ორსულობა და თმის ცვენა
გააზიარე:
მომავალ თუ ახალგამომცხვარ დედებს სარკე მაინცდამაინც არ უყვართ – საკუთარი გარეგნობა ნერვებს უშლით, თან სინდისიც ქენჯნით, რა დროს ამაზე ფიქრიაო. ამ უკანასკნელს შეგიძლიათ გამოუცხადოთ, რომ ბავშვს ლამაზი დედა სჭირდება და ამიტომ მხოლოდ უფლება კი არ გაქვთ, საკუთარ თავზე იზრუნოთ, არამედ გევალებათ კიდეც. თუმცა ის, რაც გვაფრთხობს, შესაძლოა ორგანიზმში მიმდინარე პროცესების ბუნებრივი გამოვლინებაც იყოს. ასეა თუ ისე, ცოტა ხნის შემდეგ თქვენი თვალისჩინი თმის წიწკვნას დაგიწყებთ, ჰოდა, ხომ უნდა ვიზრუნოთ იმაზე, რომ ხელის ჩასავლები დახვდეს!
ჩვეული კურსი
ალბათ მრავლად გინახავთ გაცვენილი წიწვები ფიჭვის ქვეშ. ბოტანიკა განმარტავს: მარადმწვანეობა იმას არ ნიშნავს, რომ ყოველი წიწვი სამუდამოდ ხეზე დარჩეს. უბრალოდ, სასიცოცხლო ციკლი ისეა აწყობილი, რომ სხვადასხვა წიწვი სხვადასხვა დროს ხმება, მათ ადგილას კი ახალი ამოდის, ამიტომაც ხე ზამთარ-ზაფხულ მწვანეა.
დაახლოებით იგივე ხდება ჩვენს თავსაც, უფრო სწორად, ჩვენს თავზეც. თმის ღერი ამოდის, 2-6 წლის განმავლობაში ყოველ თვე საშუალოდ თითო სანტიმეტრით იზრდება, შემდეგ მოსვენების ფაზაში გადადის და თანდათან ცვივა – ჩვეულებრივ, ან სავარცხელზე რჩება ვარცხნის დროს, ან აბაზანის ფსკერზე დაბანის შემდეგ. ამის შემდეგ თმის ბოლქვი თმის ახალი ღერის გამოზრდას იწყებს. ეს თმის ზრდის ბუნებრივი ციკლია. დროის ნებისმიერ მომენტში თავზე თმის ღერების 90% ზრდის ფაზაშია, დანარჩენი კი ისვენებს.
წეროს ცვლილებები
ორსულობა მთელი ორგანიზმისთვის განსაკუთრებული დროა. ჰორმონების რაოდენობის მატება ამ პერიოდში თმის ცვენას ხელს უშლის. სხვაგვარად რომ ვთქვათ, თმის ღერის მოსვენების ფაზა ხანგრძლივდება. ბუნებრივია, თავზე ამ ფაზაში მყოფი ღერების რაოდენობაც იზრდება, შედეგად კი თავის თმოვანი საფარიც უფრო ხშირი გვეჩვენება, ვიდრე ჩვეულებრივ გვქონდა.
როცა დედის წიაღში განაბული პაწია ამქვეყნად მობრძანებას ინებებს, ორგანიზმი ცდილობს, ძველ, ორსულობამდელ ფორმას დაუბრუნდეს. ეს თმასაც ეხება, ამიტომ:
. მოსვენების ფაზა მოკლდება;
. თმის ყველა ღერი, რომელთა ჩამოცვენა ორსულობამ შეაფერხა, ერთდროულად ტოვებს თავს;
. თმა შესაძლოა ჩვეულებრივზე უფრო თხელი მოგეჩვენოთ, თუმცა ეს შეთხელება იმდენად ინტენსიური არ არის, რომ უთმო ადგილები დატოვოს;
. ჩამოცვენილი ღერების ნაცვლად ახალი ამოდის და თმის ზრდის ციკლი ძველ რიტმს უბრუნდება.
სხვა თმები
თავზე თმის გახშირება ცოტას თუ დაამწუხრებს. ცუდი ის არის, რომ ორსულობისას მსგავსი ტენდენცია ზედა ტუჩზე, ლოყებსა და ხელ-ფეხზეც შეინიშნება. ზოგჯერ თმის ახალ ღერებს მკერდზე, მუცელსა და ზურგზეც შეამჩნევთ.
დასამშვიდებლად შეგვიძლია გითხრათ, რომ ეს სავსებით ნორმალურია. ორსულობის ჰორმონები და კორტიზონის მაღალი დონე ამ ტიპის თმის ზრდას უწყობს ხელს. მშობიარობიდან დაახლოებით ექვსი თვის განმავლობაში ჰორმონთა დონეც და სხეულის თმოვანი საფარიც ძველ კალაპოტს დაუბრუნდებიან.
რა შეგიძლია
ფიზიოლოგია ფიზიოლოგიაა, მაგრამ მან ორსულობისას თუ მის შემდეგ თმის მოვლაზე ხელი არ უნდა აგაღებინოთ:
. დაიცავით ხილითა და ბოსტნეულით მდიდარი დიეტა. ასეთი საკვები, გარდა იმისა, რომ თქვენი და თქვენი შვილის ჯანმრთელობისთვის ძალიან სასარგებლოა, თმის ფოლიკულებსაც დაიცავს და თმის ზრდას ხელს შეუწყობს.
. სათუთად მოეპყარით თმას, განსაკუთრებით ახალდაბანილს – ნესტიანი ღერები მყიფე და ადვილად მტვრევადია. ერიდეთ უხეშ და წმინდაკბილებიანი სავარცხლის გამოყენებას.
. ერიდეთ ფენისა და თმის საშრობი სხვა ინსტრუმენტების გამოყენებას. თუ მაინცდამაინც, ჰაერის შედარებით გრილი ნაკადი მოიშველიეთ.
. ნუ გაიკეთებთ ჩვეულებრივ, აფრიკულ თუ უკრაინულ ნაწნავებს, კიკინებს და უხეშ სამაგრებს – შესაძლოა, თმა დაიზიანოთ.
არასასურველ თმასთან ბრძოლისას კი გახსოვდეთ:
. ბუსუების პინცეტით ან ცვილით ამოძრობა, ასევე – მოპარსვა არც ორსულს, არ ნაყოფს საფრთხეს არ უქმნის.
. ერიდეთ გამათეთრებელ და სადეპილაციო ქიმიურ საშუალებებს – კანმა ისინი შეიძლება შეიწოვოს (თუმცა კონკრეტული მონაცემები რომელიმე მათგანის მავნეობის შესახებ მედიცინას სადღეისოდ არ გააჩნია).
. ორსულობის დროს უსაფრთხოდ მიიჩნევა თმის მოშორების აპარატურული მეთოდებიც (მაგალითად, ელექტროეპილაცია), თუმცა ტკივილისა და დისკომფორტის გამო (რომელმაც შესაძლოა ასევე არასასურველი გავლენა მოახდინოს თქვენს მდგომარეობაზე) ჯობს ისინი რამდენიმე თვით გადადოთ.
ვეძახით ექიმს
თუ მეტისმეტად ბევრი თმა გცვივათ, შესაძლოა მიზეზი ის იყოს, რომ საკმარისი რაოდენობის ვიტამინებსა და მინერალებს არ იღებთ. არც ის არის გამორიცხული, თმის ცვენა სხვა, ორსულობასთან კავშირის არმქონე სამედიცინო პრობლემას (მაგალითად, კანის დაავადებას ანდა ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიას) უკავშირდებოდეს. თუ მიგაჩნიათ, რომ ცვენა ზემოთ აღწერილ ფიზიოლოგიურ ნორმებს სცდება, რჩევისთვის აუცილებლად მიმართეთ ექიმს.