რამ შეიძლება გამოიწვიოს მხედველობის უეცარი დაკარგვა?

გააზიარე:
მხედველობა ქრონიკული დაავადების დროსაც შეიძლება დაიკარგოს, თანაც ისე ნელა, რომ ავადმყოფი მაშინღა მოვიდეს გონს, როცა უკვე ვეღარაფერს დაინახავს. ზოგჯერ კი მხედველობა მართლაც ერთბაშად იკარგება. საბედნიეროდ, ასეთი რამ გაცილებით იშვიათია. აი რამდენიმე მიზეზი:
  • ნახეთქი ბადურაზე. ის შეიძლება გაჩნდეს ახლომხედველობის, ტრავმის, ინსულტისა და შაკიკის შეტევის დროსაც კი. კლინიკურად იშვიათად ვლინდება. პაციენტი მხოლოდ მოცურავე წერტილებს ან გაელვებებს უჩივის. შორსწასულ შემთხვევაში ნახეთქი შესაძლოა ბადურას ჩამოცლის და სიბრმავის მიზეზად იქცეს, ამიტომ ზემოთ აღნიშნული ჩივილების გაჩენისას აუცილებელია ოფთალმოლოგთან მისვლა, რათა დროულად დავიზღვიოთ თავი ბადურას ჩამოცლისგან და ლაზერკოაგულაციით ნახეთქი საიმედოდ შემოვსაზღვროთ.

“ავერსის” ცენტრალურ კლინიკაში ფუნქციონირებს მსოფლიოს წამყვანი ფირმის ALCON-ის ლაზერული აპარატი, რომლის მეშვეობითაც საიმედოდ, ყოველგვარი გვერდითი მოვლენის გარეშე ხდება ბადურას მიმაგრება.
ცენტრალური არტერიის მწვავე გაუვალობა. თავს იჩენს უეცრად და ახასიათებს მხედველობის მკვეთრი დაქვეითება ცალ თვალში. მისი მიზეზი შეიძლება იყოს არტერიის სპაზმი, თრომბოზი ან ემბოლია. ხშირად გვხვდება ჰიპერტონიით დაავადებულ ადამიანებში. რა არის გამორიცხული, ენდოკარდიტით, გულის მანკით, ქრონიკული ინფექციური  პათოლოგიებით დაავადებულ ახალგაზრდებშიც შეგვხვდეს.

  • ჰემოფთალმი – სისხლჩაქცევაა თვალის მინისებრ სხეულში ბადურას სისხლძარღვებიდან ან თვალის სისხლძარღვოვანი ტრაქტიდან. ახასიათებს მხედველობის მკვეთრი დაქვეითება, ზოგჯერ თვით სიბრმავემდეც კი.  ხშირად ვითარდება ტრავმის: კონტუზიის ან გამჭოლი ჭრილობის – დროს, იშვიათად – სისხლძარღვოვანი დაავადებების: არტერიული ჰიპერტენზიის ან დიაბეტის – შემთხვევაშიც. ჰემოფთალმის დროს მინისებრი სხეული მთლიანად ან ნაწილობრივ იჟღინთება სისხლით. ჰემოფთალმის გაწოვას, როგორც წესი, რამდენიმე თვე სჭირდება. შესაძლოა, განვითარდეს შვარტები, ბადურასთან შეხორცებული შემაერთებელქსოვილოვანი სიმები, რამაც შესაძლოა ბადურას ჩამოცლა და დაბრმავება გამოიწვიოს.

ჰემოფთალმის მკურნალობა საწყის ეტაპზე კონსერვატიულია, შორსწარსულ შემთხვევაში კი ქირურგიული.

  • ქერქული სიბრმავე.  ახასიათებს მხედველობის უეცარი დაკარგვა, რასაც ხანდახან წინ უძღვის ჰემიანოპსია – მხედველობის ნახევარი ველის გამოვარდნა. ქერქული სიბრმავის ხშირი მიზეზია სისხლის მიმოქცევის მოშლა. გვხვდება ჰიპერტენზიით (არტერიული წნევის მომატებით), ათეროსკლეროზით დაავადებულ ადამიანებში. გამორიცხული არ არის, შეგვხვდეს წამლისმიერი ან ქიმიურად აქტიური ნივთიერებებით მოწამვლის ფონზეც.

ქერქული სიბრმავის დროს ადამიანი უეცრად კარგავს მხედველობას, თუმცა სინათლეზე გუგების რეაქცია შენარჩუნებული აქვს; ვეღარ ახერხებს ქუთუთოების მოძრაობას; უჭირს ორიენტაცია სივრცესა და დროში.

  • საძილე არტერიაში სისხლის მიმოქცევის მოშლა. თრომბით, ცხიმის წვეთებით, ჰაერით საძილე არტერიის დაცობის ან მკვეთრად გამოხატული გაუვალობის შემთხვევაში ვითარდება ე.წ ჯვარედინი ამავროზულ-ჰემიპლეგიური (მხედველობის დაკარგვითა და სხეულის ნახევრის დამბლით გამოხატული) სინდრომი. ამ სინდრომს ახასიათებს მხედველობის მკვეთრი დაქვეითება ან სრული დაკარგვა დაზიანებულ მხარეს, სინათლეზე გუგის რეაქციის შესუსტება ან გაქრობა. თვალის ფსკერის დათვალიერებისას ზოგჯერ ყურადღებას იქცევს ბადურას ცენტრალური არტერიის თრომბოზი. ამავე დროს თუ, ვთქვათ, მხედველობა მარჯვენა თვალშია დაკარგული, გამოხატულია მარცხენა ხელისა და ფეხის სრული ან არასრული დამბლა. ეს სინდრომი შესაძლოა სისხლძარღვების სპაზმმა ან ძირითად სისხლძარღვებში წნევის რეფლექსურმა დაცემამ გამოიწვიოს. ამ შემთხვევაში სიმპტომები შექცევადია.


თვალსაჩინო საზეპირო

- ნუ ასწევთ მძიმე საგნებს, თავი არიდეთ სტრესულ სიტუაციებს, იკითხეთ და იმუშავეთ კომპიუტერთან სათანადო განათების პირობებში, დაიცავით ჰიგიენის ელემენტარული წესები, ხშირად დაიბანეთ ხელები, ნუ მოისრესთ თვალებს ჭუჭყიანი ხელებით, გამოიყენეთ სუფთა პირსახოცი და გაუფრთხილდით თვალებს!


- თუ ისეთი სამუშაო გაქვთ, რომ გამუდმებით გიწევთ ფოკუსირება ახლო მანძილზე, რაც მხედველობას ღლის, ეცადეთ, ერთ წერტილს დიდხანს არ უყუროთ, პერიოდულად მოაშორეთ მზერა სამუშაოს და იცქირეთ შორს – ეს თვალებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. რამდენიმე წამით  მიიფარეთ თვალებზე ხელისგულები, რათა დაასვენოთ ისინი მკვეთრი შუქის მავნე ზემოქმედებისგან. გახსოვდეთ, რომ ცუდი განათება თვალებს ვნებს, ამიტომ ყოველდღიურ ცხოვრებაში მიუღებელია შენობაში მზის ანუ მუქი სათვალის ტარება.


- მხედველობის მტრები არიან: სიგარეტი, მაგარი სასმელები, მზის პირდაპირი სხივები, ძილის უკმარისობა, ორგანიზმის გაუწყლოება.


- კარგი მხედველობის შესანარჩუნებლად წამყვანი მნიშვნელობა ენიჭება რაციონის შერჩევას. გარდა ვიტამინებისა, აუცილებელია კალციუმი. ის ამაგრებს თვალის გარეთა გარსს, სკლერას. გამოკვლევებმა ცხადყო, რომ მიოპიის დროს სკლერაში შეინიშნება თუთიის, მაგნიუმის, რკინის ნაკლებობა. ე.ი. ახლომხედველთათვის სასარგებლოა ვიტამინების კომპლექსი, რომელშიც მინერალებიც შედის.


- მიოპიით დაავადებულთათვის სასარგებლოა სპორტული აქტიურობაც, მაგრამ დღეში არა უმეტეს ნახევარი საათისა. სპორტის ისეთი სახეობები, როგორიც არის ცურვა, ჩოგბურთი, ბადმინტონი, ავარჯიშებს თვალის კუნთებსა და საყელოს ზონას, აუმჯობესებს მხედველობის ორგანოს სისხლმომარაგებას. ჰაერზე სეირნობა და ამ დროს შორეული საგნების ყურადღებით ცქერაც სასარგებლოა.


- რაც მთავარია, რეგულარულად, განსაკუთრებით – ხანდაზმულ ასაკში, მიმართეთ თვალის ექიმს სრული გამოკვლევისთვის. გახსოვდეთ: ადრეული დიაგნოსტიკა წარმატებული მკურნალობის საწინდარია.

გააზიარე: