეხვდნენ.
ყვლა ერთისათვის, ერთი ყველასათვის
მუშკეტერების ეს ლოზუნგი სპორტის გუნდურის სახეობებისთვის ზედგამოჭრილია. ერთ გუნდად ბრძოლა, თანაც თამაშით, მართლაც სახალისო და აზარტულია. ალბათ ამიტომ ჰყავს სპორტის გუნდურ სახეობებს უამრავი გულშემატკივარი. ორი მათგანი – წყალბურთი და რაგბი – უკვე ვახსენეთ. ახლა დანარჩენებზეც ვისაუბროთ.
ფეხბურთი შესანიშნავად ავითარებს წელის, მუცლისა და ფეხის კუნთებს. კალათბურთი ექიმის შესანიშნავი დამხმარეა, თუ ბავშვს სუსტი ვესტიბულური აპარატი აქვს (იგივე ითქმის ფრენბურთზეც). ჰოკეი ოსტეოქონდროზის საწყის ეტაპზეა რეკომენდებული.
მოქნილი და მოხდენილი რომ იყოთ
სპორტის ამ სახეობაზე ბავშვები 3-4 წლის ასაკში შეყავთ. ის ნებისმიერი სხვა სპორტის საბაზო საფეხურად ითვლება. ავითარებს კოორდინაციის უნარს, აყალიბებს კარგ აღნაგობას და საოცრად მოხდენილსა და მოქნილს ხდის სხეულს. ალბათ მიხვდით, ტანვარჯიშს ვგულისხმობთ, ერთ-ერთ ყველაზე გრაციოზულ და ლამაზ სპორტს. ასე რომ, თუ გსურთ, თქვენს შვილს მოქნილი სხეული, დახვეწილი მანერები და კარგი ტანადობა ჰქონდეს, ატარეთ ტანვარჯიშზე.
აჩუ–თერაპია
ჯირითი სპორტის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული სახეობაა, რადგან მხოლოდ ფიზიკურ გაჯანსაღებას კი არ უწყობს ხელს, არამედ ფსიქოლოგიური პრობლემების დაძლევაშიც გვეხმარება. ამიტომ არის, რომ გარკვეული პრობლემების მქონე ბავშვებისთვის ცხენოსნობა თერაპიულ მეთოდადაც გამოიყენება. ასეც უწოდებენ - რაიდთერაპია . ფიზიკური რეაბილიტაციისთვის, ფსიქოლოგიური კორექციისთვის, სოციალური ადაპტაციისთვის ცხენოსნობის გამოყენება მე-20 საუკუნის 60-იან წლებში დაიწყო. ის განსაკუთრებით სასარგებლოა სკოლიოზის, ჰიპერაქტივობის სინდრომის, ოსტეოქონდროზის, ნევროზის, ბავშვთა ცერებრული დამბლის სხვადასხვა ფორმის, აუტიზმის, დაუნის სინდრომის, ნევროლოგიური პრობლემებით ან თანდაყოლილი ანომალიებით გამოწვეული საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის დარღვევების დროს.
საბრძოლო ხელოვნება
მუშტი-კრივი ბავშვებში ყოველთვის პოპულარული იყო. მერე და მერე მას აღმოსავლური ორთაბრძოლებიც დაემატა. მართლაც, არასდროს არის ზედმეტი, ბავშვმა თავის დაცვა ისწავლოს. სპორტის ეს სახეობები პატარებს მუსკულატურას, კოორდინაციას, პასუხისმგებლობის გრძნობასა და სწრაფი რეაგირების უნარს უვითარებს, სწორად სუნთქვას, საკუთარი თავის კონტროლს ასწავლის. თუმცა მშობლები, რომლებსაც შვილი საბრძოლო ხელოვნების შემსწავლელ წრეზე შეჰყავთ, ტრავმებისა და ჩალურჯებებისთვის მზად უნდა იყვნენ.
დაბოლოს, სპორტის ამა თუ იმ სახეობაზე ბავშვის მიყვანა სანანებელი რომ არ გაგიხდეთ, აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია პედიატრთან, რადგან სპორტის ზოგიერთ სახეობას უკუჩვენება აქვს. მაგალითად, ბავშვები, რომლებიც მხედველობას უჩივიან, არ უნდა ვატაროთ ფეხბურთზე, კალათბურთზე, საბრძოლო ხელოვნებაზე (განსაკუთრებით – კრივზე); ქრონიკული სინუსიტით, ჰაიმორიტითა და ტონზილიტით დაავადებული ბავშვებისთვის რეკომენდებული არ არის თხილამურები და ციგურები. განსაკუთრებულ ყურადღებას ითხოვენ გულის დააავადებების, დიაბეტისა და სუსტი ხერხემლის მქონე ბავშვები. მათი სპორტით დატვირთვა ექიმის უშუალო რეკომენდაციით უნდა მოხდეს.